საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ორი ბავშვით აღმართში - თამარ ხუციშვილი, სამოქალაქო აქტივისტი ხურთისიდან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

23:15 - 31 ოქტომბერი 2019 hits 41171

6 თვის ანა და 3 წლის დავითი შეხვედრის ყველაზე პატარა მონაწილეები არიან. თამარ ხუციშვილი ბავშვებს ვერავის უტოვებს, სოფელს არც საბავშვო ბაღი აქვს, ამიტომ შვილები ხევის სათემო ორგანიზაციის თითქმის ყველა შეკრებაზე თან დაჰყავს. ანას კალთაში ჯდომა მალე ბეზრდება და უკმაყოფილებას ხმამაღლა გამოხატავს, დავითი ხან იქვე თამაშობს, ხან კი დედას ტანსაცმელზე ექაჩება, რომ მისი ყურადღება სოფლის პრობლემებზე გაცხარებულ საუბარს ჩამოაშოროს.

25 წლის თამარ ხუციშვილი სამი წელია ყაზბეგის რაიონის სოფელს ხურთისში ცხოვრობს. თავიდან, პირველ წელს, ძალიან გაუჭირდა. ასეთ თოვლს არ ვიყავი მიჩვეულიო, იხსენებს თამარი, რომელიც თბილისთან ახლოს, მუხრანში გაიზარდა. ახალგაზრდა ცოლ-ქმარს დაქორწინებისთანავე გადაუწყვეტია, რომ ხურთისში ცხოვრება სურდათ, მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე გაშენებულ უძველეს სოფელში, რომელშიც 2014 წლის აღწერით სულ 47 ადამიანია.

გზა, სკოლა და საბავშვო ბაღი - სოფლის სამ მთავარ პრობლემას ასახელებს თამარი და გვიყვება, ზამთარში, როდესაც წელამდე თოვლია, როგორი რისკის ფასად უწევთ ხურთისელ ბავშვებს სოფლიდან მთავარ გზამდე ჩასვლა, რომ როგორმე საზოგადოებრივ ტრანსპორტს გაჰყვნენ ყაზბეგამდე, ან მეზობელ სოფელ ყანობამდე, სადაც სკოლა და საბავშვო ბაღია. ზოგჯერ, როდესაც გზა რამდენიმე დღე არ იწმინდება, ტრანსპორტი საერთოდ არ დადის და გამვლელი მანქანის იმედად არიან. მიკროავტობუსი სოფლამდე მხოლოდ კარგ ამინდში თუ ადის, სხვა დროს სამკილომეტრიანი სახიფათო გზის გავლა ფეხით უწევთ.

„სასწრაფო შეიძლება ვერ ამოვიდეს, წამალი რომ დაგჭირდეს, წამალზე ვერ ჩახვალ. ყაზბეგამდე კი 16 კილომეტრია“, - თამარი გვიყვება, რომ 3 წლის დავითს სოფელში თანატოლი არ ჰყავს, ბაღში კი უგზოობის გამო ვერ დაჰყავთ, - „ვიცით, რომ რამდენიმე ბავშვის გამო, სოფელში ბაღს არ ააშენებენ, მაგრამ ტრანსპორტირება მაინც უზრუნველყონ, ვინმე ადგილობრივი შეიძლება დაასაქმონ, ვინც ამ ბავშვებს ატარებს“.

თამარი ფიქრობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები უფრო ხშირად რომ დადიოდნენ სოფლებში, ხალხის პრობლემებსაც უკეთ დაინახავდნენ და გადაჭრის გზებსაც იპოვიდნენ, - „მთის ხალხი ვერ ვგრძნობთ, რომ მთისთვის რაიმე კეთდება. ბევრს უნდა დაბრუნება, მაგრამ ოჯახები ჰყავთ, ბავშვები და ვერ მოდიან. ახალგაზრდებისთვისაც არანაირი ხელშეწყობა არ არის“.

გამოსავალს ისევ მოხევეების აქტიურობაში ხედავს, ეს ხალხიც მიჩვეულია უყურადღებობას და აღარ აქტიურობსო, ამბობს. მას შემდეგ, რაც მეორე შვილი, ანა შეეძინა და სამსახურში სიარული ვეღარ შეძლო, თამარი სხვა ახალგაზრდებთან ერთად, ხევის სათემო ორგანიზაციის საქმიანობაში ჩაერთო. ფიქრობს, რომ ხევის პრობლემების მოგვარებას ასე მაინც შეძლებს. იმის მიუხედავად, რომ ორი პატარა ბავშვით ხელში სამოქალაქო აქტივიზმი რთულია, სათემო ორგანიზაციის შეკრებებს მაინც არ ტოვებს. ხშირად მეუღლეც ეხმარება, თუმცა შავლეგი მესაზღვრეა და თვის განმავლობაში ორი კვირა სახლიდან შორს ყოფნა უწევს.

„ბავშვებით იმიტომაც დავდივარ, რომ მაგალითი იყოს სხვა ქალებისთვის. როდესაც პატარა ბავშვი გყავს, მაშინაც შეგიძლია ბევრი რამის გაკეთება. ძალიან მინდა რომ ბევრი გავაკეთო ჩემი მხარისთვის და კუთხისთვის“, - ამბობს თამარი,

რომელმაც იცის, მთის მკაცრ ზამთარს ვერ შეცვლის, თუმცა სჯერა, რომ თუკი ხურთისელები მოინდომებენ, შეუძლიათ, იქაური მძიმე ყოფა და პირობები უკეთესობისკენ შეცვალონ.

ხევის სათემო ორგანიზაცია სამოქალაქო აქტივობების ცენტრის მხარდაჭერით, წელს, ზაფხულში დაფუძნდა. სამოქალაქო აქტივობების ცენტრი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ხელშეწყობით ახორციელებს მთის მოსახლეობის ინტერესების ადვოკატირების პროექტს, რომლის მიზანია თუშეთის, პანკისის, ფშავ-ხევსურეთის, მთიულეთის, გუდამაყრისა და ხევის მოსახლეობის პრობლემების გადაწყვეტის ხელშეწყობა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში