საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ლენტეხი-მესტიის გზის პროექტზე 4 მილიონ 688 ათასი ლარი დაიხარჯება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:33 - 13 მარტი 2017 hits 19490

ლენტეხი-მესტიის 35-კილომეტრიანი საავტომობილო გზის და 6-კილომეტრიანი გვირაბის საპროექტო სამუშაოებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონ 688 ათას 848 ლარი დაიხარჯება. პროექტს სს „ინსტიტუტი იგჰ, სააქციო საზოგადოება სამოქალაქო მშენებლობის კვლევებისა და განვითარების საკითხებში“ ასრულებს.

როგორც „მთის ამბებს“ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტში განუცხადეს, ამ დროისთვის, ლენტეხი-მესტიის 35-კილომეტრიანი საავტომობილო გზის და 6-კილომეტრიანი გვირაბის დეტალური პროექტი მზადდება, ტენდერი მშენებლობაზე კი საპროექტო სამუშაოების დასრულების შემდეგ გამოცხადდება. პროექტი 2017 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. მშენებლობა კი, სავარაუდოდ, 2018 წელს დაიწყება.

ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი გზა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ ინიცირებული ქვეყნის სივრცითი მოწყობის პროექტის ნაწილია. „ამ გზის და გვირაბის აშენების შემთხვევაში სვანეთი აღარ იქნება მხოლოდ ზაფხულის მიმართულება. შესაძლებელი გახდება სვანეთში მგზავრობა ზამთარშიც და უამინდობაშიც, რაც გააუმჯობესებს სვანეთის მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს და გაზრდის სვანეთის მიმზიდველობას ტურისტებისთვის. ეს კი გაზრდის ტურისტთა რაოდენობას წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს და მესტიის და უშგულის გარდა დატვირთავს სვანეთის სამთო-სათხილამურო კურორტებს - თეთნულდს და ჰაწვალს. ბუნებრივია, შედეგად სვანეთში უნდა ველოდოთ ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნას, ახალ ინვესტიციებს და რაც მთავარია, ახალ სამუშაო ადგილებს,“ - განაცხადა ქვეყნის სივრცითი მოწყობის პროექტის პრეზენტაციაზე პრემიერ-მინისტრმა.  

სს „ინსტიტუტი იგჰ, სააქციო საზოგადოება სამოქალაქო მშენებლობის კვლევებისა და განვითარების საკითხებში“ ხორვატიაში დაფუძნებული ამავე სახელწოდების კომპანიის ქართული ფილიალია და 2016 წლის 26 სექტემბერს არის დარეგისტრირებული. ეს კომპანია მუშაობს სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ფშაველის და ზემო იმერეთი (საჩხერე) - რაჭის დამაკავშირებელი 50-კილომეტრიანი გზის სამშენებლო პროექტზეც.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში