საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

რას სთხოვს პირიქითა ხევსურეთის ერთადერთი ექიმი ხელისუფლებას

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:05 - 18 მარტი 2017 hits 31367

უკვე წლებია, მიხა ექიმი, ზამთარ-ზაფხულ, თითქმის გაუსვლელად ცხოვრობს შატილში და მთაში დარჩენილთა თუ მესაზღვრეების ჯანმრთელობაზე ზრუნავს. ჰყავს მეუღლე და ხუთი შვილი - ოთხი ვაჟი და ერთი ქალიშვილი, ორი უმცროსი ჯერ კიდევ სკოლაში დადის. ის ფაქტი, რომ ხეობაში ეგულებათ სანდო და გამოცდილი „დოხტური“ (როგორც მას დიდი და პატარა ეძახის) და მხოლოდ ღვთის იმედად არ უწევთ დარჩენა, უკვე დიდი იმედია ხევსურთათვის, მიუხედავად იმისა, რომ შატილიდან, სადაც მიხეილ ჭინჭარაული ცხოვრობს ოჯახით, ხევსურეთის სხვა სოფლები 15-20-22 კილომეტრითაც შეიძლება იყოს დაშორებული.

- ბატონო მიხეილ, რამდენმა ადამიანმა გამოიზამთრა პირიქითა ხევსურეთში?

- ზაფხულობით მრავლად არის ხალხი, არც სტუმარი და ტურისტი გვაკლია, მაგრამ ზამთარში ცოტანი ვრჩებით. ჩვენ, ადგილობრივები ვართ და კიდევ მესაზღვრეები.

აქ მძიმე ზამთარი იცის და ცოტანი ვართ:

შატილში ყველაზე მეტი, 4-5 ოჯახია, მუცოსა და მუცოსჭალაში - თითო კომლი. ხანისძირს ვეძახით იმ ადგილს, იქ, ხონისჭალაში, ხონეში, არდოტსა და ანდაქში - თითო-ოროლა კომლია - ეგ არის და ეგ.

რთულია აქ ცხოვრება, მძიმე კლიმატს რთული პირობებიც ემატება: ელექტროენერგია მარტო შატილსა და მუცოშია, სხვაგან ლამპის შუქზე ცხოვრობს დღემდე ხალხი“, - ამბობს მიხეილ ჭინჭარაული.

შატილსა და ანატორს ზემოთ სოფლებში დღემდე არ იჭერს ტელეფონი.

ოქტომბრის ბოლოდან მოყოლებული იკეტება ერთადერთი სამანქანე გზა, რომელიც დათვიჯვრის უღელტეხილზე გადის (როგორც ამბობენ, ერთი-ორგან გვირაბი რომ იყოს ზამთარშიც იქნებოდა მიმოსვლა შესაძლებელი). ასე რჩებიან ხევსურნი ღვთის, ერთმანეთის, მესაზღვრეებისა და მიხა ექიმის იმედად.

ოქტომბრის ბოლოდან მოყოლებული ერთადერთი ნუგეში და იმედი მესაზღვრეთა შვეულმფრენის გამოჩენაა.

„შევარდნაძის დროს, ღმერთმა აცხონოს მისი სული, ლამის კვირაში ერთხელ იყო ფრენა. ახლა სეზონზე ორი სამოქალაქო რეისი თუ იქნება: ერთი მაშინ, როდესაც, სკოლაში პირველი სემესტრი მთავრდება და პროგრამით ჩამოსული მასწავლებლები გადაჰყავთ ბარში და მერეც, იანვარში, როცა იგივე მასწავლებლები ბრუნდებიან სკოლაში, ეს არის და ეს. ბოლო წლებშიც და წელსაც ასე იყო, იანვრის ბოლოს შესრულდა ფრენა.

არადა, აქ ვერტმფრენი რომ დაფრინავდეს ზამთარში თვეში ორჯერ მაინც, გაცილებით მეტი ხალხი დარჩებოდა, ბევრი ახალგაზრდა წამოვიდოდა და დამკვიდრდებოდა.

სამხედროები, ჩვენი მესაზღვრეები რომ არ იყვნენ, ალბათ ის ადამიანებიც აიყრებოდნენ, ვინც ხევსურეთში არიან დარჩენილები“, – ამბობს მიხა ექიმი.

ზაფხულში ტურისტებსაც იღებენ, მაგრამ ზამთარში მთაში დარჩენილები ძირითადად მესაქონლეობას მისდევენ, ზოგი საზღვარზე მუშაობს და ზოგსაც სკოლა აჩერებს.

„ვინმე ცუდად თუ ხდება და ექიმი სჭირდებათ, მატყობინებენ და მივდივარ. როგორ მატყობინებენ? ტელეფონი არ იჭერს, მაგრამ ან ვიღაც წამოვა, ან ზედა საგუშაგოზე სამხედროებს შეატყობინებენ, ისინი რაციით გადმოსცემენ და დამიკავშირდებიან. მეც მივდივარ. რითი? ფეხით, რასაკვირველია. ზამთარში აქ სხვაგვარად გადაადგილება არ გამოდის. ავიღებ ჩანთას და გავრბივარ. ხან მუხლებზე მაღალი თოვლია, მაგრამ უნდა ვიარო... საზვავეებია კიდევ, ამიტომ გაფრთხილება უნდა. ყოფილა შემთხვევა, ზვავმა იმსხვერპლა ადამიანები“.

გართულებული ამბებიც ახსენდება, პაციენტის დასახმარებლად წასული თავადაც მძიმე დღეში აღმოჩენილა:

„ერთხელ ბესიკ გოგოჭურს ტურისტები ჰყავდა ჩამოყვანილი. დამიკავშირდნენ. უღელტეხილზე დაშვებისას ერთ სტუმარს ორივე წვივის ძვალი ჰქონდა მოტეხილი. მივაღწიე იქამდე, დავადე თაბაშირი, საგზაო სამსახურის მანქანით წავედით ბარისახოსკენ. გუდანთან მძღოლმა ვეღარ მართა მანქანა და ხევში გადავვარდით. ორი ოპერაცია დამჭირდა მეც, ძლივს გადავრჩი.

მეორედ კიდევ, მაშინ ბარისახოში ვმუშაობდი, მე და ტარიელ არაბული წავედით მანქანით სოფელ დათვისში, სადაც პაციენტს ფილტვების ანთება ჰქონდა. 28 იანვარი იყო, მოყინულ გზაზე მოვსრიალდით. მაშინაც ძლივს გადავურჩი სიკვდილს.

მას მერე, საბედნიეროდ, მე პირადად, რაიმე გართულება აღარ მქონია, თუმცა სხვების დახმარება, ცხადია, მიწევს. შარშან ტყეში წასულმა ჩემმა ძმის შვილმა ორივე ფეხი მოიტეხა, პირველი დახმარება კი აღმოვუჩინე, მაგრამ რენდგენის გადაღება იყო საჭირო. ამინდის გამო, შვეულმფრენი ვერ წამოვიდა და მესაზღვრეებმა ხელით ატარეს ლებაისკარამდე, იქ დაჯდა ვერტმფრენი“, - იგონებს მიხა ექიმი.

შატილში რომ გადავიდა სამუშაოდ, 1999 წელს, რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომი მიმდინარეობდა და კარგად ახსოვს ჩეჩნეთიდან წამოსულ ლტოლვილთა ნაკადები. ქალები, ბავშვები, მოხუცები, დაჭრილები. პირველი დახმარების გაწევა მას უხდებოდა.

„ვერტმფრენებიდან ტყვიამფრქვევებს უშენდნენ ხალხს და უამრავი დაჭრილი იყო, ძალიან ბევრს დავეხმარეთ მაშინ, ბევრი გადავარჩინეთ“

დღემდე ასეა, ვისაც უჭირს - მესაზღვრე იქნება, რომელიმე სოფლის მკვიდრი თუ ტურისტი, მზად არის პაციენტის დასახმარებლად.

„აქ რაც შეგვიძლია ვაკეთებთ. რა შეგვიძლია? ახლა კუჭის რეზექციასა და ქოლეცისტექტომიას ვერ გავაკეთებ, თორემ ქირურგიული ინსტრუმენტები გვაქვს, აქვე შემიძლია: ჭრილობის დამუშავება, ნაკერების დადება, მოტეხილობის გასწორება, თაბაშირის დადება, ამოვარდნილობის გასწორება“.

ცარიელი ხელებით უწევს დიაგნოზის დასმაც და მკურნალობაც. სამაშველო ვერტმფრენის ლოდინში ხან დღეებიც გასულა.

- რაში ხედავთ ხევსურეთის განვითარების პერსპექტივას?

- „დღეს, როგორც გითხარით, სკოლა და სასაზღვრო პოლიცია ამაგრებს აქ ხალხს. თუ პირობები შეიქმნება, თუნდაც სამოქალაქო რეისები იქნება, მერწმუნეთ, გაცილებით მეტი ადამიანი დამკვიდრდება.

აქ გაზაფხულსა და ზაფხულს არაფერი შეედრება: წყალი კარგია, ჰაერი და ბუნება, ზაფხულში ხალხიც ბევრია... მთავარი ზამთრის გაძლებაა“.

თბილისიდან შატილამდე ერთი ავიარეისი საშუალოდ 5-6 ათასი ლარი ჯდება, თუ გამყოლი ჩინოვნიკები შატილში დროსტარებას არ მოჰყვებიან და ვერტმფრენს არ ალოდინებენ. ანუ, 6 თვეში, როცა უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო გზა ჩაკეტილია, სულ 12 ავიარეისი რომ შესრულდეს, მაქსიმუმ 60 ათასი ლარია საჭირო ადგილობრივი ბიუჯეტიდან. 60 ათასი ლარი თითქმის მეოთხედია იმ თანხისა, რასაც დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო პრემიის სახით იღებს ერთი წლის განმავლობაში. 2015 წელს დუშეთის მუნიციპალიტეტში 222 000 ლარია პრემიის სახით გაცემული.

თინათინ მოსიაშვილი

Mtisambebi.ge–ს რეპორტიორი, გეოგრაფი. კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. აშუქებს მთის, სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში