საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

აგენტი-პროვოკატორი ბექა მარტყოფლიშვილი / მაია კოხტაშვილის საქმე

14:40 - 29 სექტემბერი 2026 hits 1174

39 წლის ბექა მარტყოფლიშვილი ახმეტაში დაკავებული ექიმის, მაია კოხტაშვილის საქმის მთავარი ფიგურანტია. სწორედ მან მოუწყო ექიმს დანაშაულის პროვოკაცია, რის შემდეგაც პროკურატურა დაჟინებით ითხოვდა მაია კოხტაშვილის დაპატიმრებას.

ექიმი 50-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ეს მისი 62 თვის ხელფასია, თუმცა საზოგადოებამ ეს თანხა ზუსტად 50 წუთში შეაგროვა. მაია კოხტაშვილი იზოლატორიდან ორდღიანი პატიმრობის შემდეგ ციხეს გადაურჩა.

ვისი დავალებით დაიწყო ექიმის წინააღმდეგ დანაშაულის პროვოკაცია, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 145-ე მუხლით დასჯადი ქმედებაა და სამ წლამდე პატიმრობასაც ითვალისწინებს?

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, დანაშაულის პროვოკაცია სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლების დარღვევაა.

სტრასბურგი მიიჩნევს, რომ პოლიციის ფუნქცია დანაშაულის პრევენცია და გამოძიებაა და არა მისი ხელოვნურად პროვოცირება. როდესაც სახელმწიფო თავად უბიძგებს პირს დანაშაულისკენ, პროცესის სამართლიანობა ირღვევა, ხოლო ასე მოპოვებული მტკიცებულებები კანონდარღვევად და დაუშვებლად ითვლება.

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით, აგენტის როლი უნდა იყოს პასიური და არა აქტიური, ის არ უნდა აქეზებდეს დანაშაულის ჩადენას, როგორც ეს მაია კოხტაშვილის შემთხვევაში მოხდა.

ასეთი გადაწყვეტილება სტრასბურგს საქართველოს წინააღმდეგაც აქვს მიღებული.

ბექა მარტყოფლიშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის კახეთის სამმართველოს, იგივე ფინანსური პოლიციის თანამშრომელია. მასთან შეხვედრის მიზნით ჩვენ თელავში, რეგიონულ სამმართველოში მივედით, სადაც ყველა დაიმალა და შენობის ყველა შესასვლელი შიგნიდან ჩაკეტეს.

ოფიციალური მონაცემებით, ბექა მარტყოფლიშვილი წალკაში, 25 მარტის ქუჩის (ყოფილი ლენინის) N76-შია რეგისტრირებული. ამ მისამართზე მართლაც დგას სახლი, სადაც რამდენიმე წლის წინ რესტორანი „ჩვენი ეზო“ ფუნქციონირებდა. მეზობლებმა გვითხრეს, რომ მარტყოფლიშვილს ამ სახლში არასდროს უცხოვრია.

კიდევ ერთი მისამართი, რომელიც მას უკავშირდება, რუსთავია - დონეცკელ მეტალურგთა მე-11 კორპუსში მდებარე საცხოვრებელი ბინა. ადგილზე მისულებს გვითხრეს, რომ ეს ქონება 2018 წელს გაიყიდა და იქ აღარ ცხოვრობს.

მესამე მისამართი კი დედოფლისწყაროს სოფელი ზემო მაჩხაანია. სწორედ აქ მივაგენით მის მამას და იმ ბებიას - მაყვალა მარტყოფლიშვილს, რომელიც, პროვოკაციის სცენარით, ვითომ ლოგინად იწვა და ტკივილების მოსახსნელად მედიკამენტი „გაბაგამა“ სჭირდებოდა. სინამდვილეში, მაყვალა მარტყოფლიშვილი ეზოში მოსიარულე დაგვხვდა.

როლანდ მარტყოფლიშვილი, ბექა მარტყოფლიშვილის მამა: „მე ვარ ბექას მამა და ნეტავ იმის მეასედი პატიოსნება გქონდეს ან შენ და ან კიდევ იმას, ვინც ამას აგორებს. ბექამ რაც გააკეთა, ვაჟკაცი კაცი არის ბექა და იმის სამსახურებრივი მოვალეობა იყო, რომ დაეკავებინა ის ადამიანი და დააკავა.

- უდანაშაულო ექიმის დაჭერაა სამსახურებრივი მოვალეობა?

- ვინც კანონი დაარღვია, იმის დაჭერაა.

- კანონი როგორ დაარღვია, პროვოკაცია მოუწყო.

