საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

სვანეთში ხატზე დაიფიცეს, რომ მაინერებს გამორთავენ - ფიცის გამტეხი დაიწყევლა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

13:10 - 31 დეკემბერი 2021 hits 9332

მესტიაში მდებარე წმინდა გიორგის ეკლესიაში გუშინ, 30 დეკემბერს, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ხატზე დაიფიცეს, რომ ვისაც ე.წ. მაინერები აქვს, გამორთავენ, რათა ზემო სვანეთში უშუქობის პრობლემა მოგვარდეს: „დღემდე ყველას ეპატიოს, ხოლო დღეიდან ვინც მაინერი არ გამორთოს, წმინდა გიორგი გაუწყრეს“.

ეკლესიაში სიტყვით გამოსვლისას, რამდენიმე ადგილობრივ მცხოვრებთან ერთად, წმინდა გიორგის ტაძრის მოძღვარი, მამა გიორგი ჩართოლანიც გამოტყდა, რომ ერთი მაინერი მასაც აქვს. მღვდელმა მრევლს მიმართა, როგორც გადაწყვეტენ, მაინერს გადააგდებს ან გაანადგურებს. „მიიღეთ ეს ჩემგან როგორც აღიარება და მომიტევეთ“, - თქვა მოძღვარმა.

წმინდა გიორგის ეკლესიაში ხატზე დასაფიცად, ძირითადად, მესტიის მცხოვრებლები იყვნენ შეკრებილი, თუმცა საერთო სარიტუალო გადაწყვეტილებით, წყევლა ზემო სვანეთში ყველა იმ ადამიანზე გავრცელდება, ვინც მაინერებს ამუშავებს და არ გამორთავს.

რიტუალის შესრულების დროს იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც აღნიშნეს, რომ უშუქობის პრობლემის გადასაწყვეტად, ხატზე დაფიცება არ უნდა უწევდეთ და ელექტროენერგიის დატაცების ფაქტებზე რეაგირება სახელმწიფო უწყებებს უნდა მოეხდინათ.

ხატზე დაფიცებამდე წინა დღეს მესტიის მცხოვრებლებმა დაბაში შესასვლელი საავტომობილო გზაც გადაკეტეს და ხელისუფლებისგან ითხოვდნენ, პოლიციას მესტიასა და მის სოფლებში უკანონოდ განთავსებული მაინერები ამოეღო. კომპანია „ენერგო პრო ჯორჯია“ ზემო სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარების დრამატულ ზრდას, ხშირ გათიშვებსა და ზოგჯერ რამდენიმედღიან უშუქობას, სწორედ კრიპტოვალუტის მწარმოებელი ფერმების გამრავლებას უკავშირებს. ე.წ. მაინერები ბევრ ელექტროენერგიას მოიხმარს, მესტიის მუნიციპალიტეტში კი მოსახლეობა ელენერგიის გადასახადს არ იხდის. მაინერებისთვის სიგრილეა საჭირო, რაც სვანეთში ბუნებრივადაა წელიწადის ყველა დროს და ამ ორი ფაქტორის გამო, მესტია კრიპტოვალუტის მწარმოებელი ფერმებისთვის ხელსაყრელ ადგილად იქცა. დაბალი ძაბვის გამო დეკემბერში რამდენიმე დღე არ მუშაობდა თეთნულდისა და ჰაწვალის საბაგირო გზები, მოსახლეობისთვის კი ელექტროენერგიის მიწოდების სპეციალური გრაფიკი შემუშავდა.

მესტიის მკვიდრმა ანა ჩართოლანმა „მთის ამბებს“ უთხრა, რომ ხატზე დაფიცების შემდეგ, დაბა მესტიას ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება და არცერთხელ არ გათიშულა, ძაბვაც გაუმჯობესებულია.

ხატზე დაფიცება სვანეთში ადათობრივი სამართლის ნაწილია. სადავო საკითხების გარჩევისას, მხარეები ხატზე იფიცებდნენ, რომ სიმართლეს იტყოდნენ, რის შემდეგაც მსაჯულების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში ეჭვი არავის შეჰქონდა. ხატზე დაფიცების რიტუალს სვანი ხალხი ქვეყნისთვის, რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების გადასაწყვეტადაც ასრულებდა. ხატზე იფიცებდნენ, რომ არ დათმობდნენ თავისუფლებას, ერთმანეთის ერთგულები იქნებოდნენ მტერთან საბრძოლველად, ბუნებრივი გარემოს შესანარჩუნებლად და ა.შ.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში