საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

მე ხომ ზვავს გადავურჩი

16:09 - 05 მაისი 2017 hits 17835

მეორე დღეა სახლში ვარ და მაინც წინა დღეზე ვფიქრობ. არ გამოვიდა ისეთი გასვლა, როგორსაც ვგეგმავდით. ბევრი გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა.

12.02.2017 სვანეთი, მესტია

დილით 6:45–ზე ძაღლის ყეფა მაღვიძებს. ალბათ, მიხვდა, რომ ადრიანად უნდა წავსულიყავით. ზანტად ვდგები ლოგინიდან და საგულდაგულოდ დაკეცილი შარვლისკენ ვიხრები, ნელნელა ვემზადები და თან ვფხიზლდები. ოთახებს ჩამოვუარე და ჩემი მეგობრები გავაღვიძე. ერთი სული აქვთ, როდის გავუდგებით გზას.

სახლიდან გამოვედით. 8 საათი სრულდება და მხოლოდ სამი სახლის საკვამური ბოლავს. ან რა ეჩქარებათ, გარეთ -19 გრადუსია, ჩვენ კი მთაში მივდივართ, ბაბუას აშენებულ პატარა ქოხში უნდა გავათიოთ ღამე. მხოლოდ ერთი რამ მადარდებს, ქოხში სამი ლოგინი დგას, ჩვენ კი ექვსნი ვართ. არაუშავს, რამეს მოვახერხებთ და თავს ვიმშვიდებ. სამხრეთის ფერდობს შევუდექით ტყით. მზიანი მხარეა და არ გვიჭირს სიარული. მიწაზე დავდივართ, მაგრამ ტყეში გაგვიჭირდება. იაკობზე ვფიქრობ, გრძელი თხილამური აქვს და ტოტებში ძრომიალი გაუჭირდება.

უკვე სამი საათია რაც ტყეში ვართ. წელამდე ვჭრით თოვლს. როგორც იქნა პირველი ქედი ამოვიარეთ და დავისვენეთ. მარია ძალიან დაიღალა, მისთვის პირველია მსგავსი ტიპის გასვლა და თან ბარგიც ემძიმება. ჩანთა გამოვართვი და ბიჭებმა მისი ნივთები გადავინაწილეთ, ცოტა შევუმსუბუქეთ ტვირთი. შესვენების დროა. თოვას იწყებს, მაგრამ 15 წუთი მაინც ვჩერდებით. ამ სუსხში თერმოსიდან დალეულ ჩაის ჯადოსნური გემო და ძალა აქვს, თითქოს ენერგია მიორმაგდება და ერთ სულზე ვარ, გავაგრძელოთ სიარული. ამ მონაკვეთიდან ჯობია თხილამურზე ქამუსები ამოაკრან, მე კი ჩემს თხილმარს ჩავიცვამ, ასე  უფრო გაგვიადვილდება. წინ დაახლოებით 4 საათის გზაა, თან თოვას უმატებს. ალბათ, ძალიან დავსველდებით ვიდრე ქოხთან მივალთ.

თოვას მოუმატა, თან ძლიერი ქარი ახლავს და ფიფქები პირდაპირ სახეში გვხვდება. უკვე დავსველდით, მაგრამ ჯობია არ გავჩერდეთ, ტემპერატურას დავკარგავთ და მერე უფრო ძნელია სხეულის გახურება. ქოხიც გამოჩნდა, მაგრამ თოვას უმატებს. თითქოს არ უნდა ბუნებას, რომ მანდ მივიდეთ. მთელი გზაა პირველი მივდივარ და უკვე გრძნობ, რომ ვეღარ ვჭრი თოვლს. იაკობს ვეუბნები რომ შემცვალოს და პირველი წავიდეს და მე სულ უკან ვინაცვლებ, ხუთი კაცის გაჭრილში უფრო გამიადვილდება სიარული.

ამოვედით. ყველა სველია და მშიერი. ახლა რაც შეიძლება მალე უნდა ავძვრე სახურავზე და საკვამურის ხვრელი ვიპოვო. შემოდგომაზე მილს ვხსნით, რომ თოვლმა არ მოტეხოს და ყოველ წელს მიწევს მინიმუმ ორი მეტრი თოვლის თხრა, რომ მალევე ჩავსვა  და ცეცხლი დავანთო.

ცეცხლი დავანთე. ნელნელა ვთბებით, ტანსაცმელს ვიცვლით და ვაშრობთ, მე კი საჭმელს ვანაწილებ დღეისთვის და ხვალისთვის. მშრალს საჭმელს ხვალ თან წავიღებთ 7 საათიან გზაზე.

თოვა შეწყდა და ტემპერატურაც იკლებს. ცივი ღამე იქნება და მორიგეობას ვაწესებ, რომ ცეცხლი არ ჩაგვიქრეს.

ღამის სამი საათია და არეკი მაღვიძებს, ჩემი მორიგეობის დროა. ზარმაცად ვდგები და ღუმელის წინ ვჯდები, გაამართლა ღამის მორიგეობამ და არ შეგვცივდა.

მეორე დღეზე ვფიქრობ. გარეთ ძლიერი ქარია და ამ ახალ ჩამოთოვილს სულ აურ დაურევს, ზვავის რისკები გაიზრდება ჩვენს სასრიალო მონაკვეთში. გადავაგორე ჩემი წილი მორიგეობა და ისევ წამოვწექი, ორი საათი მაქვს ისევ ძილის დრო.

13.02.2017

7 საათზე ფილიპი გვაღვიძებს ყველას, მარტო ჩუმად ჯდომა მობეზრდა და წამოგვყარა.

ჩაისთვის წყალი დავადგი და გარეთ გავდივარ, რომ კამერა დავაყენო, მზის ამოსვლის გადაღება მინდა. შარშან გადავიღე და ორ დღეში კომპიუტერი გადაიწვა, წელს მაინც გამიმართლოს და სხვასაც გავუზიარებ იმ სიტუაციას, რაც იქ ხდება. სწრაფად ვსვამთ ჩაის და თან გარეთ ხშირად გამოვდივარ, რომ ფოტოები გადავიღო.

-27 გრადუსია და ჩემი კამერაც გაიყინა, ალბათ ეს კადრებიც დავკარგე.

ჩანთებს ნელნელა ვალაგებთ და სიარულს ვიწყებთ. სასურველია სწრაფად ვიაროთ რომ შუადღემდე ავიდეთ, მზიანი დღეა და თოვლი გაგვიფუჭდება. მე ზვავის მეშინია,  ბუნება ხელს არ გვიწყობს.

წასახემსებლად ვჩერდებით. ჩანთას ვხსნი და ვამჩნევ, რომ ნიჩაბი დამრჩენია. დავიძაბე, რომელიმე რომ ზვავში მოყვეს, ვერაფერს ვერ გააკეთებ, უნდა იდგე და უყურო. არ იცი როგორ მოიქცე. იმედია, მშვიდობიანად ჩაივლის ყველაფერი.

ნახევარი გზა გავლილი გვაქვს და მაიკის ვთხოვ, რომ შემცვალოს და წინ იაროს. მე ისევ უკან ვინავცლებ, რომ ცოტა ენერგია შევინარჩუნო, მზე უფრო და უფრი მაგრად აჭერს.

- ზღვის დონიდან 3200 მეტრზე ვართ. წინ ყველაზე რთული, ხუთასი ვერტიკალური მეტრი დარჩა, ბიჭები ადგილებს იმახსოვრებენ და გადასახტომ ადგილებს ნიშნავენ. მეც მოვნიშნე ერთი ორი ადგილი, მაგრამ ჯობია ჩემს გართობაზე არ ვიფიქრო, მთავარია ყველა ჯანმრთელი დავბრუნდეთ შინ.

3500 მეტრზე ვართ. ფილიპს მივყვები უკან. დიდ ტრავერსებს ვაკეთებთ, რადგან დიდი  აღმართია. თან თოვლი მოყინულია და ფეხის ჩარტყმა გვიწევს, რომ მოეჭიდოს და არ ჩავსრიალდეთ. კლდოვანი მასივის გავლა გვიწევს. ჩვეულებრივ თოვლით არის ხოლმე დაფარული, მაგრამ გუშინდელმა ქარმა ყველაფერი მოხვეტა და სხვაგან გადაისროლა. ფილიპს ალბათ ეს კლდოვანი ნაწილი ყინულად მოეჩვენა და ჩვეულებრივ ფეხის ჩასამაგრებლად თხილამური ჩაარტყა ძირს. გატეხვის ხმა მომესმა და სამაგრს დავხედე, ორად გადატყდა მისი თხილამურის სამაგრი. ეს ტურის ავტომატურ დასასრულს ნიშნავს, მაგრამ მთავარი ისაა, თუ როგორ ჩამოვიდეს ქვემოთ ისე, რომ არც ძალიან გაწვალდეს და არც ჩვენ მოგვიწიოს დიდი ხნით ლოდინი. თხილამურს ვიღებ და სამაგრს ვაკვირდები. შეიძლება შეკეთება, ჩემი ჩანთიდან სკოჩს ვიღებ ფილიპის ხმა მესმის: Are you kidding?

რაც შეიძლება მჭიდროდ ვახვევ სკოჩს გადატეხილ ადგილას და ვფიქრობ, რომ გაამართლებს. პარალელურად, ჯგუფის დარჩენილი წევრები თხილამურებიდან ქამუსებს ხსნიან და დასაშვებად ემზადებიან, ცუდია რომ ბოლომდე ვერ ავედით.

პირველი მე ვეშვები, მერე ფილიპი. ავუხსენი, რომ მსუბუქი მოხვევები გააკეთოს, ძალა გატეხილ ადგილს რომ არ დააწვეს. მგონი ჩემი შეკეთებული სამაგრი ამართლებს, ფილიპიც ნელნელა გაუთამამდა და უკან მომყვება.

დაახლოებით ორასი მეტრით დავიწიეთ დაბლა და გავჩერდი. ველოდები ჯგუფის წევრებს, რომ დასაშვები რელიეფი ვანახო და ავუხსნა, თუ სად არ უნდა გაიარონ. თან ძნელია უსაფრთხო მარშრუტი შეარჩიო, ქარმა თოვლი სულ აურ დაურია.

ვეშვები. რატომღაც ისევ ჩემს გართობაზე ვფიქრობ. 50 მეტრში ვამჩნევ, რომ გადასახტომია, მაგრამ ნაქარი. ორი წამი ყოყმანის შემდეგ გადავწყვიტე, რომ გადავმხტარიყავი, გადავხტი... ფრენამ დიდ ხანს არ გასტანა და როგორც კი მიწას შევეხე, უცნაური ხმა გავიგონე, თითქოს დედამიწა შეიძრა და ვხედავ, როგორ იმტვრევა ჩემს ირგვლივ თოვლის მასა უზარმაზარ ბლოკებად და ტალღებივით იგრიხებიან. პანიკაში არ ვვარდები და ვცდილობ მარჯვნივ „გავექცე“ და გამომდის კიდეც. არც აქ გამიმართლა და მარჯვენა ფერდიც ჩამოიშალა. გასაქცევი არსად მაქვს. მთავარია, ზვავის ქვეშ არ მოვყვე. ამ რვაწამიანი ფიქრის და ზვავიდან გამოძრომის მცდელობისას, ზურგში თოვლის უზარმაზარი ბლოკი მომხვდა. წონასწორობა დავკარგე და ზვავს შევერიე. კარგა ხანი მაკოტრიალა და მათრია. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ზემოდან აღმოვჩნდი და თან ძალიან ბედნიერი, მე ხომ ზვავს გადავურჩი! ზვავი გაჩერდა, ზედ რამდენიმე ბლოკი მადევს და წამოდგომას ვცდილობ. როგორც იქნა წამოვდექი და ჩემს გვერდით ქედზე ვხედავ მაიკის, რომელიც თურმე გვერდზე მომყვებოდა და ცდილობდა თვალთახედვიდან არ დავეკარგე. მეკითხება are you alive? რა თქმა უნდა ცოცხალი ვარ და თან ძალიან ბედნიერი, რამდენიმე წამის წინ ხომ სიკვდილს გამოვასწარი და გავიმარჯვე, ამ ყველაფერს ვიაზრებ და მთელ სხეულში კანკალი მივარდება და ვერც ვეწინააღმდეგები.

ნელნელა ყველაფერს ვიაზრებ. ჩემი შეცდომა იყო, პირად გართობას ავყევი და საკუთარი თავი და მეგობრებიც საფრთხეში ჩავაგდე.

ქოხში ვბრუნდებით. ყველა ირგვლივ შემოვიკრიბე და ბოდიშს ვუხდი ჩემი შეცდომის გამო. თან ვეუბნები: მიხარია, რომ ეს მე ვიყავი და არა რომელიმე თქვენგანი, თქვენს შემთხვევაში მე უბრალოდ ვერაფერს გავაკეთებდი, ნიჩაბიც კი ქოხში დამრჩა.

ჩავლაგდით და დასაშვებად ვემზადებით. თან მამას ვურეკავ, ნახევარ საათში დანიშნულ ადგილას უნდა დამხვდეს. სრიალის თავიც აღარ მაქვს, იმდენად დავიცალე ემოციებისგან და ენერგიისგან.

აი, მანქანაც გამოჩნდა. უხასიათო და ჩემს თავზე გაბრაზებული ვარ, არ უნდა მომსვლოდა ეს შეცდომა.

მამას არაფერს ვუყვები და უხმოდ ვალაგებ თხილამურებს საბარგულზე.

სახლში მოვედით. პირდაპირ ჩემს ოთახში ავდივარ და გულაღმა ვწვები. ერთი საათი ამ მდგომარეობაში ვარ და თან მომხდარზე ვფიქრობ, რა იქნებოდა ზვავს რომ დავემარხე? ამ დროს მაიკის ხმა მესმის, ვახშამზე მელოდებიან.

უკვე მომიფიქრეს ხუმრობები.

Welcome back Nick! You just trolled the death!

ნიკოლოზ ფალიანი

მოგზაური, გიდი, ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტი. ორგანიზებას უკეთებს სათავგადასავლო ტურებს სვანეთის მთებში და მყინვარებზე. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში