საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

სვანეთის საგანძურის დარაჯი - ციალა ჩართოლანი

15:04 - 22 აგვისტო 2021 hits 50300

რაც შენ არ დაგიკარგავს, იმას ნუ ეძებ, თორემ ყოველდღე გზაზე აგდიხარ და ისეთ საქმეს გიზამთ, თავი რომ ცალკე მიგორავდეს ენგურისკენ და ტანი ცალკეო - ქურდები ბევრჯერ დაემუქრნენ, მაგრამ ეკლესიებიდან მოპარული ქართული ჭედური ხელოვნებისა და ხატწერის უნიკალური ნიმუშების ძებნაზე უარი მაინც ვერ ათქმევინეს. როცა გახშირებული ყაჩაღობის გამო სვანეთში ასვლაც კი საშიში იყო, თანამშრომლებთან ერთად მუზეუმს ღამითაც არ ტოვებდა, რომ ვერ გაეძარცვათ. 30 წელი თავგანწირვით უდარაჯა ეროვნულ საგანძურს. 88 წლის ციალა ჩართოლანი ახლა უკვე იშვიათად ახერხებს მუზეუმში მისვლას, თუმცა თითოეული ექსპონატის ისტორია ცხადად ახსოვს და ის ბრძოლაც, რომელიც მუზეუმში მათ დასაბრუნებლად გაიარა.

უნივერსიტეტში კავკასიოლოგიის წარმატებით დამთავრების შემდეგ, სამუშაოდ თბილისში დარჩენას სთავაზობდნენ, თუმცა უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, პედაგოგად დაეწყო მუშაობა რაიონული ცენტრისგან მოწყვეტილ სოფელში, სადაც კვალიფიციური მასწავლებლები უჭირდათ. ასე მოხვდა სოფელ ჭუბერში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. სკოლაში 19 წელი იმუშავა.

ერთ-ერთი ექსპედიციის დროს ისტორიკოსი ნიკო ბერძენიშვილი გაიცნო, რომელმაც სვანეთში შეგროვებული ჩანაწერების ქართულად თარგმნა სთხოვა. მისი მხარდაჭერით ასპირანტურაში ჩაირიცხა და სწავლა ეთნოგრაფიულზე გააგრძელა. გაუმართლა და ცნობილი ქართველი ეთნოგრაფების, გიორგი ჩიტაიას და ვერა ბარდაველიძის სტუდენტი გახდა.

1977 წელს, როცა სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორს არჩევდნენ, გიორგი ჩიტაიამ მესტიის რაიკომს მისი კანდიდატურა წარუდგინა. ეს ყველაზე რთული დრო იყო - ზემო სვანეთის ეკლესიებში ქართული ჭედური ხელოვნებისა და ხატწერის უნიკალური ნიმუშები გადაუდებელ რესტავრაციას ითხოვდა. „საბჭოთა ხელისუფლების დროს ეკლესიები მიუხედავი იყო. ზოგან მუხლებამდე ტალახი დაგვხვდა. მიშა ჩართოლანმა, რომელიც სვანეთის კომპლექსურ სამეცნიერო ექსპედიციას ხელმძღვანელობდა, ყველა სოფელი შემოიარა და ეკლესიებში დაბრძანებული ჯვრები, ხატები, ხელნაწერები და სხვა ნივთები აღწერა. არსებობს ექვთიმე თაყაიშვილის მიერ სვანეთში 1910 წელს შედგენილი ქრისტიანული კულტურის ძეგლების აღწერილობა. შევადარეთ მას და აღმოჩნდა, რომ მხოლოდ 600 ძეგლიღაა, 400-ზე მეტი დაკარგულია“, - იხსენებს ციალა ჩართოლანი. სვანეთიდან წაღებული ხელნაწერები დღესაც მოსკოვისა და პეტერბურგის სამეცნიერო ბიბლიოთეკებშია თავმოყრილი.

მძიმე მდგომარეობაში მყოფ ძეგლებზეც უნდა ეზრუნა და კრიმინალებსაც გამკლავებოდა. ვიდრე მუზეუმის დირექტორად დანიშნავდნენ, ერთი წლით ადრე, 1976 წელს, ლანჩვალის წმინდა გიორგის ეკლესია გატეხეს - 24 უნიკალური ჯვარი და ხატი გაიტანეს.

„მანამდე რამდენი გატეხეს, ეგ არავინ იცის. აღწერა რომ ჩატარდა, იმის შედეგად გაირკვა, რომ მულახიდან ძალიან ბევრი იყო წაღებული, მესტიის წმინდა გიორგის ეკლესიიდანაც.

საეკლესიო ნივთებზე, ჯვრებსა და ხატებზე ნადირობა დაიწყო. უცხოეთში კოლექციონერები იყვნენ დაინტერესებულები. ვიღაცებმა კი ფულის ფასად იკისრეს ამის გაკეთება. ლატალში გატეხეს წმინდა იონას სახელობის ტაძარი. 6 ცალი ჯვარი და ხატი წაიღეს, მათ შორის ვენეციური ჯვარი.

ახლა რესტრავრირებული მუზეუმშია. ეს იმხელა დარტყმა იყო ჩემთვის, ხომ მყავდა ქმარიც და შვილებიც, მაგრამ არაფერი მახსოვდა. კვალისთვის უნდა მიმეგნო. შეიძლებოდა ისინი არ გეძებნა მუზეუმის დირექტორს? მითუმეტეს, სვანებს ისე გვწამდა ჯვარი და ხატი, არ შეიძლებოდა ყველა ქურდი ყოფილიყო. ეს ერთი ნაწილი იყო, რომელიც ამ საქმეს ეწეოდა“.

გვერდში მესტიის მილიციის გამომძიებელი ციალა გულედანი დაუდგა. „ციალა რომ არ ყოფილიყო, მე მარტო რას გავაკეთებდი?! საფუძვლიანად შეუდგა ამ საქმეების გამოძიებას. სვანეთში საბჭოთა პერიოდშიც კი ერიდებოდნენ ეკლესიებში შესვლას და იქიდან რამის გატანას. ხალხს ეშინოდა, რომ ეს ცუდად მოუბრუნდებოდათ. მაგრამ, გარკვეული ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომელიც ფულის შოვნით იყო დაინტერესებული. კალაში, კვირიკეს ეკლესიიდანაც მოიპარეს ჯვარი. ეჭვი კი ჰქონდათ კალელებს ვინც წაიღო. მე დანამდვილებით ვიცი, მაგრამ როცა ეს ჯვარი მისი მიზნებისთვის მოიხმარა, მანქანით ბრუნდებოდა, ჩამოვარდა და დაიღუპა. რას ვიზამდი, მკვდარს ხომ არ გავასამართლებდით? კვირიკეს ეკლესიიდან გატაცებული ჯვარი დღესაც არ არის ნაპოვნი“.

საგანძურის მცველი ქალები საფრთხის წინაშე არაერთხელ აღმოჩნდნენ. „ერთ საღამოს დედაჩემთან წავედი, რძე უნდა წამეღო შვილიშვილისთვის. დავინახე 6 მანქანა იყო მუზეუმის წინ. ძალიან შემეშინდა, მიცნეს და ამყვნენ. მე ისე წავედი, თითქოს პირდაპირ სახლში მივდიოდი. სინამდვილეში, მეზობლად მცხოვრები დოდოს ჭიშკრის კარი უცებ შევაღე და ჟორას დავუძახე. ჟორა გამოვიდა და იქ ვეღარ შემობედეს. რა განზრახვა ჰქონდათ მაშინ ჩემს მიმართ, არ ვიცი. მეორე ციალასაც უთვლიდნენ მუქარებს.

სამსახურში მივდიოდი ჩემი მანქანით, ვილისი გვყავდა. მძღოლი ბაჯუ ჩართოლანი იყო. მუზეუმთან რომ მივედით, მანქანა დაძრეს და უნდოდათ ჩემთვის დაეჯახებინათ. რა ქნა იცით ბაჯუმ, გადახტა და პირდაპირ სალონში შეუხტა, რას შვრები, რას აკეთებო, გადამარჩინა.

ბევრი რამ, რაც მე იქ გადამხდა, სამარეში წავიღებ. სამარესაც კი შეძრავს. ახლაც ვერიდები მათზე საუბარს. გგონიათ, არ ჰყავთ მემკვიდრეები? ჰყავთ რა თქმა უნდა.

საფრთხის წინაშე ვიდექი არა მხოლოდ მე, არამედ ჩემი ოჯახიც, მუზეუმის თანამშრომლები, შამილ შუკვანი. ის რომ არ მყოლოდა მუზეუმში, არ ვიცი რას შევძლებდი, ისეთი ყნოსვა ჰქონდა.

თან შვილებით მემუქრებოდნენ. დედისთვის როგორია, შვილს რომ ემუქრებიან, ათასი სატანჯველის გამონახვა შეუძლიათ ასეთ არაადამიანებს.

ორჯერ მოიპარეს სეიფი, რომელშიც მუზეუმის ფონდების გასაღებები ინახებოდა. გვაფრთხილებდნენ, მილიციისთვის არ გვეცნობებინა, თორემ მუზეუმს გადაწვავდნენ. ციალა გულედანი ისევ დატრიალდა, ისევ გადადო თავი. ერთი სეიფი რომელიც მოიპარეს, პატარა იყო, ვერაფრით გახსნეს და ღამით ეზოში შემოაგდეს.

სეიფების მოპარვის რომ გვეშინოდა, გასაღები პასუხისმგებელ მორიგეს სეიფში არ შეჰქონდა და თვითონ ინახავდა. გამორჩეული იყო მურადი მჭედლიანი. ყოველ ღამე, სამ საათამდე მუზეუმში ვმორიგეობდით, რომ არ გაეძარცვათ - ერთი „ლეჟანკა“ იდგა და თანამშრომლები, ზოგი სამ საათამდე, ზოგი სამი შემდეგ იქ ვიძინებდით“.

როცა ეროვნულ საგანძურთან გაქვს საქმე, როცა ეს სვანეთია, იქ თავგანწირვა უნდა გეყოს. თუ არ გეყოფა, უნდა ადგე და წახვიდე!“

ბევრ რამეს გაუძლო, ენგურში გადაჩეხვის მუქარასაც კი, ჯანმრთელობაც შეერყა - ინფარქტი და ინსულტი დაემართა, მაგრამ ყველაზე მეტად ის განიცადა, გამომძიებელ ციალა გულედანს, რომელთან ერთადაც მოპარულ სიწმინდეებს ეძებდა, მასზეც რომ ჰქონდა ეჭვი: „უფრო ძნელი იყო მილიციის მიერ დამნაშავედ ჩემი შერაცხვის გაძლება. ციალა გულედანს ჩემზე ჰქონდა ეჭვი, რომ ლატალის ეკლესიიდან ხატები და ჯვრები მე გავატანინე. ეს ჩემთვის უდიდესი ტრავმა იყო. ჯიბეში მედო საწამლავი. თუ მეტყოდნენ, წამოდი ციხეში, დაგკითხოთო, მე იმ საწამლავს დავლევდი, ციხეში არ წავიდოდი. ძალიან ძნელია ჩემთვის ამის მოგონება. ორი-სამი წელი ასეთ ყოფაში გავატარე. ქურდობის ბრალდებით ციალა გულედანმა ერთი ადგილობრივი დაიჭირა. ციხეში აწამეს. იქიდან რომ გამოვიდა, მითხრა, მაწამეს და მაიძულებდნენ, აღიარე, რომ ციალა ჩართოლანი იყო ჩაბმულიო. ჩვენ, ორი ციალა ერთად დავდიოდით თბილისში. მერე ციალა დარწმუნდა, რომ მე არაფერ შუაში ვიყავი და მხარში უფრო მეტად ამომიდგა. ლატალიდან გატაცებული ერთი ხატი რომ დაბრუნდა, ისიც ციალა გულედანის ძალისხმევის შედეგი იყო. მიაკვლია, ლატალიდან გატაცებული ძეგლები როგორ ჩაიტანეს მოსკოვში. თვითმფრინავს ვერ მიუსწრო, რომლითაც ხატები წაიღეს. რამდენიმე დღის შემდეგ, მთელი ის ჩემოდანი, რაშიც ეს ძეგლები იყო, ციალამ მოახერხა და უკან დააბრუნა“.

ციალა ჩართოლანი სვანეთის მუზეუმს 2007 წლამდე ხელმძღვანელობდა. მისი დირექტორობის პერიოდში აშენდა საერთაშორისო სტანდარტების ახალი შენობა, სადაც დაცულია X საუკუნის მაცხოვრის ხატი, XI საუკუნის I ნახევრის ხატები, XII საუკუნის ორმოცი მოწამის ხატი და ჯვარცმის ხატი, ღვთისმშობლის IX-X საუკუნეების ფერწერული ხატები და სხვა, სარიტუალო ნივთები, უძველესი ხელნაწერები, XI-XIII საუკუნეების ჰადიშის, ლაბსყალდის, იენაშისა და მესტიის ხელნაწერი ოთხთავები მოჭედილი ყდებით. სვანეთის მუზეუმი ევროპის 10 საუკეთესო მუზეუმს შორისაა.

სვანეთის მუზეუმი 1936 წელს მესტიის სეტის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაცული სიძველეების ბაზაზე ეგნატე გაბლიანმა დაარსა. ეგნატე გაბლიანი საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენელი, სვანეთის მასშტაბური ანტიბოლშევიკური აჯანყებების (1921-1924 წწ.) ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. ის 1937 წელს დახვრიტეს.

მასალა მომზადებულია ინტერნიუსი - საქართველოს პროექტის „ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და აუდიტორიის ანალიზი“ ფარგლებში, ინტერნიუს ევროპასთან თანამშრომლობით და შვედეთის დაფინანსებით.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში