საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ნამოხვანის ბლოკადა

19:05 - 10 აპრილი 2021 hits 12030

რიონის ხეობაში აჩერებენ და ამოწმებენ ყველას, ვინც ნამოხვანის მიმართულებით გადაადგილდება. პოლიციას გუმათში და მექვენასთან ბლოკპოსტები 3 აპრილიდან აქვს მოწყობილი, მას შემდეგ, რაც კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ ნამახვანჰესის სამშენებლო სამუშაოები განაახლა. პოლიცია არც ხანდაზმულებს ინდობს და არც მცირეწლოვან ბავშვებს. ბლოკპოსტებთან მანქანებიდან ისინიც უნდა ჩამოვიდნენ. სახლებში დასაბრუნებლად გზის ფეხით გაგრძელებაზე ნებართვას იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ ისინი ან მათი ოჯახის წევრები ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა სიაში არ არიან. პოლიცია ხეობაში არც „რიონის ხეობის მცველების“ ადვოკატებს უშვებს, დაუმორჩილებლობის საბაბით უკანონოდ აკავებს და აჯარიმებს ადამიანებს.

ჩაკეტილია რიონის ხეობის 7 სოფელი - გუმათი, რიონი, ზარათი, ოფურჩხეთი, ჟონეთი, ნამოხვანი და მექვენა. ამ სოფლებში 3000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რიონის ხეობა ადგილობრივი მცხოვრებლებისა და აქტივისტების პროტესტის გამო ჩაკეტა, „ენკას“ ნამახვანჰესის სამშენებლო სამუშაოებში ხელი რომ არ შეეშალოს.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტები 168-ე დღეა ნამოხვანში საპროტესტო აქციას მართავენ. სადაც კარვები დგას, ერთადერთი ადგილია, რომელიც ჯერ-ჯერობით „ენკას“ საკუთრება არაა და ერთ-ერთ აქტივისტს, ლალი ეფრემიძეს ეკუთვნის. აქტივისტებს კარვები სხვა ადგილებზეც ჰქონდათ, მაგრამ ყველგან დაუშალეს იმ განმარტებით, რომ ტერიტორია „ენკას“ კერძო საკუთრებაშია.

აქციის მონაწილეები აქამდე ითხოვდნენ ხელისუფლებას უარი ეთქვა ნამახვანჰესის პროექტის განხორციელებაზე და „ენკა რინიუებლზს“ რიონის ხეობა დაეტოვებინა. მას შემდეგ, რაც გახმაურდა და დოკუმენტიც გასაჯაროვდა, რომლითაც საქართველოს მთავრობას თურქული კომპანიისთვის რიონის ხეობაში 600 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი აქვს გადაცემული, ნაწილი 99 წლით და ნაწილი საკუთრებაში, აქტივისტებმა მოთხოვნები გაზარდეს. ახლა ისინი დოკუმენტის გაუქმებას და მიწების სახელმწიფოსთვის დაბრუნებას ითხოვენ.

მთავრობამ ნამახვანჰესის წინააღმდეგ რიონის ხეობაში დაწყებული ხანგრძლივი პროტესტი მხოლოდ ქუთაისში, 28 თებერვალს გამართული მრავალათასიანი საპროტესტო აქციის შემდეგ შეიმჩნია. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებს, ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილს მოსახლეობის კითხვებზე პასუხის გაცემა და მათთან შეხვედრა დაავალა.

მინისტრებმა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს შეხვედრა ქუთაისში დაუთქვეს, ჩავიდნენ, თუმცა დაწყებიდან 9 წუთში დარბაზი დატოვეს.  ნათია თურნავამ შეხვედრის მონაწილეებს ოთხპუნქტიანი შეთავაზება დაუტოვა: 1. კომპანია გააგრძელებს ჰესის მშენებლობას მხოლოდ დამხმარე ინფრასტრუქტურის ნაწილში და არ დაიწყებს ძირითად ნაწილს, რაც არის კაშხალი და წყალსაცავი. ამ პერიოდში სახელმწიფო მოიწვევს დამოუკიდებელ ექსპერტებს და მოხდება რამდენიმე ძირითადი კვლევის გადამოწმება; 2. რიონის ხეობისთვის შეიქმნება ხუთმილიონიანი ფონდი, რომელიც დააფინანსებს მოსახლეობის აქტუალურ საკითხებს; 3. თურქული კომპანია მოიწვევს ქართველ დირექტორს, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს მეტ ჩართულობას მართვაში და მეტ კომუნიკაციას მოსახლეობასთან; 4. შეიქმნება დამოუკიდებელი საბჭო, რომელიც განახორციელებს მშენებლობის ზედამხედველობას.

აქტივისტები და დამოუკიდებელი სპეციალისტები შეხვედრიდან მინისტრების „გაპარვით“ შეურაცხყოფილები დარჩნენ და 14 მარტს, ქუთაისში გამართულ მეორე ხალხმრავალ აქციაზე, მოთხოვნებს ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან ნათია თურნავას გადადგომაც დაამატეს. მოთხოვნები თუ არ შესრულდა, ორგანიზატორებმა თქვეს, რომ მომდევნო აქცია თბილისში გაიმართება.

„ეს საპროტესტო მოძრაობა სულ უფრო რადიკალური ხდება, რადიკალიზაციისკენ მიდის და ამის დასტურია ის, რომ აქციაზე ისმოდა წმინდა პოლიტიკური მოთხოვნები, რასაც არ აქვს არანაირი კავშირი ეკოლოგიასთან და პროექტთან დაკავშირებულ საკითხებთან. ჩვენთვის მიუღებელია ულტიმატუმის ენა“, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი მისი გადადგომის შესახებ მოთხოვნას, მანამდე კი თქვა, რომ მთავრობა არ აპირებს ნამახვანჰესის პროექტის საფუძვლიან, ხელახალ რევიზიას, რადგან პროექტი დამტკიცებულია, მთავრობას გადაწყვეტილება მიღებული აქვს და პასუხისმგებლობა აღებულია.

29 მარტს პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ნამახვანჰესზე ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკა უნდა შეწყდეს“.

ამას მოჰყვა „ენკა რინიუებლზის“ დასაცავად საქართველოში თურქეთის ელჩის გამოსვლა, რომელმაც თქვა, რომ ანტითურქული ტონი შემაშფოთებელია. ელჩი ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციებზე გაკეთებულ ანტითურქულ განცხადებებს გულისხმობდა და საგანგებოდ გამოყო ნამახვანის 105 მეტრიანი კაშხლის მშენებლობის ადგილას, აქტივისტების მიერ ჯვრის აღმართვის ფაქტი. ჯვარი აღმართვიდან სამი თვის შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ღამით, კომენდანტის საათის დროს მოგლიჯეს.

30 მარტს ცნობილი გახდა, რომ თურქული კომპანია „ენკა რინიუებლზის“ ქართველ დირექტორად მერაბ ლომინაძე დაინიშნა. ლომინაძე მანამდე „ჯორჯიან მანგანეზის“ ერთ-ერთი დირექტორი იყო. ეს კომპანია ფეროშენადნობების უმსხვილესი მწარმოებელი და ექსპორტიორია. კომპანიის წინააღმდეგ, ჭიათურაში, კოროხნალის მაღაროსთან, ერთ თვეზე მეტია აქციებს მართავს სოფელ შუქრუთის მოსახლეობა. აქციის მონაწილეების თქმით, სოფლის ქვეშ კომპანია მადანს მოიპოვებს, აფეთქებებს ახდენს, რის გამოც მიწა სკდება და სახლები ინგრევა. ადგილობრივები კომპენსაციებს ითხოვენ, უსაფრთხო ადგილზე ცხოვრების გასაგრძელებლად. კომპანიის მოთხოვნით, მათ წინააღმდეგ პოლიციამ გამოძიება დაიწყო, რამდენიმე აქტივისტი კი საწარმოსთვის საქმიანობაში ხელისშეშლის მიზეზით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

3 აპრილს ახალდანიშნული ქართველი დირექტორი ნამოხვანში ჩავიდა და ჰესის მოწინააღმდეგეებს უთხრა, რომ კომპანიას სამშენებლო სამუშაოები უნდა გაეგრძელებინა. იმავე დღეს, „ენკას“ მოთხოვნით, რიონის ხეობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ 500-ზე მეტი პოლიციელი, სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანაც შეიყვანა, რომელსაც აქციების დასაშლელად იყენებენ. ხეობა ჩაკეტეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს, თუმცა 3-4 აპრილს, სოფელ ნამოხვანში ინტერნეტიც ჩაახშეს.

ამისათვის შსს-მ სოფელ საკირეში სპეციალური ავტომობილი განათავსა. სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს ავტომობილი მხოლოდ პოლიციელებს შორის გამართულ რადიოკავშირს უზრუნველყოფდა, თუმცა 3 აპრილს, მთელი დღის განმავლობაში და 4 აპრილს დღის პირველ ნახევარში, ნამოხვანში ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა შეზღუდული იყო. ვერც აქტივისტები და ვერც ჟურნალისტები პირდაპირ ჩართვებს ვერ ახერხებდნენ. ასეთი შემთხვევა 7 თებერვალსაც დაფიქსირდა. მაშინაც აქტივისტებს ნამოხვანში აქციის გამართვა ჰქონდათ დაგეგმილი. რიონის ხეობის შუაგულში მხოლოდ „მაგთიკომი“ მუშაობს. კომპანიამ უარყო მათი მხრიდან 3-4 აპრილს რაიმე შეზღუდვები ან სამუშაოები, რასაც შეიძლებოდა ინტერნეტი გაეთიშა.

რიონის ხეობაში არც ადვოკატებს უშვებენ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე ზაალ გორგიძე, სოფლების მექვენას, ნამოხვანისა და ტვიშის მცხოვრებლების ინტერესებს იცავს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით ერთი წლის წინ მიმართეს და ჰესის მშენებლობაზე გაცემული ნებართვების გაუქმება მოითხოვეს. სასამართლოს პირველი, მოსამზადებელი სხდომაც კი არ ჩაუნიშნავს. 3 აპრილს, ხეობის ჩაკეტვის შემდეგ, აქტივისტებმა, რომლებიც გადაადგილებას ვეღარ ახერხებდნენ, დახმარება ზაალს სთხოვეს, ადვოკატი ხეობაში არ შეუშვეს.

პოლიციამ კარვებში მყოფ აქტივისტებს, მოძრაობის რამდენიმე ლიდერის გარდა, არც 4 აპრილს მისცა უფლება, კარვების ეზოდან გამოსულიყვნენ და გუმათში გამართულ მანიფესტაციაში მიეღოთ მონაწილეობა. მათ სასმელი წყლის მოტანისას და საკვები პროდუქტებით მომარაგების დროსაც პრობლემებს უქმნიან.

„ერთი მხრივ ჩვენ გვიშლიან ხელს და ზეწოლას ახორციელებენ. მე ჩემს ხეობაში გადაადგილება მინდა და არ მიშვებენ. ვაშავებ რამეს?

ხეობის ერთი სოფლიდან მეორეში, სახლიდან საპროტესტო ადგილამდე რომ ვერ ვმოძრაობ, ამას რა ჰქვია? უნდათ, რომ მდგომარეობიდან გამოგვიყვანონ და დაგვიჭირონ, აგვყარონ აქედან. მეორე მხრივ, ცდილობენ ამ შეზღუდვებით რიონის ხეობის მოსახლეობის ის ნაწილი დაგვიპირისპირონ, რომლებიც აქციებში არ მონაწილეობენ.

კაშხალსა და წყალსაცავს ჯერ არ ავაშენებთო, მოსამზადებელ სამუშაოებს რომ ეძახიან, რასაც ახლა მაინც აკეთებენ, მოსამზადებელი სამუშაოები როგორ არის, ანგრევენ, აფეთქებენ და აოხრებენ ხეობას“, - ასე ფიქრობს ლეჩხუმის სოფელ ქორენიშის მკვიდრი ნუგზარ გოდოლაძე, რომელიც 168-ე დღეა ნამოხვანში აქციის მონაწილეა.  

ნამახვანჰესთან დაკავშირებით საჯაროდ არასდროს გამოუთქვამს თავისი მოსაზრება ზარათის მკვიდრს მირიან მაღლაფერიძეს, არც აქციებში მიუღია მონაწილეობა. ერთადერთი - 4 აპრილს, ღამით, ფეისბუქში „მთის ამბების“ ვიდეომასალა გააზიარა, სოფელ გუმათში კომენდანტის საათის დარღვევის მიზეზით 12 აქტივისტის ორ-ორი ათასი ლარით დაჯარიმების შესახებ. გათენდა თუ არა, ჯარიმას ვერც ის ასცდა, დააკავეს კიდეც.

დილით, მირიან მაღლაფერიძე ზარათიდან ოფურჩხეთში მიდიოდა, მაღაზიაში პური რომ ეყიდა. სოფელში დიდი რაოდენობით პოლიციელების მობილიზების გამო გაკვირვება ვერ დამალა და ტელეფონით ვიდეოს გადაღება დაიწყო. შეაჩერეს და პირადობის მოწმობა მოსთხოვეს, რაზეც მაღლაფერიძემ უპასუხა, რომ მშობლიურ სოფელში პირადობის მოწმობას თან არ ატარებს. იდენტიფიცირებისთვის მან პოლიციელებს საკუთარი ვინაობა უთხრა და გზის გაგრძელება სცადა. პოლიციელებმა მოსთხოვეს,  ვიდეოს გადაღება შეეწყვიტა, მაღლაფერიძემ გადაღება გააგრძელა. რადგან მაღაზიაში არ უშვებდნენ, პოლიციას მიმართა, თუ შეიძლებოდა ეყიდათ პური და მიეტანათ მისთვის. ხელმძღვანელმა პირმა მაღლაფერიძის ნათქვამი შეურაცხყოფად მიიღო და ის წვრილმანი ხულიგნობისა და დაუმორჩილებლობის მუხლებით დააკავეს. შსს-ს ამბობს, რომ მოქალაქემ პოლიციელები შეაგინა. სამინისტროს მტკიცებულების მოწოდება ვთხოვეთ, ვერ მოგვაწოდეს. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მაღლაფერიძე მაინც ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და 1000 ლარით დააჯარიმა. ამ გადაწყვეტილებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

საიას დახმარებით ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას გადაურჩა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტი ლაშა ქუთათელაძე. პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საბაბით, იმერეთის პოლიციის თანამშრომლებმა ის სოფელ ნამოხვანში, 9 აპრილს, საღამოს დააკავეს. სასამართლო პროცესზე დასმულ კითხვაზე - რაში გამოიხატა სამართალდარღვევა, პოლიციელმა განმარტა, რომ ქუთათელაძე გაფრთხილებული ჰყავდათ, რიონის ხეობაში არ გადაადგილებულიყო, რაც მან დაარღვია. მოსამართლე ციცინო კიკვაძემ ლაშა ქუთათელაძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად არ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, რიონის ხეობაში ნამახვანჰესის სამუშაო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით არიან მობილიზებულნი.

რაც შეეხება რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილების შეზღუდვას, სამინისტრო ამას „მოსალოდნელი საფრთხეებისა და სიტუაციის შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილებით“ ხსნის.

„გადაადგილების შეზღუდვა არის არაპროპორციული. დღეს არანაირი საჭიროება არ არსებობს, რომ აქ რაიმე გადაადგილება კონტროლდებოდეს. არც ძალადობრივი აქციაა დაანონსებული, არც რაიმე წინაპირობა არსებობს იმისა, რომ ასეთი მკაცრი ღონისძიებები დაწესდეს“, - ასეთია სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას შეფასება. ის რიონის ხეობაში აქტივისტებს 8 აპრილს შეხვდა.

„აქ ორი სამართლებრივი პრობლემა გვაქვს: პირველი - გადაადგილების თავისუფლების და მეორე - მანიფესტაციის თავისუფლების შეზღუდვა.

ჩვენ მოვისმინეთ პოლიციისა და სახელმწიფოს ოფიციალური პოზიცია. ისინი ასე ასაბუთებენ ამ შეზღუდვას, რომ იქ შეიძლება ხალხი შევიდეს და დაპირისპირების საფრთხე წარმოიშვას. ეს არალეგიტიმური არგუმენტია იმიტომ, რომ ამ არგუმენტით შესაძლებელია ნებისმიერი მანიფესტაციისა და აქციის აკრძალვა.

მაგალითად, შეიძლება ხალხი არ მიუშვან პარლამენტთან, მერიებთან და ა.შ. თუ აქცია და მანიფესტაცია მშვიდობიანია და ეს მანიფესტაცია არის მშვიდობიანი, ამას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს ნებისმიერი დამკვირვებელი, მისი შეზღუდვა არის კონსტიტუციის და კანონმდებლობის წინააღმდეგ ქმედება - ამ ადამიანების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და ხელოვნური ბარიერების შექმნა, რაც საბოლოო ჯამში პროტესტს ასუსტებს და მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებას ხელს უშლის“, - ამბობს ვახუშტი მენაბდე, კონსტიტუციონალისტი.

როდემდე დარჩება რიონის ხეობა ჩაკეტილი და საპოლიციო ძალებით გარშემორტყმული, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი სულხან თამაზაშვილი პასუხობს: „ვიდრე ტემპერატურა არ დაიწევს“.

ნამახვანჰესთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით, პოლიტიკურ ფორს-მაჟორულ გარემოებებს განეკუთვნება ნებისმიერი საჯარო აგიტაცია ან პროტესტი, რომელიც ხელს უშლის მშენებლობას ან პროექტის ოპერირებას. ხელშეკრულებით, ამგვარი ფორს-მაჟორული სიტუაციების დროს მთავრობა ვალდებულია, კომპანიას, კონკრეტულ დანახარჯებთან ერთად, მიყენებული ზიანიც აუნაზღაუროს.

საქართველოს კონსტიტუცია:

მუხლი 11. თანასწორობის უფლება

  1. ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.

მუხლი 14. მიმოსვლის თავისუფლება

  1. ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევისა და საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლება.

მუხლი 17. აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებები

  1. აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო.
  2. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია.
  3. ყველას აქვს ინტერნეტზე წვდომისა და ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობის უფლება.

მუხლი 21. შეკრების თავისუფლება

  1. ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება.

მუხლი 29. გარემოს დაცვის უფლება

  1. ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით. ყველას აქვს უფლება დროულად მიიღოს სრული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ. ყველას აქვს უფლება ზრუნავდეს გარემოს დაცვაზე. გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლება უზრუნველყოფილია კანონით.

მუხლი 31. საპროცესო უფლებები

  1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.

ავტორები: გიორგი ბოლქვაძე, გელა მთივლიშვილი

გელა მთივლიშვილი

Mtisambebi.ge-ს რედაქტორი. პროფესიით იურისტია. აშუქებს ადამიანის უფლებებთან, ეთნიკურ უმცირესობებთან, კონფლიქტის ზონებთან და ტერორიზმთან დაკავშირებულ თემებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში