საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

რა პირობებს არღვევს ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია და რატომ მალავდა დარღვევებს მთავრობა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

12:04 - 26 თებერვალი 2021 hits 15923
ფოტო - სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის
გარემოს დაცვა
ფოტო - სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის

დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ რიონის ხეობაში ნამახვანჰესის სამშენებლო სამუშაოები უკანონოდ მიმდინარეობს, გარემოს დაცვის სამინისტრომ მხოლოდ „მწვანე ალტერნატივას“ საჩივრების შემდეგ გაასაჯაროვა. ინსპექტირების დასკვნიდან ირკვევა, რომ თურქული კომპანია „ენკა რინიუებლზი“ სულ მცირე 15 პირობას არღვევს, თხუთმეტივე პირობის შესრულება მშენებლობის დაწყებამდე იყო სავალდებულო.

კომპანიას ამ დრომდე არ შეუსწავლია წყალსაცავების დატბორვის არეალში განვითარებული გეოდინამიკური პროცესები. არც ბუნებრივი კატასტროფების პრევენციული ღონისძიებებისა და ავარიებზე რეაგირების სამოქმედო გეგმები აქვს.

არადა, ნამახვანის ჰესების კასკადი, რომელიც ორი, 56 და 105 მეტრიანი კაშხლის მშენებლობას ითვალისწინებს, 1500 ჰექტარზე მეტი ტერიტორია კი უნდა დაიტბოროს, სწორედ გაგრა-ჯავის სეისმური რღვევის აქტიურ მონაკვეთში შენდება. თან 10 მეწყრული ზონაა სოფელ გუმათიდან ნამოხვანამდე.

„ენკა რინიუებლზს“ უფლება არ ჰქონდა სამშენებლო სამუშაოები იქამდე დაეწყო, ვიდრე დაგეგმილი კასკადის ზეგავლენის არეალში არსებული კარსტული მღვიმეების დამატებით დეტალურ კვლევებს არ ჩაატარებდა და შედეგებს სამინისტროს არ წარუდგენდა. კომპანიას არც ეს პირობა შეუსრულებია ისევე, როგორც არ ჩაუტარებია ზოოლოგიური კვლევა, განსაკუთრებით ფაუნის მაღალმგრძნობიარე უბნებთან მიმართებით. არ მოუმზადებია ზემოქმედების თავიდან აცილებისა და საკომპენსაციო ქმედებების პაკეტი.

„ენკა რინიუებლზი“ ვალდებული იყო მშენებლობის დაწყებამდე მონიტორინგი განეხორციელებინა ტვიშის ზონაში წარმოებული ყურძნისა და ღვინის ხარისხობრივ მახასიათებლებზე, შემარბილებელი და საკომპენსაციო ღონისძიებები შეემუშავებინა და სამინისტროსთან შეეთანხმებინა, რაც ასევე არ გაუკეთებია.

კაშხლების მშენებლობის შემთხვევაში, წყლის ტემპერატურა რომ შეიცვლება, რაც ტენისა და ტემპერატურის სეზონურ და დღეღამურ რეჟიმზე ზემოქმედებას მოახდენს, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმაც დაადასტურა.

კლიმატის ცვლილების შედეგად, შესაძლოა, ყველაზე ძვირფასი ქართული ვაზის ჯიშების, ცოლიკოურისა და უსახელოურის მიკროზონის ყურძნისა და ღვინის ხარისხი დავკარგოთ.

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიხედვით, 23 სავალდებულო პირობიდან შპს „ენკა რინიუებლზს“ ერთიც რომ არ შეესრულებინა, სამშენებლო სამუშაოების დაწყების უფლება არ ჰქონდა.

„ენკამ“ წყალტუბოს რაიონის სოფლებში - ოფურჩხეთსა და ჟონეთში 500 ადამიანზე გათვლილი სამშენებლო ბანაკების, სოფელ მამაწმინდაში ბეტონის ქარხნის მოწყობისა და სადაწნევო გვირაბთან მისასვლელი გზის, ნამოხვანში დროებითი ხიდის მშენებლობა და ქვედა ნამახვანის ჰესის სადერივაციო გვირაბისთვის გზის გადატანა გასული წლის ოქტომბრის პირველ რიცხვებში დაიწყო. 5 ოქტომბერს „მწვანე ალტერნატივამ“ საჩივრით მიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს და მოითხოვა, სამინისტროს რეაგირება მოეხდინა „ენკას“ უკანონო საქმიანობაზე, რადგან კომპანიას პირობები შესრულებული არ ჰქონდა და შესაბამისად, მშენებლობაც არ უნდა დაეწყო.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ნამახვანჰესის ტერიტორია მხოლოდ ამის შემდეგ, 16 ოქტომბერს შეამოწმა. მოთხოვნის მიუხედავად, გარემოს დაცვის სამინისტრომ „მწვანე ალტერნატივას“ შემოწმების შედეგები არ აცნობა.

25 ოქტომბრიდან წყალტუბოს და ცაგერის სოფლების მცხოვრებლებმა, ნამახვანჰესის წინააღმდეგ უწყვეტი საპროტესტო აქცია დაიწყეს. ადგილობრივებმა ქვედა ნამოხვანის კაშხლის მშენებლობის ადგილას სადღეღამისო მორიგეობა დააწესეს. პოლიციამ საპროტესტო აქცია ორჯერ დაშალა. ბოლოს კი აქციის მონაწილეებს ნამოხვანსა და ჟონეთში შეკრების უფლებას აღარ აძლევდნენ. პოლიციის განმარტებით, საპროტესტო ტერიტორია „ენკას“ კერძო საკუთრება იყო. აღმოჩნდა, რომ რიონის ხეობაში 576 ჰექტარი 16 ლარად, 99 წლით - მთავრობას „ენკა რინიუებლზისთვის“ გადაუცია.

2020 წლის 23 დეკემბერს „მწვანე ალტერნატივამ“ კვლავ მიმართა მინისტრ ლევან დავითაშვილს და ნამახვანჰესის მშენებელი კომპანიის მიერ პირობების შესრულების დოკუმენტაცია გამოითხოვა. 30 დეკემბერს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველო „ენკა რინიუებლზს“ წერილს უგზავნის, დარღვევებს ატყობინებს და აფრთხილებს, რომ მოსმენა 18 იანვარს გაიმართება. „ენკას“ წარმომადგენელი ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ მონაწილეობს. 18 იანვარს, ანუ ინსპექტირებიდან სამი თვის შემდეგ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი „ენკა რინიუებლზის“ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობისთვის.  

სამინისტრო „მწვანე ალტერნატივას“ 5 თვის განმავლობაში უმალავდა ინფორმაციას დარღვევების შესახებ. 19 თებერვალს, არასამთავრობო ორგანიზაციამ მესამედ მიმართა მინისტრს და შემოწმების მასალები მოითხოვა. ამჯერად სამინისტრომ ინსპექტირების დასკვნა გამოაჩინა. ამასობაში „ენკამ“უკანონოდ დაწყებული მშენებლობა დაასრულა და რიონის ხეობაში კლდეებისა და მთების გადათხრას ახლაც ინტენსიურად აგრძელებს.

გარემოსდაცვითი ზედამხედვლების დეპარტამენტმა ადამინისტრაციული სამართალდარღვევის მასალები განსახილველად წყალტუბოს მაგისტრატ სასამართლოს გაუგზავნა. სასამართლოში საქმის განხილვა 10 მარტს, 12:00 საათზეა ჩანიშნული. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ის მუხლი, რომლითაც „ენკა რინიუებლზის“ მიმართ ოქმია შედგენილი, სანქციის სახით მხოლოდ დაჯარიმებას ითვალისწინებს 5 ათასი ლარის ოდენობით.

28 თებერვალს, 13:00 საათზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფურჩხეთში ნამახვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართება.

 

ამ თემაზე:

როგორ (ვერ) ჭყლეტს რიონის ხეობის დარაჯებს სახელმწიფო

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში