საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

გარესამყაროს მოწყვეტილი ქართული სოფელი საქართველო-ჩეჩნეთის საზღვართან - რეპორტაჟი ხონედან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

23:22 - 03 ოქტომბერი 2018 hits 48657

„ჩვენც რომ ავდგეთ და წავიდეთ, მერე ეს მესაზღვრეები და რეინჯერები შეუნარჩუნებენ სოფელს სტატუსს თუ სოფელს ასოფლებენ?!“, - 57 წლის ოთარ შეთეკაური პასუხის მოლოდინში კარგა ხანს ჩუმდება და მერე თვითონვე ამატებს, - „ავდგებით და წავალთ“.

არსად წასულა.

პირიქითა ხევსურეთის ბოლო, საზღვრისპირა სოფელ ხონეს შეთეკაურების 4 ოჯახი ამაგრებს. 

ჩეჩნეთის საზღვარი აქედან 5 კილომეტრშია. სოფელში მეუღლეებთან ერთად ირაკლი, ოთარ, ჩიორა და ვეფხო შეთეკაურები ცხოვრობენ. ზაფხულობით სოფელ ხონისჭალაში ჩადიან, პროდუქტს იმარაგებენ და ოქტომბრის ბოლოს ისევ ხონეში ბრუნდებიან გამოსაზამთრებლად.

„ეს ადგილიც რომ გაუდაბურდეს და პატრონი აღარავინ იყოს, რუსის ჯარი შეიძლება გადმოვიდეს!“ - გვეუბნება გაგა შეთეკაური, რომელიც სოფლამდე მეგზურობას გვიწევს. თვითონაც ხონელია.

7 თვე გარესამყაროს არიან მოწყვეტილები. უახლოესი პუნქტი, მუცოში, სასაზღვრო პოლიციაა. ექიმი ან ოჯახის წევრებთან დარეკვა რომ დასჭირდეთ, შატილამდე 20 კილომეტრი ფეხით უნდა იარონ.

„გზა ძალიან დიდი პრობლემაა. 4 წლის წინ რაც წაიღო წყალმა, იმის შემდეგ გამგეობა წელიწადში ერთხელ გზავნის ტრაქტორს ან ორჯერ, მაგრამ აკეთებენ მხოლოდ ერთჯერადად, გამგეობის ძალებით ამ გზის აღდგენა შეუძლებელია“.

2015 წელს, ხანგრძლივი წვიმების შემდეგ მოსულმა ღვარცოფმა სოფლამდე მისასვლელი გზა დაანგრია და მეცხვარე 600 სულ ცხვართან ერთად დამარხა. დღეს ხონემდე რომ მიხვიდეთ, სამხიდიანი ავტონანქანა გჭირდებათ, სხვა ნებისმიერი ტრანსპორტის დატოვება სოფლამდე 5 კილომეტრში, მდინარის პირას მოგიწევთ. წინ კი ციცაბო აღმართი და ორკილომეტრიანი საცალფეხო ბილიკია.

„ეხლა კარტოფილი იქედან გვაქვს ჩამოსატანი. უნდა ავიყვანოთ სამხიდიანი მანქანა აუცილებლად, რომ ის კარტოფილი ჩამოვიღოთ. მანქანის დაქირავება 1000 ლარზე ნაკლები არ არის. ან კიდევ ცხენებით უნდა ეზიდო ორ-ორი მეშოკი. შატილიდან კიდევ თუ რამეს მოიტან, ხელით უნდა ამოიტანო“,

ოთარ შეთეკაური ჯავრობს, რომ ასეთ რთულ პირობებში მცხოვრებ ადამიანებს ელემენტარული ხელშეწყობა არ აქვთ, ხელისუფლების წარმომადგენლები კი, რომლებსაც მათი პრობლემები დააინტერესებდათ, ხონეში არასდროს უნახავს. შატილობაზე ამოდიან მხოლოდ, საქეიფოდო.

„ჩვენთვის არავინაა, რამდენს ხმა მივეცით არჩევნებზე და რამდენი ვიარეთ შატილში, მაგრამ არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. ცუდად რომ გახდე ზამთარში, სასაზღვრო რომ არ იყოს, ჩვენ არავინ წაგვიყვანდა და არც არავინ ვერტალიოტს არ გამოგვიყოფდა. იყო პერიოდი, აი კომუნისტების დროს მართლა, ვერტალიოტიც იყო და სადაც გინდოდა, დასვამდი“, - ამატებს ოთარის მეუღლე, ლია შეთეკაური და იხსენებს, როგორ გაუჭირდა ექიმამდე მისვლა ერთ გაზაფხულს, - „ცუდად გავხდი. თავბრუსხვევები მქონდა, წავქცეულვარ და გრძნობა დამიკარგავს. მერე ცოტა რომ მოვიხედე და შევძელი, ჩავედი მუცოში და „ტოჩკამ“ ჩამიყვანა შატილში მიხა ექიმთან“.

ხონეში ვერც მთის კანონით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობენ - აქ არც გაზია და არც ელექტროენერგია.

4 წლის წინ, გაგა შეთეკაურის ოჯახს ჰესი კუსტარულად გაუკეთებია. ორ თვეზე მეტი არ უმუშავია. გაგას დათვლით, ჰესი რომ აღდგეს და ადგილობრივებს ელექტროენერგია უწყვეტად ჰქონდეთ, დაახლოებით 25 ათასი ლარია საჭირო.

„ხელისუფლების მხრიდან ამაზე არ ყოფილა საუბარი და უფრო საინტერესოა ის, რომ

მემგონი წარმოდგენაც არ აქვთ, რომ სოფელი ხონე რუკაზე არსებობს და ყველაზე მეტი მუდმივი მცხოვრები ჰყავს. ეს სოფელი ამაგრებს რეალურად ამ მხარეს, აქედან იწყება ხევსურეთი“.

ხონეში ახალგაზრდები აღარ არიან. ბოლოს, 15 წლის წინ, გაგას ბიძაშვილებს დაუტოვებიათ სოფელი. უკვე 50 წელი იქნება, რაც ხონეში სახლი არ აშენებულა. 27 წლის გაგა პირველია, ვინც ორი წლის წინ, მშობლიურ სოფელში მშენებლობა დაიწყო, თუმცა დღემდე ვერ დაასრულა. ხონეში ტურისტების მოსაზიდად ბიომრავალფეროვნების სახლისა და საოჯახო სასტუმროს მოწყობა სურს. პირველი სართული საკუთარი ხარჯებით ააშენა, მეორე სართულის დასასრულებლად და ნივთების შესაძენად კი სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ გრანტის მოპოვება სცადა. წელს პროგრამა დასრულდა, გაგას კი განაცხადზე პასუხიც არ მიუღია.

ამ თემაზე:

შატილს იქითაც საქართველოა

გიორგი ბოლქვაძე

Mtisambebi.ge-ს რეპორტიორი. დამთავრებული აქვს ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი, მონტაჟისა და ტელე-რეჟისურის განხრით. აშუქებს ადამიანის უფლებების, მთის და სოციალურ საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში