საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

რას (არ) სთავაზობს საქართველო უკრაინიდან ლტოლვილებს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

20:32 - 15 მარტი 2022 hits 39697

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მეოცე დღეს, საქართველოს ხელისუფლებას კვლავ არ აქვს პასუხი კითხვაზე, აპირებს თუ არა უკრაინელი ლტოლვილების მიღებას, ან რა გეგმა აქვს უკრაინის იმ მოქალაქეებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოში ტურისტებად შემოვიდნენ და ერთ დღეში ლტოლვილებად იქცნენ. 

„გავარკვევთ და დაგიბრუნდებით“ - გვპასუხობენ მთავრობის ადმინისტრაციაში, თუმცა აღარ გვიბრუნდებიან.

ჩვენს მომდევნო კითხვებზე - უკრაინის რამდენი მოქალაქე შეხვდა ომს საქართველოში; რამდენი შემოვიდა ქვეყანაში ომის დაწყების დღიდან; რამდენ ადამიანს სჭირდება დახმარება ახლა? მთავრობის ადმინისტრაციის პასუხია - „მიმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს“.

„ძალიან ზოგადი კითხვაა, ომის დაწყებამდე რამდენი იყო და დაწყებიდან რამდენი შემოვიდა. მოგვმართეთ წერილობით, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით და მიუთითეთ კონკრეტული თარიღები, წინააღმდეგ შემთხვევაში, წერილი დაგიხარვეზდებათ“, - გვთავაზობს გომელაურის უწყება.

შემდეგი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაა, - „ჩვენ ვითვლით ადამიანების შემოსვლას. გასვლებს აღარ. ასე 300-მდე ადამიანი დავაბინავეთ, ვინც 23 თებერვლამდე, როგორც ტურისტი შემოვიდა და ვეღარ წავიდა. ეს ვიცით. ვინც ახლა ჩამოდის, ეგ ჩვენ არ გვეხება“.

საგარეო საქმეთა სამინისტროში ვრეკავთ, - „ვერ ვხვდები შეკითხვას, რას ნიშნავს, რას აპირებს საქართველოს მთავრობა, დევნილთა და განსახლების სამინისტროს მიმართეთ. შეიძლება მათ ჰქონდეთ ისეთი ინფორმაცია, რაც ჩვენ არ გვაქვს, გადასამოწმებელია. საგარეო საქმეთა სამინისტრო არ დგას საზღვარზე.“

დევნილთა და განსახლების სამინისტრო წლების წინ გაუქმდა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში კი გვპასუხობენ, - „არ გვაქვს ჩვენ ეს ინფორმაცია, შსს-სთან გაიარეთ ეს საკითხი“.

ხელისუფლების მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩვენს წერილს, კარგ შემთხვევაში, 10 დღის შემდეგ უპასუხებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კითხვაზე - უკრაინის რამდენიმე მოქალაქეა დღეს საქართველოში - მივიღებთ პასუხს - უკრაინის რამდენი მოქალაქე იყო საქართველოში 10 დღის წინ. ესეც იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ თარიღებს მივუთითებთ, სხვაგვარად, „ომის დაწყება“ გომელაურის უწყებისთვის კონკრეტულ დღეს არ ნიშნავს.

I смішно, і грішно 

ირინა და კრისტინა მიკოლაივში დაიბადნენ და გაიზარდნენ. ერთ სკოლაში, ერთ კლასში სწავლობდნენ, თუმცა მერე მათი გზები გაიყარა. ისინი ერთმანეთს 5 წლის შემდეგ, უკრაინის დროშებით გადავსებულ თბილისში შეხვდნენ.

ირინა პროექტის მენეჯერია, წლების წინ, მშობლიური ქალაქიდან კიევში გადავიდა. ომის პირველი დღე მისი პირველი დღე უნდა ყოფილიყო ახალ სამსახურში, თუმცა დისტანციურად მუშაობა სამსახურისა და მოგზაურობის შეთავსების შესაძლებლობას აძლევდა, ამიტომ 19-ში ბათუმში ჩამოვიდა. კიევში 26 თებერვალს უნდა დაბრუნებულიყო.

კრისტინა ინგლისურს ასწავლის, ისიც დისტანციურად. საქართველოს რამდენიმე თვით, მარტამდე ესტუმრა, რამდენიმე მხარე მოიარა, ყაზბეგიდან ქედამდე და ბინა თბილისში დაიდო.

ერთმანეთი სოციალური ქსელით იპოვეს და ომის მძიმე დღეები ახლა ერთად გადააქვთ. მათი ოჯახის წევრების დიდი ნაწილი დღემდე მიკოლაივშია, მეგობრები და ახლობლები მთელ უკრაინაში არიან გაბნეულნი. ზოგიერთთან კავშირის დამყარებას დღეების განმავლობაში ვერ ახერხებენ.

„ყოველ ჯერზე, როცა მესიჯი მომდის, ველი, რომ ვიღაცის სიკვდილი უნდა გავიგო. არ ვიცი, როგორ აღვწერო ეს გრძნობა, როცა ვუყურებ ფოტოებზე ჩემთვის ნაცნობ და მშობლიურ, მშვიდ ადგილებს, დაბომბილს, ცეცხლმოკიდებულს, გაუკაცრიელებულს".

„სულ მეგონა, რომ მიკოლაივი უსაფრთხო ქალაქი იყო. უსაფრთხო სივრცე ახლა არსადაა. ყველა დიდი და პატარა ქალაქი დარტყმის ქვეშაა ან მის მოლოდინში. რუსები არავის ინდობენ“, - კრისტინა გვიყვება, რომ დაძინება უჭირთ. ღამით მაღვიძარა ორ საათში ერთხელ რეკავს, რომ ახალი ამბების შემოწმება არ დაავიწყდეთ. ან ხომ შეიძლება ოჯახის რომელიმე წევრმა ან ნაცნობ-მეგობარმა შეტყობინება გამოგზავნოს.

უჭირთ დანაშაულის გრძნობასთან გამკლავებაც. უსაფრთხოდ ყოფნის გამო, იმის გამო, რომ აქვთ წყალი, საჭმელი, სითბო მაშინ, როცა მათი კლასელები ჯარისკაცებისთვის ბორშჩის ამზადებენ; როცა დეიდა 3 კატითა და 2 ძაღლით ბინის დატოვებაზე უარს ამბობს; როცა მეზობელი საავადმყოფოს სარდაფში დროზე ადრე დაბადებული ახალშობილების სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის და კიდევ ბევრი როცა. კრისტინა თავს დამნაშავედ იმის გამოც კი გრძნობს, რომ ნერვიულობს, ეშინია და ვეღარაფერზე ფიქრობს საფრთხეში მყოფი ახლობლების გარდა, - „დღეებს ვეღარ ვითვლი და ვეღარ ვანაწევრებ, თითქოს ერთი დაუსრულებელი დღეა ეს ომი. ყოველდღე ვეუბნები საკუთარ თავს, მოიკრიბე ძალა, განაგრძე ცხოვრება, ვერავის უშველი მარტო დივანზე ჯდომითა და ტირილით. აიღე მაგალითი ადამიანებისგან, ვინც არ ნებდება, იბრძვის, ეხმარება. უნდა მოვახერხო, რომ ძალა მოვიკრიბო, მუშაობა განვაგრძო, ახალი საქმე ვიპოვო და რასაც გამოვიმუშავებ იმაზე მეტს, რომ ვიარსებო, უკრაინაში გავგზავნო. ამას ვპირდები საკუთარ თავს, რომ უფრო სასარგებლო გავხდე ჩემი ქვეყნისთვის“.

ირინა აგულიანებს, თვითონ უფრო მხნედ გამოიყურება. გადაწყვიტა, რომ ჰობი, ფოტოგრაფია, შემოსავლის წყაროდ აქციოს და რასაც გამოიმუშავებს, მანაც უკრაინაში გაგზავნოს.

ირინა და კრისტინა თბილისში. ფოტო ©️ ნინო ბაიდაური​ / Mtisambebi.ge

„გულახდილად გეტყვით, როცა საქართველო არ შეუერთდა რუსეთის მიმართ სანქციებს, თავდაპირველი რეაქციები იმედგაცრუება და ბრაზი იყო, მაგრამ იმხელა მხარდაჭერას და იმდენ კეთილ სიტყვას ვიღებ ქართველებისგან, იმდენად მადლობელი ვარ, რომ უსაფრთხოდ ვგრძნობ თავს აქ და იმდენად მეგობრულად გვექცევა ხალხი, რომ ვეღარც მთავრობაზე ვბრაზობ. ყველაფერი მესმის".

„ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის თითოეული სიტყვა, რასაც ჩვენს მხარდასაჭერად ამბობთ. ძალიან ბევრს ნიშნავს თითოეული ის დროშა, რომელსაც ჩვენს მხარდასაჭერად აფრიალებთ."

დახმარება, რასაც თავად იკლებთ და უკრაინის დასახმარებლად მიმართავთ“, - გვეუბნება ირინა, - „ეს მაშინ, როცა ჩვენს საკუთარ ნათესავებთან, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ და იქაური პროპაგანდის სჯერათ, კავშირი გავწყვიტეთ“.

ერთადერთი, რასაც გვთხოვენ, ისაა, რომ არ შევწყვიტოთ უკრაინაში მიმდინარე ომზე წერა, არცერთმა მედიამ, არცერთმა ადამიანმა. არ შევწყვიტოთ მათზე ფიქრი, რადგან ეშინიათ სოციალური ქსელების კანონზომიერების, როცა ნებისმიერი ცხელი თემა რაღაც დროის მერე აქტუალურობას კარგავს და მას სხვა თემა ანაცვლებს, - „დაგვეხმარეთ, რომ დავიცვათ ჩვენი სიმართლე, ესაა ჩვენი ძალა ახლა, რომელსაც რუსეთის დაქირავებული ბოტები ვერ დაამახინჯებენ, რომ თითქოს, უკრაინელები ფაშისტები და ნაცისტები ვართ. თითქოს, ჩვენთან რუსულენოვანი უკრაინელები იდევნებოდნენ. თითქოს, ძია პუტინმა ჩვენი ხსნა გადაწყვიტა. თითქოს ჩვენი მთავრობა უუნარო, ნარკოდამოკიდებული და კლოუნია. I смішно, і грішно. ასეთი გამოთქმა გვაქვს, ქართველებსაც გექნებათ მსგავსი. ვიცით, რომ ჩვენი გესმით“.

Моя хата з краю, я перший стріляю

"სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს" გარდა, უკრაინელებს ერთი ასეთი გამოთქმაც ჰქონიათ, პირდაპირ რომ ვთარგმნოთ, „ჩემი ქოხი კიდეზე დგას და მე არაფერი ვიცი“. ქართულ შესატყვისს თუ მოვიშველიებთ, იგივეა, რაც „სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი“ - როცა მეზობლის გასაჭირი შენ არ გეხება და არ გაინტერესებს. რაც ომი დაიწყო, ამ ძველ ანდაზას ახალი ფორმა და ახალი შინაარსი შეუძენია - „ჩემი ქოხი კიდეზე დგას და მე პირველი ვარ, ვინც გაისვრის“ - როცა მეზობლის გასაჭირი შენც გეხება და შენი გასაჭირი ხდება.

ამას სერგეი გვიყვება - ახალგაზრდა ექიმი კიევიდან, რომელიც 6 წლის წინ ფეხმძიმე მეუღლესთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა და მას შემდეგ საქართველოში ერთ-ერთ საერთაშორისო კლინიკაში მუშაობს. უკრაინელების აქედან დასახმარებლად, მოხალისეობრივ, ჰუმანიტარულ საქმიანობას ეწევა. უკრაინაში წამსვლელი მოხალისეებისთვის, ჟურნალისტებისთვის და ნებისმიერი სხვა მსურველისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენასა და ტრავმის მართვაში ტრენინგებს ატარებს.

სერგეი კურუშკინი ტრენინგის დროს. ფოტო ©️ ნინო ბაიდაური​ / Mtisambebi.ge

„მე ექიმი ვარ, ჩემი მთავარი საქმე სიცოცხლის გადარჩენაა. ჩემი მეგობრები, კოლეგები, კურსელები, ექიმები ფრონტზე არიან. იმიტომ კი არა, რომ რომელიმეს სისხლი სწყურია. ისინი თავის საქმეს აკეთებენ, ემსახურებიან თავის ქვეყანას და არც ამ დროს კარგავენ სახეს. დახმარებას მტრის დაჭრილ ჯარისკაცებსაც უწევენ. ომმა ყველაფერი გადაატრიალა, გუშინ რომ რიგითი პროგრამისტი იყო, დღეს შეიძლება ადამიანის მოკვლა მოუწიოს. ვიცი, როგორი მძიმეა ეს. ჩემი პაციენტი მახსენდება, ალჟირსა და ავღანეთში ნაბრძოლი კაცი. ასზე მეტი ადამიანი ჰყავდა მოკლული, მაგრამ არ ავიწყდებოდა პირველი ადამიანი, ვისაც ესროლა. ეს ისეთი ჭრილობაა, რომელიც არასდროს ხორცდება“.

საქართველო, ქვეყანა, სადაც სამუშაოდ ჩამოვიდა, მის სახლად იქცა. სახლად, სადაც მისი ქალიშვილი დაიბადა. ოჯახის წევრებიდან და უახლოესი გარემოცვიდან ყველა ცოცხალი და საღსალამათი ჰყავს, მაგრამ აცნობიერებს, რომ ნებისმიერ წუთს შეიძლება ეს შეიცვალოს.

„სადაც არ უნდა წავიდე და რა დროც არ უნდა გავიდეს, მე კიეველი ვარ. პატივია, რომ უკრაინელი მქვია, ამაყი და ბედნიერი ვარ ამით. უამრავი უახლოესი ადამიანი მყავს იქ, ვისზეც ყოველ წუთს ვფიქრობ. მამშვიდებს ის, რომ უმოქმედოდ არ ვზივარ“.

მედიკამენტები, სისხლი თუ ტურნიკეტები სისხლდენის შესაჩერებლად, ჩაფხუტები თუ ფანრები, რადიომიმღებები და დრონები - ქართველ მოხალისეებთან ერთად შესაძლებლობების ფარგლებში გროვდება ყველაფერი, რაც პირველ რიგში სჭირდებათ უკრაინაში მყოფებს და ყველა შესაძლო საჰაერო და სახმელეთო გზით, ერთად და ნაწილ-ნაწილ უკრაინაში იგზავნება.

„არასდროს, ჩვენს ისტორიაში, ასეთი ერთიანები არ ვყოფილვართ, როგორც ახლა. მაგრამ მე მესმის, რა რთულ სიტუაციაშია საქართველო. ჩრდილოეთის მხეცთან თამაში უწევს, მაგრამ მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს ქვეყნის ისტორია და ისიც, სად დგას ხალხი. მე ვხედავ ქართველებს ჩვენ გვერდით და ჩვენ ვართ ქართველების გვერდით. მადლობა ქართველ ხალხს აქაც და მადლობა ქართველ ხალხს, რომელიც ახლა უკრაინელების მხარდამხარ იბრძვის უკრაინაში. რუსეთი ჩვენი საერთო მტერია. ოდესმე ალბათ განვაგრძობთ ურთიერთობას რუსეთთან, როგორც გერმანიასთან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და მივცემთ საშუალებას, გამოისყიდონ ის სამარცხვინო ქვეთავები, რომლებსაც საკუთარ ისტორიაში აქამდეც წერდნენ და ჯერ კიდევ წერენ. მაგრამ აქ და ახლა რუსეთი მტერია“.

თავშესაფრის ძიებაში

რუსულ ბომბებს, 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინიდან უკვე 2 969 600 ადამიანი გაექცა. მილიონს გადააჭარბა უსაფრთხო თავშესაფრის მაძიებელი ბავშვების რაოდენობამ. ასეთია გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის 15 მარტის მონაცემები.

1 800 000-ზე მეტმა ადამიანმა პოლონეთს მიაშურა. მეორე ქვეყანა პოლონეთის შემდეგ, სადაც ყველაზე მეტი, ნახევარ მილიონამდე უკრაინიდან ლტოლვილი აფარებს თავს, რუმინეთია. რუმინეთს მოლდოვა მოსდევს.

ორ მილიონამდე მოქალაქე უკრაინის საზღვრებშია იძულებით გადაადგილებული. 200 000 ადამიანი მიაწყდა ლვოვს, რომლის მერმაც უკვე განაცხადა, რომ ქალაქმა თავისი შესაძლებლობები ამოწურა. ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის შეფასებით, 12 მილიონი ადამიანი უკრაინაში, განსაკუთრებით კი მის სამხრეთში, აუცილებელ დახმარებას საჭიროებს. ევროკავშირი ვარაუდობს, რომ ქვეყნიდან ლტოლვილთა რიცხვმა შეიძლება 7 მილიონს მიაღწიოს.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტო უკრაინის გარდა მუშაობს იმ ქვეყნებთან, რომლებიც უკრაინიდან ლტოლვილებს იღებენ ან შესაძლებელია, რომ მიიღონ. „მთის ამბები“ საქართველოში სააგენტოს წარმომადგენლობასაც ესაუბრა, სადაც გვითხრეს, რომ პარტნიორებთან, გაეროს სხვა სააგენტოებთან ერთად, მუდმივ რეჟიმში წარმოებს მონიტორინგი და შეხვედრები უკრაინის მოქალაქეებთან, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან. ყველა ის ინფორმაცია, რასაც გაეროს წარმომადგენლობა ლტოლვილებისგან იღებს, ყველა შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურასა და საერთაშორისო ორგანიზაციას მიეწოდება.

სად არის ამ რუკაზე საქართველო

„სახელმწიფოს პრეროგატივაა გადაწყვიტოს და განაცხადოს, თუ ის იღებს უკრაინიდან ლტოლვილებს და აწვდის მათ გარკვეულ სერვისებს. ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვართ, რომ დამატებითი დახმარება გავწიოთ, იქნება ეს სამართლებრივი თუ ჰუმანიტარული. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ეს ხალხი მორალურად. ძალიან ბევრია კერძო ინიციატივა, ბიზნესის თუ რიგითი ადამიანების მხრიდან, რომლებიც იფარებენ აქ მყოფ უკრაინელებს და სხვადასხვა ტიპის ჰუმანიტარული დახმარების მობილიზებას ახდენენ“, - უთხრეს „მთის ამბებს“ საქართველოში გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს წარმომადგენლობაში.

14 მარტს, ქვეყნის ხელისუფლებას 10-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიმართა და უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად სისტემური პოლიტიკის შემუშავებისკენ მოუწოდა. განცხადების ხელმომწერები მთავრობას სთხოვენ: ღიად გამოხატოს ნება და მზაობა ლტოლვილების მისაღებად; ქმედითი ზომები გაატაროს მათ უსაფრთხოდ ჩამოსაყვანად და სტატუსი მისანიჭებლად; შექმნას პროგრამები მათი ღირსეული ცხოვრებისთვის საქართველოში.

CRRC-ს უახლესი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველო უკრაინას აქტიურად უნდა დაეხმაროს. გამოკითხულთა 85%-სთვის მისაღებია, რომ საქართველომ უკრაინას მიაწოდოს საკვები და მედიკამენტები; 79 % თანახმაა, საქართველომ მიიღოს უკრაინელი ლტოლვილები; 69 % კი ფიქრობს, რომ უკრაინას ფინანსურადაც უნდა დავეხმაროთ.

კვლევა 7-10 მარტს, ტელეფონით, ნომრების შემთხვევითი გენერირების გზით ჩატარდა. მასში 1092 ადამიანი მონაწილეობდა. გამოკითხვის დონეა 24 %-ია, ცდომილება კი 2,96 %.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რა სახის დახმარება გაუწიეს უკრაინას. ამ ჩამონათვალში უწყებას სიტყვა „ლტოლვილი“ ან „თავშესაფრის მაძიებელი პირი“ არ უხსენებია:

  • 1 მილიონი ლარის ჰუმანიტარული დახმარება;
  • დახმარება საქართველოში მყოფ უკრაინელ ვიზიტორებს;
  • 24/7 ცხელი ხაზი უკრაინელი ტურისტებისთვის;
  • თბილისის ანძა და ბათუმის სტადიონი უკრაინის სახელმწიფო დროში ფერებში განათდა;
  • პრეზიდენტის სასახლეზე უკრაინის და საქართველოს დროშები აღიმართა;
  • „საქართველოს ფოსტა“ უფასოდ აგზავნის ჰუმანიტარული დანიშნულების ამანათებს უკრაინის მიმართულებით.

ამ ფონზე, დღითიდღე იზრდება მოქალაქეებისა და კერძო სექტორის ინიციატივების რაოდენობა უკრაინის დასახმარებლად - საცხოვრებლით უზრუნველყოფა, სამედიცინო მომსახურება, ფსიქო-სოციალური დახმარება, განათლება და დასაქმება. ცალკეული განცხადებების მიუხედავად, რომ საქართველო მზადაა დახმარების ხელი გაუწოდოს უკრაინელ ლტოლვილებს, ხელისუფლების უმაღლესი პირებისგან საზოგადოებას ამ დრომდე არ მოუსმენია კონკრეტული გეგმა ან შეთავაზება.

ნინო ბაიდაური

Mtisambebi.ge-ს რეპორტიორი/ფოტოგრაფი. პროფესიით სოციალური ფსიქოლოგია. აშუქებს ადამიანის უფლებების, უმცირესობების და სოციალურ თემებს, ამზადებს ფოტორეპორტაჟებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში