ექიმს გირაოს თანხა საზოგადოებამ 50 წუთში შეუგროვა, რის შემდეგაც იგი პატიმრობიდან იმავე დღეს გათავისუფლდა.
სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის საჩივარი არ დააკმაყოფილა და პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.
თელავის რაიონულ სასამართლოში 12 სექტემბერს გამართულ სხდომაზე პროკურორი მანანა თანდაშვილი არ დაეთანხმა დაცვის მხარის შუამდგომლობას გირაოს გამოყენების შესახებ და ბრალდებულის უალტერნატივო დაპატიმრებას ითხოვდა. პროკურორის განცხადებით, გირაო ვერ უზრუნველყოფდა მაია კოხტაშვილის შეკავებას.
„არსებობს საფრთხე, რომ მან ჩაიდინოს ახალი დანაშაული, გაანადგუროს მტკიცებულებები და ხელი შეუშალოს გამოძიებას მოწმეებზე ზემოქმედებით“, - აღნიშნა პროკურორმა.
ბრალდების მხარემ ყურადღება გაამახვილა 2017 წლის ფაქტზეც, რაზეც მაია კოხტაშვილი 2023 წელს ცნეს დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 268-ე მუხლით (ყალბი რეცეპტის გამოწერა):
„2023 წელს მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. მოინანია და აღიარა ჩადენილი დანაშაული. იგი არც დაკავებული ყოფილა და არც საექიმო საქმიანობა შეუზღუდავთ. ყველა ეს შეღავათი მიიღო, მაგრამ, ამის მიუხედავად, უფრო მასშტაბურად და სიხშირით აგრძელებს დანაშაულებრივ ქმედებებს. მართალია, მუხლი ჯარიმასაც ითვალისწინებს, მაგრამ ფინანსური სანქცია ერთხელ უკვე გამოყენებულ იქნა და არ აღმოჩნდა საკმარისად შემაკავებელი. ამიტომ მოვითხოვთ უალტერნატივო პატიმრობას.
ამასთან, ოჯახის წევრებს ინტენსიური კავშირი აქვთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან, არაერთხელ აქვთ საზღვარი გადაკვეთილი, მათ შორის თვითონ ბრალდებულსაც და არსებობს მიმალვის რისკი. ყველა პირი, ვინც დაკავშირებულია მის საქმიანობასთან, გამოიკითხება. „სიკეთის სანაცვლოდ“, როგორც თვითონ ამბობს, შესაძლოა მოწმეებზე მოხდეს ზემოქმედება და მტკიცებულებები გაანადგურონ“, - განაცხადა პროკურორმა.
თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მარინე ცერცვაძემ მაია კოხტაშვილს, გირაოსთან ერთად, დამატებითი შეზღუდვებიც დააკისრა: ორ კვირაში ერთხელ საგამოძიებო ორგანოში გამოცხადება და ქვეყნის დატოვების აკრძალვა. გირაოს ოდენობა სასამართლოს თავად დაცვის მხარემ შესთავაზა.
ახმეტის კლინიკის ექიმი-ნევროლოგი მაია კოხტაშვილი 10 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის კახეთის სამმართველომ სსკ-ის 268-ე მუხლის მე-2 ნაწილით დააკავა. ეს მუხლი გულისხმობს ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადებას ან გასაღებას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რაც სასჯელის სახით, ჯარიმას ან 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს (თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ერთ წლამდე ან უამისოდ).
მაია კოხტაშვილი ადასტურებს რეცეპტის გამოწერის ფაქტს, თუმცა განმარტავს, რომ მოქალაქე ბექა მარტყოფლიშვილმა ის განზრახ შეიყვანა შეცდომაში:
„კლინიკაში მოვიდა, რეგისტრატურაში 50 ლარი გადაიხადა და მითხრა, რომ დისტრიბუტორია რუსთავიდან, დილიდან საღამომდე ახმეტაში უწევს ყოფნა, ლოგინად ჩავარდნილ ბებიას კი სამწვერა ნერვის ანთების გამო გაუსაძლისი ტკივილები აქვს და იტანჯება.
დეტალურად აღწერა დაავადების ნიშნები. რადგან ბებია ლოგინად იყო და აფთიაქში ვერ მივიდოდა, რეცეპტი მასზე გამოვწერე. მეორე ვიზიტზეც გაიარა რეგისტრაცია, მითხრა, რომ ბებია უკეთესად იყო და რეცეპტი 14 დღით გავუგრძელე. მკითხა, ჩემგან ხომ არაფერია საჭირო, ალბათ, ფულს შემომთავაზებდა. რას ამბობ, არა მეთქი. ვუთხარი, რომ მე-13 დღეს დაერეკა და რეცეპტს ონლაინ გავუწერდი, 50 ლარი ხელახლა რომ არ გადაეხადა. 10 სექტემბერს კი კაბინეტში დამადგნენ და დამაკავეს“, - ამბობს კოხტაშვილი.
ბექა მარტყოფლიშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამმართველოს კახეთის სამმართველოს თანამშრომელი აღმოჩნდა. სასამართლო პროცესზე გაირკვა, რომ მაია კოხტაშვილისთვის დანაშაულის პროვოცირება საგამოძიებო სამსახურში დაიგეგმა, მარტყოფლიშვილი მასთან განზრახ მიგზავნეს და სამი თვის განმავლობაში ექიმს ფარულად უსმენდნენ სასამართლოს განჩინებით.
პროკურორმა ექიმსა და პაციენტებს შორის ფარული მოსმენის დროს მიღებული არაერთი ინფორმაცია გააჟღერა სასამართლო დარბაზში, რომელიც განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას შეიცავდა.
რაც შეეხება 2017 წლის ეპიზოდს, მაია კოხტაშვილის თქმით, მაშინაც მსგავსი სქემით მოატყუეს:
„ზუსტად ასეთი შემთხვევა იყო - ჩემი დაუდევრობით გადადგმული ნაბიჯი, როცა პაციენტის დახმარება გადავწყვიტე. კამერით მომაკითხა ახალგაზრდა ქალმა, რომელმაც მითხრა, რომ შფოთვები და სტრესი ჰქონდა, ახმეტაში ოჯახის წევრებთან იყო ჩამოსული, იღებდა „ზოლომაქსს“ და თბილისში წასვლამდე პრეპარატი სჭირდებოდა. დავეხმარე. ორი წლის შემდეგ დამიბარეს დაკითხვაზე, საქმე 5 წელი თაროზე შემოდეს და 2023 წელს „გააცოცხლეს“.
მაია კოხტაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა თელავის რაიონულ სასამართლოში 3 ნოემბერს, 14:00 საათზეა ჩანიშნული.