საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

უსახლკარობის 30 წელი ნაჩუქარ ვაგონში - დალი გუგეშაშვილის ისტორია რაჭიდან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:16 - 27 ივლისი 2021 hits 8757

დალი გუგეშაშვილი 30 წელია ონის რაიონის სოფელ ღარში, ნაჩუქარ, გახვრეტილ ვაგონში ცხოვრობს. უსახლკაროდ 1991 წლის 29 აპრილს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ დარჩა. სახლი მთლიანად დაენგრა. ერთი შვილი წლინახევრის იყო, მეორე ჩვილი - აკვანში ჰყავდა.

„ნგრევის ხმა რომ ისმოდა, ვერც მივხვდი, რა ხდებოდა. აკვანს გადავეფარე. ჯერ ის გადმოვდგი გარეთ და მერე უფროსის გამოსაყვანად შევვარდი. მეზობლებიც მოცვივდნენ და რომ შევხედეთ, სახლი უკვე სულ დაინგრა. პატარა ბინა იყო, მაგრამ ჩვენი თავშესაფარი გვქონდა. მთლიანად დაინგრა, არაფერი გადარჩა“, - 30 წლიანი უსახლკარობისა და გაჭირვების მიუხედავად, ყველაზე მტკივნეულად მაინც მიწისძვრის დღე ახსოვს.

ძველი ვაგონის გარდა არაფერი ებადა. ორი ბავშვი მარტომ გაზარდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი საჩხერის რაიონის სოფელ პერევიდან 2 კილომეტრში იყო, სოფელ ხახიეთში, რომელიც მთლიანად მიწამ ჩაყლაპა. სიმძლავრე 9 ბალს აღწევდა. სოფელში მყოფი 42 ადამიანიდან ვერავინ გადარჩა. ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა რაჭაშიც, განსაკუთრებით ონის რაიონში. რამდენიმე ადამიანი აქაც დაიღუპა, დაინგრა საცხოვრებელი სახლებიც. იმ პერიოდში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დავალებით ბევრ ოჯახს დაეხმარნენ. მას შემდეგ ხელისუფლება სამჯერ შეიცვალა, ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობები უფრო მეტჯერ. არც მიწისძვრის შედეგად და არც სხვა მიზეზით უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები არავის გახსენებია.

დალი გუგეშაშვილი განცხადებებს ვეღარ ითვლის. აღარც ონის რაიკომის მდივნების, გამგებლებისა და მერების ვინაობა ახსოვს, ყველას კი მიმართა წერილით, რომ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში დახმარებოდნენ. ამჟამინდელ მერსაც - დავით ჩიკვაიძეს:

„მერიაში ბოლო განცხადება გასული წლის სექტემბერში შევიტანე. ყველაფერი აღვწერე. ეს ვაგონიც დაძველდა, მღრღნელები ამოდიან. მეშინია, ქვეწარმავლებიც არ შემოვიდნენ. სამშენებლო მასალებით მაინც დამეხმარეთ მეთქი. სახლს რომ მიწისძვრა დაგინგრევს, სახელმწიფო რისთვისაა ან მთავრობა, რაღაც დახმარება ხომ უნდა გაგვიწიონ? ერთ-ერთ შეხვედრაზე, არჩევნები ჯერ ჩატარებული არ იყო, სოფლის გამგებელს ვუთხარი, ახლა სიტყვით გამოვალ და ყველაფერს ვიტყვი მეთქი ჩემი გაჭირვების შესახებ. მერს უთხრა, იქნებ რამით დავეხმაროთო. იმანაც, ეგ მეც ვიფიქრე, განცხადებით როცა მოგვმართაო, კოტეჯი მივუტანოთო. ამ დროს რაჭა-ლეჩხუმის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძეც მოვიდა. იმანაც თქვა, კარგი აზრია, კოტეჯი მივუტანოთო. თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ. ნახეთ, სადმე რამე დგას ჩემს ეზოში? არავისგან არაფერი მიმიღია“.

დალი ვაგონში ერთ შვილთან ერთად ცხოვრობს. მეორე შვილი თბილისში წამოვიდა. დღიურად თუ რამე გამოჩნდა, ფიზიკურად მუშაობს. სოფელ ღარში დარჩენილი დედა-შვილის ერთადერთი სტაბილური შემოსავალი სახელმწიფოს მიერ ღატაკი ოჯახებისთვის დანიშნული საარსებო შემწეობაა, თითო ადამიანზე 60, ჯამში კი 120 ლარი. დალი სახინკლეშიც მუშაობს, მრეცხავად. როცა დასჭირდებათ, მაშინ ეძახიან და მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ 10 ლარს უხდიან.

„აქედან ფეხით ჩავდივარ ონში. ერთი საათი ჩასვლა მინდა, ერთი საათი ამოსვლა. ავტობუსი არ დადის, არც მარშუტკა. თუ ვინმე გამიყოლებს ხანდახან. ზამთარშიც ეგრე ვიარე. 10 ლარი არაფერია, მაგრამ რა ვქნა? დახმარებას რომ გვაძლევენ 120 ლარს, საკვებში და წამლებში არ გვყოფნის. მერიას ისიც ვთხოვე, იქნებ ჩემი შვილი სადმე დაესაქმებინათ, თვითონაც ეცადა ბიჭი, მაგრამ სამუშაო არ არის“.

საქართველოს 1994 წლიდან აქვს აღიარებული საერთაშორისო პაქტი „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“, რომელიც სახელმწიფოს ავალდებულებს, არსებული რესურსების მაქსიმალური გამოყენებით განახორციელოს ღონისძიებები სათანადო საცხოვრებლის უფლების თანდათანობითი, სრული რეალიზაციის მისაღწევად.

2017 წელს, კონსტიტუციაშიც კი ჩავწერეთ, რომ სახელმწიფო ვალდებულია, იზრუნოს ადამიანის ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.

2020 წლის დეკემბრამდე უსახლკარობის პრობლემის გადაწყვეტის სამოქმედო გეგმაც უნდა შეგვემუშავებინა. მთავრობამ ამის პირობა 2018 წელს დადო. პირობა პირობად დარჩა, ისევე როგორც მხოლოდ ქაღალდზეა ასახული წინა დოკუმენტებით ნაკისრი ვალდებულებები.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით და სოციალური დახმარების შესახებ კანონით უსახლკარო პირების რეგისტრაცია თვითმმართველობის ორგანოებს ევალებათ, მონაცემები კი სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა მიაწოდონ. 64 მუნიციპალიტეტიდან ეს ვალდებულება მხოლოდ თბილისის, სამტრედიისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებს აქვთ შესრულებული. სააგენტოს, რომელსაც უსახლკარო პირთა ერთიანი რეესტრის შექმნა ევალება, ვკითხეთ, თვითონ რატომ არ გამოითხოვა მუნიციპალიტეტებიდან უსახლკარო პირთა მონაცემები. სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან გოგოძემ ამ კითხვაზე არ გვიპასუხა.

„მთის ამბებს“ ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე დაემალა. წერილობით კი მერიიდან გვაცნობეს, რომ უსახლკარო ოჯახებზე, რომლებსაც საცხოვრებელი ფართი ან თავშესაფარი არ გააჩნიათ და ოჯახის სარეიტინგო ქულა 120 ათასს არ აღემატება, „საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად, გაიცემა ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინის ქირა, თვეში არაუმეტეს 100 ლარის ოდენობით“.

ბინის ქირის თხოვნით, 2018 წელს ონის მერიისთვის ორ მოქალაქეს მიუმართავს, 2019 წელს ოთხს, 2020-ში რვას და 2021 წელს სამს. მათ შორის არც კაზდო გლოველია, რომლის შესახებაც რამდენიმე კვირის წინ გიამბეთ, არც დალი გუგეშაშვილი და არც უსახლკაროდ დარჩენილი ნანა მეშვილდიშვილი პიპილეთიდან, რომლის თაობაზეც მომდევნო კვირაში მოგითხრობთ.

ონის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი ადგილობრივი შემოსავლებით 5 მილიონ ლარზე მეტია, საიდანაც თითქმის ნახევარი, 2 366 900 ლარი ადგილობრივი ხელისუფლების შენახვას ხმარდება.

„მთის ამბები“ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით მაღალმთიან დასახლებებში უსახლკარო პირთა უფლებების ადვოკატირების პროექტს ახორციელებს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში