მიხაილ სოცკი ოფიციალურად „ჯორჯიან მანგანეზში“ თანამდებობას არ იკავებს, თუმცა ჭიათურაში მანგანუმის მოპოვების სამუშაოებს მთლიანად 2024 წელს დაფუძნებული „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“ წარმართავს. ამ კომპანიის ერთადერთი მესაკუთრე სააქციო საზოგადოება „ნიუ გრუპ“-ია, დირექტორი კი - შპს „მანგანუმ მენეჯმენტი“, რომლის მფლობელი და ხელმძღვანელიც მიხაილ სოცკია.
სოცკი წლების განმავლობაში ტყიბულში ქვანახშირის მომპოვებელი კომპანიის, „საქნახშირის“ გენერალური დირექტორი იყო. ჭიათურაში კი „ჯორჯიან მანგანეზის“ ფაქტობრივ მმართველად 2025 წლის აპრილში წარადგინეს, როცა რამდენიმე თვით წარმოების გაჩერებისა და ათასობით მაღაროელის დათხოვნის შემდეგ, კომპანიამ მუშაობის განახლება დააანონსა.
„ეს იყო ბრძანება. ხალხის გამოსვლასა და თქმას აზრი არ ჰქონდა.
სოცკიმ დასვა საკითხი მოკლედ და კონკრეტულად: თქვენ წახვალთ კორპუსებში. მთელი სოფლის აბარგებაზეა საუბარი. „თუ დაინგრევით, მე პასუხს არ ვაგებო“.
ვინც სოფლის მეურნეობაზეა დამოკიდებული - ძროხით, ბოსტნით, ხილით, მათ რა ქნან, კორპუსში როგორ იცხოვრონ? პასუხი არ გაგვცეს. ვთქვით, რა თანხაც კორპუსი ჯდება, ის თანხა ჩვენ მოგვეცით და კონტრაქტზე ხელს მოგიწერთ, რომ პრეტენზია აღარ გვექნება-მეთქი. გვიპასუხეს: ფული გვაქვს, მაგრამ არ მოგცემთ, ჩვენ ის იაფი გვიჯდებაო“, – გვიყვება სოფელ შუქრუთის მკვიდრი ნანა ცუცქირიძე.
რით უნდა იცხოვრონ სოფლის მეურნეობით დაკავებულმა ადამიანებმა კორპუსებში? სოცკის ამ საკითხზეც „თავისებური“ შეთავაზება აქვს: „იმ ადგილებს გიტოვებთო, ჩავარდნილი რომ არის და გზაც აღარ მიდის იქამდე. ესე იგი, აქედან 9-10 კილომეტრში, ფიცრულ კოტეჯში ან კორპუსში უნდა ვიცხოვროთ, ჩვენს ყანებსა და საკარმიდამო ნაკვეთებს კი აქ, დანგრეულს გვიტოვებს“, - იხსენებს შუქრუთის მკვიდრი თენგიზ გაფრინდაშვილი.
ახალი მოსული რომ იყო, მიხაილ სოცკი დაზარალებულ მოსახლეობას კომპენსაციების გადახდას დაჰპირდა, თუმცა მაშინ უკმაყოფილება იმან გამოიწვია, რომ თანხის დასაფარად დრო 2030 წლამდე მოითხოვა.
„მთავრობასთან ერთად გადავწყვიტეთ - კორპუსს აგიშენებთ საგუბართანო. ეს ყველაფერი დროებითია, რომ დრო გაიყვანონ. წავა მერე ეგ სოცკი, დარჩენილზე მოვა სხვა. მოსთხოვ რამეს და გეტყვის, წინამორბედმა ქნა, ჩემთან რა გინდაო - როგორც ამათ იციან. ეს მათი პოლიტიკაა. ჩემი სახლის ქვეშ მანგანუმი მთლიანად გამოღებულია, კლდეს უჭირავს სახლი ახლა და არ ვიცი, როდემდე“, - ამბობს შუქრუთში დაბადებული გოჩა კუპატაძე. მისი სახლი სამი თაობის მიერ არის აშენებული.
2019 წელს შვილს იმავე სოფელში ახალი სახლი იმ იმედით აუშენა, რომ ცენტრალურ გზასთან ახლოს იყო და ძირს არ გამოაცლიდნენ, მაგრამ ინვესტორს სხვა ლოგიკა აღმოაჩნდა - ახალაშენებული სახლი უკვე დაბზარულია.
შუქრუთის ქვეშ კომუნისტების დროს დახურული მაღაროები ხელახლა 2017 წელს გაიხსნა. იმავე წელს „ჯორჯიან მანგანეზს“ წიაღისეულის მოპოვებით გარემოსთვის მიყენებული კატასტროფული ზიანის გამო (416 მილიონი) „ქართულმა ოცნებამ“ სპეციალური მმართველი დაუნიშნა. ამით კომპანიის მართვა შეუზღუდეს უკრაინელი ოლიგარქის იგორ კალომოისკის „ჯორჯიან ამერიქენ ელოიზს“, რომელიც ოფიციალურად „ჯორჯიან მანგანეზის“ ერთადერთი მესაკუთრეა. „ოცნების“ ხელისუფლების მიერ დროებით დანიშნულ მმართველს ვითარების გამოსწორება დაევალა. ამ საბაბით მას ვადა რამდენჯერმე გაუგრძელეს. მიუხედავად ამისა, შუქრუთსა და სხვა სოფლებში სახლები დღემდე ინგრევა, სავარგულები ნადგურდება, ტყე უმოწყალოდ იჩეხება, თხრილებში ადამიანებიც კი კვდებიან, ჰაერი, სასმელი წყალი, მდინარე საგანგაშოდ დაბინძურებულია, მოქალაქეები ზიანის ანაზღაურებას წლობით, უშედეგოდ ელიან. დასკდა ტაძარიც.
„2008 წელს ავაშენეთ ეს ეკლესია. ახალია, მაგრამ წრიულად გუმბათი უკვე მთლიანად გატეხილია. ქვემოდან გვთხრიან და ფენები ირღვევა. მამაოს დაჰპირდნენ, გაჩუმდი და დენსაც გაგიყვანთ, გაზსაც და მოგიხატავთ კიდეცო. მამაომ კი უთხრა: რად მინდა გაზი, დენი და მოხატვა, თუ სოფელი და ხალხი აღარ იქნება და ეკლესია დაინგრაო“, - ამბობს ნანა ცუცქირიძე.
„ჯორჯიან მანგანეზის“ წინააღმდეგ საპროტესტო ტალღა შუქრუთში რამდენჯერმე აგორდა - სადღეღამისო აქციები მაღაროს პიკეტირებიდან დაწყებული, შიმშილობით და თბილისის მანიფესტაციების ჩათვლით. პროტესტის ჩახშობას კომპანია, პოლიცია, ადგილობრივი ხელისუფლება და სუსი ერთდროულად სხვადასხვა მეთოდით ცდილობდნენ. რამდენიმე პროვოკაციის შედეგად რამდენიმე აქტივისტი დააკავეს, მათგან ერთ-ერთი, შუქრუთელი გიორგი ნეფარიძე კი 6 წლით ციხეში გაუშვეს.
„16 თვე ვიჯექი კოროხნალში, ტალახში, ნაგავში, ვინ არ მოგვიგზავნეს, რამეზე რომ წამოვგებულიყავით. იმის შემდეგ გულზე ორი ოპერაცია დამჭირდა, ორჯერ ვარ გაჭრილი, ძლივს გადავრჩი და ძლივს დავდივარ ფეხზე. ბრძოლის უნარი აღარ მაქვს უკვე“, - ამბობს გოჩა კუპატაძე.
სოფელს, რომელიც შავ ოქროზეა გაშენებული, ელემენტარული საცხოვრებელი პირობები არ აქვს, არადა ხელისუფლება ინვესტორებს სწორედ ამ სატყუარებით წარადგენს ხოლმე - სტადიონს აგიშენებენ, ბაღს გაგირემონტებენ, 24 საათიანი წყალმომარაგება გექნებათ.
შუქრუთში აღარც სკოლა ფუნქციონირებს. ექსპერტიზის დასკვნით, დაზიანებების გამო შენობა დემონტაჟს ექვემდებარება. უკვე მესამე წელია ბავშვები სასწავლებლად მეზობელი სოფლის სკოლაში გადაიყვანეს.
„ყოველ მესამე დღეს მოდის ტექნიკური წყალი, სამი საათით. ბავშვი რომ მიგეპაროს და შეცდომით დალიოს, სასწრაფო ვერ მოუსწრებს, ბავშვი ადგილზე მოკვდება. შავი მანგანუმი მოდის.
ამხელა სიმდიდრე წაიღეს, ახლაც გააქვთ, ელემენტარული წყალი აღარ გინდა დაალევინო მოსახლეს?! ეს შენ მოქალაქეს არ უნდა გაუკეთო, რაც ჩვენ დაგვმართეს, რა დღეშიც ჩაგვაგდეს. ასე არ უნდა გაწირო, მითუმეტეს, პატიოსანი, მშრომელი ხალხი“, - ბრაზობს გოჩა კუპატაძე.
უზარმაზარ სახელმწიფო მანქანასთან ბრძოლით დაქანცულმა, იმედგაცრუებულმა სოფელმა ბოლო ძალები მოიკრიბა და ხელმოწერების შეგროვებას შეუდგა.
მიმართვის ადრესატები არასამთავრობო ორგანიზაციები - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სოციალური სამართლიანობის ცენტრი არიან. სახელმწიფო სამსახურებისთვის დიდი ხანია ყველაფერი ახსნილი და მოთხოვნილი აქვთ, წერილობით, ზეპირად, კიდევ ერთხელ ხმის მიცემით და ყველა შესაძლო გზით.
ნანა ცუცქირიძე - „დაჩაგვრაზე უარესია, დამონებაა. არ გამოვალთ ჩვენი სახლებიდან, თუ გინდა დავინგრეთ, ჩავყვები ჩემ სახლს“.
ულტიმატუმი შუქრუთთან ერთად მღვიმევსაც ეხება. „ჯორჯიან მანგანეზი“ ადგილობრივებს აფრთხილებს, რომ ეს შეთავაზება უვადო არ არის.
აქვს თუ არა „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“, მის დირექტორს, რუსეთის მოქალაქე მიხაილ სოცკის ან ლიცენზიის მფლობელ „ჯორჯიან მანგანეზს“ უფლება, მოსახლეობას უალტერნატივო გასახლება მოსთხოვოს, უარი უთხრას ფულად კომპენსაციაზე და მხოლოდ საკუთარ პირობებზე დათანხმება აიძულოს?
სამოქალაქო ადვოკატირების ცენტრის იურისტი, ვლადიმერ ქუთათელაძე, რომელიც ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული არაერთი პირისა და მანგანუმის მოპოვებით დაზარალებული ოჯახის ინტერესებს იცავს, განმარტავს, რომ კომპანიას ამის არანაირი უფლება არ გააჩნია.
„კონსტიტუციით კერძო საკუთრება დაცულია. კერძო კომპანია ერთპიროვნულად მოსახლეობას ვერ გაასახლებს ძალით და ვერც იმას დააძალებს, რა სახის კომპენსაცია მიიღონ.
კანონით, ქონების ჩამორთმევა ხდება მხოლოდ წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით. თუ მესაკუთრე ფულს ითხოვს, კომპანიამ ქონების რეალური საბაზრო ღირებულება უნდა გადაიხადოს და არა ის, რაც მას უფრო იაფი უჯდება. ქონების გაცვლა დასაშვებია მხოლოდ მოსახლეობის წერილობითი თანხმობით“, - აცხადებს იურისტი.
მისივე თქმით, კომპანიის მიერ ზიანის კომპენსაცია სრული უნდა იყოს და მოიცავდეს მიწას, მასზე არსებულ ყველა შენობა-ნაგებობას, იმ წლის სასოფლო-სამეურნეო მოსავალს, მრავალწლიან ნარგავებს, ასევე იმ ზარალსაც, თუ დაზიანების გამო ნაკვეთის დარჩენილი ნაწილი გამოუსადეგარი ან ნაკლებად ღირებული გახდა.

„კერძო კომპანიას ერთპიროვნულად იძულებითი გასახლების უფლება საერთოდ არ აქვს. საკუთრების ექსპროპრიაცია მხოლოდ სახელმწიფოს გადაწყვეტილებითა და ნებართვით არის შესაძლებელი, ისიც მინისტრის ბრძანებითა და სასამართლოს გადაწყვეტილებით. თუმცა, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს არა სახელმწიფოს მიერ საკუთრების ჩამორთმევასთან, არამედ კომპანიის მიერ მიყენებულ ზიანთან. სამოქალაქო კოდექსით, თუ კომპანიის მუშაობამ მოსახლეობის მიწა ჩაანგრია, დამეწყრა და საცხოვრებლად უვარგისი გახადა, ეს მათი უფლებების უხეში დარღვევაა. მოსახლეობას აქვს სრული უფლება, მოითხოვოს ზიანის ფულადი ანაზღაურება ისე, რომ შეძლოს ტოლფასი საცხოვრებელი პირობების მოწყობა. კომპანიის არგუმენტი, თითქოს დაზიანებულ მიწას მოსახლეობას უტოვებს და პასუხს აღარაფერზე აგებს, სამართლებრივი აბსურდია - დანგრეული ქონების ადგილზე დატოვება კომპანიას ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს“, - ამბობს იურისტი.
- რის უფლებას აძლევს კომპანიას წიაღის მოპოვების ლიცენზია, რომელსაც „ჯორჯიან მანგანეზი“ 2046 წლის ჩათვლით, 16 ათასზე მეტ ჰექტარ ტერიტორიაზე ფლობს?
- შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ ფლობს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას ჭიათურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტებში, რომელიც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის ბრძანებით, 40 წლის ვადით არის გაცემული. აუცილებელია ითქვას მთავარი: ლიცენზია წარმოადგენს მხოლოდ ადმინისტრაციულ ნებართვას, რომელიც კომპანიას ანიჭებს წიაღიდან მანგანუმის მოპოვების უფლებას განსაზღვრულ გეოგრაფიულ კოორდინატებში.
ლიცენზია არ ანიჭებს კომპანიას კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებსა და სახლებზე საკუთრების უფლებას და მით უმეტეს, არ აძლევს მოსახლეობის იძულებითი განსახლებისა და ქონების ჩამორთმევის ბერკეტს.
ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, საქმიანობა გარემოსდაცვითი და ტექნიკური უსაფრთხოების მკაცრი დაცვით წარმართოს; ზიანის მიყენების შემთხვევაში კი ლიცენზია კომპანიას არანაირ ინდულგენციას არ ანიჭებს - იგი სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად სრულად აგებს პასუხს მოსახლეობის წინაშე“.
„ჯორჯიან მანგანეზის“ წინააღმდეგ აღძრული საქმეები სასამართლოში ფაქტობრივად გაყინულია. „სამოქალაქო ადვოკატირების ცენტრის“ დახმარებით, სოფელ ხალიფაურში მცხოვრებმა 90 წლის გურამ გაფრინდაშვილმა ორ წელზე მეტია, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ლიცენზიის ნაწილობრივ გაუქმების მოთხოვნით მიმართა, რადგან ღია კარიერული წესით მოპოვება მის სახლსაც მიუახლოვდა. მოსამართლე ირინა გოგოლაძეს ამ დრომდე ერთი სხდომაც კი არ ჩაუნიშნავს.
„მთის ამბები“ უკვე სამ წელზე მეტია ითხოვს იმ გადაწყვეტილების გაუქმებას, რომლითაც გარემოს დაცვის სამინისტრომ გამოცემას უარი უთხრა „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურების დამადასტურებელი დოკუმენტების გადაცემაზე. როგორც ქართული კანონმდებლობით, ისე ორჰუსის კონვენციით ეს ინფორმაცია ღია და საჯაროა, თუმცა სარჩელის შეტანიდან 43 თვე გავიდა და მოსამართლე ნინო ბუაჩიძეს საქმის განხილვა არ დაუწყია.