საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

გაფრთხილება მთავრობას სნოს ხეობიდან - უსაფრთხო გარემოს არაფერში ვცვლით!

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:17 - 27 იანვარი 2017 hits 29462

„ამ ლამაზი სოფლების დანგრევა და გაუბედურება შეიძლება? გააკეთონ ის მაღალი ძაბვა, მაგრამ ააცილონ სოფლებს, ხალხს. ჩვენ ტრანზიტად ნუ გამოგვიყენებენ. ძალიან ვიწრო ხეობაა და არაფრით არ შეიძლება, დავიხოცებით. აქ რომ მაღალი ძაბვა გამოიყვანონ, სნოს ხეობა აღარ იქნება. სახლებს თუ ააცილებენ და ტყეს გაანადგურებენ, ტყე რომ აღარ იქნება, ზვავი ჩამოვა და ის მომკლავს“, – ამბობს 65 წლის დეზდემონა მარსაგიშვილი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ კარკუჩაში მცხოვრები.

500-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი კარკუჩას გარდა სნოს ხეობის კიდევ ორ სოფელს, სნოს და ახალციხეს გაივლის. ხაზის სიგრძე დაახლოებით 100 კილომეტრია და ის რუსეთის ენერგოსისტემასთან დაკავშირების მიზნით შენდება. ხაზის მშენებლობის პროექტს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, „ენერგოტრანსი“ და ფინურ-ინდური კონსორციუმი - ELEL-EMC-ს ახორციელებს. პროექტს გერმანიის განვითარების ბანკი 25 მლნ ევროთი აფინანსებს. პროექტის თანახმად, ხაზის მშენებლობა 2017 წლის მაისში უნდა დასრულდეს.

მოსახლეობის პროტესტი

სნოს ხეობის სოფლებში მცხოვრებნი შიშობენ, რომ 500-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო არ არის.

„პრობლემა ის არის, რომ მაღალი ძაბვის ხაზები ზედ სოფელზე უნდა გაატარონ, საცხოვრებელი სახლებიდან რამდენიმე მეტრში. სიცოცხლისთვის ძალიან დამაზიანებელიაო.

ისეთ გაჭირვებაში ვცხოვრობდით, ზვავები, წყალი გადმოვარდებოდა, არსად არ წავსულვართ და ახლა ამ რუსეთთან დამაკავშირებელი ძაბვის გამო უნდა ავსახლდე და სადღაც წავიდე? არ წავალ! მკვდარი აქ მყავს და სიცოცხლე აქ მინდა ბოლომდე.

მეორე კიდევ, სადაც ანძების დადგმას აპირებენ, იქ გვაქვს ნაკვეთები, იქ მოგვყვავს კარტოფილი, ლობიო. სოფლის აქეთ არაფერია. საერთოდ ვერაფერს ვეღარ მოვიყვანთ. ყველა უარზეა, არცერთი აქაური არ არის თანახმა. არ გავუშვებთ, არ გავატარებინებთ მაგას. შეიძლება აქ მკვლელობა მოხდეს.

სნოს ხეობის ყველა სოფელი ერთად დავდგებით. ვიღაცეები იყვნენ, ნაკვეთები გაზომეს, კომპენსაციებს მოგცემთო. ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, არ გვინდა ჩვენ კომპენსაცია, ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, უსაფრთხო გარემოს არაფერში ვცვლით. კარკუჩული ქვაც მიყვარს.

აქ დავბერდი კაცი და სად უნდა წავიდე მაგათ გულისთვის, რომ დაიტენონ მილიონებით ჯიბეები, მე კომპენსაცია გადმომიგდონ და გამაჩუმონ, ეგ არ მოხდება!“, – უთხრა „მთის ამბებს“ სოფელ კარკუჩაში მცხოვრებმა 67 წლის ტარიელ მარსაგიშვილმა.

„ეს ხაზები თუ გაიყვანეს, აქ აღარ იცხოვრება. სისხლის გათეთრებას და სიმსივნურ დაავადებებს იწვევსო. რამდენჯერ ვთხოვეთ ხელისუფლებას, რომ შეხვედრა შემდგარიყო, მარშრუტი შეეცვალათ, მაგრამ ყურს არავინ გვიგდებს, არავინ მოდის“, – ამბობს კარკუჩას მკვიდრი ნუნუ ღუდუშაური.

„საცხოვრებელი სახლები ძალიან ახლოს არის იმ ადგილთან, 30–40 მეტრში, სადაც ანძების დადგმას და ხაზის გატარებას აპირებენ. ზოგიერთ ადგილზე პირდაპირ ეზოში გადის. 76 წლის კაცი ვარ, სად წავიდე ახლა? ან რატომ უნდა წავიდე? პატარა შვილიშვილებს რა ვუყო? პირადად მე და რამდენიმე კაცმა დავწერეთ განცხადება და პატრიარქს მივაწოდეთ, პატრიარქი აქაურია და მისი იმედი გვაქვს. პატრიარქმა გვითხრა, ჩემი განცხადებაც იქნება თქვენს განცხადებასთან ერთადო. იმის მერე არაფერი ვიცით. პატრიარქის რეზიდენციაც მაღალი ძაბვის ხაზების ქვეშ ექცევა“, – აღნიშნავს სნოს მკვიდრი ომარ პაპიაშვილი.

„ისედაც დაიცალა სოფელი, ბავშვები საერთოდ აღარ არიან ჩვენთან. ხალხისგანაც საერთოდ დაიცლება, ვინღა დარჩება აქ? გამგეობაშიც მივმართეთ, ტელევიზიაც მოწვეული იყო, მაგრამ არავინ გვაქცევს ყურადღებას. ახალციხეში ამჟამად 20 ოჯახი ვართ და ყველა წინააღმდეგია. დასხივება აქვს, ლეიკემიას იწვევს. ვინც წასულია ის აქ აღარ დაბრუნდება და ვინც დავრჩებით, დავიხოცებით.

ასე კლავენ ყაზბეგს და თან იძახიან, ყაზბეგში ტურიზმი უნდა განვითარდესო. ტურისტი მოვა და მაღალი ძაბვის ხაზების ქვეშ იმოგზაურებს? საერთოდ ჩაკვდება ყაზბეგის რაიონი“, – ამბობს გერმანე, სოფელ ახალციხეში მცხოვრები.

მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, სნოს თემში სულ 542 ადამიანი ცხოვრობს, მაშინ როცა 2002 წლის აღწერის მონაცემებით 942 ადამიანი ცხოვრობდა. 12 წელიწადში მუდმივად მცხოვრები ადამიანების რაოდენობა 400–ით შემცირდა. ბოლო აღწერით, სოფელ სნოში 263 ადამიანი ცხოვრობს, ახალციხეში 35, კარკუჩაში 50.

ყაზბეგის გამგეობის პოზიცია

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ჯემალ სუჯაშვილის განცხადებით, სნოს ხეობაში 500-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით არაერთი საჯარო განხილვა გაიმართა, სადაც მოსახლეობა არ აქტიურობდა.

„ბოლო 2 წლის განმავლობაში იყო საჯარო განხილვები, გამოკრული იყო განცხადებები ხეობაშიც, ყაზბეგის ცენტრშიც, გამგეობაშიც, ექსპერტებიც იყვნენ ჩამოსულები. მაქსიმუმ 15 ადამიანი მოდიოდა მოსახლეობიდან. 500-კილოვოლტიანი ხაზი არის მომეტებული საფრთხის შემცველი ხაზობრივი ნაგებობა, რომელზეც მშენებლობის ნებართვას გასცემს ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სამსახური. რადგან ჩვენი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხდება ამის მშენებლობა, ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ პირველ და მეორე სტადიაზე. ჩვენ ვთქვით, რომ თანახმა ვიქნებით ამ ნაგებობის მშენებლობაზე იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობის ინტერესები იქნება დაცული, მიწის ნაკვეთების კომპენსაციებთან დაკავშირებით. ჩამოსული იყვნენ „ენერგოტრანსის“ წარმომადგენლები, ჩაატარეს მიწის ნაკვეთების ინვენტარიზაცია. რა დონეზეა ახლა ეს საკითხი, აღარ ვიცით ჩვენ.

- ამბობთ, რომ გამგეობა ნაგებობის მშენებლობას დათანხმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობის ინტერესები იქნება დაცული. მხოლოდ მიწის ნაკვეთების კომპენსაციის საკითხს გულისხმობთ? ელექტრომაგნიტური რა გავლენას მოახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ამით არ დაინტერესდით?

- თუ რა აზიანი შეიძლება მიაყენოს 500-კილოვოლტიანმა ხაზმა, ამაზე ექსპერტები იყვნენ ჩამოსულები.

- და რა გაირკვა?

- ექსპერტებმა თავისი დასკვნები მოახსენეს მოსახლეობას.

- თქვენ რა გაარკვიეთ, ზიანს აყენებს თუ არა?

- ვერ გეტყვით მე.

- დასკვნა არ გაგაცნეს?

- ნებისმიერ საკითხში ვაყენებთ მოსახლეობის ინტერესებს წინ, ვცდილობთ რომ დაცული იყოს. მარტო ჩვენ ვერ დავიცავთ მაგას ხომ? შეხვედრებზე ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ისეთი ზეგავლენა, რომლის თაობაზეც მოსახლეობაშია ინფორმაცია გავრცელებული, ასეთი რამ არ არსებობს“.

დავა სასამართლოში

ქსანი–სტეფანწმინდის 500-კილოვოლტიანი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის განთავსებაზე ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა 2016 წლის 27 მაისს დაამტკიცა. მანამდე, 16 მაისს, გარემოს დაცვის სამინისტროში შედგა შეხვედრა, სადაც უნდა მომხდარიყო ხაზის მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განხილვა. შეხვედრის შესახებ განცხადება წინასწარ არ გაკეთებულა. შეხვედრაზე მიწვეულები იყვნენ მხოლოდ ის მოქალაქეები, ვინც წინასწარ წერილობით მოითხოვა ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართვა.

17 მაისს, სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, 23 მაისს უნდა ჩატარებულიყო გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის (გზშ) საჯარო განხილვა. თუმცა, 23 მაისს გამართულ შეხვედრაზე გაირკვა, რომ არ იგეგმებოდა გზშ–ს საჯარო განხილვა და და შეხვედრა მხოლოდ 16 მაისის შეხვედრის გაგრძელება იყო. შეხვედრაზე სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენელმა მონაწილეებს წარუდგინა ინგლისურ ენაზე მომზადებული პრეზენტაცია ელექტრომაგნიტური ველის შესახებ.

ყაზბეგის მკვიდრი და სამოქალაქო აქტივისტი შოთა ბუჩუკური ამბობს, რომ ვერც გარემოს დაცვის სამინისტროს და ვერც პროექტის განმახორციელებლებმა ვერ გასცეს დამსწრე საზოგადოების კითხვებს ზუსტი პასუხი პროექტის საჭიროების და ალტერნატიული მარშრუტის შესახებ. მისივე თქმით, როგორც გაირკვა, არცერთ მათგანს თან არ ჰქონდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი, რომლის თითქოსდა „საჯარო განხილვაზეც“ მიიწვიეს დაინტერესებული პირები.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ დირექტორის ნინო გუჯარაიძის თქმით, გარემოზე ზემოქმედების შეფასება შეუძლებელია იმის გამო, რომ პროექტი ბოლომდე შემუშავებული არ არის.

„მაგალითად, ტექნიკურ მონაცემებში კუთხის ანძების რაოდენობა უცნობია; ნომინალური მანძილი ანძებს შორის მითითებული არ არის. უცნობია ახალი მისადგომი გზების რაოდენობა და მათი მდებარეობა. თითოეული გზის სიგრძე და სიგანე; სამშენებლო სამუშაოების დრო კონკრეტულ უბნებზე. მიწის ზედაპირის სამუშაოები და ა.შ. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს არ ერთვის დოკუმენტის განხილვის პროცესში საზოგადოების უთანხმოების აღწერა; ზეგავლენის შერბილების ღონისძიებები; არ ყოფილა ასევე წარდგენილი მოკლე ცნობები პროექტის განხორციელების მიზნებისა და მისი განხორციელების მიზანშეწონილობის დასაბუთებაზე. არც ობიექტის განთავსების ადგილის შერჩევის კრიტერიუმებია წარდგენილი ალტერნატიული ვარიანტების გათვალისწინებით“, – აღნიშნავს ნინო გუჯარაიძე.

იმის გამო, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში არ მოიცავდა სავალდებულო ინფორმაციას და არც გარემოს დაცვის სამინისტროს აქვს დასაბუთებული თავისი გადაწყვეტილება ადამიანების ჯანმრთელობისთვის უვნებლობის თვალსაზრისით, სამოქალაქო აქტივისტებმა - შოთა ბუჩუკურმა, ზაზა წიკლაურმა და ასოციაცია „მწვანე ალტერატივამ“ გარემოს დაცვის მინისტრის ბრძანება ეკოლოგიური ექსპერტიზის დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციული წესით გაასაჩივრეს და საქართველოს მთავრობას მისი გაუქმება მოსთხოვეს.

„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–6 მუხლის თანახმად, მოქალაქეს უფლება აქვს: ცხოვრობდეს თავისი ჯანმრთელობისთვის უვნებელ და ჯანსაღ გარემოში; სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი; მონაწილეობა მიიღოს გარემოს დაცვის სფეროში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების განხილვისა და მიღების პროცესში.

გარემოს დაცვის სამინისტრო სრულად დაეთანხმა შპს „ენერგოტრანსის“ მტკიცებას, რომ ელექტრომაგნიტური ველის უარყოფითი ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად  30 მეტრიანი ბუფერული ზონა საკმარისია.

თავისი პოზიციის დასაცავად „ენერგოტრანსი“ ეყრდნობა ორ დოკუმენტს: „ელექტროაღჭურვილობის ინსტალაციის წესებს“ (ენერგეტიკის სამინისტრო 1987 წელი) და საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 დეკემბრის ბრძანებას, რომელიც 2013 წლის 25 დეკემბრიდან ძალადაკარგულად არის გამოცხადებული. ნინო გუჯარაიძის განცხადებით, გაუგებარია, რა სტატუსი აქვს „ელექტროაღჭურვილობის ინსტალაციის წესებს.“

„ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად პროექტის განმახორციელებელს მოყვანილი აქვს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ 1998 წელს შემუშავებული სახელმძღვანელო პრინციპები. თუმცა, არ არის მითითებული ის, რაც დოკუმენტის პირველივე აბზაცში წერია, რომ სახელმწიფოები თავად უნდა არეგულირებდნენ საკითხს. სახელმძღვანელო დოკუმენტი არის ზოგადი და არ არის მორგებული კონკრეტულ სიტუაციებზე. სახელმძღვანელო დოკუმენტი არ ითვალისწინებს ზეგავლენას კონკრეტული დაავადებების მქონე ადამიანების სიახლოვეს გადამცემ ხაზებთან. მაგალითად, ადამიანებისათვის,  რომლებსაც გულის აპარატი აქვთ, ელექტროგადამცემ ხაზებთან სიახლოვე დამღუპველია. ამიტომაც, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია სახელმწიფოებს ე.წ. წინდახედულობის პრინციპით მოქმედებას ურჩევს. პროექტის განმახორციელებლის დოკუმენტში ასევე უაპელაციოდ აღნიშნულია, რომ „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ელექტრომაგნიტური ველის კვლევების თავისი უახლესი მიმოხილვა 2007 წლის ივნისში და ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ელექტრომაგნიტური ველი არ იწვევს რაიმე გრძელვადიან, ჯანმრთელობისთვის საზიანო ეფექტებს“. მოყვანილი ინფორმაცია, რა თქმა უნდა არ შეესაბამება სინამდვილეს“, – აცხადებს ნინო გუჯარაიძე.

2007 წლის 12 ივლისამდე საქართველოში მოქმედებდა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №234/ნ ბრძანება „საწარმოების, ნაგებობებისა და სხვა ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონებისა და სანიტარიული კლასიფიკაციის დამტკიცების შესახებ“, სადაც მკაფიოდ იყო ჩამოყალიბებული საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზებით წარმოქმნილი ელექტრული ველის გავლენისგან მოსახლეობის დაცვის საკითხი.

ბრძანების თანახმად, საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების სანიტარიული დაცვის ზონას წარმოადგენდა მაღალი ძაბვის გადამცემების ტრასის მიმდებარე ტერიტორია, რომელშიც ელექტრული ველის დაძაბულობა აღემატება 1 ვ/მ-ს. დასაპროექტებელი 500-750კვტ-მდე ძაბვის საჰაერო ელექტროგადაცემი ხაზების ღერძიდან დასახლებულ პუნქტამდე უახლოესი მანძილი, უნდა ყოფილიყო არანაკლებ 250 მეტრისა.

„ბრძანება 2007 წელს იმ მიზეზით გაუქმდა, რომ უნდა მომხდარიყო მისი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონთან ინტეგრირება, მაგრამ კანონის მიღების შემდეგ გაირკვა, რომ საკითხი დაურეგულირებელი დარჩა; თუმცა, დაწესებული ნორმების სანდოობა ეჭვქვეშ არავის დაუყენებია.

დღეს მოქმედი ნორმებიდან საკითხს არეგულირებს მხოლოდ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის №347 დადგენილება „ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის და ელექტრომოწყობილობების ელექტროსამონტაჟო და გაწყობის სამუშაოების წარმოების დროს უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“.

თუმცა, წესები ეხება თავად ელექტროგადამცემი ხაზების უსაფრთხოებას და მშენებლობაზე დასაქმებული პერსონალის (რომელიც მცირე დროით იმყოფება ზეგავლენის ქვეშ) უსაფრთხოებას და არ ეხება ხაზებთან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და/ან მუდმივად სიახლოვეში ყოფნის წესებს.

„ამდენად, გაუგებარია რით იხელმძღვანელა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, როდესაც დაგეგმილი საქმიანობა შეაფასა, როგორც ადამიანების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო“, – აღნიშნავს ნინო გუჯარაიძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის ნანა გაბრიაძის განცხადებით, ადამიანზე ელექტრული ველის სისტემატურმა ზემოქმედებამ, რომლის დონე ზღვრულად დასაშვებს აღემატება, არასასიამოვნო შეგრძნებებთან ერთად შეიძლება მიგვიყვანოს პერსონალის/მომუშავეთა იმუნური, ნერვული, გულ-სისხლძარღვთა სისტემების ფუნქციური მდგომარეობის რიგი დარღვევების განვითარებამდე.  

საქართველოს მთავრობამ სამოქალაქო აქტივისტების და „მწვანე ალტერნატივას“ ადმინისტრაციული საჩივარი არ განიხილა და საჩივრის ავტორებს უპასუხა, პირდაპირ სასამართლოსთვის მიემართათ. გარემოს დაცვის მინისტრის ბრძანების გაუქმების მოთხოვნით დავა ახლა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. პროცესი 20 თებერვალს, 10:00 საათზე გაიმართება.

გელა მთივლიშვილი

Mtisambebi.ge-ს რედაქტორი. პროფესიით იურისტია. აშუქებს ადამიანის უფლებებთან, ეთნიკურ უმცირესობებთან, კონფლიქტის ზონებთან და ტერორიზმთან დაკავშირებულ თემებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში