საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მიშენებული ლამარია, გაძევებული მონაზვნები და მოხსნილი მინისტრი - რა მოხდა სვანეთში

19:27 - 20 აგვისტო 2026 hits 687
ლამარიას კომპლექსი, სვანეთი, უშგული
ახალი ამბები
ლამარიას კომპლექსი, სვანეთი, უშგული

წელს 30 წელი შესრულდა, რაც ჩაჟაში, შხარას ძირში გაშენებული ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დასახლება უშგულის თემში, მსოფლიო კულტურული მემკვიდეობის ძეგლად აღიარეს. მისი გვირგვინიც, მე-9 მე-10 საუკუნეების ლამარია ძეგლის დამცავ ბუფერული ზონაშია და იუნესკოს მიერ ამ ლანდშაფტის უმნიშვნელოვანეს ნაწილად მიიჩნევა. მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიამ რამდენიმე წლის წინ ლამარიაში მონასტრის დაფუძნება გადაწყვიტა. ამ გაზაფხულის მიწურულს კი დედათა მონასტრისთვის, მათი განმარტებით, კელიების, სატრაპეზოს, საპირფარეშების შენება დაიწყეს. რკინა-ბეტონის საძირკველი ტაძრის ეზოშივე ჩაასხეს. ბლოკის კედლების შეფუთვას, ჩანს, ფიქლით აპირებდნენ.

სამშენებლო მოედანზე არქიტექტურის ისტორიკოს ნოდარ არონიშიძესთან ერთად მივედით:

„ჩვენ გვესმის ეკლესიის საჭიროებები. ოდესღაც, როცა აქ ეკლესია აშენდა, ცხადია, რომ სასულიერო პირები მოღვაწეობდნენ და სამეურნეო ნაწილიც ჰქონდათ. შეუძლებელია, ვინმე ამის წინააღმდეგი იყოს. ქრისტიანობის შვილია ეს მემკვიდრეობა. შეუძლებელია ჩვენ მასში მღვდელმოქმედებას ვებრძოდეთ, მაგრამ მნიშვნელობა აქვს ჩარევის მასშტაბს.

შეგრძნება რომ არ გვქონდეს დაკარგული, ასეთი ფასეული მემკვიდრეობის გვერდით აზრად არ მოგივიდოდა, საერთოდ რამე აგვეშენებინა, არათუ ამ ფორმით და ამ მასალით, სრულიად შეუფერებელი გარემოსთან.

მეორე პრობლემაა, როდესაც ამ მასალის შეფუთვას ფიქალით ცდილობ. ეს სრული ბუტაფორიაა, დანაშაულის კვალის დაფარვა. რატომ არ შეიძლება მოშორებით იყოს? ისევე, როგორც ვერასოდეს გავიგე, რატომ უნდა აშენებულიყო ის სასტუმრო ალავერდის გვერდით? შეიძლებოდა 1 კილომეტრში ყოფილიყო. აუცილებელია, შენი აუზიდან ალავერდს ხედავდე? რა ტიპის ტურისტს ველოდებით?

ამას რომ ჩადგამ, ასეთს ასს რომ ააშენებ, ტურისტი აღარ მოვა. ტურისტს სიძველე და ავთენტურობა აინტერესებს, რაც პირველქმნილია.

ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის შემხედვარე ვინმე უცხოელი რომ მოვიდეს და შეხედოს, როგორ ვექცევით საკუთარ კულტურას, ვერ დაიჯერებს, რომ ჩვენ ამ მიწაზე ვცხოვრობდით ისტორიულად. სხვა ხალხი ვეგონებით, რომელიც მერე მოვიდა და სხვის მიწაზე დასახლდა. რამდენადაც ის არის წარმოუდგენელი, რომ შენამდე მოაღწიოს 10-ე საუკუნის სახარების ნაწილმა და ცარიელი ადგილები შენი ხელით შეავსო, რასაც ახლა ლამარიაზე ვუყურებთ, ასეთივე წარმოუდგენელია. ეს მშენებლობა იმის ტოლფასია, სახარება გადაწერო.“

უშგულის მოსახლეობამ მშენებლობის შეწყვეტა და უკვე აშენებულის დემონტაჟი მოითხოვა. ეპარქიამ კი 4 აგვისტოს განცხადებაში დაწერა, რომ მონაზვნები გამოაძევეს:

„მონასტერში მივიდა დაახლოებით 12-15 კაციანი ჯგუფი და სასულიერო პირებისა და მონაზვნების მიმართ ადგილი ჰქონდა შეურაცხყოფას, მუქარასა და აგრესიულ დამოკიდებულებას. სასულიერო პირების მისამართით ითქვა, თითქოს „თქვენი მოსვლის შემდეგ სოფელში მდგომარეობა გაუარესდა და სიკვდილიანობამ იმატა“, ასევე, რომ „მონაზვნები აქაურობას ბილწავენ“, „ეს ყველაფერი უნდა დაინგრეს და მოიშალოს“, და რომ „უშგულში შვიდი თავადი ჰყავთ მოკლული და თავზე არავის დასმას არ აპირებენ“ - ეს ნიშნავს იმას რომ მონაზვნები მონასტრიდან გამოაძევეს.“

ისტორიკოსი დალი ფალიანი უშგულელების პროტესტს სამართლიანად მიიჩნევს: „აქ არის საგვარეულო სალოცავები. მათ სვანები თავის დროზე თავიანთ ტერიტორიებზე, ნიშა სალოცავებზე აშენებდნენ. ამიტომ მათ სრული მორალური უფლება აქვთ, მშენებლობა რომ არ გააგრძელებინეს. ვაჟა-ფშაველასი არ იყოს, „თემს რაც სწადიან, მას იზამს თავის თემობის წესითა“. აქ სვანეთია. აქ ჩემი საძვალე ეკლესიებია. ჩემს საძვალე ეკლესიას უდიერად არ უნდა შეეხო.

რომ შემოდიხარ, უნდა მკითხო, შეიძლება? ის მარტო გასაჩერებელი კი არა, საერთოდ დასანგრევია.“

დალი ფალიანი გვიყვება, რომ აქამდე მონაზვნები საცხოვრებლად ლამარიას მაჩუბებს იყენებდნენ და იქაურობა უკვე საკმარისად შელახეს:

რად უნდოდა მეტლახი? კლდისგან ნაკვეთი იატაკი იყო. ეგ ხომ იშვიათობაა, მაგას სად ნახავ?! რად მინდა ჩემს სალოცავში ევრორემონტი, არ გამაგიჟოთ!“

მესტიის მკვიდრის, პედაგოგ ნარგის ნიგურიანის ინფორმაციით, „გაარემონტეს“ არამხოლოდ მაჩუბის, თავად ლამარიას, ღვთისმშობლის ტაძრის იატაკიც: „კლდის ფილები ეგო, ჯერ მხოლოდ ის იატაკი შეიძლებოდა გამოცხადებულიყო კულტურულ მემკვიდრეობად. ვერანაირი სპეციალისტი ვერ დამარწმუნებს, მეტლახი რომ დააგეს, ის უკეთესია. კლდის ფილები სიძველით სუნთქავდნენ და შემსვლელს აღაფრთოვანებდნენ. მე ამას დამახინჯებას ვეძახი, გაკეთილშობილებას კი არა, სრულ ხელყოფას. ეს არის ვანდალიზმი!“

უშგულის ლამარიაში განვითარებული მოვლენების ქრონოლოგიამ შესაძლოა განმარტების გარეშე დატოვებული საკადრო გადაწყვეტილების ახსნამდე მიგვიყვანოს:

  • 8 ივლისს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გვაცნობებს, რომ ლამარიაზე მიმდინარე მშენებლობა უნებართვოა.
  • 13 ივლისს სააგენტო იუწყება, რომ მშენებლობა შეჩერდა.
  • ეპარქიის წარმომადგენელი მედიას განუმარტავს, - მეუფემ ნებართვის აღება „საჭიროდ არ ჩათვალა“, ხოლო საქმის გახმაურების შემდეგ ეპარქიის გვერდზე სხვა ახსნა ქვეყნდება - სააგენტოსთან შეთანხმება ვერ მოესწრო.
  • მშენებლობის შეჩერების შემდეგ, 15 ივლისს სააგენტოს წარმომადგენლები მშენებლობის ადგილზე ჩადიან და რწმუნდებიან, რომ სამუშაოები შეჩერებულია. ამის შემდეგ მიტროპოლიტ ილარიონს კულტურის მინისტრი თინა რუხაძე პირადად უკავშირდება. მიტროპოლიტი კულტურის სამინისტროს ვოცაფით უგზავნის პროექტს, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ შენობა 200 კვ. მეტრი, კარ-ფანჯარა - მეტალოპლასტმასის, სახურავი თუნუქის იქნება.
  • აქედან ერთ კვირაში, 21 ივლისს თიკა რუხაძე პატრიარქს, შიო მესამეს ხვდება. შეხვედრას როგორც სააგენტოს, ისე საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის წარმომადგენლებიც ესწრებიან.
  • აქედან კიდევ ერთ კვირაში, 28 ივლისს, მინისტრს, რომელმაც თავი „ტვინიან ქალად“ გაგვაცნო, თანამდებობიდან ხსნიან.

თვეზე მეტია, ლამარიას ეკლესიას ბოქლომი ადევს. ეპარქიის გადაწყვეტილებით „სამონასტრო ცხოვრება და მსახურება მხოლოდ იმ შემთხვევაში აღდგება, თუ სოფლის მოსახლეობის ნება წერილობით და ხელმოწერებით იქნება დაფიქსირებული“. ტაძრის ერთი გასაღები მღვდელს აქვს, მეორე - სოფელში ნიჟარაძეებისთვის ჩაუბარებიათ. კითხვაზე, არიან თუ არა თანახმა, უკანონო შენობა დაანგრიონ, ეპარქიის საკონტაქტო ნომერზე დედა სიდონიამ გვიპასუხა: „მშენებლობასთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება არ მიღებულა, მაგრამ როგორც განცხადებით გამოვაქვეყნეთ, თუ წერილობით მოგვმართავს მოსახლეობა, წირვა-ლოცვა აღდგება“.

საქართველოს ისტორიას ახსოვს საბჭოთა ოკუპაციის წლები, როდესაც სიწმინდეები განადგურებას სწორედ სვანების თავისუფლების, სიცოცხლის რისკისა და თავგანწირვის ხარჯზე გადაურჩა. ამიტომ უცნაურია, რომ სახელმწიფომ ამ წლებში ვერ მოახერხა, მათი შთამომავლობისთვის აეხსნა, რამხელა საფრთხეა უშგულის საგანძურისთვის ქაოსური მშენებლობა, ოთხსართულიანი სასტუმროები, მიშენებები, დაშენებები. სახელმწიფოს ვალია, ადამიანებს მაღალი ტურისტული ინტერესის მხარეში ეკონომიკური განვითარების საშუალება ისე მისცეს, რომ მთავარს არ ავნონ. ამ ეტაპზე კი კერძო ინიციატივები უშგულის იერსახეს უკვე საგრძნობლად ამახინჯებს.

ჩუბინაშვილის ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი, ნოდარ არონიშიძე შიშობს, რომ ეს შეიძლება მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ჩაჟაშის ამოღების საფუძველი გახდეს. მასთან ერთად სვანეთის რამდენიმე ეროვნული მნიშვნელობის ძეგლიც მოვინახულეთ, რომლებიც სასულიერო ან საერო პირების თვითნებობის გამო მნიშვნელოვნად დაზიანდა.

იენაშის იონა წინასწარმეტყველის ეკლესიას ბოლო წლებში ბეტონის ხიმინჯებზე მდგარი სამრეკლო მიუშენეს. გალავნის გადაღმა კი, ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალში დიდი ზომის შენობაა წამომართული. იენაშის მე-10 საუკუნის ეკლესია ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც ძეგლის ხელყოფის გამო კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ 2016 წელს პროკურატურას მიმართა. 10 წელი გავიდა მას შემდეგ. ვინმემ პასუხი თუ აგო, გარკვევას ეკლესიის წინამძღვართან შევეცადეთ. 

- ვინ გითხრათ რომ უკანონო იყო? წადით ახლა აქედან! - კარი მოგვიჯახუნა სქიმარქიმანდრიტმა ეგნატე კურტანიძემ.

პასუხი არავის უგია სოფელ მაცხვარიშის ეკლესიების ხელყოფის გამოც.  

მთავარანგელოზისა და მაცხოვრის ამაღლების ტაძრებთან იქაც რკინა-ბეტონის სამრეკლოები აქვთ აშენებული. ამ უკანასკნელში კი განადგურებულია კედლის მხატვრობაც.

მაცხოვრის ეკლესიის საქტიტორო წარწერიდან ვიგებთ, რომ ტაძარი დემეტრეს მეფობის მე-15 წელს მოიხატა, მაშასადამე 1140 წელს. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც მხატვრის სახელმაც მოაღწია ჩვენამდე და მეტიც - მიქაელ მაღლაკელის სიტყვამაც იმ წარწერის სახით. ნოდარ არონიშიძე გვიხსნის,

მხატვრობის ავტორი ტექსტში შთამომავლობას სთხოვს, ჭვარტლისგან დაიცვან ნამუშევრები. სანთელიც კი გამოზომილად რომ უნდა დაენთოთ, იმ ეკლესიაში ფრესკების ნაწილი საერთოდ ჩამოფხეკილია, ხოლო რაც ახალი კანკელის მშენებლობას გადაურჩა - შეთეთრებული.

საქმე პროკურატურას გადაეცა, მაგრამ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ დადგა იმ ადამიანზეც, ვინც ჟაბეშის მაცხოვრის ტაძარს, მე-10 საუკუნის ნაგებობას დასავლეთის ფასადზე ზღურბლი, სამხრეთით კი გაუგებარი ლოჯია მიაშენა. უნებართვოდ, ასევე შეუსაბამო მასალითა და ტექნოლოგიით ამოუვსიათ ბზარები და „გაუმაგრებიათ“ ტაძრის საძირკველი. ამ ათ წელიწადში ახალი მიშენებები დაჯდა და ძველი კედლები უარესად დაიძრა.

„აქ რაც ხდება, ეს არის ვანდალიზმი, სიგიჟეა უბრალოდ. X-XI საუკუნეების ძეგლზე ეს თავში აზრად მოგივიდეს და ისე განახორციელო, არც ერთმა მოსახლემ არ გაგაჩეროს და გითხრას, ეს ნორმალურია?

ჟაბეშის მაცხოვრის ეკლესია

ძეგლთა დაცვის სისტემა არ მუშაობს, ეკლესიაც ალბათ შენთან ერთად აშენებს ამას. დაუჯერებელია, რომ საზოგადოების ყველა რგოლი ასე იყოს ჩახსნილი პროცესისგან და საერთოდ ვერ აცნობიერებდეს“, - დაკეტილ ეკლესიას გარშემო უვლის ნოდარ არონიშიძე და ყოველ ნაბიჯზე ახალ-ახალ უბედურებაზე მიგვითითებს - „მსოფლიოს ნებისმიერი სახელმწიფო იოცნებებდა, მე-10 საუკუნეში ასეთი მოხატულობა და არქიტექტურა ჰქონოდა, რაც აქ არის. უნიკალურ ძეგლზე ამის მიშენება, მერე რაღაც გაუგებარი დაბრიზგვა, ნაწილის საერთოდ შეულესავად დატოვება... სინამდვილეში აქ არის ასახული ცნობიერების მთელი სიმძიმე, რასაც დღეს ქართული საზოგადოება ატარებს“.

სვანეთის ძეგლები ზოგადად და უშგულის მაგალითი კონკრეტულად, მკაფიოდ უჩვენებს, სადამდე მიგვიყვანა მოშლილმა სისტემამ. სახელმწიფო ინსტიტუციები უბატონოდ ხმას ვერ სცემენ ეკლესიას, ეკლესია კი თავის უბატონო მრევლს იმას უთვლის, საუკუნეების წინ რამდენი თავადი მოკლეს. ტაძრები დაკეტილია, გაბუტული ეპარქია ლამარიაში წირვა-ლოცვის აღსადგენად სვანების წერილობით განცხადებას ითხოვს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, ან მოუვლელობით ინგრევა, ან უარესი - დამანგრეველი მშენებლობებით მთელ თავის მშვენიერებას, კუთვნილ სივრცესა და დიდებულებას, მასშტაბს, მნიშვნელობას, ღირსებას კარგავს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საქართველოს ამბები.

საქართველოს ამბები

თავში