- რა პროვოკაცია მოუწყო? როგორ შეიძლება პოლიციელმა პროვოკაცია მოაწყოს კაცო?

- ბებიას სჭირდება, ლოგინად არის ჩავარდნილი, ტკივილებისგან კვდება და წამალი გამომიწერეო. ექიმმა გამოუწერა, რომ პაციენტი ტკივილისგან არ დატანჯულიყო.

- უფლება ჰქონდა რომ გამოუწერა?

- თქვენს შვილს უფლება ჰქონდა, პროვოცირება რომ გაუკეთა?

- პოლიციელია გენაცვალე, აქ სხვა კი არაფერი არ არის? პოლიცია და აგენტურული მუშაობა სხვა კი არაფერი არ არის?!

- აგენტი-პროვოკატორია?

- აგენტი-პროვოკატორი არ არის, პოლიციელია.

- თქვენც ყოფილი პოლიციელი ხართ?

- მეც ყოფილი პოლიციელი ვარ, დიახაც.

- პოლიციელის მოვალეობაა, რომ ადამიანებთან მივიდეს და დანაშაულის პროვოცირება გაუკეთოს?

- ადამიანებთან უნდა მივიდეს და დაადგინოს, დანაშაული ჩაიდინა თუ არ ჩაიდინა.

- ჩაიდინა თუ არ ჩაიდინა და არა ჩაადენინოს.

- ქალი ყოველ მეორე ადამიანს რეცეპტს უწერს და დანაშაულს ჩადის კაცო. პროვოკატორი შენა ხარ და არა პოლიციის თანამშრომელი“.

სისხლის სამართლის საქმის მასალების თანახმად, ბექა მარტყოფლიშვილმა ახმეტის კლინიკის რეგისტრატურაში რეგისტრაცია გაიარა და ექიმთან ვიზიტისთვის დადგენილი 50 ლარიც გადაიხადა.

მაია კოხტაშვილის ჩვენებით, პირველივე ვიზიტისას მან მოჰყვა ამბავი იმის შესახებ, რომ რუსთავიდან არის, ახმეტაში დისტრიბუტორად მუშაობს, მთელ დღეს კახეთში ატარებს და ამიტომ ვერ მოახერხა ექიმთან მისვლა რუსთავში, სადაც ლოგინად ჩავარდნილი ბებია ჰყავს, რომელსაც სამწვერა ნერვის ანთება და ძლიერი ტკივილები სტანჯავს.

რაზე მეტყველებს ეს დეტალები? იმაზე, რომ ბექა მარტყოფლიშვილი ამ როლისთვის წინასწარ და ზედმიწევნით იყო მომზადებული. მან ზედმიწევნით ზუსტად იცოდა დაავადების სიმპტომები და სპეციფიკური დეტალები. ექიმს ეჭვიც რომ შეეტანა და ღია წყაროებით გადაემოწმებინა მისი მონათხრობი, რეალურად არსებობდა თუ არა ბექას ხანდაზმული ბებია, ცხოვრობდა თუ არა ბექა რუსთავში, ის ამ მონაცემების სისწორეში დარწმუნდებოდა.

ბექა მარტყოფლიშვილმა დანაშაულის პროვოცირების დროს 93 წლის ბებიის მონაცემები და ქალაქ რუსთავში ცხოვრების ეპიზოდი გამოიყენა.

„საგამოძიებო უწყების თანამშრომელი მოქმედებდა სასამართლო განჩინების, სასამართლო ნებართვის საფუძველზე, კანონიერად“, - კახეთის საოლქო პროკურორის, მანანა თანდაშვილის ეს განცხადება თავადვე ამხელს სისტემას. ეს პასუხი ცხადყოფს, რომ პროვოკაცია არ იყო ცალკეული აგენტის ან მხოლოდ ერთი უწყების თვითნებობა - ეს იყო „ქართული ოცნების“ სისტემის მიერ წინასწარ ორგანიზებული დანაშაული.

კანონმდებლობით, სასამართლოს არასდროს აქვს უფლება გასცეს დანაშაულის პროვოკაციის ნებართვა, როგორც ამის წარმოჩენას პროკურორი თანდაშვილი ცდილობს. კანონით დასაშვებია ფარული საგამოძიებო მოქმედების - მაგალითად, ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერის ნებართვა, მაგრამ არა პირის მიზანმიმართული წაქეზება დანაშაულის ჩადენისკენ.

სასამართლო ვერასდროს გასცემს პროვოკაციის ნებართვას, რადგან პროვოკაცია თავად არის სისხლის სამართლის დანაშაული!

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს „საქართველოს ამბები“.

თავში