საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ეს მნიშვნელოვანი გაკვეთილია ყველასთვის - აშშ-ის ელჩი ნამოხვანის პროტესტზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:13 - 22 მაისი 2021 hits 8802
ფოტოზე - აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი
საზოგადოება
ფოტოზე - აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი

„საქართველოს მოქალაქეები ამ სიტუაციაზე რეაგირებით, ცდილობენ, გამოხატონ თავისი წუხილი, რათა მიიქციონ მთავრობის ყურადღება. ეს არის მშვიდობიანი პროტესტის დანიშნულება - იმის უზრუნველყოფა, რომ მთავრობამ გაიგოს მოსახლეობის შეშფოთება და შემდეგ იქონიოს რეაგირება“, - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა, „მთის ამბებთან“ ინტერვიუში, ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტთან დაკავშირებით.

მთის ამბები - ქალბატონო ელჩო, როდესაც ვსაუბრობთ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, ვერ გამოვტოვებთ ნამახვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს და ამ აქციების მონაწილეთა მიმართ, მთავრობის მიერ კონსტიტუციური უფლებების დარღვევის კასკადს. აქციის მონაწილეებს შეუზღუდეს გადაადგილების, შეკრების, გამოხატვის თავისუფლება, გარემოს დაცვის უფლება. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ერთი წლის წინ მიმართეს სასამართლოს, მაგრამ ამ დრომდე საქმის განხილვაც კი არ დაწყებულა. ხელისუფლებამ მხოლოდ ხალხმრავალი აქციების შემდეგ სცადა აქტივისტებთან მოლაპარაკების იმიტაცია. ეს ხალხი 6 თვეზე მეტია ქუჩაში დგას. ასეთი მასშტაბური, თვითორგანიზებული აქციები სულ მცირე ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში არ ყოფილა. თუ ადევნებთ თვალს, მითუფრო, მსგავსი გაუმჭვირვალე საქმეები საქართველოს სხვა რეგიონებშიცაა. მთავრობა ცდილობს მოქალაქეთა პროტესტს ყველგან საპოლიციო ძალებით დაუპირისპირდეს.

კელი დეგნანი - დიახ, მე ვადევნებ თვალს ამ პროცესს. ვხედავ, რომ სამინისტროების წარმომადგენლები ხვდებიან პროტესტის მონაწილეებს, საუბრობენ. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა - შეჩერდა მშენებლობა იმისათვის, რომ მოხდეს კონტრაქტის სრული განხილვა, საზოგადოებამ გამჭვირვალედ დაინახოს და განსაზღვროს - იყო თუ არა კონტრაქტი სამართლიანად დადებული. 

ჩემი აზრით, ეს მნიშვნელოვანი გაკვეთილია ყველასთვის.

ერთი მხრივ, თემი ხედავს, რომ მათი ხმა ისმის, მთავრობა ისმენს, მეორე მხრივ, მთავრობაც ხედავს, რამდენად მნიშვნელოვანია თემთან ჩართულობა, ინფორმაციის მიწოდება თემისთვის, რომელიც მას სჭირდება იმისათვის, რომ გაერკვეს, რატომ არის ეს პროექტი მნიშვნელოვანი, იქნება ეს ნამოხვანის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი თუ სხვა.

პირველი ნაბიჯი უნდა იყოს თემთან, საზოგადოებასთან ურთიერთობა, კავშირი, რათა დაეხმარონ მათ იმის გარკვევაში, რატომაა მნიშვნელოვანი ესა თუ ის პროექტი. მეორე მხრივ, მოისმინო მათი კითხვები, შემდეგ კი უპასუხო მათ.

ეს ყველაფერი შემდეგ გარდაისახება გეგმაში, რომელსაც მხარდაჭერა ექნება. ეს პროცესი რთულია, მაგრამ ეტაპობრივად იგი თემს მეტ შესაძლებლობას აძლევს, ზემოქმედება მოახდინოს პროექტზე, გაუჩნდეთ მეტი რწმენა, რომ პროექტი გახდება ისეთი, რომელსაც მხარს დაუჭერენ. 

საქართველოს სჭირდება ელექტროენერგიის უსაფრთხო მიწოდება. საქართველო დამოკიდებულია რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტზე. ჩვენ ვხედავთ, რუსეთს შეუძლია ეს გამოიყენოს ინსტრუმენტად პოლიტიკური მიზნებისთვის. მთავრობა უნდა ფოკუსირდეს, რათა უზრუნველყოს საქართველოს ენერგომომარაგების უსაფრთხო წყარო და მეორე მხრივ, მთავრობის დაბალანსებული, სრულიად ლეგიტიმური ინტერესია - ადამიანებმა თვისუფლად გამოხატონ პროტესტი, თავისი შეშფოთება და თავის მხრივ უზრუნველყონ მთავრობის ანგარიშვალდებულება. ჩემთვის, მიუხედავად ამ რთული პროცესისა, გამოწვევებისა, ეს არის თემისა და მთავრობის ერთად მუშაობის დაწყების ნიშანი, როდესაც ისინი სწავლობენ ერთობლივად იმუშაონ ასეთ მნიშვნელოვან პროცესებზე“.

ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, 23 მაისს გაიმართება. მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ითხოვს, მთავრობამ უარი თქვას ნამახვანჰესის პროექტის განხორციელებაზე, გაწყვიტოს ინვესტორთან დადებული ხელშეკრულება, ინვესტორისთვის რიონის ხეობაში გადაცემული მიწები დაუბრუნდეს სახელმწიფოს და თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

ნამახვანჰესის მშენებლობას რიონის ხეობაში თითქმის 7 თვეა უწყვეტად აპროტესტებენ. გასული წლის ოქტომბერში რამდენიმე ადამიანის მიერ დაწყებული პროტესტის მასშტაბი ბოლო თვეებში განსაკუთრებით გაიზარდა. პოლიციამ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციები რამდენჯერმე დაშალა, აქტივისტებს პროტესტის ადგილის შეცვლა არაერთხელ აიძულა, 11 აპრილს კი სოფელ ნამოხვანში კარვები დაუშალა, იქიდან აყარა და მას შემდეგ, რიონის ხეობაში აღარ უშვებს.

თებერვალსა და მარტში, ქუთაისის ცენტრში გამართული მრავალათასიანი აქციების გამო ხელისუფლება იძულებული გახდა „რიონის ხეობის მცველებისთვის“ დიალოგი შეეთავაზებინა. 15 აპრილს, საპროტესტო მოძრაობის ლიდერებმა მთავრობას სამი პირობა წაუყენეს, რომელთა შესრულების შემთხვევაში, თანახმა იყვნენ დიალოგის გაგრძელებაზე. ეს მოთხოვნები იყო: რიონის ხეობიდან პოლიციის გაყვანა და გუმათში აღმართული რკინის კედლის აღება; ჰესის მოსამზადებელი სამუშაოების სრულად შეწყვეტა; აქტივისტებისთვის ნამოხვანში დაბრუნებისა და კარვების დადგმის უფლების მიცემა. 24 აპრილს მთავრობამ ნამახვანჰესის მოწინაღმდეგეებს მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა, რის გამოც მათ 23 მაისს, თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქციის ჩატარება დააანოსნეს.

მთავრობა აცხადებს, რომ ჰესის კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადებულია მორატორიუმი 9-12 თვის ვადით, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება. პარალელურად, მთავრობამ არასამთავრობო სექტორთან მედიაციის პროცესში ჩართვის მიზნით, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორის მოადგილე მოიწვია. პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა „ენკა რინიუებლზთან“ დადებული ხელშეკრულების შესწავლა იუსტიციის სამინისტროს დაავალა.

ნამოხვანის ჰესების კასკადი, რომელსაც თურქული კომპანია „ენკა რინიუებლზი“ აშენებს, ორ ჰესს მოიცავს - ტვიში ჰესს 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ნამახვანი-ჟონეთის ჰესს - 333 მგვტ დადგმული სიმძლავრით. ტვიში ჰესის კაშხლის აშენება დაგეგმილია სოფელ ტვიშის მიმდებარედ. კაშხლის სიმაღლე 56 მეტრი იქნება. ტვიში ჰესისთვის დაახლოებით 1000 ჰექტარი ტერიტორია დაიტბორება. ქვედა ნამოხვანი ჰესის სათავე ნაგებობისთვის 105 მეტრი სიმაღლის კაშხლის მშენებლობაა დაგეგმილი სოფელ ნამოხვანის ზემოთ, მდინარე რიონის ვიწრო ხეობაში. აქ 500 ჰექტარზე მეტი იტბორება. ქვედა ნამახვანის ჰესისთვის დაგეგმილია 4 400 მეტრის გვირაბის მშენებლობა (დიამეტრი 9 მეტრი), რომელშიც მდინარე რიონს მოაქცევენ.

საქართველოს მთავრობამ კომპანიას რიონის ხეობაში 600 ჰექტარზე მეტი ფართობი გადასცა, 300-ჰექტრამდე საკუთრებაში, დანარჩენი 99 წლიანი იჯარით. კომპანიას ხეობის დიდი ნაწილი იქამდე გადაეცა, ვიდრე ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზე ნებართვები გაიცემოდა. ჯერ კვლევებიც კი არ არსებობდა, საერთოდ შეიძლებოდა თუ არა ამ ტერიტორიაზე გიგანტური ჰესის მშენებლობა.

ნამახვანჰესის მშენებლობაზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებები და ნებართვები ადგილობრივ მცხოვრებლებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით და „მწვანე ალტერნატივას“ სასამართლოში აქვთ გასაჩივრებული. ერთი წლის წინ შეტანილი სარჩელის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ დრომდე არ დაუწყია.

ამ თემაზე:

ნამოხვანის ბლოკადა

უარი ნამახვანჰესს - მრავალათასიანი აქციის ულტიმატუმი მთავრობას

რა პირობებს არღვევს ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია და რატომ მალავდა დარღვევებს მთავრობა

როგორ (ვერ) ჭყლეტს რიონის ხეობის დარაჯებს სახელმწიფო

რა საფრთხეს უქმნის ნამოხვანის კასკადი ტვიშის მიკროზონას - ინტერვიუ ლევან ხმელიძესთან

 

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში