საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ჯანდაცვის სამინისტრომ კურორტ გოდერძიზე მომხდარი უბედური შემთხვევის შესწავლა დაიწყო

15:45 - 01 თებერვალი 2017 hits 4666

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ კურორტ გოდერძიზე 32 წლის თემურ გაბაიძის გარდაცვალების ფაქტის შესწავლა დაიწყო. გარდაცვლილის მეუღლეს, ნაზიბროლა გაბაიძეს რამდენიმე მოთხოვნა აქვს, მათ შორის შესწავლის შედეგად დადგინდეს, არის თუ არა დაცული გოდერძის უღელტეხილზე არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები.

32 წლის თემურ გაბაიძე კურორტ გოდერძიზე 2017 წლის 1-ელ იანვარს დაშავდა, რამდენიმე დღის შემდეგ კი გარდაიცვალა.

„2017 წლის 01 იანვარს დაახლოებით 14 საათსა და 10 წუთზე, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დასჭირდა ჩემს მეუღლეს თემურ გაბაიძეს. კერძოდ, თემურ გაბაიძე მოთავსდა ხულოს მუნიციპალიტეტში, გოდერძის უღელტეხილზე არსებულ სამედიცინო პუნქტში.

თემურ გაბაიძე აღნიშნულ სამედიცინო პუნქტში შევიდა შემდეგი გარემოებებითა და სიმპტომებით: ძლიერი დარტყმა თავის მარჯვენა არეში, დარტყმის შედეგად გონების კარგვა რამდენიმე წუთით, სისხლჩაქცევა მარჯვენა თვალის არეში, ღია ჭრილობა შუბლზე მარცხნივ და ძლიერი გულისრევა, რაც გრძელდებოდა სამედიცინო პუნქტში თემურ გაბაიძის მოთავსების სრული პერიოდის განმავლობაში.

აღნიშნული გარემოებები და სიმპტომები (ძლიერი დარტყმა თავის არეში, დარტყმის შედეგად გონების კარგვა, სისხლჩაქცევა მარჯვენა თვალის არეში, ღია ჭრილობა შუბლზე და ძლიერი გულისრევა) ექიმის მიერ მყისიერად არ შეფასდა, როგორც კრიტიკული. ექიმმა გადაწყვიტა პაციენტი დაეტოვებინა კურორტის სამედიცინო პუნქტში დაკვირვების ქვეშ და მანამ არ მიიღო მისი დაუყოვნებელი ტრანსპორტირების შესახებ გადაწყვეტილება, სანამ თემურ გაბაიძეს არ დაეწყო ცნობიერების დაბინდვა.ზემოაღნიშნულის გამო დაიკარგა თემურ გაბაიძის გადარჩენისათვის საჭირო ძვირფასი დრო. კერძოდ, თემურ გაბაიძე აღნიშნულ სამედიცინო პუნქტში შევიდა 2017 წლის 01 იანვრის 14:10 საათზე და მისი ტრანსპორტირება კურორტის სასწრაფო დახმარების მანქანით დაიწყო 17:10 საათზე. თავის ტვინის ტრავმული დაზიანების დროს კი, რაც გამოხატული იყო შესაბამისი სიმპტომატიკით პირველივე წუთებიდანვე, ყოველ წუთს აქვს სიცოცხლის გადარჩენისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა, რაც დადასტურდა პაციენტის გარდაცვალების ფაქტით და რაც მიუთითებს იმაზე რომ პაციენტზე ხანგრძლივი დაკვირვების ნაცვლად მისი სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია იყო საჭირო“, – აღნიშნავს გარდაცვლილის მეუღლე საჩივარში.

ნაზიბროლა გაბაიძეს მიაჩნია, რომ ექიმის მოქმედებები მეტყველებს მის სრულ არაპროფესიონალიზმზე, მეტიც, მისი როგორც ექიმის გულგრილობასა და პროფესიული ეთიკის უგულვებელყოფაზე.

„მაგალითისათვის კმარა თავად მისი სატელევიზო კომენტარი. კერძოდ, იგი აღნიშნავს, რომ თემურ გაბაიძის უწყვეტი გულისრევა მარტივად შეიძლებოდა, ყოფილიყო ინტოქსიკაციის და არა სულ მცირე ძლიერი ტვინის შერყევის ნიშანი, აღარაფერს ვამბობ ტვინის ტრავმულ დაზიანებაზე. პროფესიულ ეთიკურობასა და არაკომპეტენტურობაზე მეტყველებს ისიც, რომ ექიმი გულისრევას ახალი წლის დღესასწაულზე ტრადიციული გადაჭარბებული მოლხენით გამოწვეულად მიიჩნევს იმ პირობებში, როცა მისთვის ცნობილი იყო, რომ შემთხვევა სათხილამურო ტრასაზე მოხდა.

აქვე დავამატებ იმასაც, რომ პაციენტის გადაყვანა დაბა ხულოში არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში მოხდა ისეთი სატრანსპორტო საშუალებით, რომელიც ვერ აკმაყოფილებდა მინიმალურ მოთხოვნებსაც კი. კერძოდ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა არ იყო აღჭურვილი სათანადო აპარატურით (მაგალითად ჟანგბადის ბალონით) და არ იყო მორგებული ავადმყოფის საჭიროებებზე. ხშირად გვიხდებოდა შეჩერება ე. წ. „საკაცის“ გასასწორებლად. მთელი გზის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა ე.წ. „საკაცის“ ერთ ადგილას ფიქსაცია, რაც ისედაც რთულ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებდა. აღსანიშნავია ისიც, რომ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანის თოვლის საფარიდან გათავისუფლებას დასჭირდა 40 წუთზე მეტი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სამედიცინო პერსონალი არ იყო მუდმივ მზადყოფნაში და გულგრილად ეკიდებოდა თავიანთ მოვალეობებს“, – აცხადებს ნაზიბროლა გაბაიძე.

2017 წლის 13 იანვარს 00:33 საათზე, თემურ გაბაიძე ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ნაზიბროლა გაბაიძე ითხოვს, სამინისტრომ შეისწავლოს არის თუ არა დაცული გოდერძის უღელტეხილზე არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის N359 დადგენილების მოთხოვნები. ასევე, განმცხადებლის მოთხოვნაა, შესწავლილ იქნას გოდერძის უღელტეხილზე არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე მკურნალი ექიმის მიერ შეფასდა თუ არა პაციენტის მდგომარეობა სამედიცინო თვალსაზრისით მართებულად და მისთვის გაწეული დახმარება იყო თუ არა მდგომარეობის ადეკვატური.

„ვითხოვ, შეამოწმონ ექიმის კვალიფიკაციაც, კერძოდ, არის თუ არა საკმარისი მისი კვალიფიკაცია მსგავს სიტუაციაში მყოფ პაციენტს გაუწიოს პირველადი სამედიცინო დახმარება და მოქმედი კანონმებლობით დასაშვებია თუ არა მხოლოდ მსგავსი პროფილით მომუშავე ექიმის საქმიანობა აღნიშნულ სამედიცინო პუნქტში. ეს უკანასკნელი ეხება არამხოლოდ ჩემი მეუღლის ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტს, არამედ სამომავლოდ სხვათა სიცოცხლის დაცვასაც. რადგან ექიმის სამედიცინო საქმიანობა მიმაჩნია საფრთხის შემცველად კურორტის სხვა დამსვენებლებისათვის, რომლებსაც სეზონის დასრულებამდე შეიძლება, დასჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება (ე.ი. არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი), მოვითხოვ, მას დროებით, მოკვლევის პერიოდით, შეუჩერდეს სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლება და მოხდეს მისი კვალიფიციური პერსონალით (სასურველია ტრავმატოლოგით) ჩანაცვლება“, – აღნიშნულია საჩივარში.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამთო კურორტ „გოდერძიზე“ სამედიცინო სერვისის მიწოდებას უზრუნველყოფდა შპს „ემერჯენს სერვისი“, რომელმაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. თავის მხრივ, სამთო-სათხილამურო კურორტებზე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის მიწოდებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიამ მიმართა.

„სამთო-სათხილამურო კურორტებზე, მათ შორის ყველაზე მაღალი დონის სამედიცინო და უსაფრთხოების სტანდარტების შემთხვევაშიც კი, სამწუხაროდ, ხდება ასეთი შემთხვევები და ხშირია სხვადასხვა სიმძიმის ტრავმული დაზიანებები. თუმცა თუკი სამედიცინო მოვლის პროცესში გამოვლინდა დარღვევები, ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის რეაგირებას მოახდენს,“ - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ამავე თემაზე: უბედური შემთხვევა გოდერძიზე

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში