საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ქვანახშირი - წამგებიანი ბიზნესი, რომლითაც ტყიბული ცხოვრობს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

22:56 - 11 თებერვალი 2022 hits 21381
ფოტოზე - ტყიბულელი მეშახტე დავით ცნობილაძე
საზოგადოება
ფოტოზე - ტყიბულელი მეშახტე დავით ცნობილაძე

„ტყიბულში ვიმყოფებით და, რა თქმა უნდა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ისტორიული ქალაქი მართლაც გამორჩეულია თავისი სილამაზით, თავისი არჩვეულებრივი ბუნებით და უზარმაზარი პოტენციალით ტურიზმის გასავითარებლად, - ეს სიტყვები პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2021 წლის სექტემბერში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე, ტყიბულში წარმოთქვა.

არჩევნების შემდეგ, ცენტრალური ხელისუფლებიდან ტყიბულში აღარავინ ჩასულა. მთავრობის უმაღლესი პირები არც 30 იანვარს მომხდარ ტრაგედიას გამოხმაურებიან - მინდელის შახტში, აფეთქებას ერთი მეშახტის სიცოცხლე შეეწირა, რვა კი დაშავდა. 

გელათის სამონასტრო კომპლექსი, მოწამეთას მონასტერი, ზღვის დონიდან 1500 მეტრზე მდებარე ცხრაჯვარი, ცუცხვათის მღვიმოვანის ბუნების ძეგლი, მუხურას ჩანჩქერი, ძმუისის კანიონი, ტყიბულის წყალსაცავი - ეს ყველაფერი ამავე მუნიციპალიტეტშია, თუმცა ტყიბულს მაინც ასე იცნობენ - მეშახტეთა ქალაქად, რომელიც ქვანახშირით ცხოვრობს.  

როგორ იქცა ტყიბული მეშახტეთა ქალაქად

ტყიბულში ქვანახშირის საბადო XIX საუკუნის 30-იან წლებში აღმოაჩინეს, მოპოვება კი 1847 წელს დაიწყო. წარმოების განვითარებისთვის ბევრი იშრომა ნიკო ნიკოლაძემ, რომელიც 70-იან წლებში მაღაროების ასამუშავებლად ინვესტიციების მოზიდვას პარიზიდან ცდილობდა. ქვანახშირის აქტიურ მოპოვებას ხელს უშლიდა უგზოობა, ამიტომაც 1887 წელს გაიყვანეს ქუთაისი-ტყიბულის სარკინიგზო ხაზი, რომლის ინიციატორიც ასევე ნიკო ნიკოლაძე იყო. ნიკოლაძემვე დააარსა ქვანახშირის მომპოვებელი სააქციო საზოგადოება „ნახშირა“.

1939 წელს, სოფელი ტყიბულისა და დაბა ტყიბულის გაერთიანების შედეგად, შეიქმნა ქალაქი ტყიბული, რომელმაც განსაკუთრებული ინდუსტრიული მნიშვნელობა მეორე მსოფლიო ომის დროს შეიძინა. 

ნაცისტური გერმანიის ჯარებმა ომის დაწყებიდან მალევე დაიკავეს საბჭოთა კავშირის კონტროლის ქვეშ მყოფი ის ტერიტორია, რომელზეც ქვანახშირის მარაგების 60%-მდე იყო განთავსებული. მეორე მსოფლიო ომის ეკონომიკისთვის ქვანახშირზე ბევრი რამ იყო დამოკიდებული, საბჭოთა ხელისუფლებას ახალი საბადოები დასჭირდა. 40-იან წლებში აშენდა სტალინის, ლენინის (ახლანდელი ძიძიგურის შახტი) და ორჯონიკიძის სახელობის შახტები. 1973 წელს გაიხსნა მინდელის სახელობის შახტი.

  ფოტოზე: ლენინის სახელობის შახტი, ტყიბული / ეროვნული ბიბლიოთეკის არქივი

60-იანების დასაწყისში, ტყიბულის საბადოდან, ყოველწლიურად, დაახლოებით, 3 მლნ ტონამდე შავი ქვა მოიპოვებოდა, თუმცა, დროთა განმავლობაში წარმოებამ დაღმასვლა დაიწყო.

საბჭოთა კავშირის უკანასკნელი ხელმძღვანელის, მიხაილ გორბაჩოვის გარდაქმნის პოლიტიკას, რაც ინდივიდუალური შრომის დაშვებასა თუ კერძო საკუთრების ლეგალიზაციას გულისხმობდა, კრიზისი მოჰყვა. გაფიცვა დაიწყეს მეშახტეებმაც - 1990 წელს ტყიბულში 2 შახტი გაიფიცა. 

90-იანი წლების მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკურ ფონზე დამოუკიდებელი საქართველოს სამთო-მოპოვებითი მრეწველობა შეფერხდა. ვერ მოხერხდა ახალ სისტემაზე გადაწყობა და ინვესტიციების მოზიდვა. თითქმის ყველა საწარმო გაჩერდა, შეწყდა ქვანახშირის წარმოებაც.

ამგებიანი წარმოება უსაფრთხოების პრობლემებით

ტყიბულში მინდელის და ძიძიგურის სახელობის შახტების რეაბილიტაცია 2006 წელს შპს „საქნახშირმა“ დაიწყო. სწორედ 2006-დან 2019 წლის ოქტომბრამდე ფლობდა საწარმოს კომპანია „ჯი-აი-ჯი“ (საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი) ბიზნესმენისა და საქართველოს პარლამენტის წევრის, დავით ბეჟუაშვილის ხელმძღვანელობით. 

წარმოების განახლება მაშინ ქვეყნის სათავეში ახალმოსული „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პოლიტიკის ნაწილი იყო.  შახტების გახსნის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი თვითონაც რამდენჯერმე ჩავიდა ტყიბულში. 

„ახლა არის მსოფლიოში კრიზისი და შახტების უმეტესობა ჩვენ მეზობელ ქვეყნებში იხურება. მე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ თქვენზე ეს არ გავრცელდება, რადგან მთავრობამ იმუშავა ინვესტორებთან ერთად და შემდეგი წლების განმავლობაში, პრაქტიკულად, კონტრაქტები თქვენ გაქვთ. ჩვენ სპეციალურად ვიმუშავეთ ინვესტორებთან, რათა გადაეყვანათ ცემენტის წარმოება ქვანახშირზე, იცით, რომ ადრე გაზზე იყო. თქვენ აწარმოებთ ქვანახშირს, ცემენტის მწარმოებელს თუ აქვს შეკვეთა, თქვენ არ გაჩერდებით, ხოლო თუ ცემენტის მწარმოებელს გაეზრდება შეკვეთა, თქვენც გაგეზრდებათ“, - ეუბნებოდა მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის დეკემბერში ტყიბულელ მეშახტეებს, რომლებსაც დავით ბეჟუაშვილთან ერთად ხვდებოდა.

თუმცა 2019 წლის სექტემბერში ბეჟუაშვილის კომპანიამ ტყიბული დატოვა. ამას წინ უძღოდა მეშახტეების მასობრივი გაფიცვა, მანამდე კი ტყიბულისთვის მძიმე 2018 წელი, როდესაც ერთ წელიწადში 12 მეშახტე დაიღუპა. ტყიბულის შახტებში 2007 წლიდან დღემდე 40 ადამიანი დაიღუპა, აქედან რამდენიმე კუსტარულ შახტში.

ომპანიის 2017-2018 წლების ანგარიშგებიდოკუმენტებიდანანს, რომ ჯი აი ჯი ჯგუფი ზარალზე მუშაობდა - ამ წლებისთვის „საქნახშირისზარალი ჯამში 37 მილიონი ლარი იყო

2019 წლის ბოლოდან „საქნახშირის“ მესაკუთრე შპს „სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი“ გახდა. ახალი ინვესტორი მოსვლისთანავე ორ საკითხზე აკეთებდა აქცენტს - ზარალიდან გამოსვლაზე და უსაფრთხოების გამკაცრებაზე. 

„უსაფრთხოების ზომები არის ის წითელი ხაზი, რომელსაც ჩვენ არასდროს გადავუხვევთ“ - ამბობდა „საქნახშირის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მიხაილ სოცკი 2021 წელს და განმარტავდა, რომ 2019 წლიდან მოყოლებული ტყიბულის შახტში უსაფრთხოების ნორმების გასაუმჯობესებლად ელექტრონული მონიტორინგის სისტემა დაინერგა და აფეთქების რისკები მინიმუმამდე შემცირდა, - არანაირი აფეთქება არ არის დაშვებული შახტში, თუ ერთი მეშახტე მაინც არის პერიმეტრზე, მაკონტროლებელი სისტემები უზრუნველყოფს, რომ ფიზიკურად არანაირი მოქმედება არ მოხდება

2022 წლის 30 იანვრის აფეთქება, შრომის ინსპექციის პირველადი დასკვნით, შახტში მეთანის მაღალმა კონცენტრაციამ გამოიწვია, დარღვეული იყო უსაფრთხოების სხვა ნორმებიც. უსაფრთხოების წესების დარღვევა დაადასტურა „საქნახშირის“ კომისიამაც, რომელმაც პირველადი დასკვნა მომხდარიდან ერთი კვირის თავზე გამოაქვეყნა და დამრღვევებად ოსტატ-ამფეთქებლები დაასახელა.

2019 წლის ანგარიშგების თანახმად, საქნახშირის მთლიანი ზარალი 121 მილიონს შეადგენდა. ფინანსური მდგომარეობა არც ბოლო ორ წელში შეცვლილა. „საქნახშირის“ გენერალური დირექტორი, მიხეილ სოცკი, 2021 წელს, კომპანიის მთავარ სამომავლო მიზნად ეკონომიკური ეფექტის მიღებას ასახელებდა. 

„სტიილ ინტერნეიშენალ ტრეიდინგის“ 100%-იან წილს გიორგი ჭელიძე ფლობს. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, გიორგი ჭელიძე 18 კომპანიასთანაა დაკავშირებული. იგი არის 2019 წელს დაფუძნებული შპს „ჯორჯია ტერმინალ სერვისის“ დირექტორიც, რომლის მესაკუთრე შპს „ჯორჯიან მანგანეზია“. ამ კომპანიას ჭიათურისა და საჩხერის ტერიტორიებზე მანგანუმის მოპოვების 40 წლიანი ლიცენზია აქვს 16 430 ჰექტარზე. „ჯორჯიან მანგანეზის“ საკუთრებაშია ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაც.

 

აში (ვერ) ვიყენებთ ქვანახშირს

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2013 წლიდან, ქვეყანაში ქვანახშირის წარმოება თანდათან იკლებს. 

საქართველოში ქვანახშირი დღეს მხოლოდ ტყიბულში მოიპოვება და დადასტურებული მარაგი 330 მილიონ ტონამდეა. ტყიბულშივეა ნახშირის გამამდიდრებელი ქარხანა. აქ მოპოვებული ქვანახშირის უდიდესი წილი ცემენტის წარმოებისთვის გამოიყენებოდა და წლების განმავლობაში მთავარი შემსყიდველი კომპანია „ჰაიდელბერგცემენტი“ იყო. ნახშირს ასევე გამოიყენებენ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში ფეროსილიკომანგანუმის დასამზადებლად. ტყიბულის ქვანახშირის დაბალკალორიულობის გამო საქართველოში იმპორტით შემოდის კოქსი და ნახევარკოქსიც.

წარმოების შემცირების მიზეზად ინვესტიციების ნაკლებობა და მრეწველობაში ქვანახშირზე მოთხოვნის შემცირება სახელდება. ქვანახშირის მოპოვება და მისი ტრანსპორტირება ძვირი ჯდება და არც მექანიზაციისთვის მოიძებნება საკმარისი ინვესტიციები.

მოთხოვნის სიმცირე, გარკვეულწილად, საქართველოში ქვანახშირზე მომუშავე შედარებით მსხვილი თბოელექტროსადგურის არარსებობითაც აიხსნება - ქვეყანაში მხოლოდ ერთი, ტყიბულის 13-მეგავატიანი ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურია და ისიც გაჩერებული

„წარმოების მოცულობის შემცირების ერთ-ერთი მიზეზი ინვესტიციების ნაკლებობაა. ტყიბულის ნახშირს აუცილებლად უნდა მოვიხმარდეთ თბოელექტროსადგურებში. ტყიბულში 300 მეგავატიანი ელექტროსადგურის პროექტი მზადდებოდა, მაგრამ რადგან ძვირადღირებული პროექტია, ინვესტორის მოძებნა ვერც აქ მოხერხდა“, - გვიხსნის ზაზა გორდეზიანი, სამთო ინჟინერი, „საქნახშირში“ მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით. 

ქვანახშირის წარმოების გაზრდას რომ თბოელექტროსადგური სჭირდება, ამას „საქნახშირის“ ხელმძღვანელიც ადასტურებს, - ეს ერთადერთი გზაა წარმოების სტაბილური განვითარებისთვის. არსებული რესურსებით კომპანია იმუშავებს, თუმცა ვერ განვითარდება. ელექტროსადგურის გარეშე სერიოზული განვითარება, მოდერნიზაცია გამორიცხულია. მხოლოდ ელექტროსადგური დაეხმარება რეგიონს განვითარებაში და მე მყარად ვარ დარწმუნებული, რომ ეს პროექტი განხორციელდება და შედგება.

ტყიბულში თბოელექტროსადგურის აშენება ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლების მიწურულს განიხილებოდა - „საქართველოს სამთო-მომპოვებელი მრეწველობისა და, კერძოდ, ტყიბულის ქვანახშირის მომპოვებელი შახტების მომავალი ბევრად არის დამოკიდებული მოპოვებული ქვანახშირის მუდმივი მომხმარებლის არსებობაზე, რამაც თავისთავად უნდა უზრუნველყოს შახტების სტაბილური მუშაობა“ - წერია 1999 წლის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებაში, რომელიც ქალაქში ორი 125 მეგავატიანი თბოელექტროსადგურის მშენებლობას ითვალისწინებდა.

„საქნახშირის“ ყოფილი მფლობელი კომპანია „ჯი-აი-ჯი“ დასავლეთ საქართველოში ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის აშენებას 2015 წლიდან გეგმავდა. ტყიბულში 200 მლნ აშშ დოლარამდე ინვესტიციით თბოელექტროსადგური ჩინურ ჰოლდინგს Dongfang Electric-ს 2016-2019 წლებში უნდა აეშენებინა. ხელშეკრულებას ხელს მაშინდელი ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე აწერდა.

საბოლოოდ, თბოელექტროსადგური არა ტყიბულში, არამედ გარდაბანში აშენდა, თუმცა ქვანახშირზე სტაბილური მოთხოვნის შექმნა ვერ მოხერხდა, რადგან 230-მეგავატიანი სადგური, 2020 წელს არა ქვანახშირზე, არამედ ბუნებრივ აირზე ამუშავდა.

მაშინ, როდესაც საქართველოში თბოელექტროსადგურების მშენებლობის აუცილებლობაზე მსჯელობდნენ, ევროკავშირში „მწვანე შეთანხმების“ სახელით შეიმუშავეს ახალი სტრატეგია, რომლის ერთ-ერთი მიზანიც ქვანახშირის წარმოების და ელექტროენერგიის გამომუშავებაში მისი წილის შემცირებაა. 2030 წლისთვის ევროპის რიგ ქვეყნებში ქვანახშირზე მომუშავე ყველა ელექტროსადგურის დახურვა იგეგმება, 2050 წლისთვის კი „ნახშირბადის ნეიტრალიტეტის“ მიღწევა. იმის გამო, რომ წიაღისეული საწვავებიდან ქვანახშირის წვის შედეგად ყველაზე მეტი CO2 გამოყოფა, ევროპაში აქცენტს განახლებად ენერგიებზე აკეთებენ, საერთაშორისო ბაზარზე კი მოთხოვნა იკლებს.

ზაზა გორდეზიანი ქვანახშირის ალტერნატივად ტყიბულში ბუნებრივი აირის მოპოვებას ხედავს, ტყიბულის ქვანახშირს კი, რომელსაც 18 %-იანი ფორიანობა აქვს, რაც ნიშნავს, რომ მასში ბევრი გაზია დაგროვილი, ამისთვის საუკეთესოდ მიიჩნევს. ბუნებრივი აირი გაცილებით ნაკლებ ნახშირბადს გამოყოფს და ნახშირთან შედარებით უფრო კალორიული და მოთხოვნადიცაა, - ბუნებრივი აირის მოპოვებაზე კონცენტრაცია ასევე მინიმუმამდე შეამცირებს აფეთქებების რისკს, რომელიც შახტში მეთანის ბრმა გამოყოფის შედეგია.

„გაზის მოპოვებისთვის ეს იდეალური პირობებია. როდესაც შენ ნახშირს ანგრევ, გინდა თუ არ გინდა, გაზი გამოიყოფა, რომელიც სავენტილაციო დანადგარს გამოაქვს, მიდის ჰაერში და აზიანებს ეკოლოგიას. ხოლო თუ ჩვენ გავაჩერებთ ნახშირის მოპოვებას და დავიწყებთ გაზის მოპოვებას, დავიჭერთ ამ გაზს, გავუშვებთ მილსადენში და მივიღებთ ელექტროენერგიას. ბუნებრივი აირი ეკოლოგიურად გაცილებით უფრო სუფთაა.

გავბურღავთ 2-3 ჭაბურღილს, ჩვენ შეგვიძლია დღე-ღამეში მილიონ-ნახევარი, 2 მილიონი კუბური მეტრი გაზი მოვიპოვოთ, წელიწადში კი 700-800 მლნ კუბური მეტრი. მეტი ჭაბურღილის გაკეთების შემთხვევაში, 1 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მოპოვებაცაა შესაძლებელი. აქართველო სულ წელიწადში 2 მილიარდამდე კუბურ მეტრ გაზს მოიხმარს და შეგვეძლება, ამით საქართველოს მოხმარების ნახევარი დავაკმაყოფილოთ

საქართველოში ბუნებრივი აირი მცირე მოცულობით იწარმოება და ქვეყანაში გაზზე მოთხოვნა მთლიანად იმპორტით კმაყოფილდება. 2020 წელს საქართველოში 8.9 მილიონი კუბური მეტრი გაზი მოვიპოვეთ, დანარჩენი - 2.7 მილიარდი კუბური მეტრი კი იმპორტირებული იყო. ბოლო წლების მონაცემებით, საქართველო ბუნებრივი აირის იმპორტში წლიურად 300 მილიონ აშშ დოლარზე მეტს იხდის.

 

ას იღებს ტყიბული ქვანახშირის წარმოებით

ტყიბულის მუნიციპალიტეტისთვის ეს წარმოება და „საქნახშირი“ დასაქმებისა და ფინანსური სარგებლის მთავარი წყაროა. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლების შესახებ კანონით, 1 ტონა ნახშირის მოპოვებაზე, კომპანია ადგილობრივ მუნიციპალიტეტში 1 ლარს იხდის. ინვესტორს ეკისრება ქონების გადასახადიც.

„საქნახშირის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, ჯამბურ ჯაყელის 2016 წლის განცხადებით, „სახელმწიფო ბიუჯეტში კომპანია ყოველწლიურად საშუალოდ 11 მილიონ ლარს იხდის. აქედან ადგილობრივ ბიუჯეტში რჩება მილიონ 500 ათასი ლარი (ქონების და ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელი)“. 

ტყიბულში სამუშაოების დაწყებიდან 2019 წლის ჩათვლით „ჯი-აი-ჯის“ საკუთრებაში მყოფმა ქვანახშირის მომპოვებელმა კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტში სულ 74 მილიონი ლარი შეიტანა

2018 წელს ტყიბულის მუნიციპალიტეტს 1.8 მილიონი ფინანსთა სამინისტრომ გამოუყო. ტყიბულის მერიის საფინანსო სამსახურის ინფორმაციით, „საქნახშირი“ წიაღის მოსაკრებლისა და ქონების გადასახადისგან 2019-20 წლებშიც გათავისუფლებული იყო. ტყიბულის მუნიციპალიტეტს ამ წლებშიც ფინანსთა სამინისტრომ გამოუყო სპეცტრანსფერით 1.9 და 1.7 მილიონი ლარი. 2021 წელს კი კომპანიამ ქონების გადასახადის სახით ტყიბულის ბიუჯეტში 800 000 ლარი შეიტანა.

კომპანიის ფინანსური მდგომარეობისა და სამომავლო გეგმების გასარკვევად „მთის ამბები“ რამდენჯერმე დაუკავშირდა „საქნახშირს“, თუმცა ინტერვიუზე უარი მივიღეთ.  

„საქნახშირის“ საჯარო ფინანსური ანგარიშების მიხედვით, 2017-2019 წლებში კომპანიამ თანამშრომლებს, საერთო ჯამში, 37.5 მილიონი გადაუხადა.

ტყიბულის შახტებში 1250-მდე ადგილობრივი მუშაობს, თუმცა „საქნახშირი“ ჩივის, რომ ახალგაზრდა, კვალიფიციური კადრების სიმცირეა და თანამშრომელთა უმეტესობა ასაკოვანია. 

ოლო 8 წელში, ტყიბულის მოსახლეობა რაოდენობრივადაც იკლებს. 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, მუნიციპალიტეტში 20 839 ადამიანი ცხოვრობდა, 2021 წლის იანვრის მონაცემებით კი, დარჩენილია 17 900 ადამიანი, რომელთა კეთილდღეობაც, ფაქტობრივად, მთლიანად შახტებსა და ქვანახშირზეა დამოკიდებული

ავტორი - კახი ჩაკვეტაძე

„მთის ამბები“ განაგრძობს რეპორტაჟების მომზადებას ტყიბულის შესახებ, რათა მკითხველს უკეთ გააცნოს და დაანახვოს მეშახტეთა ცხოვრება, ქვანახშირის წარმოებისა და უსაფრთხოების პრობლემები, ტყიბულის ეკონომიკური შესაძლებლობა თუ რომელიმე სხვა თემა, რომელიც მუნიციპალიტეტისა და მისი მცხოვრებლებისთვის დღეს აქტუალურია.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში