საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ზექიე დავითაძე - 105 წლის თვითნასწავლი ბებიაქალი მთიანი აჭარიდან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

13:03 - 30 ოქტომბერი 2018 hits 26100

- ბებო, შენი ამბები მუუყე, რაფერ ცხოვრობდით და რას აკეთებდით.

- ტვინები დაღალული მაქ. მეთიშება, ვეღარ ვლაპარიკობ. პაწაი (პატარა) ხომ აღარ ვარ, ადამის ხნისა ვარ!

ზექიე ბებო თავიდან ჩაწერაზე არ გვთანხმდება და გვეუბნება - „აფერი აღარ მახსოვს“, მაგრამ როგორც კი ძველ ამბებს ვახსენებთ, კამერას ივიწყებს, ჭრელ კაბას მუხლებზე ისწორებს და გვიყვება - რა გამოიარა, რამდენ ხელმწიფეს მოესწრო, როდის უჭირდა და როდის ულხინდა.

სოფელში შაქარი, ზეთი და საპონი არ იშოვებოდა. ყოველ რვა დღეში ერთხელ ერთ-ერთ თანასოფლელს საჭირო პროდუქტი აჰქონდა და ყიდდა. ვისაც „უჩერედი“ არ მოუწევდა, ორი არჩევანი ჰქონდა - ან რვადღიანი ლოდინი, ან სახლში დამზადებული საპონი. ნაცარს, წყალსა და ქონს ერთად მოადუღებდნენ, გააცივებდნენ და საპნად იყენებდნენ.

„სამაგიეროდ, მაშინდელი ფარა (ფული) ფარობდა, 9-10 ლარით ქვეყნის რაცხას იყიდდი. ახლა ასი ლარი რომ წეიღო, ვეფერ ვერ იყიდი“. მაინც ეს დრო ურჩევნია, როცა ყველაფერი იშოვება.

იმისთვის, რომ შაქარი და სხვა აუცილებელი პროდუქტი შეეძინათ, რძის ნაწარმს ქალაქში ყიდდნენ და ფულს ასე გამოიმუშავებდნენ. მაშინ ქალაქში მხოლოდ კაცები დადიოდნენ, ცხენით ან ფეხით.

„ჩემ ბაღნობაში (ბავშვობაში) არც პური ფქვილი იყო, არც ზეთი, არც შაქარი, არც საპონი. ახლა გაზენგინებული (გამდიდრებული) არიან. ჩვენ სიფუხრეში (გაჭირვებაში) ვცხოვრობდით. ახლა კაი დროა, რიზღიანი (იღბლიანი) ხართ, ჩვენ ურიზღო ვიყავით და არ გვქონდა. რაცხა პაწა ყართობას (კარტოფილი) მოვხეკევდით, ფქვილ დავაყრიდით და იმა ვჭამდით“.

ზექიე დავითაძე ხულოს რაიონის სოფელ ღორჯომში დაიბადა. 13 წლის ასაკში უცნობმა ბიჭმა მოიტაცა. იძულებით დარჩა. სამი წელი იცხოვრა და მაინც უკან დაბრუნდა. მალევე გაათხოვეს შუახევის რაიონის მაღალმთიან სოფელ ნაღვარევში. მისთვის არც ამჯერად უკითხავთ. გადაწყვეტილება მშობლებმა მიიღეს.

„რომ შეხდებით ახლა და ეს გვინდა, ის გვინდა, ამფერი დრო არ იყო.

დედ-მამა ვერ გაგათხუებთ, თქვენებურა ეთხუებით. კაც ვინ დაგანახვებდა, ვინცხას მიგცემდენ, ის იყო შენი.

ამ სოფლიდან დედა მყავდა და ვიარებოდი. დიმინახეს, ამომირჩიეს და გამომათხოვეს. თექსმეტი წლის ვიყავ, რომ გავთხოვდი. ჩემი ქმარი უფროსი იყო. პატარა ქორწილი გვქონდა. 9-10 კაცი და 5-6 ქალი იყო. მუსიკა და ცეკვა გვქონდა. მაგერ რომ არი ახლა გადაღება-გადმოღება, მაგფერი არ იყო“.

სოფლის ცხოვრება ბევრ გარჯას მოითხოვდა. სწავლის დრო არ ჰქონდათ. მაშინ სკოლა ოთხკლასიანი იყო. სწავლის გაგრძელება ფუფუნებას უდრიდა.

„გაჭირვება იყო, ფარა გინდოდა, ჰად იყო მაგის საშუალება, რომ წავსულიყავით და გვესწავლა. 4 კლასი რომ დავამთავრე, პაწაი ვიყავ, რა ვიცოდი, მინდოდა სწავლა თუ არა. ბარსამი (ბევრი) რამე გინდა, მარა ყველას ვერ ხდები შენაც“.

ოთხი კლასის დამთავრების შემდეგ საოჯახო სამუშაოებში ჩაერთო. მას შემდეგ ასე ცხოვრობს. ამბობს, რომ იზნიანი (ნიჭიერი) იყო და ყველაფერს მარტივად იმახსოვრებდა. ამიტომ ორი შვილის გაჩენის შემდეგ, 20-21 წლის ასაკში ბებიაქალობა ისწავლა და ახლომდებარე სოფლებში დადიოდა.

„ლამაზად ვამშობიარებდი. ვინმე არ დიმიშავებია. რომ აკრძალეს, მოვდენ, მითხრეს, აღარ ქნაო. ხელი არ მომიწერია. არ შემშინებია. ვუთხარ, თუ დაჭირდებიან, კიდევ დევეხმარები-მეთქი. მე აქ ზეგანში (მაღალმთიანში) ვცხოვრობ, ქალებ დახმარება სჭირდებიან, ხომ არ მივატოვებდი?!

რომ არ ყავს, იმასაც ვუწამლებ და ეყოლება. რომ მშობიარობს, იმასაც დევეხმარები. რამდენჯერ ზამთარში ამოვდენ, დიდი თოვლი მოვდა, დეემწყრენ (ჩაიკეტნენ) ქალები, მე დევეხმარე მშობიარობაში“.

მის ხელში ასი ბავშვი გაჩნდა. ამაყობს, რომ არცერთი მშობიარე და ჩვილი არც დაუშავებია და მითუმეტეს, არც ხელში ჩაკვდომია. ბებიაქალობა მაზლის ცოლისგან ისწავლა. კარგი სპეციალისტი იყო და მეც „გამომასპეციალისტაო“. თავადაც ასწავლიდა ყველას, ვისაც სურვილი ჰქონდა. მელოგინე ქალებს თავად უვლიდა. თუ დრო ჰქონდა, 7-8 დღით მათთან რჩებოდა. აჭმევდა, ურეცხავდა და მკურნალობდა. თუ ძალიან ეჩქარებოდა, ოჯახის წევრებს დაუბარებდა, როგორ უნდა მოევლოთ და იმასაც უმატებდა - „თუ რაფერც მე გითხარ, ისე არ მუუარ, ცოდვაც თქვენი იყოს“.

მშობიარე ქალის მოვლა დიდი მადლია და გასამრჯელოს არასდროს ვითხოვდიო. ვისაც რა ჰქონდა, იმით უხდიდა მადლობას.

„იმ დუნიას (იმ ქვეყანას) მისასლელი ვართ, ამ დუნიას (ამ ქვეყანას) არვინ არ დავრჩებით. ორასი წელი რომ იცოცხლო, ბოლო-ბოლო მიწა არი. იქ არვინ აღარ დეგეხმარება, შენი კეთილი საქმის გარდა“.

ბევრი საქმე იცოდა - ქარგავდა, კერავდა, ქსოვდა. ბავშვობაში, სათამაშოები რომ არ ჰქონდა, დოდოფლებსაც (თოჯინებს) თავად კერავდა. ზაფხულობით მთაში დადიოდა, საქონელი მიჰყავდა და ზამთრის მარაგს ამზადებდა. სოფლად ყოფნისას ფეხმძიმე ქალების იმედი იყო.

საუკუნეზე მეტი ხნის ქალი მეხუთე თაობას მოესწრო. ამბობს, რომ საკუთარი შთამომავლობა ჩუმად უყვარს, გულში. ამფერი ვარო, გონჯი (ცუდი) ვარ თუ კაი ვარ, ეს ვარო.

„ორი ჩემი შვილი არიან, იმათიდან რვა შვილი, იმათიდან თექსმეტი ბადიში (შვილიშვილი) და ბადიშის ბადიშის ბადიში მყავს ორი კიდო. ამტონი ხნის ვარ. ახლა ინსნებიც (ადამიანები) მალე კდებიან, რატომ არ ვიცი“.

დიდხანს სიცოცხლე გენეტიკურად აქვთ. უფროსი და ას წელზე „კარქა მეტი ხნის“ იყო, რომ გარდაიცვალა. თანაც თავს ბოლომდე მხნედ გრძნობდა.

თავადაც, სანამ კიდევ ცოცხალია, ბევრი სიკეთის ქმნა და ლოცვა უნდა მოასწროს, რომ სული მშვიდად მიაბაროს.

სტუმარს ლოცვით ეგებება და ლოცვით აცილებს:

„აქ მოსლისთინ, თავის შეწუხებისთინ, კაი ცხოვრება გქონდეს, ბედნიერი იყავ. ღმერთმა ჩემზე ორჯერ მეტი ხანი გაცოცხლოს. რაცხამტონი ფეხი წამოადგი, იმტონი ჯანმრთელობა, კაი დღე, კაი ომრი (ბედი) მოგცეს და ბადიშებიანა გაფუფუნოს“.

დარინა ქამადაძე

Mtisambebi.ge–ს რეპორტიორი, დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულება. აშუქებს მთის, სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში