საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

რატომ გაასხვისეთ რიონის ხეობა 99 წლით? მეუფე სტეფანე მთავრობისგან განმარტებებს ითხოვს

14:21 - 05 თებერვალი 2021 hits 3190
ფოტოზე - ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი, სტეფანე კალაიჯიშვილი
გარემოს დაცვა
ფოტოზე - ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი, სტეფანე კალაიჯიშვილი

„რიონის ხეობა ერთი საუკუნით თურქული კომპანიისთვის გადაუციათ და ზოგიერთს, ვინც იქ ცხოვრობს, არც მიყიდული აქვს მიწის ნაკვეთი, არც არაფერი და იქ გაჩერების უფლებას არ აძლევენ. ერთი საუკუნე იცით რას ნიშნავს? არცერთი აქ მყოფი ცოცხალი აღარ ვიქნებით. თანაგრძნობა და თანადგომა მინდა გამოვუცხადო რიონის ხეობის მოსახლეობას, რომელიც იბრძვის იმისთვის, რომ ვიცოდეთ - რა ინტერესები ტრიალებს იმ ხეობაში? ეს არ არის მხოლოდ ორი რეგიონის პრობლემა, ეს არის მთელი საქართველოს საკითხი და ყველას გვეხება“, - ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე საქართველოს მთავრობისგან განმარტებებს ითხოვს, ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანიისთვის, შპს „ენკა რინიუებლზისთვის“ რიონის ხეობაში 576 ჰექტარი ტერიტორიის 99 წლით გადაცემასთან დაკავშირებით.

„მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელმა დავით ჭიპაშვილმა რამდენიმე დღის წინ გაახმაურა, რომ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის განკარგულებით (N2405), შპს „ენკა რინიუებლზს“ გადაეცა 576.3 ჰექტარი (5,763,023 კვ.მ) ფართობის სახელმწიფო ქონება 1705 ლარად, მათ შორის, 198.12 ჰექტარი (1,981,220 კვ.მ) ტყე - ე.წ. „ნებართვების“ მიღებამდე. უფრო კონკრეტულად, თურქულ კომპანიას 121 ლარად საკუთრებაში გადაეცა 1,409,391 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქონება და 1,535,975 კვ.მ ფართობის ტყე წყალტუბოს, ტყიბულისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში (ძირითადად წყალტუბოში); ასევე, აღნაგობის უფლებით, 99 წლის ვადით, წლიურ 16 ლარად  გადაეცა 2,372,409 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო ქონება და 445,245 კვ.მ ტყე.

„ამის დამალვა არ შეიძლება. რა ისეთი ენერგოდამოუკიდებლობა უნდა მოვიპოვოთ, რომ პირდაპირ ვკარგავთ მთელი ხეობის ფლობის უფლებას და ერთი საუკუნით გადაეცემა რაღაც კომპანიას. რა უნდა იყოს ამის შედეგი, რა მოგება უნდა ნახოს ხალხმა?

იმაზე აღარ ვლაპარაკობ, რომ ნათლად არ არის ნათქვამი და დასაბუთებული, რა შეიძლება მოჰყვეს 110 მეტრი სიმაღლის კაშხლის მშენებლობას ნამახვანზე და ზემოთ კიდევ „ტვიშიჰესის“ მშენებლობას, რომელიც ამის ნაწილია. მატერიალურად ჩვენ რაში მოვიგებთ, ქართველები - ეს ერთი საკითხია. მეორე საკითხია, რა დაინგრევა და ზარალი ფარავს თუ მოგება? მაგრამ, 99 წლით ამხელა ტერიტორიის გადაცემა, მე ვფიქრობ, რომ ყველაფერს სცდება და ზუსტად უნდა აგვიხსნან, რატომ ხდება ეს, რა ისეთი პირობაა, რას ვიგებთ ასეთს, რომ ვერცერთი ჩვენთაგანი საქართველოს ასეთი ულამაზესი ხეობის დაბრუნებას ვერ მოვესწრებით“, - აღნიშნა მეუფე სტეფანემ ქადაგებისას.

„ჩემი ეპარქიის ტერიტორიაზე, სადაც მოსახლეობას ჯვრის აღმართვის სურვილი ექნება, გაძლევთ ლოცვა-კურთხევას, ჯვარი აღმართოთ და მღვდლები აკურთხებენ.

დიახ, ჯვარი არის ჩვენი დასაცავი. ჯვარი არის ჩვენი მფარველი. ჯვარი არის ჩვენი იარაღი. როცა სხვა გზა არ გვაქვს, ქრისტიანები თავს ვიცავთ ჯვრით და მადლობა უფალს, დავიცავთ ბოლომდე“, - ასე უპასუხა მეუფე სტეფანემ იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის განცხადებას, როდესაც მან ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს, 30 იანვარს, ვიდრე მათ პოლიცია დაშლიდა, უთხრა, რომ კაშხლის მშენებლობის ადგილას ჯვარი კურთხევის გარეშე ჰქონდათ აღმართული. სოფელ ჟონეთში აქციის დაშლის შემდეგ, გვიან ღამით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ის ჯვარიც მოთხარეს, რომელიც აქციის მონაწილეებმა გასული წლის 29 ოქტომბერს, კაშხლის მშენებლობის ადგილას აღნმართეს. 

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი პოლიციის მიერ აქციის დაშლასაც გამოეხმაურა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს მიმართა:

„პოლიციელებს ჰქონდეთ პირი თავისი მეზობლების, მეგობრების თვალებში ჩახედვისა. ისე არ მოიქცნენ, რომ სირცხვილი იყოს მერე მათი გამოჩენა.

შეიძლება ვიღაცამ უტიფრობით იქით დაიწყოს - თქვენ გიჟები ხართ, სულელები ხართ, ჩვენ ვაკეთებთ ქვეყნის საქმეს, თქვენ კი, ანგრევთო ქვეყანას. ესე იგი, სოფლის მოსახლეობა, რომელიც იქ თავის მიწებს იცავს, „ანგრევს“ ქვეყანას და იქ ვიღაცეები არიან თურმე, სხვა სოფლების მცხოვრებლები, რომლებმაც გაყიდეს თავისი მიწები და ითხოვენ, რომ ეს ჰესი აშენდეს. გასაგებია! ფულის ინტერესი კარგია, მაგრამ ჯერ ქვეყნის ინტერესია“.

მიტროპოლიტის განმარტებით, ის ნამახვანჰესის პროექტს იმიტომ არ აკრიტიკებს, რომ მისი ინვესტორი თურქული კომპანიაა, არამედ იმიტომ, რომ ნამახვანჰესის პროექტის განხორციელებით ადამიანის უფლებები ირღვევა, რეგიონს საფრთხეები ემუქრება და ხელისუფლება არასწორად, უკანონოდ მოქმედებს.  

„არავინ ამბობს იმას, რომ თურქობის გამო ჩვენ მათ წინააღმდეგ რაღაცას ვამბობთ.

თავიდან ბოლომდე უკანონობაა და არა თურქული კომპანიის გამო, არამედ ჩვენი ხელისუფლების არასწორი მოქმედებების გამო. ჩვენ იმათ მოვთხოვოთ პასუხი და ამათ არაფერ ვკითხოთ - ასე არ არის. როგორ მიეცი  99 წლით იმას, რომ მერე ითარეშოს და შენ პოლიცია დააყენო, შენს მოსახლეობას ეჯაჯგურო, წადი აქედანო და შენ უფლება არ გაქვს ხმა ამოიღო.

შემინდოს ყველამ, ვისაც მე ახლა ვაწყენინე, ოღონდ თუ ვაწყენინე იმიტომ, რომ არ აკეთებს ამას და არ არის ამ ყველაფერში დამნაშავე, რასაც ვამბობ, ბოდიშს მოვუხდი. ოღონდ გარკვევით და მკაფიოდ თქვას, რომ აი, ამ ქალბატონს მიწას არ ართმევენ, ის ტერიტორია 99 წლით არ არის გადაცემული, რომ მოსახლეობას მოუსმენენ და მასთან ერთად განიხილავენ იმ საკითხს, რომელიც ეხება ენერგოუსაფრთხოებას. როდესაც შეხვედრა გვქონდა ჩვენთან რეზიდენციაში, არც მანამდე, თბილისში შეხვედრაზე ამ 99 წელზე არავინ არაფერს ამბობდა და არც ვიცოდით, თორემ საერთოდ არაფერზე დავთანხმდებოდი, შეხვედრაზეც კი არ დავთანხმდებოდი, მოვითხოვდი დოკუმენტის გასაჯაროებას“.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ 7 თებერვალს, 13:00 საათზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში საპროტესტო აქცია გაიმართება.

შპს „ენკა რინიუებლზსის“ ინფორმაციით, მიწები გადაცემულია ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის განხორციელებისთვის და კომპანიას ეკრძალება გადაცემული მიწები გამოიყენოს სხვა მიზნებისთვის ან გაასხვისოს მესამე პირზე, სახელმწიფოს თანხმობის გარეშე. ასევე, კომპანია ვალდებულია ააშენოს ქუთაისი-ალპანა-მამისონის და ნამოხვანი-ალპანას გზის მონაკვეთები, რომელიც შემდგომში სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცემა.

ამ თემაზე:

576 ჰექტარი, 16 ლარად, 99 წლით - რიონის ხეობა ნამახვანჰესის კომპანიას გადასცეს

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში