საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

მარიკა ქავთარაძე, შვიდი შვილის დედა ხადის ხეობიდან

16:25 - 16 იანვარი 2017 hits 19715

ჯერმიზაშვილები ხადის ხეობიდან არიან, სოფელ წკერედან. იქ თითქმის 10 წელი იცხოვრეს, მაგრამ ბავშვებმა სკოლის ასაკს რომ მიაღწიეს, მშობლები იძულებული გახდნენ, წამოსვლაზე ეფიქრათ. ხადაში არც სკოლაა და არც საბავშვო ბაღი.

ბაღის გარეშე კიდევ გაძლებდნენ, პატარები ახლაც სახლში არიან დედასთან, მაგრამ უსკოლოდ ხომ არ დატოვებდნენ შვილებს და წამოვიდნენ. ახლაც მომთაბარეობენ: არდადეგები დაიწყება თუ არა, მთაში ადიან და სექტემბრისთვის ბედონში ჩამოდიან. ბედონი ქვეშეთთან ახლოს მდებარე სოფელია და ბავშვებიც ქვეშეთის საჯარო სკოლაში დადიან.

მარიამ ქავთარაძესა და მიხეილ ჯერმიზაშვილს 7 შვილი ჰყავთ: უფროსი, ნიკა 17 წლისაა, ნატო - 15-ის, ლუკა 13-ის, ერეკლე 8-ის, დავითი 19 იანვარს, ნათლისღებას ხდება 7-ის, ქეთევანი 4-ის, პატარა ანა 14 იანვარს გახდა 1 წლის.

***

მარიამ ქავთარაძე ფასანაურიდან არის, იქ ცხოვრობენ მისი მშობლები, თავადაც მრავალშვილიანი ოჯახის შვილია. სამი და და ორი ძმა ჰყავს.

სკოლის მერე სამედიცინო სასწავლებელში ჩააბარა, მაგრამ რომ დაოჯახდა, მალევე დაწვირლშვილდა, თან წკერეში ცხოვრობდნენ და სწავლის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

ქმარ-შვილის გარდა მარიკა მეურნეობასაც პატრონობს, მიწასაც ამუშავებენ და საქონელიც ჰყავთ. დედამთილს ფიზიკური მუშაობა აღარ შეუძლია, ამიტომ ყველაფერი მარიკაზეა. ადრე, წკერეში მეტი საქონელი ჰყავდათ, მაგრამ ახლა თივის ჩამოტანაც რთულია და მხოლოდ რამდენიმე სული ჰყავთ.

„ძალიან ძნელია მომთაბარეობა და ორ სახლად ცხოვრება. დიდი შემოსავალიც არ გაქვს, სოციალურ დახმარებას ვიღებთ. ჩემი მეუღლე პერიოდულად მუშაობს დროებით სამუშაოებზე, ძირითადად მშენებლობაზე. თხილამურზე არ სრიალებს და გუდაურს დიდად ვერ აეწყო. არადა, ოჯახს, სათიბსა და სახნავს, მისი ხელიც სჭირდება. მუდმივად გვაქვს პრობლემა, რომ დახმარება არ მოგვიხსნან, მეტ საქონელსაც ვერც ვინახავთ. მთის კანონი მხოლოდ უმცროს შვილზე მეხება, ანა 200 ლარს იღებს. დანარჩენ ოჯახის წევრებს 60-70 ლარი გვეძლევა. რადგან დახმარებას სტაბილურად ვიღებ, ეს ჩემი ოჯახისთვის სერიოზული შემოსავალია.

ძირითადად ამით ვცხოვრობთ. გაზის გადასახადსაც სახელმწიფო გვიფარავს. იანვრიდან ელექტროენერგიასაც განახევრებული ტარიფით ვიხდით, თუმცა ჯერ ქვითარი არ მოსულა და დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით.

ახლა ბანკში დავიწყე მუშაობა პენსიების დარიგებაზე. რამდენიმე დღე მომიწევს მუშაობა და რადგან საშემოსავლო აღარ გვექვითება, 100 ლარამდე მექნება ხელფასი“, - გვიყვება მარიკა.

რამდენიმე წლის წინ ოჯახს წკერეში სახლი დაეწვა. მაშინ გამგეობის, სასულიერო პირებისა თუ კეთილი ადამიანების დახმარებით სიტუაციიდან გამოსვლა შეძლეს. მიღებული თანხით სახლი ააშენეს. „ჯერ მხოლოდ კედლებია, გამართვა ვერ მოვასწარით. ყველაფერს ვერ ვწვდებითო“, - გვეუბნება მიხეილი.

თან ბავშვებს სულ უფრო მეტი და მეტი სჭირდებათ. ნიკა მეთერთმეტე კლასშია, მომავალ წელს ამთავრებს სკოლას, ნატო - მეათეშია, ლუკა - მერვეში, ერეკლე - მეორეში და დავითი - პირველში.

მშობლებს ძალიან უნდათ, რომ შვილებს კარგი განათლება მისცენ, ატარონ წრეებზე, სპორტზე, მაგრამ ქვეშეთში მხოლოდ ცეკვის წრეა.

სირთულეების მიუხედავად, ჯერმიზაშვილები იმედიანად უყურებენ მომავალს.

თინათინ მოსიაშვილი

Mtisambebi.ge–ს რეპორტიორი, გეოგრაფი. კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. აშუქებს მთის, სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში