„ჩემო ეზო, რავა დაგტოვე... ნიგვზებს წელს ასხია? აგერ, მსხლები... რომ მოვკვდე, აქ ვინ ჩამომიყვანს მე, ჩემს სახლ-კარს რომ გამოვემშვიდობო“,
სახლის ნანგრევებით სავსე ეზოში დადის ანერი კალანდაძე და ხან ხე-ხილს ათვალიერებს, ხან წაქცეულ ბოსელში შეიხედავს: „ნეტა იმ დროს, აქანა რომ ვწველიდი ძროხას! ეჰ, ჩემო ძროხებო...“
ანერი კალანდაძემ მეუღლესთან ერთად სახლის მშენებლობა სოფელ ხემაღალში 1990 წელს დაიწყო. 15 წელი, სანამ 6 ოთახი ბოლომდე არ მოაწყვეს, ცოლ-ქმარი ნალიის ქვეშ ცხოვრობდა.
ანერის სოფელში სტიქია 2025 წლის მაისში დაიწყო და ზაფხულის ბოლომდე ნგრევას რაც გადაურჩა, სექტემბერში მიწასთან გაასწორა. სტიქიის არეალი ხარაგულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში 68 ჰექტარზე გავრცელდა. გეოლოგებმა მეწყერი ასე შეაფასეს - „ძალიან ღრმა და ექსტრემალურად დიდი“.
„შპალიერი გაიხა, ბებო. ვეუბნები ჩემს შვილიშვილს, რაღაცა გლახადაა ჩვენი საქმე. კარნიზიდან რამდენიმე ადგილზე იყო გაპობილი. მეორე დღეს გავიხედე და კარები მთვრალი კაცივით იყო გადაქანებული. თენგო, ადექი ბებია, გონია, სახლი გვენგრევა-თქო, გამოვიყვანე ჩემი მძინარე შვილიშვილი და მართლა დაიქცა სახლი სულ. გამოვასწარი. ღმერთმა დამიფარა“.
ოჯახმა მხოლოდ ჯამ-ჭურჭელი გამოიტანა, საწოლი, კარადა, მაგიდა - მთელი ავეჯი ნანგრევებში დარჩა. მიწამ დალია 5 ჭური ღვინოც.
ორი კვირის წინ სახლის დაშლა დაიწყეს იმ იმედით, რომ მასალას სადმე სხვა მიწაზე გამოიყენებენ. 86 წლის მოხუცი ზესტაფონში გადავიდა. წელიწადი სრულდება, ქირით ცხოვრობს: „300 ლარს მთავრობა მაძლევს, ბებია, და 100 ლარს ბინის პატრონი მამატებინებს. 500 ლარამდე ვღებულობ პენსიას. ჭამა ხომ გინდა? სმა ხომ გინდა? რაღა დამრჩა ახლა მე?! იქ ისე ვარ, მიჭირს კი არა... რა მინდა იქ, კორპუსში?! იქ თუ ერთი წელი ვიცოცხლებ, აქ სამ წელს ვიცოცხლებ. სულ ვტირი. მოხუცებული რომ წავა იმ სოფლად, გახარებული უნდა წევიდეს და მე მკვდარი მაქვს გული“.
ხემაღალსა და ღვერკში ათობით შენობა მიწასთან გასწორდა. საცხოვრებლად უვარგისად იქცა 120-ზე მეტი სახლი, რომელთაგან ერთ-ერთი თამაზ იაშვილს ეკუთვნოდა.
„აქ დევიბადე, აქ გევიზარდე. ახლა მთელი თბილისი რომ მაჩუქო, იქ მაინც არ მინდა. წადითო. მე ვუთხარი, სად მიშვებთ, საქონელი სად წავიყვანო - ძაღლი, კატა... სასტუმროში წამოდითო. ესენი სასტუმროში წამოვიყვანო - მეთქი, ქათმები, ძროხები?!“
თამაზმაც დანარჩენებივით შარშან დატოვა სახლ-კარი, მაგრამ როგორც კი გამოზაფხულდა, უკან დაბრუნდა. სახლის უკან, სამზადისში ათევს ღამეს. სხვა გზა არ დარჩა, სხვა არავინაა მისი 50 წლის ცოლიკოურის ვენახის მომვლელი.
„ეს მიყვარს და შვილიშვილები“, - ცრემლების წმენდით გვათვალიერებინებს მსხმოიარე ყურძენს თამაზი. „ამის გულისთვის ვწვალობ. სულ მეტირება. ამას კაცი გააფუჭებს?! მთავრობას ფეხებზე ჰკიდია. გადით - მარტო ამას გაიძახიან. ვუთხარით, სამოსახლო მოგვეცით და ყველა ერთიანად დავესახლებით. არაო, სამოსახლოს არა, მაგრამ 30 000 ლარს მოგცემთო, ასე დაიწყეს. მერე 50 000-მდე ავიდნენ. წახვალ? - წახვალ, არ წახვალ და ნუ წახვალო, ფეხებზე ჰკიდიათ. იქ კი შემოჰყავთ უცხოელები. ფული აიღეს იმათგან და ჩვენ ფული რომ არ გვაქვს, სამოსახლოსაც არ გვაძლევენ“.
ახლა სხვა სოფლისკენ მივუყვებით. ბეტონის უზარმაზარი ფილები აქეთ-იქით ყრია. ბოძები, ღობეები, მინგრეულ-მონგრეულია გარშემო ყველაფერი. ეს ოდესღაც სოფელ კურსების გზა იყო.
„ჩავარდა მიწა დაბლა. აგერ წყალი დაგროვდა, ვეღარ გადადის და სახლამდე მოვიდა, შეხედე“, - კარგი მოზრდილი ტბორი სიმაღლიდან დაგვანახა გოჩამ. „ხეები წამიქცია და სახლსაც დამინგრევს ახლა. სახლში რაც გვიდევს, იმასაც დედა ეტირება. შეხედე, რამხელა წყალია, დენის ბოძი დამალულია უკვე. ახლა ვთხოვთ, გადაგვიყვანეთ ეს წყალი. ნაპრალი რომ მისცე, გზას იპოვის და დაიცლება. ეს ტბები ერთბაშად რომ წავიდეს, წაიღებს ქვემოთ მთელ მოსახლეობას.
გეოლოგები არ გვაძლევენ ნებასო. ვინ სიკვდილია ეს გეოლოგი, მე ვერ გევიგე. მომიყვანეთ, დამალაპარაკეთ, მის სახლში თუ იგუებს ამას. კი, დევიქეცი, მაგრამ რაცა მაქვს გადარჩენილი, ის ხომ უნდა გევიტანო სახლიდან? თუ მაგენი მიყიდიან და მომცემენ?!“
გოჩა ოჩიგავას ეზოში ღელე ჩამოდიოდა. 12 მარტის სტიქიის შემდეგ ჩამოშლილმა მიწამ წყალს გზა გადაუკეტა და უზარმაზარ გუბურად იქცა. სოფელში ასე რამდენიმე ნაკვეთია დატბორილი. გზა არც წყლისთვის გაუკეთებიათ, არც მოსახლეობისთვის გადარჩენილი ნივთების გასატანად.
„ვარ იქანა ნაქირავებში. მიხდიან ქირის ფულს, მაგრამ რამდენ ხანს უნდა ვიყო ნაქირავებ სახლში? ნაქირავებში რომ გადავედი, სად დამება იქ საქონელი, გავყიდე და დავრჩი ისე. ჩემი ხნის ხალხი ახლა უნდა იჯდეს და ისვენებდეს და მე ორ ადგილზე ვმუშაობ ბეტონზე. გათრეული მაქვს წელი. რომ დევიძინებ, გევიღვიძებ თუ არა, არ ვიცი.
რომ მომცენ ერთი პატარა მიწა, რომ ერთი ფიცრული შევჭედო, ახალი სახურავი აქვს ამ სახლს. ხეც ახალი აქვს. გზა რომ იყოს, დავარღვევდი იმ სახურავს, გევიტანდი, შევჭედავდი ფიცრისგან ერთ პატარა ქოხს და ვიქნებოდი შიგნით. არაფერი იმედი არ არის. კაციშვილი არ გვკითხულობს.
ჩამევიდა ზუპატაშვილიო და ჩეიწერა ჩვენი მონაცემები, ყველაფერს თქვენს სასარგებლოდ გადავწყვეტთო. წევიდა და 2 თვეა არ ჩანს. მოვა ახლა ზამთარი უკვე“.
გოჩა თავის ნასახლარზე, რომლის მეორე სართულს ახლა საქათმედ იყენებენ, გადარჩენილი ფრინველის დასაპურებლად მეუღლესთან ერთად ამოვიდა. ლეილა თარგამაძე გზად შეუძლოდ გახდა. როცა გული მოიბრუნა, გვითხრა, რომ ასე უკვე ხშირად ემართება:
„წამება, უძილობა, უიმედობა... ქალაქში ვერ გამივლია, მეშინია, მანქანა არ დამეჯახოს, სულ იმის ფიქრში ვარ, რა გვეშველება. სხვის გასაჭირს რომ ვისმენდი, ხარაგაულში რაც მოხდა, იმას განვიცდიდი და თურმე მე უარესი მელოდა“.
ლეილა სტიქიის ღამეს იხსენებს. გოჩა მორიგე იყო: „დამირეკა, ღამის ოთხის ნახევარი იყო, გამოდი გარეთ, ინგრევა ყველაფერიო. გავიხედ-გამოვიხედე და სახლი ჩვეულებრივ დგას. ეზოში გამოვედი და ტელეფონის შუქზე დავინახე, მიწა სულ დახეთქილი იყო. ჭიშკარი და ღობე დანგრეული, გზები აყრილი. ჩემდაუნებურად კივილი დავიწყე, მიშველეთ-მეთქი. მივრბივარ ზევით. იქიდან მიყვირიან, არ ამოხვიდე, ინგრევა ზემოთ ყველაფერიო.
ჩემმა მეზობელმა ძლივს მოასწრო ბავშვების გამოყვანა და იმ წუთში ჩამოიქცა მიწა. მობრუნდა მერე და აგერ უყენია მანქანა“, - მიგვითითებს ბეტონის დამსკდარ გზაზე, საიდანაც მანქანა ვერც წინ მიდის, ვერც უკან. „კიდევ ვერ ვაცნობიერებ, რომ ეს ჩემს თავს მოხდა. ეზოც აღარ არის, მიწაზე რომ ფეხი დაადგა. რა გვეშველება, არ ვიცი“.
გოჩა ოჩიგავამ რკინიგზაში 45 წელი იმუშავა. საპენსიო ასაკს რომ მიუახლოვდა, ქუთაისში სამოთახიანი ბინა გაყიდა და კურსებში, დაახლოებით 1500 კვადრატულ მიწაზე სახლის შენება დაიწყო. ბინიდან მიღებული 35 ათასი დოლარი სოფელში სახლის შავ კარკასს ეყო. პირველი სართულის გარემონტებას ნელ-ნელა აპირებდა, მეორე სართულს შვილმა და მომავალმა მიხედოსო. იმ ახლადაშენებული სახლიდან დღეს ნანგრევები დარჩა.
„არ მინდა მე ნაქირავებში. ჩემი მინდა მქონდეს. მე ერთი ათ წელიწადში მოვკვდები, თუ ვიცოცხლე კიდო მაგდენი. ჩემი გასასვენებელი სახლი ხომ უნდა მქონდეს?! ნაქირავებში უნდა გავსვენდე?!“
არეული საფლავები
შეკითხვას, სად უნდა დავიმარხო, სხვა დანარჩენ პასუხგაუცემელ კითხვებთან ერთად სვამს მთელი სოფელი. რამდენიმე მათგანი კურსების სასაფლაოზე შეკრებილი ვნახეთ. ვნახეთ ამოვარდნილი და გადაბრუნებული საფლავის ქვები, დაზიანებული ღობეები მემორიალების გარშემო. ზოგიერთი ჭირისუფალი თავის მიცვალებულს ვერ პოულობს.
„ვეღარ გაიგეს, რომელი ვისი საფლავია, ისეა ერთმანეთში არეული საფლავები. პირველ რიგში სასაფლაოს საკითხი დავაყენეთ. გამოაცხადეს, რომ სასაფლაო არის დახურული და ამიერიდან აქ აღარავინ დასაფლავდება. მაშინ მოვითხოვეთ, გამოგვიყავით მიწა სასაფლაოსთვის. დღესაც არაა მიწა გამოყოფილი. ღმერთმა ყველა დაიფაროს, ჯერ არ მომკვდარა არავინ, მაგრამ რომ მოკვდეს?! წევიყვანთ და დავასვენებთ მერიასთან“, - ჯონდო ბეროძე საკუთარ ეზოში შეგვიძღვა. ეზოში ერთსართულიანი დანგრეული სახლი დგას. 10 წლის ყოფილა, როცა მამამისს ამ სახლის მშენებლობა დაუსრულებია. სინამდვილეში, რასაც ვხედავდით, ის სახლის მეორე სართული გამოდგა. პირველი სტიქიას სრულად დაუმარხავს.
„მე აქანა 5 ძროხა მყავდა მარტო, ყველი მქონდა. საჭმელ-სასმელი არ მიჭირდა. ყურძენი მომყავდა, ჭურები ამოტრიალებულია აგერ ტალავერის ქვეშ. მარანი ავაშენე, ხის საწნახელი მაქვს, პრესები. ასფუთიანი ჭური მქონდა მარტო, იმდენი ყურძენი მომდიოდა. სიმინდი მქონდა და ყველაფერი ჩემი სამყოფი.
გზა რომ ყოფილიყო, ამ სახლს დავარღვევდი რამენაირად. რაცხა ქოხს გავაკეთებდი. საწოლი გადარჩენილია. შევიტანდი შიგნით და დავწვებოდი და დავიძინებდი იქ“.
ჯონდომ ჩვეულებას ვერ უღალატა და ანგრეულ-დანგრეულ ეზოში ბოსტნეული ამ გაზაფხულზეც დათესა: „მთის ჩიტი მთას შეაკვდაო, ნათქვამია. ისე ვარ მეც. აქანა დაბადებულ-გაზრდილი ვარ და სასახლე რომ ამიშენო სხვაგან, შეიძლება იქაც ვერ გავძლო“.
ჯონდოს ოჯახის ამბავიც დანარჩენების მსგავსია - სტიქიის შემდეგ სასტუმროში დააბინავეს. ერთ თვეში უთხრეს, ბინები იშოვეთ და ქირას ჩვენ გადაგიხდითო. ქირავნობის ექვსთვიან ხელშეკრულებას მალე ვადაც ამოეწურება და კურსების დანარჩენი 58 ოჯახის მსგავსად არ იცის, რა ელის, როდის გახსნიან გზას თუნდაც დროებით, რომ ნივთები ან ის ავტომობილები გამოიტანონ, რომლებიც უგზოობის გამო ოთხ თვეზე მეტია, სოფელშია ჩარჩენილი.
ცირა კურსების კიდევ ერთი დაზარალებული მკვიდრია: „ვითხოვთ გზის მცირე მონაკვეთის გახსნას დროებით მაინც. სანამ სულ დაინგრევა, გადარჩენილი ნივთების გატანა რომ მოვასწროთ. მეზობლების მანქანებია ჩარჩენილი და იმათი გაყვანა უნდა მოვახერხოთ როგორმე. და სასაფლაო, რომელიც სავალალო მდგომარეობაშია. პირველ რიგში ამ საკითხებს უნდა მიეხედოს. ეს მიცვალებულები არეულია და ძალიან განვიცდით ამას. ჩემი ოჯახი სვანეთში 1987 წელს დაიმეწყრა. იქიდან წამოსულებმა ააშენეს ეს სახლი. მას შემდეგ რამდენმა თაობამ ვაშენეთ, ვამატეთ, ყველა ღონე ვიხმარეთ. არაფერი აღარ გვრჩება, ერთი გოჯი მიწაც კი, რომ ცხოვრება გავაგრძელოთ“.
„მოწყალება“ თუ კომპენსაცია
ცხოვრების გასაგრძელებლად სახელმწიფო მათ მიზერულ კომპენსაციას ჰპირდება: 50 000 ლარს - იმ ოჯახებს, რომელთა არცერთ წევრს არსად სხვა საკუთრება არ გააჩნია, და 30 000 ლარს - თუ ოჯახის რომელიმე წევრს სადმე მცირე ფართი მაინც უფიქსირდება.
„30 000 და 50 000 ლარად მე ვერაფერს ვერ ავაშენებ. საბაზრო ღირებულებით შემიფასონ და მომცენ. აგერ, ქვემოთ ჭიშკარი ჩასვა ჩემმა ძმისშვილმა და 10 000 ლარი დაუჯდა. მაგ ფასად ჭიშკარს ვერ ჩავსვამთ დღეს. არ იციან, რა ღირს ან რკინა ან რამე? რაში გამევიყენო, მითხარი, ის შენი 30 000? მათხოვარს რომ 20 კაპიკიანს ჩოუგდებ, იგია მაგი, მეტი ხომ არაფერი?“, - ამბობს გოჩა ოჩიგავა.
ლეილა თარგამაძე: „30 000 ლარად ავტოფარეხს ვერ გააკეთებ და ფარეხში რომ არ იცხოვრებ? ასეთია კანონიო, 2012 წელს მიიღესო და შეცვალონ მერე ეს კანონი. ხომ ცვლიან, როგორც მათ უნდათ, ისე კანონებს? ესეც შეცვალონ.
ყველაფერი რომ გაძვირდა, ჩვენზე კარგად იციან მაგათმა“.
ციცო კირკიტაძე: „არის შესაძლებელი ეს. ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა, როგორც ვხედავთ, აწეულია, ხომ? თუკი ასეა, მაშინ, იმოქმედონ ამ ჩვენს დამეწყრილ და დაზარალებულ ხალხზე და ნორმალური პირობები შეგვიქმნან“.
ჯონდო ბეროძე: „ბიჭო, რა არის 30 000 ლარი. შემიშვან ერთ ოთახში და არ მინდა, მაგენს ჰქონდეს ის ფული, კაცო. ან იმდენი მომცენ, რომ მე თვითონ შევიძინო. ქუთაისში ჩამოსულებს შეხვედრაზე ეს რომ ვუთხარი, რავა, ხარაგაულში არ ეყოთ და არ გაჩუმდნენო? - ასე მიპასუხეს“.
ხარაგაულშიც ლარის კურსი ანალოგიურია, ისევე, როგორც სამშენებლო მასალებისა თუ მიწის ფასები. „მაგ ფასად აი, ამნაირ ბოსელს ვერ ავაშენებო“, - გვეუბნება ანერი კალანდაძე: „50 000 გეიტანეო და მე ვუთხარი, მაგით რა გავაკეთო, ბებია, იქნება მოგვიმატოთ პაწია, რომ რაღაცაში გვეყოს. სქელი ჯიბე უნდა სუყველას. თავისთვის უნდა იყონ კარგად და სხვა არ ეცოდებათ“.
„ვეძებთ ახლა ვითომ სახლს ზესტაფონისკენ. ხარაგაულს 1 ჰექტარი მიწა რომ მოეცა, 10 კაცი დასახლდებოდა. ერთად წავიდოდით სოფელი. ერთმანეთს მივეხმარებოდით და სახლებს ავაშენებდით. 10 მეასედი - მეტი ადგილი მე არ მინდა, სახლი დაეტეოდა და ეზო. არ გაიმეტეს. მერე ფულს ვინ შეჭამდა, აბა? სადაც არ ვივაჭრეთ, 50 000 დოლარი უნდა. 20 000 დოლარად ისეთი სახლებია, ვერ შეხვალ იმაში. ვიყავი ზესტაფონში, ვნახე ასეთი სახლი, ამაზე მეტად დაბზარულია. მაგისთანა მეც ქე მაქვს. მაგ ფულით ბოსელს ვერ ავაშენებ“.
თანხა, რომელსაც სტიქიით დაზარალებულებს სთავაზობენ, მთავრობის დადგენილებით ეკომიგრანტებისთვის არის განსაზღვრული. მაგრამ არიან თუ არა ეს ადამიანები ეკომიგრანტები, სადავო საკითხია. ადამიანის ჩარევით გამოწვეული ნგრევა ხარაგაულის სოფლების შემთხვევაში რკინიგზის მშენებლობას შეიძლება უკავშირდებოდეს. გვირაბები აფეთქებით გაჰყავდათ, რაც დასახლებებშიც მკაფიოდ იგრძნობოდა. სტიქიის შემდეგ გამოქვეყნებულ გეოლოგიურ დასკვნას რკინიგზის მშენებლობის გავლენა არც დაუდასტურებია და არც უარყვია. რაც შეეხება კურსებს, იქ აფეთქებებით ტეშენიტს მოიპოვებდნენ. სოფლის შემოგარენში 11 ათას ჰექტარზე ამ დრომდე 8 მოქმედი ლიცენზიაა გაცემული. ჩამოქცევის მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო 1960 წელს დახურული ქვანახშირის მაღაროც, მაგრამ მოსახლეობისთვის ცნობილი არ არის, იკვლიეს თუ არა ეს შესაძლო მიზეზები.
სოფელ კურსებში, 2026 წლის 12 მარტს განვითარებული მეწყრის გამომწვევ ორ მთავარ მიზეზად გეოლოგები ასახელებენ ამ ტერიტორიის ჰიდროგეოლოგიურ პირობებს და ატმოსფერულ ნალექებს. გეოლოგიურ დასკვნას გარემოს ეროვნული სააგენტო საჯაროდ ამ დრომდე არ აქვეყნებს.
გარემოს ეროვნული სააგენტო ორივე შემთხვევაში მოწადინებული იყო, დამანგრეველი პროცესები ბუნებრივი მოვლენებისთვის დაეკავშირებინა. სახელმწიფო ინტერესი ასეთ დროს გასაგებია - თუ მეწყერს ადამიანის ხელოვნური ჩარევა იწვევს, დაზარალებულებს ზიანი ქონების საბაზრო ღირებულებით უნდა აუნაზღაურდეთ.
„ამბობენ, ნაშახტარი ადგილი არისო. ეგი არ აწყობს არავის, რომ გაამხილოს. რაფრა შეიძლება, 60 მეტრზე ჩავარდა მიწა. რამ ჩააგდო? აქანა ტყეში მეწყერი ბევრჯერ ჩამოწოლილა.
მეწყერი მე გამიგია, რომ მოდის პირდაპირ ერთ ზოლში. ეგი რანაირი მეწყერია, აქ ჩავარდა და იქ გორად ამოვარდა“, - გაოგნებულია გოჩა ოჩიგავა.
სამივე განადგურებული სოფელი წლების განმავლობაში ოფიციალურად მეწყერსაშიშ ზონად მიიჩნეოდა. მიუხედავად ამისა, მაღალი რისკის ზონაში სახელმწიფო მძიმე ტექნიკით, აფეთქებების გამოყენებით სამშენებლო თუ სამრეწველო სამუშაოებზე ნებართვებს გასცემდა. შესაბამისად, სტიქია მოულოდნელობად ვერ ჩაითვლებოდა. ღვერკსა და ხემაღალში წელიწადი მთავრდება, კურსებისთვის კი მეხუთე თვე იწურება. ჯამში ორასამდე ოჯახმა ჯერ კიდევ არ იცის, ეღირსებათ თუ არა როდისმე საკუთარი ჭერი და სად გააგრძელებენ ცხოვრებას.