საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

რაჭაში, შესაძლოა, მთის ახალი კურორტი მოეწყოს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

12:38 - 30 იანვარი 2017 hits 12726

რაჭაში, ბუბას მყინვარზე, შესაძლოა, მთის ახალი კურორტი მოეწყოს. კურორტის პოტენციალს სპეციალისტები რაჭის განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობის პროცესში შეისწავლიან.

„ბუბას მყინვარზე ნოემბრიდან მაისამდე თოვლია, თან კარგი ხარისხის. იყვენენ იქ სპეციალისტები და მათი შეფასებით, იქ სამთო კურორტის მოწყობა შეიძლება. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებელია კურორტის პოტენციალის დეტალური შესწავლა, რაც რაჭის განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობის პროცესშია დაგეგმილი. გენერალურ გეგმაზე მუშაობის დროს დეტალურად იქნება შესწავლილი ყველა ის შესაძლებლობა, რაც რაჭის სხვა კურორტებს - უწერას და შოვს აქვთ. კარგ სამთო კურორტად ქცევის პერსპექტივა აქვს შოვსაც,“ - აღნიშნა „მთის ამბებთან“ საუბარში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა, პაპუნა მარგველიძემ.

ბუბას მყინვარი ონის მუნიციპალიტეტში, რაჭის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მწვერვალ ბუბას სამხრეთ კალთაზე მდებარეობს. მყინვარის სიგრძე 2,7 კილომეტრია, ფართობი 1,5 კმ². მყინვარის ენის ბოლო 2765 მ-მდე ჩამოდის.

საქართველოს ქალაქებისა და სოფლად განაშენიანების რეგულირების გეგმის შექმნა მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ნაწილია. „სწორი სივრცითი მოწყობით საქართველო გახდება ოთხი სეზონის ტურისტული ქვეყანა, რაც უზრუნველყოფს ტურიზმიდან ახალი შემოსავლების მიღებისა და წლის განმავლობაში მათი სტაბილური განაწილების საშუალებას. მთელი საქართველოს მასშტაბით დაპროექტდება და დაიგება რაიონების დამაკავშირებელი სატრანსპორტო ქსელი, რომელიც ყველა რეგიონს მჭიდროდ დააკავშირებს ერთმანეთთან. გეოგრაფიული მდებარეობა აღარ იქნება ბარიერი ბიზნესის წარმოებისა და გადაადგილებისთვის. საქართველოს საავტომობილო გზების ქსელი გახდება მიმზიდველი სატრანზიტო გადაზიდვებისათვის, ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას, განაპირა და მაღალმთიან რეგიონებში სოფლის მეურნეობის განვითარებასა და რეგიონების დაკავშირებას,“ - აღნიშნულია მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაში.

რაჭის გენერალური განვითარების გეგმის შექმნაზე ტენდერი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უნდა გამოაცხადოს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში