საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ყაზბეგის მოსახლეობამ პარლამენტს და პრეზიდენტს პეტიციით მიმართა

15:27 - 07 მარტი 2017 hits 10422

ყაზბეგის რაიონში, სოფელ სნოში მცხოვრებმა ოცდახუთმა ოჯახმა საქართველოს პარლამენტს და პრეზიდენტს პეტიციით მიმართა. წარდგენილი პეტიციით მოსახლეობა ყაზბეგის რაიონში დაგეგმილი 500-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის ალტერნატიული მარშრუტის შემუშავებას ითხოვს.

არსებული პროექტით, მათი საკარმიდამო ნაკვეთები ე. წ. ბუფერულ ზონაში, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზიდან 30 მეტრის რადიუსში ხვდება. ადგილობრივები შიშობენ, რომ 500-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი მათ ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის.

„გვითხრეს, რომ კომპენსაციას მოგვცემენ. არ გვინდა კომპენსაცია და ეს თანხა ისევ ამ ხაზის გადატანისთვის საჭირო ხარჯებისთვის გამოიყენონ. ოღონ ეს ხაზი აარიდონ ჩვენს სახლებს... ახალგაზრდები ბრუნდებიან სოფელში. უკვე რამდენი დაუბრუნდა მამა-პაპისეულ მიწას. ამ ხაზს თუ ააშენებენ, აქ ვიღა დაბრუნდება? ვინც არის, ისიც იძულებული გახდება, რომ აქედან წავიდეს და სნოც ნასოფლარად იქცევა,“ - უთხრა „მთის ამბებს“ სნოში მცხოვრებმა დიმიტრი შიოლაშვილმა.

„მილიონიც რომ მომცენ, არ მინდა. ჩემს მიწაზე მინდა სიცოცხლე და სიკვდილი. ოთხი შვილი მყავს და ორი შვილიშვილი. როგორ უნდა ვაცხოვრო ისინი 500-კილოვოლტიან ელექტროგადამცემ ხაზთან რამდენიმე მეტრში, სიკვდილისთვის გავიმეტო?“ -კითხულობს კიდევ ერთი ადგილობრივი, ნონა წიკლაური.

მოსახლეობა მიიჩნევს, რომ 500-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზისთვის ალტერნატიული მარშრუტის შერჩევა შესაძლებელია და ის პროექტის ღირებულას მნიშვნელოვნად არ შეცვლის.

სნოში მცხოვრებ, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის ბუფერულ ზონაში მოხვედრილ 25 ოჯახთან ერთად პეტიციას ხელს აწერს სოფლებში - კარკუჩასა და ახალციხეში მცხოვრები კიდევ 125 ადამიანი.

პეტიცია პარლამენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე შევიდა.

ყაზბეგში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი რუსეთის ენერგოსისტემასთან დაკავშირების მიზნით შენდება. ქსანი-სტეფანწმინდის 500-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, „ენერგოტრანსსი“ და ფინურ-ინდური კონსორციუმი -  ELEL-EMC-ს ახორციელებს. პროექტს გერმანიის განვითარების ბანკი 25 მილიონი ევროთი აფინანსებს.

პროექტის თანახმად, ხაზის მშენებლობა 2017 წლის მაისში უნდა დასრულდეს.

დალი ფირანიშვილი

mtisambebi.ge-ს მოქალაქე რეპორტიორი. აშუქებს ხევის ამბებს. სწავლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე. E-mail: [email protected]

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში