საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ყაზბეგის ცენტრში მშენებარე ობიექტი გერგეტის სამების და მყინვარწვერის ხედს ფარავს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

19:02 - 19 იანვარი 2017 hits 11306

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ყაზბეგის ცენტრში კომერციული დანიშნულების ობიექტის მშენებლობა კი შეაჩერა, მაგრამ დამკვეთი ელიზბარ ჯანუყაშვილი მშენებლობის გაგრძელებას ითხოვს. მშენებარე ობიექტი ალექსანდრე ყაზბეგის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან, რომელიც ტურისტულად ხალხმრავალი ადგილია, თითქმის მთლიანად ფარავს გერგეტის სამების და მყინვარწვერის ხედს.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სნოში მცხოვრებ ელიზბარ ჯანუყაშვილს ალექსანდრე ყაზბეგის ძეგლის უკან ორი, ნაწილობრივ სამსართულიანი კომერციული დანიშნულების ობიექტის მშენებლობაზე აქვს ნებართვა. ელიზბარ ჯანუყაშვილმა 2016 წლის ნოემბერში სანებართვო პირობები დაარღვია და სრულად სამსართულიანი შენობა ააშენა. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ჯემალ სუჯაშვილის განცხადებით, 14 ნოემბერს, გამგეობამ პროექტის დარღვევისთვის დამკვეთი 200 ლარით დააჯარიმა. ამ დროს შენობის მესამე სართულის ძირითადი კონსტრუქციის მშენებლობა უკვე მთლიანად დასრულებული იყო.

„2016 წლის ზაფხულში, როდესაც ელიზბარ ჯანუყაშვილმა მშენებლობის ნებართვის მისაღებად მოგვმართა, ეს საკითხი დაწვრილებით გავიარეთ და შევჯერდით ორ სართულსა და მანსარდაზე. სამშენებლო ნებართვაც ამაზე გაიცა. ნოემბერში მოხდა სამშენებლო დოკუმენტის დარღვევა, რის გამოც დამკვეთი დაჯარიმდა. ახლა მშენებლობის ნებართვის გამცემმა ორგანომ უნდა იმსჯელოს და მიიღოს გადაწყვეტილება, ან ეტყვის, რომ გააგრძელოს მშენებლობა თუ ნორმები და წესები არ არის დარღვეული. ისეთ შემთხვევაში, თუ დავუშვათ მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო გადაწყვეტს, რომ დარღვეულია მშენებლობის ნორმები და წესები, შეუძლია მოსთხოვოს განმცხადებელს, რომ ობიექტი დაუბრუნოს პირვანდელ მდგომარეობას.

- ვინ განიხილავს დამკვეთის ახალ განცხადებას, კომისია თუ არქიტექტურის სამსახური?

- ასეთი მომეტებული საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გამგეობის არქიტექტურის სამსახურმა მიმართა გამგებელს, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, ან დროებითი კომისია, სადაც მოწვეულები იქნებიან როგორც საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე, არქიტექტორები, მოსახლეობა. გადაწყვეტილებას მიიღებს ეს სამუშაო ჯგუფი ანუ კომისია.

- ახალი, კორექტირებული პროექტით რას ითხოვს დამკვეთი?

- სამი სართულის, რაც უკვე არსებული და დარღვეულია, მაგის შენარჩუნებას ბრტყელი გადახურვით.

- აქამდე ვერ ხედავდით, რომ სამშენებლო პირობებს არღვევდა?

- კი, როგორ ვერ ვხედავდით. მე ვიყავი ორი დღით თბილისში წასული. მშენებლობის პროცესი როგორც ხდება, გამზადებული ბეტონი ჩამოაქვთ, კონსტრუქციების მოწყობასაც დიდი დროს არ ჭირდება.

- იმის თქმა გინდათ, რომ მესამე სართული ორ დღეში დაადგეს?

- არა. მე მაშინვე მივედი, დამკვეთი არ იყო და მივუთითე, რომ შეეჩერებინათ მშენებლობა.

- თქვენ არქიტექტურის სამსახურს ხელმძღვანელობთ. ემხრობით ასეთ მშენებლობას?

- ეგ უკვე სხვა საკითხია. ეჭვი მაქვს, ვინმეს უყვარდეს ჩემზე მეტად ან ეს ხედი, ან სამება, ან მყინვარწვერი, მაგრამ მაგაზე მე პასუხს ვერ გაგცემთ იმიტომ, რომ  მე შეიძლება კომისიის წევრი ვიყო და წინასწარ არ მინდა ჩემი პოზიციის გაჟღერება. ამასთან, კვლევა ჩატარდა, საზოგადოებრივ-საქმიანი ზონაა, სადაც კოეფიციენტები არის ძალიან დიდი. ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაცია დაბაში არ არსებობს, აქედან გამომდინარე კოეფიციენტები დგინდება მიწის ნაკვეთის გარშემო 50 მეტრის რადიუსის პერიმეტრში ხდება კვლევა, რომელიც მოვთხოვეთ. წარმოგვიდგინეს. შეეძლო მოეთხოვა 4-5 სართულის მშენებლობა. მაქსიმალურად შევამცირებინეთ, რომ კერძო საკუთრების უფლებაც არ დარღვეულიყო და ორ სართულზე, მანსარდასა და ქანობიან სახურავზე გაიცა ნებართვა, მაგრამ მოხდა დარღვევა, დაშენდა კიდევ ერთი, მესამე სართული. თუმცა, არც ეს ფარავს არც გერგეტის სამებას და არც მყინვარწვერს, შეგიძლიათ გადაიღოთ. ნაწილობრივ, პატარა სივრცეს ფარავს, რაც არასასიამოვნია, მაგრამ მეორე მხარეც არის მანდ-კერძო მესაკუთრე“, – ამბობს ჯემალ სუჯაშვილი.  

„მთის ამბები“ არკვევს, როგორც გახდა ყაზბეგის ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორია კერძო საკუთრება.

ალექსანდრე ყაზბეგის ძეგლის უკან ობიექტის ამ ფორმით მშენებლობას უარყოფითად აფასებენ ტურიზმის მიმართულებით მომუშავე სპეციალისტები.

ლევან რევაზიშვილი, „ინფო გიდების“ ადმინისტრატორი: „ამ შენობის ამშენებელმა და ნებართვის გამცემმა ყაზბეგის ხედი მოპარეს საქართველოს“.

ქეთევან ახობაძე, სერტიფიცირებული გიდი და „ჯორჯიან ვაინ ტურსის“ დამფუძნებელი: „ხედი აღარ არის! ხედი, რომელიც სტეფანწმინდის სილამაზე და სიამაყე იყო, უსახურმა შენობამ უნდა დაფაროს. საშინელი ფაქტია. ავსტრიელი სტუმრები მყავდა სტეფანწმინდაში დეკემბრის დასაწყისში. „ჩვენ ხედებს ვყიდით, ტურისტებმა რომ უყურონ და ამაში ფული გადაიხადონ. თქვენ, როგორც ჩანს, ეს ხერხი ჯერ არ იცითო“, - მითხრეს.

ოთარ ჯაფარიძე, სამთო გიდი: „საქართველოში რამდენიმე ხედია, რომელიც სავიზიტო ბარათია ტურისტებისთვის და ისინი, მართლაც, მსოფლიო საგანძურს წარმოადგენენ. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ერთ-ერთი მათ შორის სტეფანწმინდიდან გადაღებული ეს ხედია, რომლის გაფუჭება, ჩემი აზრით, დანაშაულია. ის ადამიანები, რომლებიც მოხევეობის ხათრით, მშენებარე ობიექტის მეპატრონეს ხათრს ვერ უტეხენ, სამუშაო რომ დააკლდებათ, მაშინ რას იტყვიან? მსგავსი მშენებლობები დროთა განმავლობაში აუცილებლად შეამცირებს აქ ვიზიტორთა რაოდენობას“.

სალომე კვარაცხელია, გიდი: „მსგავსი მშენებლობის დაშვება ასეთ ადგილას, ნიშნავს იმას, რომ ვეღარც მორიგ მშენებლობებს ეტყვიან უარს. არადა, თუ მსგავსი ხედები დაიბლოკა, ტურისტული ადგილი ნელ-ნელა ფასს კარგავს.

ნატალია ანდრონიკაშვილი, გიდი: „ამ ხალხს არ ესმის, რომ არ არის აუცილებელი ყველაფერი იმ ერთ პატარა მოედანზე დადგან. კარგი ობიექტი გაიხსნას და მოშორებითაც სიამოვნებით მივა სტუმარი“.

ნინო არაბული, გიდი: „ეს ხედი ყაზბეგის მთავარი სავიზიტო ბარათია, არაერთი ჟურნალის ყდაზე რომ დაბეჭდილა. თუ შენდება, დაბალი, ერთსართულიანი შენობა აშენდეს, რომელსაც კლიენტიც არ მოაკლდება.

ამ ხედის დაფარვა მავნებლობა და დანაშაულია. მე ხევსური ვარ და მესმის, მთაში ცდილობენ ერთმანეთის საწინააღმდეგოდ რამე არ თქვან, მაგრამ ამ შემთხვევაში საერთო საქმე ფუჭდება“.

„მანდ არასდროს სურათი არ გადაღებულა და ვერ გადაიღებდნენ იმიტომ, რომ იყო ძალიან დიდი ხე, რომელიც მთლიანად ფარავდა ფონს. იყო ნაგვის ბუდე და მთელი კანალიზაცია ამოდიოდა. კაცი ვერ ეკარებოდა ახლოს. ეს ყველაფერი მოწესრიგდა ჩემი სახსრებით. მე მაქვს ყველა დოკუმენტი და ფოტომასალა შენახული და შემიძლია ყველა დაინტერესებულ პირს ვანახო. კომუნისტების დროსაც კი მაგ ადგილას იყო ტუალეტი და მანდ არანაირი კულტურული ღონისძიებები არ ტარდებოდა. ეს იქნება სანიმუშო ადგილი და ყაზბეგის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი“, – ასე პასუხობს ელიზბარ ჯანუყაშვილი, მშენებარე ობიექტის მეპატრონე გერგეტის სამების და მყინვაწვერის ხედის დაფარვით უკმაყოფილო პირებს.

„არანაირი ხედი არ იმალება და არ იკარგება, აბსოლუტურად ყველაფერი ჩანს. როგორ შეიძლება ათმეტრიანმა შენობამ დაფაროს მყინვარწვერი, ან გერგეთის სამება. ასი მეტრია მოედნის სიგანე და ჩემმა, თხუთმეტი მეტრის სიგანის შენობამ როგორ უნდა დაფაროს მყინვარწვერი? თუ შენობის ძირში დავდგებით, ეგრე ძეგლთანაც რომ დავდგეთ, ძეგლიც ფარავს ამ ფონს და მაშინ ძეგლიც ავიღოთ და გადავიტანოთ სხვა ადგილზე“, – აღნიშნავს ჯანუყაშვილი.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში