საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

სანდუა წიკლაური - მთაიასა როცა ჩაიკეტების, აღარცასვინ გაიგებს არხვატს რა უჭირს

17:32 - 11 ოქტომბერი 2018 hits 65401

სანდუა წიკლაურ. დავიბადე 42 წელში, ამღაში. აქ ექიმ არ ყოფილა. აქ გავიზარდე. შვიდნი ვიყავით, ხუთნ დანნი და ორ ძმაი გვყავდა, სამნი დავრჩით. ოთხ კლას დავამთავრე მე აქ. ჩვენ, გოგოებმა, თორე, ბიჭები მერე ბარისახოში გადავიდეს, ინტერნატში იყვნეს, იქ სწავლობდის. სახლში იყო ქალების საქმე. არ გვეცალა სასწავლად. მშობლებს გვერდზე ვედექით, უვლიდით საქონელსა, ცხვარსა. სულ ქალების საქმე იყო, მასათიბი, მასამკალი, გასალეწი. განა ვყიდულობდით, განა მოგვქონდა რამე. მარილ მოგვქონდა მარტო და ნავთი.

კაცებ ნახევარზე არ იყვნენ სახლში. გადიოდნენ ველთა, ბატალიონი იდგა ხამხას, ქისტების იმაზე. იქ დადიოდნენ, ქისტებს ეძებდეს. სამგზავროს მიდიოდნენ, შეშა, ტყე, მუშაობდეს კაცებ.

გოგოებმა აქ ვისწავლეთ. ბევრნ ვიყვენით. მაშინ აქ ხალხი ისევ ცხოვრობდა. ვიქნებოდით 11-12 ბავშვ პირველად. მერე ზოგ წავიდა, ზოგ როგორა და... მე მოვესწარი 15 ოჯახს, ამღას. ბევრ ხალხ იყო სოფელში, ახალგაზრდობაი, მოხუცები. ძალიან კარგები იყვა მოხუცები. ბევრ რამე შავისწავლეთ იმათგან.

- ადრე უკეთესი იყო აქ ცხოვრება თუ ახლა?

- უკეთეს იმიტომ იყო, რომ ხალხ იყვა და ადგილზე ვმუშაობდის სულ ყველას. სხვა რაით იყო კაი, ადრე არც რა იყო. ეხლა ბავშვს რო ვუყურებ მე, ისინი რომ იტყვიან ყურით არ მაქვს მე ის გაგონილი. თანდათან ტელევიზორიც იქნ, ჯერ რადიო იყო, მემრ ტელევიზორი, უყურებს ბალღები. ჩვენ დავიზარდენით ისე, როგორც მთაში უნდა გაიზარდ, პატიოსნადა და კარგად. სიტყვებს რომ იტყვიან, ხან მე ვერ გავიგებ რას ამბობენ ჩემ შვილიშვილები, ვეტყვი, ეგ რაიავ, რას ნიშნავს. აი, ეგრეა.  

ორი დღეა აქ ხართ და ხო უყურებთ. ძნელიას ეხლა, იმიტომ, რომ მეზობელ არ გყავ, უხალხოობაია. რო რამე გაგიჭირდას, ცუდად გაგხდ, დამხმარე არავინ გყავ. უნდო იწვალო მარტოკა. საით ვის გააგებინებ. ახლა კიდე მთაიასა, გზაიასა, როცა ჩაიკეტების, აქ აღარცასვინ არ გაიგებს არხოტს რა უჭირს და რა ულხინს.

არც ხალხია. აი, აქ მე ვორა და აგე, ახიელ კობა წაიყვანეს, ეგ იყო, ჯარჯი და ელისო დარჩების რაღაც ხანს. შიოლაი სულ იქაა, ჭიმღას გიგლა.

სხვებ მემთაბარეები არიან, მადიან ზაფხულობით, ზამთრის მიდიან იქაუ. აქ არვინ რჩების. ზამთარი ძალიან ცუდია აქ, ყინვაი, დასთოვს და მემრ სახლში უნდა იყო.

რო გამახვალ დილას, კვამლ არსაიდან არ ამადის, მეზობელ არას სოფელში. საღამოზე რომ გამოხვალ, გახენ გამახედენ, აი, ამხელა სოფელში და შუქ არსად არას.

ეს ჯარ რომ არ იყოს, მაგათ ვერტალიოტით ვსარგებლობთ. ბარგ წასატანი იქნების, ეგენი გვიზიდვნენ, მასატანი იქნების, ეგენი. გადასაყვანები ვიქნებით, იქავ ეგენი. სასაზღვრო რომ არ იყოს, ნიადა გაუჭირდება, ორ-სამ ადამიან რა უნდა გააკეთეს არხოტ. ავად გახდის, მკვდარ სამარეში ვერ მიიტან, ვერ დაღმარხავ. მაგათ იმედი გვაქ უფრო. ჩემებიც მანდ მუშაობენ. ერთ თვეს ერთი, მეორე თვეს მეორე. მაგის ძალაით ვარ, მე აქ რომ ვარ.   

- ახალგაზრდები მობრუნდებიან აქ?

- მე კი მეეჭვების რომ ახალგაზრდობა აქ აღარ დაბრუნდების. თუ ხალხ მამრავლდების და იქნების, კი, დიდი სიამოვნებით. სამუშაოებ თუ იქნების აქ. რაღა სამუშაო არაფერი ქონდის, რაზე მოვიდეს ახალგაზრდა, რაზე უნდა იყვოს მთაში. აი, ეხლა ჩემ შვილებ რომ არიან, მე ვჰყევარ აქ და დედის გულისად მადიან სოფელში, თორე ისე სამსახური აქვთ მაგეებს, საზღვარზე დგანან. ყოველთვისაც ამბობენ, გიგიც და ბორისაიც, დედა რომ არ იყოს, ჩვენ არხოტ არ ვიქნებითო.  

- თქვენ რა გაჩერებთ?

- მე იმიტომ, რომ აქაობა მამწონს ძალიან. ყველა ადგილს მირჩევ არხვატი. აქ გავიზარდე, აქ დავბერდი. თან, აი, ბალღებ რომ არიან, რომ მოვლიან იქიდან, საზღვარზეით რომ სახლში წამოვლენ, ცეცხლიც რომ დაუნთო, თბილ სახლში რომ მოვიდან, საჭმელ რამე გაუკეთ, ხო კარგია შვილებს. აგე, მაგის გულისა ვჩრივარ აქ მე. ეგეებ რომ საზღვარზე არ იყვენ, არც მე ვიქნებოდ აქ.

ძნელიას რო, მშობელ რო შორადას და არ იცის შვილების ამბავ. ტელეფონ არ გვაქვ. აქედან არც რა ტელეფონ არ იჭერს. ქვევით რომ ჩადიან საზღვარზედ, იქ სადღაც ადიან მაღლა, გორზედ და იქიდან უგზავნიან მესიჯებს ბარში და იქიდანაც ელოდებიან მესიჯის მასვლას. ტელეფონ კიდევ როშკისკენ რეკს. აქედან ჭიმღით გიგლაიც ადის, ახიელით ჯარჯიაც, ამბის გასაგებად, მთაზე. მე არ წავსულვარ, 14 კილომეტრია. თუ ტელეფონ დაიდგმის აქ, არც საზღვარზე ჩასვლა მოუნდების, არც მთაზე რბოლაი.

მაგიტომ ვამბობ, რომ ტელეფონ უეჭველ იყოს არხოტ. დაურეკდ შვილებსთან, შვილიშვილებთან, გავიგებდ ამბავს. ეხლა რომ დასთოვს და მთა აღარ იქნების, მემრ უნდა ვიჯდე აქა და ვერტალიოტ სანამ არ მოა, არავინ გადაჰყვ-გადმოჰყვების, ამბავ ვერცაი ვერ გავიგებ.

უეჭველი ტელეფონ არხოტ. მე სულ მაგას მოუბარი ვარ და გზა კი ბარემც რომ კარგია, ხალხ მოძრაობს, მიდის, მადის. წასატანს, მასატანს მიიტან, მაიტან. ცხენით ვზიდინებდით ბარგს. სანამ გზაი იქნებოდის, დავკაზმიდი ცხენებს, 4 საათს უნდოდა აქედან როშკამდის. რასაც ბარისახოდან ვერ წამოვიღებდით, კაცები გადადიოდნენ ინგუშეთში და მაჰქონდათ იქიდან.

- აქ აპირებთ ბოლომდე ცხოვრებას ?

- ჩემი საცხოვრებელი, აი, იქ, საცა ჩემ მამა პაპანი წასულან (ახიელისკენ იშვერს ხელს. არხოტის სამივე სოფელს სასაფლაო ახიელში აქვს). მე არც რას არ ვაპირებ. ჩემ შვილებ რავიცი აბა, თუ იქნების ხალხ, იქნების, სახლ-კარ იქნების, იცხოვრებენ აუცილებლად. ქარ უბერავს, სახლშიაც უბერავს. აი, ეგეთა სახლებში ვართ. არ არი ადვილი აქ ცხოვრება.   

მუშტივით შაკრული იყო ეს სოფელი და ხალხიც აი ეგრევე იყო. ისე შეკრული იყო, რომ ბანიდან ბანზე გახვიდოდი.

მესაზღვრეები საზღვარზე დგანან, სოფელში ცხოვრება ხალხისაი სულ სხვაია, რო მეზობელიას, ხალხ როას, ხმაურ როას სოფელში. აქ რომ ხალხ მოვიდას და დასახლდის, სკოლაიც იქნების, ექიმიც იქნების.

მე პრემიერთან მაქ ერთი თხოვნაი, მინდა რომ გადასცეთ და გაიგან იმათ, რო აი სახლებ ინგრევის და იქნება ხელ შეგვაშველან, დაგვეხმარან. ჩვენ არ შეგვიძლა ამის გაკეთება, გამაგრებაი და თუ არ დაგვეხმარნეს, დაინგრევის სოფელ. ეს სოფელი საზღვრის მცველ სოფელ არს. ჩვენ სოფელ რომ არ იქნების, ხალხ არ იქნების, სახლებ არ იქნების, შამავლენა და დაიკავებენ ამ ადგილებს.

- უტელეფონობის და სახლების ნგრევის გარდა ყველაზე მეტად რა გიჭირთ?

- შუქ როა გამაყვანილს, დალპეს ბოძები. ქარ რო დაუბერნევს და აქცევს, ის რომ წაიქცევის, მეორესაც აქცევს ეს მავთულებ. მერე გაჰყინავს იქ წყალს, ჩაქრების შუქ. ხალხ აღარას, რომ მივიდან, გაასუფთავონ. ვწვალობთ აგე ეგრე. ხან არს, ხან არას. 2-3 თვეს უშუქოდ ვიყვენით. ფარნები გვაქ, სანთლები გვაქ, იმას ვანთებთ. გომურშიც ხომ შუქ გვინდა, საქონელს ვერ მოვუვლით უშუქოდ. ვხმარობთ ლამფას, ნავთს. აი, ესეთი შუქია ყოველთვის, ძლივ აწითლებს ლამფუჩკას, სპირალ ძლივ წითლდების. უშუქოდ კიდე აქ ვერსაც ვერ გააკეთებ, ვერც გომურში, ვერც სახლში.

ვინც იყო მოსული, ეგრე უთქმავ, ძვირი ჯდება ამის გაკეთებაიო და ბარემ იმას მოვიტანთო, მზის ბატერიებო. იმათ კი დასდგმნენ, მართალია, შუქ იქნების ამ ოთახში, შეიძლების ტელევიზორიც ამუშაოს, მარა ყველგან საიდან იქნების შუქ. ხბორებთან ცალკე გვინდ შუქი, გომურში საქონელთან ცალკე გვინდ შუქი. აქ უფრო ნაკლები შუქია, ვიდრე იქ (ახიელში). მავთულებს დაბლა ჰყრის და იმოდენ შუქ ვერ მოდის, როგორც იქ.

იცი როდიდან გვაქ შუქ, ზვიადი გამსახურდია რომ იყო. ის რომ აქ ერთხანს სტუმრად მოვიდა, არც პრეზიდენტ იყო მაშინ, არაფერი. ხალხ რო შეხედა, როგორ უჭირს აქ ცხოვრებაი და აქ ყოფნა, გაგვიკეთა ეს ჰესი და ზვიადისგან გვაქ შუქ არხვატს.

ჩვენთან რა უნდა შუქს, ზვიად რომ არ ყოფილიყო. იმას რომ ეცოცხლა, ბევრ კაი რამეს გაუკეთებდა არხვატს. აცხონოს ღმერთმა.

ამღა, სადაც 76 წლის სანდუა წიკლაური ცხოვრობს, არხოტის ხეობის ბოლო სოფელია. არხოტი პირიქითა ხევსურეთში, საქართველო-ინგუშეთის საზღვართანაა. მუდმივად ხუთი ოჯახიღა ცხოვრობს. წლის განმავლობაში 8 თვე გარესამყაროს მოწყვეტილნი არიან. იქ არც ტელეფონი იჭერს, არც ინტერნეტია, ვერც რადიოს მოუსმენ. გასულ ზამთარს, მოძველებული ჰესი დაზიანდა და თითქმის სამი თვე, შუქიც არ ჰქონდათ. ნოემბრიდან ივლისამდე დანარჩენ საქართველოსთან ერთადერთი კავშირი სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენია.

გიორგი ბოლქვაძე

Mtisambebi.ge-ს რეპორტიორი. დამთავრებული აქვს ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი, მონტაჟისა და ტელე-რეჟისურის განხრით. აშუქებს ადამიანის უფლებების, მთის და სოციალურ საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში