საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ნინო ჭიჭინაძე სვანეთიდან - 100 წამი მთის ამბებზე

15:16 - 01 ივნისი 2019 hits 2481

31 წლის ნინო ჭიჭინაძე მე-9 წელია მასწავლებელია. აქედან პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში 6 წელია სვანეთის სოფელ იელის არასრულ საჯარო სკოლაში ასწავლის.

პირველ კლასში სამი მოსწავლეა, ნინო მათი დამრიგებელია. სკოლაში სულ 13 მოსწავლე ჰყავთ.

„პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ რომ არ ყოფილიყო და ამდენი პედაგოგი არ იყოს გამოგზავნილი, სოფლები დაიცლებოდა, იელიც. კალაში რაც უფრო ჩამოვიდნენ პედაგოგები, მას შემდეგ დაუბრუნდნენ სოფელს ოჯახები და მოსწავლეთა რაოდენობაც მზარდია.

ჩვენი სოფლის სკოლაში 12-13 ბავშვში ვტრიალებთ, მაგრამ პატარები ძალიან ცოტანი არიან. ალბათ მომდევნო წლებში შემომსვლელები აღარ იქნებიან“, - ამბობს ნინო.

9 კლასის დამთავრების შემდეგ იელიდან ბავშვებმა სწავლა წვირმის სკოლაში უნდა გააგრძელონ. იელიდან წვირმამდე 3 კილომეტრია. ამ გზას ბავშვები ხშირად ფეხით გადიან, განსაკუთრებით ზამთარში, როცა თოვლია და ტრანსპორტი არ არის. „ეს ძალიან დიდი პრობლემაა, სხვა სოფლებისთვისაც. 9 კლასის შემდეგ ბავშვებს სხვა სოფლებში გადასვლა უწევთ, ოჯახებს არიან მოწყვეტილები, გარდატეხის ასაკში ეს რთულია. წვირმში ვინც მიდის, ძნელია. ზამთარში მგლების კვალდაკვალ დადიან. სახელმწიფოს ნება რომ იყოს, ჩვენს სკოლაში რომ დაემატოს მომდევნო საფეხური, დღეს 13-ის ნაცვლად 20 ბავშვი იქნებოდა“.

მესტიიდან იელამდე არც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს. მანქანით დაახლოებით 40 წუთის სავალია, თუმცა გზა მოუწესრიგებელია, ზამთარში რამდენიმე დღით იკეტება კიდეც, ვიდრე ტრაქტორს გაგზავნიან გასაწმენდად. „ტრანსპორტი არ გვყავს, იოლად ვერ გადავაადგილდებით, მაგრამ მეორე მხარეც აქვს ამას, რაც თითქოს გვაერთიანებს, ერთმანეთზე ვზრუნავთ“, - ამბობს ნინო.

პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ მიზანია საქართველოს რეგიონების სკოლებში კვალიფიციური კადრების მოზიდვა და სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესება. სკოლაში სწავლების გარდა, ნინო სოფელში სხვადასხვა აქტივობებსაც გეგმავს და ახორციელებს.

სოფელი იელი ცნობილია მდინარე ენგურში ოქროს მოპოვების ტრადიციით.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში