საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ახალი დეტალები შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შესახებ

21:48 - 23 აგვისტო 2020 hits 22612

„მთის ამბების“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, თეთრი ფერის მიკროავტობუსით, რომელიც ხევსურეთში, შატილის გზაზე, სოფელ ბისოსთან ახლოს, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა, სავარაუდოდ, 18 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ერთი უცხოელი. „მთის ამბებს“ შემთხვევის ადგილიდან ატყობინებენ, რომ ნაპოვნია უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტი.

შატილის ტური ერთ-ერთი კომპანიის მიერ იყო ორგანიზებული.

„მთის ამბები“ ესაუბრა აღნიშნული ტურისტული სააგენტოს წარმომადგენლებს. ისინი ხევსურეთში მიემგზავრებიან. მათი თქმით, ვერ უკავშირდებიან გიდს, რომელიც დღეს შატილის ტურზე იმყოფებოდა.

ტურის მონაწილეები თბილისიდან, ველოსიპედის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან დღეს, დილის 5 საათზე გავიდნენ და შატილიდან უკან, გვიან საღამოს უნდა დაბრუნებულიყვნენ. ავტოსაგზაო შემთხვევამდე, მიკროავტობუსის მგზავრები თაფლის შესაძენად სოფელ ბისოში გაჩერდნენ. წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა და ბისოდან ბარისახოსკენ მომავალ გზაზე, მოსახვევში, პირდაპირ ხევშია გადავარდნილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ პირველადი ინფორმაციით, მიკროავტობუსში მყოფი 12 მოქალაქე გარდაიცვალა, 3 კი მძიმედ დაშავდა. სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სამართალდამცავები მგზავრთა იდენტიფიცირებასაც ახდენენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

როგორ „მთის ამბებს“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებული 3 მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ამ დროისთვის, ეკიპაჟებმა ერთი პაციენტი უკვე გადაიყვანეს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, დანარჩენი ორი დაშავებულის ტრანსპორტირება ახლა მიმდინარეობს.

17 დაღუპული და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოძახებიდან 2 საათში - ავარია შატილის გზაზე

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში