საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ბუზნეგე, სალამ, ჯაბახუმ - ცხინვალში სამდღიანი ტყვეობის ამბავი [მეორე ნაწილი]

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

22:50 - 25 მარტი 2020 hits 14047

თრუსოს ხეობაში დაკარგული ხუთი ქართველი მოლაშქრის ამბავმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა არამხოლოდ მათ, არამედ ჩვენს ცხოვრებაშიც ტელერეპორტაჟების, სტატიებისა თუ ფეისბუქ პოსტების სახით. მათი უმეტესობა არაზუსტი იყო. ქეთი მაღრაძე ექსკლუზიურად „მთის ამბების“ მკითხველისთვის იხსენებს, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გატარებულ სამდღიან ტყვეობას. ნახეთ დღიურის პირველი ნაწილი - ბუზნეგე.

სალამ

ბადრაგი კარცერის საკნის კარის საკეტში ხელის მკვეთრი, უხეში მოძრაობით გასაღებს ატრიალებს და კარს გაღებაში ფეხსაც აშველებს. საკნიდან სამი, უჰაერობისგან დასუსტებული ბიჭი დერეფანში გამოჰყავს და კიბისკენ უბიძგებს - ზემოთ ადით და თქვენს გოგონებს მიხედეთო... რა მოუვიდათ გოგონებს? მათ გონებაში შიშმა, ცუდის მოლოდინმა და დაბნეულობამ დაისადგურა. ის წუთი  ჩვენზე ფიქრობდნენ, გისოსებში გამოკეტილ, სრულიად დაუცველ ორ გოგოზე.

კარცერიდან კიბე ეზოში ამოდიოდა, რომელსაც ჩვენი საკნის ფანჯრიდანაც ვხედავდით. მე და მზია  ეზოს ერთმანეთზე მიკრულები გავცქეროდით. ვიცოდით, რომ ბადრაგი მათ ამოსაყვანად ჩავიდა. როგორც კი კიბეზე ამომავალი სამეული შევნიშნეთ, გავმხიარულდით. ვეძახდით და გაზეთის ნაკუწებს ვაჩვენებდით - აი, თქვენც ჩვენთან იყავით, გაზეთისგან გამოვჭერით თქვენი სილუეტები. არავითარი სენტიმენტები, უბრალოდ, ადრიანად გაღვიძებულები დაკითხვამდე როგორმე დროის გაყვანას ვცდილობდით.

გაზეთები ჩვენს საკანში მერხზე ელაგა. სტატიები იუწყებოდნენ თუ რა წარმატებებს მიაღწიეს ოსმა ახალგაზრდებმა ხელოვნებისა და სპორტის სხვადასხვა დარგში. იტყობინებოდნენ განსაკუთრებული გონებრივი მონაცემების მქონე პატარა ოს ბიჭზე. ყველა სტატია მხოლოდ და მხოლოდ რუსულად იყო დაბეჭდილი და არცერთი, სულ პატარა განცხადებაც კი, ამ ხალხის სამეტყველო ენაზე - ოსურზე...!

თვალიერების გარდა, გაზეთმა მოწყენილობის განსაქარვებლად კიდევ ერთი კარგი საშუალება მოგვცა - გავკეცეთ, გამოვკეცეთ და ახლა ორიგამის თვითმფრინავებს ვაჯიბრებდით, რომლის უფრო შორს გაფრინდებოდა. მერე ნაკუწები დავაგორგოლავეთ და ოთახის ერთი ბოლოდან მეორეში, ჭიქაში ვაგდებდით. მზიამ უპირობო გამარჯვება მხიარული შეძახილებითა და ცეკვით იზეიმა.

მივიღეთ ბადრაგის პირველი შენიშვნა.

ახლა ლურსმანი ვიპოვეთ და კედელზე დიდი, გამართული ასოებით ჩვენი სახელები და საქართველოს დროშა ამოვკაწრეთ.

მივიღეთ ბადრაგის მეორე, მკაცრი შენიშვნა.

მერე მზიას პატარა ბალიშით ვთამაშობდით, ბურთის ნაცვლად ერთმანეთს ვუგდებდით. 

ოთახი დაალაგეთ! - გაისმა მესამე უმკაცრესი შენიშვნა და ბადრაგი ბიჭების ამოსაყვანად ჩავიდა.

მათ უნდა გავეჩერებინეთ - აი, თურმე რატომ ამოჰყავდა ბიჭები და როგორ უნდა მოეხედათ ჩვენთვის. ქვევით კი სულ ტყუილად შეშინდნენ. ბიჭების ჩვენს საკანში ამოყვანა სხვა მხრივაც იმედისმომცემი იყო, წარწერებით აჭრელებულ კედელზე ერთი გამამხნევებლად ჟღერდა: „აქ ვისაც ამოიყვანენ, სახლში გაუშვებენ“.

საკანში შემოსვლამდე სიგარეტის მოწევის საშუალება მიეცათ. კარცერში ხნიერი ქართველი მწყემსიც ჰყავდათ გამოკეტილი. ჰაერზე ისიც ამოიყვანეს. ბიჭებმა სიგარეტი შესთავაზეს და თავისი ამბავი მოაყოლეს.

მწყემსს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში უცხოვრია. ერთ საღამოს ძროხა საძოვრიდან შინ არ დაბრუნებულა და მის საძებნელად წასული დაუჭერიათ.

- ძროხას რა ბედი ეწია? გიორგის უადგილო კითხვაზე ერთმანეთს გადახედეს და შეკავებული სიცილი წასკდათ.

- ძროხა კი არა შვილო, ჩვენ რა ბედი გვეწევა, თორემ ძროხას არავინ იჭერს ციხეში და გამოსასყიდს არავინ ახდევინებს...

„მესაზღვრეებს“ მწყემსი ამ მიზეზით უკვე მესამედ ჰყოლიათ დაკავებული.

„საზღვრის მცველებს“ დერეფანში ყოველ დილით ვხედავდით, როცა ლურჯ ფორმაში გამოწყობილი მორიგე ჯგუფები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. მათგან რამდენიმე ცნობისმოყვარე ფანჯარაში შემოიხედავდა. გვკითხავდა, საიდან ვიყავით. ვერაფრით აეხსნათ თბილისიდან იქ როგორ მოვხვდით. ზოგს გაოცება, ზოგს კი აშკარა ზიზღი ეხატა სახეზე.

ერთხელაც ფანჯარასთან მაღალი, ულვაშებიანი, ჭაღარა კაცი დაიხარა. როგორ ხართ, ხომ არაფერი გიჭირთო, ქართულად გვკითხა. ყოველ გავლა-გამოვლაზე სალამს ამ კითხვებს მოაყოლებდა. მისი ღიმილიანი სახე გვამხნევებდა.

ჩვენდამი ოსების მოპყრობაში ერთი რამ იყო საინტერესო. თავიდან თუ მხოლოდ სიმკაცრეს და უნდობლობას გამოხატავდნენ, თანდათან ტონს არბილებდნენ, როცა ჩვენი მხრიდან კეთილგანწყობას, მოზომილ, თავშეკავებულ ქცევას ხედავდნენ. ასე „შემოვირიგეთ“ იმ დღის მორიგე ბადრაგიც – საშუალო სიმაღლის, ახალგაზრდა, უხეში კაცი. კარს ყოველთვის ფეხის ძლიერი დარტყმით აღებდა, თან ერთს მაგრად დასჭექდა, ან რაღაც მელოდიას წაუმღერებდა.  გვაკვირდებოდა როცა დაკითხვამდე ცოტა ხნით ეზოში გაგვიყვანა. ჯერ ჩვენ გამოველაპარაკეთ. ვკითხეთ, როგორაა ოსურად გამარჯობა და ნახვამდის. გამარჯობა – „სალამ“. გაეღიმა, ქართულშიც ხომ არის ეს სიტყვა – „სალამი“ და ნახვამდის „ჯაბახუმ“. ახლა თვითონ გვეკითხებოდა, როგორია თბილისი, ხალხს სამუშაო თუ ჰქონდა. აინტერესებდა ლარის კურსი რუბლთან მიმართებაში.

საკანში დაბრუნებამდე ტუალეტი ვითხოვეთ. დრო ვიხელთე და ჩანთიდან ჩაუცმელი ცისფერი მაისური ამოვაძრე. გიორგი ძლივს დავითანხმეთ, მთელი დღე ამ მაისურით ევლო, რათა თავიდან  აგვერიდებინა ეჭვიანი საქმის მწარმოებლის ზედმეტი კითხვები მისი კამუფლირებული მაისურის დანახვაზე. ისედაც ხომ ასე ეძებდნენ უშიშროებასთან ჩვენს კავშირებს და სამხედრო მოსამსახურეებს – ნათესავებსა თუ მეზობლებს შორის. ამ ცნობების მიღების იმედით დასაკითხად ჯერ ბიჭები გაჰყავდათ რიგრიგობით. პირველი ბექას მოუწია, როგორც ასაკით უფროსს ჩვენს შორის და მათი გამოთვლით, აგვისტოს ომის შესაძლო მონაწილეს. თურმე გაძნელებიათ იმის დაჯერება, რომ ბექას არათუ არ უომია, სავალდებულო სამხედრო სამსახურიც კი არ ჰქონია გავლილი. მიზეზი რომ მისი ჯანმრთელობის რთული მდგომარეობა იყო, მხოლოდ მას მერე დარწმუნდნენ, რაც მედიკამენტების დანიშნულება საგანგებოდ გადაამოწმეს ადგილობრივ ექიმთან. გაწბილებულები მაინც გამოედავნენ - აბა, მთებში რაღას დადიხარო. როცა ბიოგრაფიული კითხვარის შევსებისას მისი განათლებით დაინტერესდენ, ფანჯრიდან გადაგდებით დამუქრებიან, თუ არ გაამხელდა სიმართლეს და იტყოდა ვინ იყო იმ სასწავლებლის ხელმძღვანელი, სადაც ბექა წლების წინ სწავლობდა. რატომღაც სასულიერო სემინარიისთვის პატრიარქის რექტორობა სრულიად დაუჯერებელ ამბად მიიჩნიეს.

ისიც კი უკითხავთ, რაც რუსებთან დავმალეთ და არ გვიხსენებია. ოსებს ბილიკის დასაწყისში გადაღებული ფოტო უნახავთ, რომელზეც ხუთის ნაცვლად შვიდნი ვჩანვართ. ჩვენთან ერთად თამარ წიკლაური (ტასო) და ტატო ლონდარიძე იყვნენ. იღბალზე ტატო შეუძლოდ გახდა და პირველივე საბანაკედან უკან გაბრუნდნენ. ტასოს მამას გენერლის ჩინი აქვს და საზღვარზე მუშაობს. ამის გამჟღავნება სერიოზულ პრობლემებს შეგვიქმნიდა და ვინ იცის, იქნებ ტასოს ოჯახსაც შეხებოდა. აქ ბექას ტყუილი, რომ ისინი უბრალოდ ნაცნობები იყვნენ ალპინიადიდან და მათ შესახებ სხვა არაფერი ვიცოდით, უყოყმანოდ დაიჯერეს. იგივე კითხვა ვატოსაც დაუსვეს. მიხვედრილა, რაღაც რომ იცოდნენ და ამოწმებდნენ. ბედად ვატოს პასუხი ბექას ჩვენებას დაემთხვა.

საკანში დაბრუნებულებს სანამ კითხვებით მივცვივდებოდით, ჯერ სახესა და მკლავებზე ვაკვირდებოდით, სისხლჩაქცევები ხომ არ ჰქონდათ. ასეთ შემთხვევაში თავის დაღწევის ყველა იმედი გადაგვეწურებოდა.

ჩემი ჯერიც დადგა. მესამე სართულზე ამიყვანეს. ოთახში, სადაც დაკითხვას აწარმოებდნენ, ფანჯარასთან სკამზე დამსვეს. ჩემს პირდაპირ, კარის გვერდით, მერხთან ისხდნენ დამკითხველი, თარჯიმანი და კიდევ ერთი კაცი, რომელიც პასუხებს ფურცელზე იწერდა. მათ გარდა, კიდევ ორი დაკუნთული ბიჭი კედელთან მიდგმულ საწოლზე იჯდა. ხელები გამიოფლიანდა, სკამს მოვეჭიდე. რამდენიმე წუთში დამკითხველი დოკუმენტების თვალიერებას მორჩა და გამომხედა:

- Sprichst du Deutsch?

-  Ja, ich spreche Deutsch, können sie auch Deutsch?

- არა, დამავიწყდა. ყველას გაეცინა და მეც მოვეშვი.

ჯერ თავიდან მომაყოლეს ყელიწადიდან გზის აბნევის და მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაკარგვის ამბავი. მერე ბიოგრაფიული მონაცემები ჩაიწერეს. ამაზე მეტად კი აინტერესებდათ მამის საქმიანობა, ჯარში სად იმსახურა, ძალოვან სტრუქტურებთან ან რომელიმე პარტიასთან ხომ არ თანამშრომლობდა. ისიც მკითხეს, მყავდა თუ არა იქაური ნათესავები. ვახსენე ბებია (მამის დედა) და მისი ძმის ოჯახი - ჯიკაევის გვარის მატარებლები. თურმე უშუალოდ ცხინვალელს გულისხმობდნენ, როგორც მერე გავიგე, გამოსასყიდს მარტივად ამოიღებდნენ ასეთის არსებობის შემთხვევაში. ახლა კი ჯიკაევი ნათესავებით დაინტერესდნენ. ცოტა გაუჭირდათ იმის დაჯერება რომ ოსური გვარით აქ თავისუფლად, ხელშეუხებლად ცხოვრობენ. აღარ გავიხსენე ერთ დროს შეშინებულები როგორ ეძებდნენ  ქართველ წინაპარს, მის გვარზე დასაწერად.

- რას ფიქრობ, როცა ქართველი პოლიტიკოსები ამბობენ, ოსები ცუდები არიანო?

- ომზე რა აზრის ხარ?

ვიდრე ამ კითხვებზე ჩემს ბანალურ პასუხებს თარჯიმანი გადათარგმნიდა - რომ ომი საშინელებაა, ოსებზე კი ასე არავინ ლაპარაკობს და თან ახალგაზრდები პოლიტიკოსებს სულაც არ ვუსმენთ; რომ ილაპარაკონ კიდეც, ჩვენ ხომ გვყავს ოსი მეგობრები და ნათესავები, ისინი არაჩვეულებრივი ადამიანები არიან. ისე კი ცუდი და კარგი ყველგანაა, როგორც ქართველებში, ისე თქვენს შორის – თქო, გაეღიმათ და თავი დააქნიეს. მივხვდი, ქართული მშვენივრად ესმოდათ.

კიდევ ერთი რამ იყო მათთვის აღმოჩენა, ვერაფრით გაეგოთ ისე როგორ ვენდობოდით ერთმანეთს, რომ ორი გოგო სამ ბიჭთან ერთად მთებში წავედით. ან მშობლები რა ჭკუაზე იყვნენ, რომ გაგვიშვეს. დამკითხველი თავს აქეთ-იქით აქნევდა, როცა ვუყვებოდი, თუ როგორ ლაშქრობს  ჩვენს გარდა კიდევ უამრავი ახალგაზრდა და ათვალიერებს ბუნებისა თუ კულტურის ძეგლებს.

გამოსვლისას გამაფრთხილეს: როცა ჩვენ გაგიშვებთ და ქართველები დაგკითხავენ, არ თქვა, ოსი ნათესავები რომ გყავს, თორემ ცუდად მოგექცევიან და ეცადეთ, სხვა დროს აქ აღარ მოხვდეთ, მეორე ჯერზე ციხეა!

საკანში დამაბრუნეს.

ახლა მზია აჰყავდათ კიბეზე.

შუადღე გადავიდა. საშინლად მოგვშივდა. ბადრაგმა კარცერის დერეფანში მაგიდაზე დალაგებულ ციხის ჭურჭელთან მიგვიყვანა. ხუთი ჯამი ავიღეთ. ეს რამდენი მოგაქვთ, აქ რესტორანი კი არ გვაქვს! ერთი დავტოვეთ, თუმცა მზარეულს ჩემსაში მეტი დავასხმევინეთ, მზიასაც რომ შეხვედროდა. ჩვენც ის გვაჭამეს, რაც თავისთვის უზარმაზარ ქვაბებში რამდენიმე დღის სამყოფად ჰქონდათ მომზადებული – ბარდის წვნიანი და მაკარონი ცხვრის ხორცით. მზარეულს „ბუზნეგე“ გადავუხადეთ და საკნებში დავბრუნდით.

ამასობაში მზიაც მოიყვანეს. დამკითხველებს მასთან ეჭვი გასჩენიათ, ნამდვილად ყელიწადზე ვიყავით თუ ყელის ტბაზე, რომელიც მათ კონტროლირებად ტერიტორიაზეა. ეჭვის მიზეზს მხოლოდ შინ დაბრუნებულები აღმოვაჩენთ. თურმე აქაური საინფორმაციოები ყვებოდნენ, როგორ გადავპარულვართ ყელის ტბაზე და დავუჭერივართ „მესაზღვრეებს“. ოსები ქართულ გადაცემებს თვალს ადევნებდნენ.

- აბა, მზია, რომელ ტბაზე იყავით, ჟირაფის ფორმა რომ აქვს თუ ლობიოსი?

- ლობიოს ფორმისაზე, თუ გინდათ მარშრუტს რუკაზე გაჩვენებთ.

როცა მზია კედელზე გაკრულ რუკაზე ჩვენს აბნეულ გზას თითს აყოლებდა, თარჯიმანს ოთახი დაუტოვებია, მასთან მხოლოდ ის ოფიცერი დარჩენილა – ვისაც ჩვენს პასუხებს უთარგმნიდნენ. მზია შეჩერდა, თარჯიმანს დალოდებია - ეს კაცი სადღა წავიდა? თავისთვის ჩაილაპარაკა.

„განაგრძე მზია, არაა პრობლემა“ – ქართულად უპასუხია ოფიცერს.

ყელის ტბის ამბის გასარკვევად ვატო და გიორგიც ხელახლა დაკითხეს. ბიჭებს ყელიწადზე გადაღებული ფოტოები უჩვენებიათ, გუგლის რუკაზეც მოუნიშნეს მარშრუტი, რომლის გამოყენებაც რატომღაც თავად არ იცოდნენ. ბოლო კითხვაზე, თუ რამდენ ხანში გაივლიდნენ ერთი ნაპირიდან მეორემდე, ვატოს ნათქვამ შვიდ წუთს დაუჯერეს, თავი დაუქნიეს, ყელის ტბა ხუთჯერ დიდია და ბევრად მეტი დრო დაგჭირდებოდათო.

მალე ბადრაგს ხუთივე დერეფანში გავყავართ. ავის მომასწავლებლად გაიჟღერა ბრძანებამ: თქვენი ნივთები დატოვეთ, აღარაფერში დაგჭირდებათ. ვიღაც იქვე, ფანჯრის რაფაზე დოკუმენტებს ალაგებდა ხელმოსაწერად. ეს რა დოკუმენტებია და სად მიგყავართ? ბადრაგმა კედელს მუშტი მისცხო, რამდენ კითხვას სვამთ, ხელი მოაწერეთ და მანქანაში ჩასხედით, დაგვიღრიალა.

წაგვიყვანეს, ვინ იცის სად? წინ სამხედრო იჯდა, მუხლებზე ავტომატით. თითოეულს გვაკვირდებოდა, მხოლოდ დიდ ლურჯ თვალებს ატრიალებდა უტყვ, გაშეშებულ სახეზე და არაფერს გვპასუხობდა. ალბათ გვაპატიმრებენ, ყელის ტბის ამბავი თუ დაგვაბრალეს. ვიცანით წინა საღამოს ნანახი ტრაფარეტები, მაჩაბლების კოშკები - ეს ჯავის გზა იყო. ღმერთო, ნეტავ იქ არ მივყავდეთ – მდინარის მეორე მხარეს კოლონია გამოჩდა.

ციხისკენ გადავუხვიეთ...

ნახეთ დღიურის მესამე ნაწილი

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში