საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ცანა - საზღვრისპირა სოფელი შეუსრულებელი დაპირებებით

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

23:48 - 13 აგვისტო 2021 hits 14584

„მე მგონი, საერთოდ წარმოდგენა არ აქვს ლენტეხის გამგებელს, ჩვენ რომ აქ ვართ, ცანაში კიდევ რომ ვარსებობთ“ - ლენტეხიდან უშგულში ასვლას თუ გადაწყვეტთ, მთელ ხეობაში, მწვერვალ აილამასკენ რომ მიუყვება, გზის პირას ეს ერთადერთი სოფელი შეგხვდებათ, რომელსაც ადამიანები ვერ ელევიან.

მერი ნიჟარაძე, ცანაში, სამანქანო გზის გამწმენდისთანავე, აპრილ-მაისში ადის და იქ გვიან შემოდგომამდე რჩება, ვიდრე ჩამოთოვს და ხეობას 2 მეტრიანი თოვლი ჩაკეტავს. განა თოვლის სიმაღლე აშინებთ, ნოემბერში რომ ბარგს აკრეფენ და ქვემოთ მოდიან, ზოგი წყალტუბოში, ზოგიც ქუთაისში ან სხვაგან? არა! 2006 წლის ოქტომბრის ჩათვლით, მუდმივად იქ ცხოვრობდნენ. თოვლის სიმაღლე მაშინ 3 მეტრს აჭარბებდა. 6-7 თვე მაშინაც მოწყვეტილები იყვნენ გარესამყაროს. არც შუქი ჰქონდათ, არც სატელეფონო კავშირი, არც ექიმი ან ექთანი ჰყავდათ, გზაც ძალიან დაზიანებული იყო. მწვერვალთან შეყრილი ღრუბლების გამო, საგანგებო შემთხვევაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც შეიძლება ვერ შეფრენილიყო, მაგრამ უძლებდნენ - აყრაზე არ და ვერ ფიქრობდნენ, მამაპაპისეული კერა არ ეთმობოდათ. 2006 წლის შემოდგომაზე, ვიდრე თოვლი გზას ჩახერგავდა, მუდმივად მცხოვრები რვავე მოსახლე ერთბაშად აიყარა.

„ამდენ უპატრონობას ვეღარ გავუძელით. ცალკე ბარში გადასახლებული ოჯახის წევრები ღელავდნენ. ნოემბრიდან მაისამდე ვეღარც ხმას გაიგონებდი და გააგონებდი. არ იცოდნენ ცოცხლები ვიყავით თუ მკვდრები. გაგიჭირდებოდა რამე და სასიკვდილოდ იყავი განწირული. ამის გამო გავიქეცით“, - ცანიდან რომ აიყარნენ, მერაბ ჩარკვიანი 37 წლის იყო, დაუოჯახებელი: „აბა, აქ ვინ წამოვიდოდა. სოფელში კიდევ სულ ერთმანეთის ნათესავები ვართ“.

ბარში გაძლება გაუჭირდა. 15 წელია ცანაში ყოველ გაზაფხულზე ადის და დაზამთრებამდე რჩება. ახლა სამი გოგონა ჰყავს, 4 წლის ტყუპები და 2 წლის ნაბოლარა. ცანაში მეუღლესთან და ბავშვებთან ერთადაა.

სოფელში ჟურნალისტების დანახვა გაუკვირდათ, აქამდე არავინ ყოფილა. ხანდახან მოხეტიალე ტურისტი თუ გადააწყდებათ.

„ღმერთის იმედად ვართ. საექთნო მაქვს დამთავრებული და პირველადი დახმარების გაწევას შევძლებ. ბარიდან როცა მოვდივართ, მედიკამენტებიც მოგვაქვს, ყველაფერს ვიმარაგებთ.

სასწრაფო რომ დაგვჭირდეს, ჯერ ხომ უნდა გააგებინო, დაუკავშირდე. აქედან ან ქვემოთ უნდა ჩახვიდე, სოფელ მელეში, 16 კილომეტრია იქამდე, ან უშგულში უნდა გადახვიდე, იქამდეც 17 კილომეტრია.

უფრო მეტი დრო გვჭირდება უშგულში მოსახვედრად, რადგან გზა ზაგაროს უღელტეხილზე გადის. მერე სასწრაფომ ხომ უნდა მოაღწიოს ცანამდე. 56 კილომეტრია ლენტეხიდან. სულ მცირე 2 საათი მაინც უნდა. ამიტომ, საკუთარი თავის იმედი გვაქვს.

რაც მე აქ ვარ, ამ ოთხი წლის განმავლობაში, არ მახსოვს ვინმე მოსულიყო ადგილობრივი ან ცენტრალური ხელისუფლებიდან და ეკითხათ, რა გვჭირდებოდა სოფელში. ჩვენი ხმა არავის ესმის. ახლა რომ შუქი გვაქვს, ეგეც აქაურების ძალისხმევითაა, მათ მოაწყეს მდინარეზე პატარა კუსტარული ჰესი. წლები რომ შუქი არ გვქონდა, არცერთი ხელისუფლების დროს, საერთოდ არავის არაფერი უკითხავს. მიგდებულია სოფელი“, - მერაბის ცოლი, მაია აფხაიძე ამბობს, რომ გასული წლიდან ცანაში ზაფხულობითაც უფრო ნაკლები ადამიანი ადის.

რუსეთ-საქართველოს საზღვართან ახლომდებარე სოფელში ერთადერთი სატელეფონო კავშირი, მაგთიფიქსი, გასული წლის მაისში გაითიშა. კავშირის გარეშე დარჩა ცანას თემის სოფელი ზესხოც - ზაფხულობით 2 ადამიანიღა იყო დარჩენილი. ყორულდაში უკვე ნასოფლარია.

„მაგთიფიქსიც, 5 წელია, რაც გავიგეთ, რომ იჭერდა. ახლობელი იყო მანქანით ამოსული ლენტეხიდან, საბარგულში ჰქონდა აპარატი. როცა დარეკა, მაშინ გავიგეთ. არც ვიცოდით აქ თუ იჭერდა, არც გვიცდია, რადგან მობილური სიგნალს ვერ იღებს. მას შემდეგ ყველა გახარებული ვიყავით, კავშირი გვქონდა. შარშან მაისის ბოლოს გათიშეს და დავრჩით უტელეფონოდ. გვიწევს სიარული ხან მელეში და ხან უშგულში. ტურისტიც რომ შემოდის, ინტერნეტს კითხულობს, ტელეფონს, არ არის და გარბის“, - მერაბის თქმით, დახმარება ლენტეხის მერიას და გუბერნატორის ადმინისტრაციას სთხოვეს, მაგრამ არაფერი შეიცვალა.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის ბადრი ლიპარტელიანის განცხადებით, გუბერნატორის ადმინისტრაციამ კომუნიკაციების კომისიას მიმართა.

„მაგთიფიქსის“ CDMA ტექნოლოგიაზე დაფუძნებული უსადენო სერვისი  „მაგთიკომმა“ 2008 წლიდან სწორედ იმიტომ დანერგა, რომ რთული რელიეფის მქონე რეგიონებში მოსახლეობას კომუნიკაციის შესაძლებლობა ჰქონოდა. „მაგთიფიქსი“ დღემდე კავშირის უალტერნატივო საშუალებაა რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში, კონფლიქტის ზონებთან ახლოს მდებარე, მაღალმთიან და საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები ადამიანებისთვის, ჯამში 10 ათასამდე აბონენტისთვის.

„მაგთიკომი“ 2019 წლიდან დაჟინებით ითხოვს „მაგთიფიქსის“ გაუქმებას და ამის მიზეზად ასახელებს, რომ სერვისი ფინანსურად არამომგებიანია და ტექნოლოგიაც მოძველებულია.

კომუნიკაციების კომისიამ „მაგთიკომს“ „მაგთიფიქსის“ მომსახურების ლიცენზიის გაუქმებაზე უარი რამდენჯერმე უთხრა, მათ შორის, ბოლოს, წელს, მარტში. კომისიის გადაწყვეტილებით, „მაგთიკომს“ უფლება აქვს „მაგთიფიქსის“ მომსახურების მიწოდება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეწყვიტოს, თუ ქსელის სრულად გათიშვისას მისი აღმოფხვრა შეუძლებელი იქნება კომპანიის ხელთ არსებული ტექნიკური შესაძლებლობებით. მეტიც, კომისიამ „მაგთიკომს“ გადასახდელი ლიცენზიის საფასური 16 მილიონიდან 161 ათას ლარამდე, 100-ჯერ შეუმცირა. აღსანიშნავია ისიც, რომ „მაგთიკომს“ ლიცენზიით სარგებლობის საფასურის დიდი ნაწილი უკვე გადახდილი აქვს და 161 ათასიდან მხოლოდ 15 ათასი ლარი უნდა გადაიხადოს ბიუჯეტში, რომ ლიცენზიით 2029 წლამდე ისარგებლოს. „მაგთიკომი“ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მოგების მქონე კომპანიაა. მაგალითად, 2019 წელს შემოსავლის სახით 471.3 მილიონი ლარი მიიღო, საიდანაც კომპანიის მოგება 171.3 მილიონია.

რის საფუძველზე შეუწყვიტა კომპანიამ „მაგთიფიქსის“ მომსახურება ცანას თემის მცხოვრებლებს, ამის გასარკვევად „მთის ამბები“ კომუნიკაციების კომისიას წერილობით მიმართავს.

სატელეფონო კავშირისა და ინტერნეტის არქონასთან ერთად, ცანას თემის სოფლებისთვის მთავარი პრობლემა ცუდი გზაა. ლენტეხი-მესტიის გზის რეაბილიტაციას (უშგულის გავლით) „ქართული ოცნება“ ამომრჩევლებს ხელისუფლებაში მოსვლამდე, 2012 წელს დაჰპირდა, თუმცა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, 4 წლის განმავლობაში არანაირი სამუშაო არ ჩაუტარებია. 2016 წელს, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რაჭაში წინასაარჩევნო შეხვედრაზე, მოსახლეობას „ქართული ოცნების“ მეორედ არჩევის შემთხვევაში „უკეთეს და აგუგუნებულ საქართველოს“ რომ ჰპირდებოდა, იმ დროს თქვა: „უახლოეს პერიოდში დაიწყება ლენტეხიდან შემოვლითი გზის მშენებლობა მესტიის მიმართულებით უშგულის გავლით, ასევე, დაგეგმილია ახალი გზის მშენებლობა ლენტეხის გავლით ზემო სვანეთისკენ გვირაბების მეშვეობით“.

2017 წელს, ლენტეხის მუნიციპალიტეტში მხოლოდ ჭველიერი-მელეს მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო, რომელიც გასულ წელს ძლივს დასრულდა. გზების დეპარტამენტის ოფიციალური განცხადებების მიხედვით, 2021 წლისთვის უნდა დამთავრებულიყო მელედან უშგულამდე გზის რეაბილიტაცია, რომლის დიდი ნაწილიც, დაახლოებით 70 % ამ დრომდე არ არის რეაბილიტირებული. კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდება, ვიდრე ცანა გაზაფხულიდან შემოდგომამდე მაინც, რაიონულ ცენტრს - ლენტეხს გამართული და უსაფრთხო გზით დაუკავშირდება.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ და 9 წლის განმავლობაში 6-ჯერ შეცვლილი პრემიერ-მინისტრების საჯარო დაპირებებს - ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტების დაკავშირებას მოკლე, 40 კილომეტრიანი გზისა და მათ შორის 5-6 კილომეტრიანი გვირაბის მეშვეობით, მთავრობის ოფიაციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, გზის მშენებლობა 2017 წელს უნდა დაეწყოთ და 2020-ში დაესრულებინათ. ჯერ ამ გზის სრულყოფილი პროექტიც არ არსებობს.

„მთის ამბები“ მთის სათემო ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს კამპანიას #ინტერნეტიმთისსოფლებს რომლის მიზანია მაღალი სიჩქარის ხარისხიანი ინტერნეტი ჰქონდეს მთის ყველა დასახლებას. ადვოკატირების კამპანია USAID/Georgia-ს პროგრამა EWMI Access-ის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში