საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

უსახლკაროდ დარჩენილი თემურ გაბიდაური პატარა ნამტვრიანიდან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

23:05 - 06 აგვისტო 2021 hits 17201
ფოტოზე - თემურ გაბიდაური
საზოგადოება
ფოტოზე - თემურ გაბიდაური

პატარა ფარდულია, დაბალი. წელში თავისუფლად ვერ გაიმართები. შიგნით შეშის ძველი ღუმელი დგას. ხის კუნძებზე გადებული ფიცრები საწოლის მაგივრობას სწევს. ზამთარი აქ გაატარა. ცეცხლს მთელი ღამე არ აქრობდა, რომ ყინვას მორეოდა.

2020 წლის 23 დეკემბერს, მეზობელ სოფელში დასახმარებლად დილაადრიან წავიდა. საღამოს დაურეკეს, შენი სახლი იწვისო. ფეხით გამოიქცა. გზაში ჩამოაღამდა. სახლში რომ მოვიდა, ცეცხლი ბოლომდე ჯერ კიდევ არ იყო ჩამქრალი, მაგრამ ყველაფერი  განადგურებული დახვდა. ფიქრობს, რომ ელექტროენერგიის ძველმა სადენებმა უმუხთლა.

რაც ნაწილობრივ გადარჩა, სახლზე მიდგმული ფარდული იყო - მხოლოდ სამი კედელი. 60 წლის თემურ გაბიდაურმა გრძელ და ცივ ზამთარში თავი ამ ფარდულს შეაფარა.

სოფელი პატარა ნამტვრიანი შეხვეტილის თემშია, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. 14 ოჯახი შემორჩა, ახალგაზრდობა ქალაქს ეტანება.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი უსახლკარო ადამიანების დასახმარებლად 5000 ლარს ითვალისწინებს. ვიდრე დავთვლით, ამ თანხით უსახლკარობის პრობლემის გადასაწყვეტად რისი გაკეთებაა შესაძლებელი, თემურ გაბიდაურის წინაშე ბიუროკრატიული დაბრკოლებების მთელი ჯაჭვია.

უსახლკაროდ რომ მიგიჩნიონ, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ უნდა გქონდეს. თემურ გაბიდაურს კი ფარდული აქვს, რომელიც სათანადო და ღირსეული თავშესაფარი არ არის, მაგრამ ადგილობრივი მთავრობები უსახლკაროდ ღია ცის ქვეშ დარჩენილებს მიიჩნევენ. არადა, საერთაშორისო კანონმდებლობა უსახლკაროდ არა მხოლოდ იმ პირებს აღიარებს, ვისაც ჭერი არ აქვთ, არამედ მათაც, ვინც ცხოვრობენ თავშესაფრებში, სხვადასხვა ინსტიტუციაში, საფრთხის შემცველ/არასაიმედო გარემოში, საცხოვრისად გამოუსადეგარ კონსტრუქციებში ან არაკონვენციურ ნაგებობებში.

2014 წლიდან დღემდე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიას 26-მა ადამიანმა მიმართა უსახლკაროდ რეგისტრაციისა და დახმარების გაწევის მოთხოვნით. განმცხადებლებს შორის თემურ გაბიდაური არ არის. საქართველოს პარლამენტმა სწორედ 2014 წელს დაამტკიცა ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგია, რომლის ერთ-ერთი მიზანიც უსახლკარობის პრობლემის დასაძლევად ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება იყო.

ადგილობრივი ხელისუფლება თემურ გაბიდაურის პრობლემებს იცნობს. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი დაპირდა კიდეც, რომ ხანძრის შედეგად დაზარალებულის დასახმარებლად გათვალისწინებულ თანხას, პასპორტის არქონის გამო, მისი დის ანგარიშზე დარიცხავდნენ. თანხა ჯერ არ მიუღია.

„გაუსაძლისია უკვე ფარდულში. მოხრილი დავდივარ, რომ ჭერს თავი არ მივარტყა. ერთი ოთახის მეტი არაფერი მინდა, სახურავი და ცემენტი. იქნებ დაზამთრებამდე მოვასწრო. ოღონდ ნორმალურად შევიდე და წელში გავიშალო. მერე თანდათან ყველაფერს მივხედავ. ყველაფერს მე თვითონ გავაკეთებ“.

ნულიდან ცხოვრება არაერთხელ დაუწყია. მათ შორის, 4 წლის წინ, როცა თელეთში ცოლისა და ერთი შვილის გარდაცვალებით, მის თავს დატრიალებული უბედურების შემდეგ გადაწყვიტა, რომ პატარა ნამტვრიანში მამაპაპისეულ კერას დაბრუნებოდა. სახლი, სადაც მთელი ბავშვობა გაატარა და რამდენიმე თვის წინ დაეწვა, 25 წელი მიტოვებული იყო.

მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე ერთი წუთით არ ჩერდება. სულ ფუსფუსებს. შვებას შრომაში, მიწასთან, ბუნებასთან სიახლოვეში ეძებს. რაც არ უნდა მიჭირდეს, ტყეში რომ გავდივარ, ვისვენებ და მოღონიერებული ვბრუნდები, ბუნებაა ჩემი წამალიო, ამბობს. სამკურნალო მცენარეების ცნობა და გამოყენება ბებიისგან და დედისგან ისწავლა. საკუთარ თავსაც შველის და სხვებსაც ეხმარება. აბა, სასწრაფო რომ დაგჭირდეს, სოფელში ასვლა ფაქტობრივად შეუძლებელია, დროულად მითუმეტეს.

ხანდახან, კვირა დღეს მანგლისში მიდის, რომ ცოტა რამ გაყიდოს და იყიდოს კიდეც, რასაც თავად ვერ მოიპოვებს და აუცილებლად სჭირდება. მანგლისამდე 8 კილომეტრია. ფეხით უნდა ჩავიდეს და ამოვიდეს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არის.

თეთრიწყაროს 2021 წლის ბიუჯეტი ბევრი სხვა მუნიციპალიტეტისგან განსხვავებით, შთამბეჭდავად გამოიყურება - 11 მილიონს აჭარბებს. აქედან 3.5 მილიონზე მეტი ადგილობრივი ხელისუფლების შენახვას ხმარდება. გადაუდებელი აუცილებლობის, სტიქიის, უბედური და სხვა ფორსმაჟორული შემთხვევებისას მოქალაქეების დასახმარებლად სულ 30 ათასი ლარია გამოყოფილი, თუმცა ესეც იმ შემთხვევაში, სისტემამ თუ დაგინახა და გაღიარა.

ავტორები: ნინო ბაიდაური, გიორგი ბოლქვაძე

 

თემურ გაბიდაურის დასახმარებლად შემოწირულება შეგიძლიათ გააკეთოთ საბანკო გადარიცხვით:

  • ანგარიშის ნომერი: GE91BG0000000162737915
  • მიმღები: ააიპ თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი
  • დანიშნულება: შემოწირულება თემურ გაბიდაურისთვის
  • საკონტაქტო ტელეფონი: +995 571 220 585 ავთანდილ მჭედლიძე

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში