საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

თეკლე ბადრიშვილი - ხევისბერის ასული კოპალას, იახსრისა და დევების სოფლიდან

14:19 - 19 აგვისტო 2020 hits 15213

უკვე 92-ისაა, წლებს ყოველი 20 მაისიდან სიმბოლურად ითვლის, რადგან მისთვის არავის უთქვამს, რა დღეს დაიბადა. ეს თარიღი თვითონ აირჩია. მშობლების დარქმეული სახელი თეკლეც არ მოსწონს. სურდა, მოწმობაში ელენე ჩაეწერათ, მაგრამ ვერ შებედა. შუაფხოს უხუცესი თეკლე ბადრიშვილი, უკანაფშავის ერთ-ერთი უკანასკნელი და სახელგანთქმული ხევისბერის, ბიჭური ბადრიშვილის შვილია.

ჯიუტი ბალღი

აქ დავიბადე და აქა ვჰკვდები. ექვსი დედმამიშვილიდან მეხუთე ვიყავ. ოთხი წლისა რომ გახდებოდი, ყველაფერს გვასწავლიდნენ და მასწავლიდა დედა. თუ გამიფუჭდებოდა, კარგა გემოზეც გამროზგავდნენ. სანამ პატარა ვიყავ, ხუთი-ექვსი წლისა, ბატკნებში და ხბოებში დავდიოდი. მერე, როცა წამოვიზარდე, უკვე ცხვარსა და ძროხაში.

აქ დავამთავრე შვიდწლედი. მერე ბარისახოში ოთხი წელი მამიწია სწავლა. ჩემს კლასში ფშავიდან ბევრი გოგო იყო. ხევსური გოგოები არ დადიოდენ სკოლაში, რატომღაც მიუღებელი იყო ქალისთვის სწავლა.

ჩილიკაობას და კენჭაობას ვთამაშობდით. თამაშისთვის დიდი დრო არცა გვქონდა. ცხენი მიყვარდა, სუ ცხენზე ვიჯე. მამას ქისტებმა ცხენი გროზნოდან მოუყვანეს, აკნოს ვეძახდით. შევჯდებოდი იმ ცხენზედა. დედას ეშინოდა, არ გადმააგდოსო, მარა თუ გადმაარდებოდი, ის ცხენი მე ფეხს არ მადგამდა. ერთხელაც მოვიდა (დედა), გადმამაგდო ამ ცხენიდანა, ერთი კოხტადა მცემა, მიმიყვანა ხიდზე, დამყუდა, აექ ჩაგარჩობ ეხლაო. ტყავის პალტოებივით იყო მაშინ, ტყავებს ვიკერამდით, მოვჰკიდე იმ ტყავზე, მოვგლიჯე ის სახელური, ახლა მერე კიდე მცემა. ჰოდა რო გამიშვა, გამხედა, მაინც იმ ცხენზე შევჯე. აი ესეთი ჯიუტი ვიყავ.

ვმუშაობდი, ვსწავლობდი და შვილებსც ვზრდიდი

სკოლის დამთავრების მერე ქალაქში წავედი. მისაღები გამოცდები ჩავაბარე და ჩავირიცხე ფილოლოგიურზე. მაშინ ვერ დავამთავრე. თვალივიდან იყო ვიღაცა დუშარაშვილი, 19 წლისა ვიყავ, რომ მომიტაცა თბილისიდანა. ქირით ვცხოვრობდი, ბინის „ხაზეიკას“ შეუთანხმდნენ და ის მიეხმარა. სახლიდან გამამათრიეს კვირა დღეს. სავსეა ხალხით ქუჩები, გამომიყვანეს, ვეხვეწები, გამიშვი, ვწივი, ვტირი, ვკივი, კაციშვილმა არ შემომხედა, შემაგდო მანქანაში იმ ამოწყვეტილმა და ჩადგა ჩემ ცოდვაში. სულ ვტიროდი. დედამ უთხრა მერე ჩემ ქმარსა, რო წაიყვანე, მოკვდება აქაო. წამამიყვანეს შუაფხოში და დავრჩი მერე აქა. ბავშვები მშობლებთან გავზარდე. 30 წლისა ვიყავ, ქმარი რო მოკვდა, ხელახლა ჩავაბარე ინსტიტუტში. მშობლების ძლიერი ოჯახი მქონდა და არ გამიჭირდა, თან ვმუშაობდი, თან ვსწავლობდი და შვილებსაც ვზრდიდი. მერე ბარისახოს სკოლა-ინტერნატში აღმზრდელ-მასწავლებელი ვიყავ 21 წელი.


რთული იყო მთაში ქალისთვი

ქალს ოჯახში უნდა ეტრიალა, ხალხში მაინცდამაინც არ იყო საჭირო ქალის გასვლა. რაც გინდა ბებერი ყოფილიყო, სტუმარი რომ მოვიდოდა, ფეხზე უნდა ამდგარიყო, პატივი ეცა, რო შემოვიდოდა. მამაკაცის წინ არ უნდა გეევლო, ქალს უნდა უკან ევლო, მტერი რო შეხვედრიყო და ქალი კაცს დაეცვა.

მთაში როცა კაცები სათიბად მიდიოდნენ, ქალებიც მიყვებოდნენ. აქედან ტვირთი ქალსაც და კაცსაც უნდა აეტანათ. კაცები სთიბდენ და ჩვენა ვხვეტავდით. აგებით მერე ჩვენც ავაგებდით და ისენიცა. ქათამი რო იყივლებდა, ოთხ საათზე ყივის ქათამი, ავდგებოდით და უნდა გვესაქმა. იყო შემთხვევა, რომ ლოგინშიც ვერ დავსწვებოდით, სათიბზე თივაში უნდა დაგვეძინა.

ქალს ხელსაქმე უნდა ეკეთებინა.

ქალი სანამ გათხოვდებოდა, 30 წყვილი წინდა უნდა ჰქონიყო მოქსოვილი რო მაყრებისთვი მიეცა, დეესაჩუქრა. ფარდაგები უნდა ქონიყო მოქსოვილი. ძროხას მისცემდენ, ერთ ცხვარსა და ეგ იყო იმის მზითავი.

სოფელი ადრე და ახლა

სოფელი წყლის გაღმა იყო, 60 კომლი, ეხლა იქ ორიღაა. ძალიან ბევრია წასული. აქ გომურები გვქონდა და არავინ ცხოვრობდა. მერე აქ დავსახლდით. ადრე მძიმე ზამთარი იცოდა, ორი მეტრა თოვლი მოდიოდა, არც ტრაქტორი და არაფერი, ნიჩბებით ვხვეტავდით.

სახნავ-სათესი იყო, მოყავდათ ხორბალი, „გრეჩეხა“ - ტრუბკას ვეძახდით, ოსპი, ქერი და სვილი (სვია). ყარტი გრძელი იზდებოდა და საბძელს ვახურებდით, ჟეშტისა და კრამიტის მაგიერ. აჩაჩა გუთნები გვქონდა. ორ ხარს უღელს ვეძახდით და ოთხს ყევარს. მარტიდან უკვე ვიწყებდით ხვნასა. 12 ივლისიდან 3 აგვისტომდე ხატობები იყო, რომ მთავრდებოდა, მერე ვიწყებდით მკასა.

ეხლა აღარაფერს თესავენ, ყველაფერს ყიდულობენ, რაზე დაიტანჯენ? იყიდი ფქვილს, გამააცხობ და პურია. ეხლა ძროხებიც ძალიან ცოტაღა ჰყამთ.

სოფელში ვეღარა ჩერდებიან, ზამთარში ოთხი კომლი რჩება, აქ ძნელია. რაც გინდა რომ იყოს, ზამთარი და ბუნება რომ მკაცრია, მაინც ვერ ჩერდებიან.

უმეზობლობა ძნელია. მარტოკინა აღარ შემიძლიან, აუცილებელია ვიღაცა მოგივიდეს და გაგამხნეოს. მეც თვალივში მივდივარ, მესამე ზამთარია, ორჯერ უკვე ვიყავ. აქ აპრილში ამოვდივარ, ბალახი რო ამოჟოჟინდება.

ხევისბერი

მამა, ბიჭური ბადრიშვილი ხევისბერი იყო. რო დაბადებულა, ბებოს უთქვია, სამი დღისა იყო, რო მაღლიდან სვეტი ჩამაიდა  და გულზე დაადგაო. მერე რო წამაიზარდა, ხატმა აიყვანა. ეხლა რო ხევისბრად თითონა დგებიან, ადრე ეგრე არ იყო, ხევისბერს ხატი ნიშნავდა, სიზმრით ირჩევდა. ერთი ხევისბერი იყო აქა კოჭლიშვილი, იმას ვკითხე, საიდან იცი ლოცვებითქო და ბიჭური მასწავლიდა სიზმრებშიო. ხატი გამორჩეულს ვიღაცის პირით სიზმარში ასწავლიდა ხოლმე ლოცვებს.

მამა იახსრის ხევისბერი იყო. ისე ლაშარშიც დადიოდა. ანგელოზი რო გამოეცხადებოდა, გაქადაგდებოდა. რა უნდა გაეკეთა, თუ შეცდომას დაუშვებდა, იმასაც ეუბნებოდა. აი, როგორც ჩვენა ვხედავთ ეხლა ერთმანეთს, მკვდრების სულებს ეგრე ჰხედავდა. სანთელს რო დაანთებდა ვიღაცისთვის, გამეეცხადებოდა.

ხევისბერს ყველასთვის სიკეთე უნდა ეთქვა. გახდებოდა ვიღაცა ცუდათა, მამაჩემთან მოიდოდნენ, აანთებდა მამა სანთელს და ეტყოდა, აი, ესე გააკეთეთ და მორჩებაო.

ერთი ძმა მალე მამიკვდა. ჩამოარდა მეხი და მოკლა ის და საგარეჯოდან მოყვანილი მწყემსი შაქრო მესტვირიშვილი, ერთად დაიხოცნენ. ჩამოასვენეს. მამაჩემმა თავისი შვილი აქ დატოვა, წაიღო ის მიცვალებული ჩააბარა პატრონებს, ამოიდა მერე და ჩემი ძმა დავასაფლავეთ. 31 წლისა იყო.

მამაჩემმა 25 წლის წინ ნახა სიზმარი, ჩემ ძმამა უთხრა რო 80-შია ჰკვდებიო. ჩვენ ვიფიქრეთ, 80-ისა რო გახდებოდა, მაშინ მოკვდებოდა. გახდა კაცი 105 წლისა და 1980-ში მოკვდა. ხატის გვერდით დავკრძალეთ.

ხატობა

აიმ გორას „ავ-გორას“ ვეძახით. ადრე სოფელი იყო იქა და ივანე მხარგრძელს გადაუწვია, ხალხს ქრისტიანობა რომ არ მიუღია.

პეტრე-პავლობა ხო თორმეტშია, 12 თუ ორშაბათს მოიდა, სანამ შაბათი არ მოა, ხატობა არ იქნება. ეხლა ზუსტად კვირას იწყება, კვირას არი გოგოლაურთა და ხოშარის სახუთმეტო. ორშაბათს ლაშარობა არი, სამშაბათს თამარ მეფის ღელეს ეკლესია გვაქვს. ოთხშაბათს არაფერი, ხუთშაბათს აქ იწყება და მეორე ხუთშაბათს იქა, კოპალაზე. კვირას მთავარანგელოზობა, აგრა იქ წვერი როა, კვირას იქ არი, იქ იკვლება კურეტები. მაგის პირდაპირ იახსარს ააქ კარატე. შაბათ საღამოს მანდ საყეინო დაიდგმება, დროშა გამობრძანდება. ორშაბათს ჩვენ ბადრიაანი, ხევისბერის ოჯახი ვკლავდით საკლავს, დროშა აიკეცებოდა და მთავრდებოდა ხატობაც.

ხატში მისვლა ქალისა არ შეიძლებოდა. შაბათს შეიძლებოდა, როცა მთელი სოფელი მიდიოდა. ბევრი ტრადიცია დაიკარგა. ხატში გალავანია, იმის იქით გადასვლა არ შეიძლებოდა, ეხლა ქალი, კაცი გადადის-გადმოდის.

მამა შობას ხატის სალუდეში შევიდოდა. ლიტანიას ვეძახდით ახალწლის წინა ღამეს, დაიკვლებოდა საკლავი, სოფლის კაცები სუ იქ უნდა ყოფილიყვნენ ღამე. ცისკარი რო ამოვიდოდა, ნაბადს გადაშლიდნენ. ყველას ქუდი უნდა მეეხადა, ნაბადის ქვეშ ჩეედო, ხევისბერი დაილოცებოდა, შაჰყოფდა ხელსა და რომელ ქუდსაც ამაიღებდა, ის იქნებოდა სოფლის მეკვლე.

უნდა ჩამეევლო სოფელში, გოგას ბედისკვერაბს მისცემდენ, სამჯერ უნდა შემოეგორა. თუ წაღმით დადგებოდა, კარგი იყო ოჯახისთვის, თუ უკუღმე, ცუდი. შევიდოდა მერე, შეაჭმევდნენ თაფლსა. დამთავრდებოდა მეკვლეობა, ახალი წელიცა. მეორე დღეს უქმი იყო და მესამე დღეს მუშაობას იწყებდი.

მარტოკინა მოხუცი მთაში

აი, განუკურნავი სენი რო შეხვდება ადამიანს და სტანჯავს, ეგრეა სიბერე. აღარც ენერგია გაქვს, აღარც აზროვნება, აღარც მხედველობა. მადლობა ღმერთს, მე ნემსზე ძაფს ვაგებ მაინცა. დილით ავდგები, ლოცვებს წავიკითხავ. უშრომელად ვერ გასჩერდები. რო საქმე არა მაქვ, მერე ავდგები და წინდას ავიღებ.

ხელიცა მტკივა. ერთხელ ძროხები წავიდენ და ბექზე უნდა გადაცვივდენ, წავედი მოვურბინე ამ კლდეებზე, დამიცურდა ფეხი, კლდეს ჩაოეკიდე და მხარს ტყაშანი გადგა, დამეჭიმა ალბათა. ექიმთან მე ვერ წავედი. ბევრი სიმწარე ვნახე, მაგრამ კაცი არ უნდა დაგლახავდეს, ტირილითა და გლოვითაო, მტერნი არ შაგვიბრალებენო, გნახავენ დაღონებულებს, დღე იყოს დაგვიბნელებენო. ეხლა მე რომ ცოცხალი ვარ, ტყუილად ვიტანჯები, მაგრამ სიკვდილი მაინც მაშინებს.

მე ნუ დამმარხავთ შორს სადმე მარტო,
იახსრის გვერდზე დამასაფლავეთ,
რო მიემატოს ჩემი საფლავი
ჩემი მშობლების უკვდავ სამარეს.

იცხოვრეთ მუდამ კეთილი გულით, სიკეთე რჩება ამ ქვეყნად მხოლოდ ჩემო შვილებო, შვილიშვილებო და იმათ შვილებო ყველა ჩემო პატივისმცემელო და დამფასებელო, დიდ მადლობას გიხდით პატივისცემისა და დაფასებისთვის.

ხალხისგან სოფლების დაცლასთან ერთად, მთაში ბევრი ტრადიცია გაქრა. უკანაფშავის ნიშ-სალოცავებს აღარც ხევისბერი ჰყავთ. ადგილობრივების თქმით, რამდენიმე საკუთარი სურვილით ხევისბერობს. თუმცა, მათ ის ლოცვები არ იციან, რაც ხატისგან გამორჩეულმა ხევისბერებმა იცოდნენ. დღევანდელი ხატობები მხოლოდ მსხვერპლშეწირვითა და სუფრობით შემოიფარგლება. თეკლე ბადრიშვილისა და სხვა უხუცესთა გონებაში ჩაბეჭდილი ძველ წეს-ჩვეულებები, მომავალს ამ ჩანაწერების სახით შემორჩება.

ავტორები: ქეთი მაღრაძე, ლაშა ორჯონიკიძე

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში