საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

17 დაღუპული და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოძახებიდან 2 საათში - ავარია შატილის გზაზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

19:45 - 24 აგვისტო 2020 hits 12460
ინტერპრესნიუსის ფოტო
საზოგადოება
ინტერპრესნიუსის ფოტო

17 ადამიანი დაიღუპა და 3 მძიმედ დაშავდა გუშინ, საღამოს, ხევსურეთში, სოფელ ბისოსთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ავარიის ადგილას მაშველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები, გამოძახებიდან 1.5 - 2 საათის შემდეგ მივიდნენ.

ტური კომპანია „თრეველერ ჯის“ მიერ იყო ორგანიზებული. თბილისიდან, ვარდების მოედნიდან ხევსურეთის მიმართულებით დილის 5 საათზე გავიდნენ. ტურისტულ კომპანიას 18 კაციანი ჯგუფი „მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსით გადაჰყავდა. დაგეგმილი იყო დათვიჯვრის უღელტეხილის, შატილის, ანატორის აკლდამებისა და მუცოს დათვალიერება. თბილისში იმავე საღამოს უნდა დაბრუნებულიყვნენ. მიკროავტობუსში სულ 20 ადამიანი იმყოფებოდა, 18 ტურისტი, კომპანიის გიდი სერგო გორლიუკოვი და მძღოლი.

უკან დაბრუნებისას, დაახლოებით 17:45 საათზე, მიკროავტობუსი სოფელ ბისოში გაჩერდა. ჯგუფის წევრებმა გზის პირას მცხოვრები შალვა ქეთელაურისგან თაფლი იყიდეს.

„რომ წავიდნენ, მალევე, რაღაც ხმა იყო. ვიფიქრე, მანქანას საბურავი გაუსკდა, მიმავალზე მტვერი ავარდა. რაღაც მოხდა.

დამუხრუჭებული კი აქვს, მაგრამ ცალ მხარეს ღარი რომ გაავლო, აი, ისე იყო. მუშებმა, გზის მშენებლობაზე რომ მუშაობენ და იქვე ახლოს იყვნენ, თქვეს, არც მოუხვევია, პირდაპირ წამოვიდა დიდი სიჩქარით და ჩვენს მანქანას დაეჯახა, ისიც გაისროლა და თვითონაც სიმაღლიდან ხევში გადავარდაო.

მუშებს თავისი მანქანა იქვე, გზის პირას ჰყავდათ გაჩერებული. როგორც ჩანს, მიკროავტობუსი სიჩქარითაც მიდიოდა და უღელტეხილი თუ სწრაფად და მუხრუჭებით ჩამოიარა, შეიძლება რაღაც მოხდა, გაუცხელდა მუხრუჭები და დატვირთული მანქანა ვეღარ შეაჩერა“ - უთხრა „მთის ამბებს“ სოფელ ბისოში მცხოვრებმა შალვა ქეთელაურმა.

ხახმატის მკვიდრი ალუდა ალუდაური შემთხვევის ადგილას დაახლოებით 20 წუთში მივიდა. ალუდა იხსენებს, რომ მიკროავტობუსის მგზავრებიდან მხოლოდ 4 ადამიანი იყო ცოცხალი. მუშები მათ ამოყვანას უსაფრთხო ადგილზე ცდილობდნენ: „ორმა გვითხრა, მცივაო. გავიხადეთ და დავაფარეთ. მესამემ წყალი მოითხოვა. ერთი მალევე დაიღუპა“.

მაშველების მისვლამდე, სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობდა ბისოში მცხოვრები მამუკა ქეთელაური. მამუკას თქმით, ავარიის ადგილზე ყველაზე სწრაფად მესაზღვრეები მივიდნენ ბარისახოს სამმართველოდან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები კი დუშეთიდან ბისოში, თითქმის საათნახევრის შემდეგ გამოჩნდნენ.

„მთის ამბების“ ინფორმაციით, შემთხვევის ადგილას მაშველები 1.5 საათში მივიდნენ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პირველი ეკიპაჟი კი დაახლოებით 2 საათში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ გვაწვდის ინფორმაციას საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ - „112“-ში სოფელ ბისოსთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ შეტყობინება როდის შევიდა და მაშველები შემთვევის ადგილზე, შეტყობინების მიღებიდან რამდენ ხანში იყვნენ.

ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა, არაერთი მიმართვის მიუხედავად, მხოლოდ სოციალურ ქსელებში საჯარო პროტესტის შემდეგ მოგვაწოდა ინფორმაცია, საიდან და როდის გავიდნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები, ხევსურეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებულებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად.

ცენტრის ინფორმაციით, შატილის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში გამოძახება 17:13 საათზე დაფიქსირდა. „პირველი ეკიპაჟი 17:15 საათზე, უახლოესი ადგილმდებარეობის პრინციპით, ფასანაურიდან გავიდა. 17:19 საათზე გავიდა დუშეთის სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი, ხოლო 17:30 საათზე - გუდაურის გადაუდებელი დახმარების ეკიპაჟი. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები 18:44 საათზე იმყოფებოდნენ. ეკიპაჟებმა გადაუდებელი დახმარება სამ მძიმედ დაშავებულს აღმოუჩინეს და პაციენტების სამედიცინო ტრანსპორტირება უზრუნველყვეს. აღნიშნულ შემთხვევას ჯამში სასწრაფო დახმარების 4 ეკიპაჟი და კატასტროფის (რეანიმობილის) 3 ეკიპაჟი მოემსახურა“, - გვაცნობეს ჯანდაცვის სამინისტროს უწყებიდან წერილობით.

კარგი პრაქტიკის მიხედვით, მაღალი პრიორიტეტის გამოძახების შემთხვევაში,

როცა აუცილებელია დაუყოვნებელი რეაგირება, რეკომენდებულია, რომ გამოძახებიდან ბრიგადის მისვლამდე დრო 8 წუთს არ აღემატებოდეს, საშუალო პრიორიტეტის შემთხვევაში (სწრაფი რეაგირება) – 15 წუთს, დაბალი პრიორიტეტის შემთხვევაში (რეაგირება) – 30 წუთს.

ჯანდაცვის სპეციალისტების განმარტებით, 1.5 და 2 საათით დაგვიანება რისკის ქვეშ აყენებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მას სრულიად დაუცველს ხდის.

შატილის გზაზე მძიმედ დაშავებული სამი ახალგაზრდა ქალი, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ავარიიდან დაახლოებით 4 საათის შემდეგ შეიყვანეს. კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, სამივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

„ორ მათგანს აღენიშნათ უარყოფითი დინამიკა, განვითარდა შინაგანი სისხლდენა და პაციენტებს სასწრაფო წესით ჩაუტარდათ ოპერაცია. მესამე ქალის მდგომარეობა ამ ეტაპზე შედარებით სტაბილურია. სამივე მათგანთან არის პოლიტრავმა და მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე ფასდება კრიტიკულად, ვინაიდან კლინიკურად სახეზეა პოლიტრავმის შედეგად გამოწვეული ყველა გართულება. ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი ამ ეტაპამდე ნარჩუნდება მედიკამენტური გზით. რაც შეეხება მათი მდგომარეობის პერსპექტივას, ამ ეტაპისთვის ამაზე ლაპარაკი ზედმეტია. მათი საშუალო ასაკი 25 წელია“, - განაცხადა რატიანმა.

უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები

თბილისიდან შატილამდე 150 კილომეტრია. ამ მანძილის გავლას, გაუჩერებლად მიკროავტობუსით 4.5 - 5 საათი სჭირდება. შატილიდან მუცომდე 12 კილომეტრია და მიკროავტობუსით მგზავრობის დრო ერთ საათს აღწევს. მაღაროსკარიდან შატილამდე, გზაზე სარეაბილიტაციო, ხიდების სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, რაც მგზავრობის დროს კიდევ უფრო ზრდის. შატილის გზაზე „თრეველერ.ჯის“-ს ტურის მონაწილეებს ერთ დღეში თითქმის 12 – 12.5 საათი უნდა ემგზავრათ. მიკროავტობუსს ერთი ადამიანი მართავდა.

„მთის ამბების“ მიერ, ბარისახოში, გუდანში, ხახმატში, კისტანსა და შატილში ადგილობრივ მცხოვრებლებთან გადამოწმებული ინფორმაციით, 23 აგვისტოს, ხევსურეთში, მთელი დღის განმავლობაში მზიანი და უნალექო ამინდი იყო, გზაც მშრალი.

„მთის ამბებმა“ PTI-ის (პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ბაზა) მონაცემები შეამოწმა. აღმოჩნდა, რომ მიკროავტობუსს სახელმწიფო ნომრით YTY 248, რომელიც ტურის მონაწილეებს ემსახურებოდა, სავალდებულო ტექინსპექტირება გავლილი არ ჰქონდა.

წინა ტექნიკური შემოწმების ვადა 2020 წლის 13 ივლისს არის ამოწურული.

რატომ გადაჰყავდა კომპანიას ტურისტები მანქანით, რომელსაც ტექნიკური შემოწმება გავლილი არ ჰქონდა, „თრეველერ ჯის“ დირექტორი შალვა ბოლოთაშვილი აცხადებს, რომ ტრაგედიის მიზეზების დასადგენად გამოძიებასთან თანამშრომლობენ.

შპს „თრეველერ ჯი“ 2017 წლის 5 მაისს არის რეგისტრირებული. კომპანიის დირექტორი და 50 %-ის მესაკუთრე შალვა ბოლოთაშვილია, წილის 50 % კი არჩილ ცაგარელს ეკუთვნის.

მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტი შატილის გზაზე მომხდარ ავარიას სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით იძიებს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას. გარდაცვლილთა ოჯახის წევრები ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელების დასჯას ითხოვენ.

შემთხვევის ადგილზე დღეს და გუშინ ღამით მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზად ორი ვერსია განიხილება - მძღოლმა მოძრაობის დადგენილ სიჩქარეს გადააჭარბა და მიკროავტობუსი ტექნიკურად გამართული არ იყო; მძღოლს ჩაეძინა და საჭე ვეღარ დაიმორჩილა.

„ერთი დღისთვის თბილისი-შატილი-მუცო რთული გზაა, ემოციურიც, მძღოლისთვისაც დამღლელია. ერთდღიანი ტური არასდროს გამიკეთებია, თუმცა არავინაა დაზღვეული ასეთი შემთხვევისგან“, - ამბობს პაატა ვარდანაშვილი, რომელსაც საქართველოს მთიან რეგიონებში ტურების მოწყობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს.

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარის დავით მესხიშვილის თქმით, ევროპის ქვეყნებში, მძღოლს, რომელიც სამგზავრო მიკროავტობუსს მართავს, ზედმეტი დატვირთვა ეკრძალება.

„ერთი ფაქტორია რთული რელიეფის გზა. მეორეა მძღოლის კომპეტენცია ასეთი სირთულის გზებზე. მესამე - ევროპის ქვეყნებში აკრძალულია მძღოლისთვის ზედმეტი დატვირთვის მიცემა, მითუფრო რთულ გზებზე.

ექსკურსიების ჩატარებისას გარკვეული მიდგომები უნდა არსებობდეს. მე მახსოვს, ამასთან დაკავშირებით რაღაც საუბრები იყო, 2018 წელს, გომბორის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, რომლის შედეგადაც 4 მგზავრი დაიღუპა და 21 დაშავდა. ეს პროცესი რეალურ სურათამდე არ მისულა.

არსებობს საერთაშორისო გამოცდილება, მათ შორის საგზაო უსაფრთხოების სფეროში, რომლის გათვალისწინებაც არ ხდება. დღეს რა რეალობა გვაქვს? მგზავრების გადაყვანა ხდება სატვირთო მიკროავტობუსებით, რომლებიც გადაკეთებულია სამგზავროდ. საკითხავია, როგორ. ეს მიკროავტობუსი ასე იყო თუ არა, ჩვენ ეგ არვიცით, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის 90 % ასეა.

რაც შეეხება იმას, რომ ტექინსპექტირება არ ჰქონდა, ჩვენ ჩავატარეთ ექსპერიმენტი რამდენიმე თვის წინ და ახლა, აგვისტოს დასაწყისში. საქართველოს ბევრ ქალაქსა და რეგიონში ვიმოძრავეთ მანქანით, რომელსაც ტექინსპექტირების ვადა ჰქონდა გასული, მაგრამ ვიდეოთვალს არ დაუჯარიმებია“.

 

ფშავ-ხევსურეთი სასწრაფო სამედიცინო დახმარების გარეშე

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ფშავ-ხევსურეთის მოსახლეობამ  არაერთხელ მოითხოვა, ბარისახოში, რომელიც პირაქეთა ხევსურეთის ადმინისტრაციული ცენტრია, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ერთი ეკიპაჟი მაინც ყოფილიყო. ფშავ-ხევსურეთში 4 თემია, 76 სოფლით. მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, მაღაროსკარის თემში მუდმივად 579 ადამიანი ცხოვრობს, უკანაფშავის თემში 143, შატილის თემში 48, ხევსურეთის (ბარისახო) თემში 354. მოსახლეობა კი ცოტაა, მაგრამ ფშავ-ხევსურეთი ფართობით ორ-სამ მუნიციპალიტეტს აღემატება. დუშეთის მუნიციპალიტეტი 290 დასახლებას მოიცავს და 2981 კვადრატული კილომეტრია, 81 კვ/კმ-ით მეტი, ვიდრე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა.

მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლიდან ხევსურეთთან დამაკავშირებელი სამანქანო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს (გამოყოფილია 40 მილიონი ლარი) და ბარისახომდე გზის თითქმის 90 % უკვე მოასფალტებულია, დუშეთიდან იქამდე, 63 კილომეტრის გავლას მაინც 1.5 საათზე მეტი სჭირდება. გზა ჟინვალის წყალსაცავის თავზე და მდინარე არაგვის ხეობაში გადის, რის გამოც ბევრი სახიფათო მოსახვევია.

ფშავთან და პირაქეთა ხევსურეთთან შედარებით, ბევრად უარეს მდგომარეობაშია პირიქითა ხევსურეთი - შატილის თემის სოფლები და არხოტის ხეობა. ზაფხულში, როცა საავტომობილო გზა ღიაა, სასწრაფოს პირიქითა ხევსურეთის სოფლებამდე მისაღწევად სულ მცირე 4-5 საათი სჭირდება, ზამთარში კი, როცა დიდთოვლობის გამო დათვიჯვრისა და არხოტის უღელტეხილები იკეტება, იქ მუდმივად მცხოვრებლები უნისლო ამინდისა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის იმედად არიან. ნისლიან ამინდში მესაზღვრეების ვერტმფრენი ვერ დაფრინავს და ასეთ დროს, ადამიანების გარდაცვალების არაერთი შემთხვევა ახსოვთ ხევსურებს. ფშავ-ხევსურეთიდან ადგილობრივები 112-ს ნაკლებად მიმართავენ. ოფიციალური მონაცემებით, 2017-2018 წლებში უწყებაში მხოლოდ 301 გამოძახებაა რეგისტრირებული. ჯანდაცვის სმაინისტრო სწორედ დაბალი მიმართვიანობით ცდილობს ახსნას, რატომ არ ემსახურება ფშავ-ხევსურეთს სასწრაფოს ერთი ეკიპაჟიც კი. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა 2019 წელს, წერილობითი მიმართვის მიუხედავად, არ მოგვაწოდა საჯარო ინფორმაცია, რამდენი ადამიანი დაიღუპა ფშავ-ხევსურეთში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების დაგვიანების გამო.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში