საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

რა ელის სტორის ხეობას 4 ჰესის აშენებით

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:57 - 04 ოქტომბერი 2021 hits 43858

თუშეთში ვინც ყოფილხართ მანქანით და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური გზა გაგივლიათ, სტორის ხეობაც კარგად გეცოდინებათ. სოფელ ლეჩურს რომ გასცდებით, თუშეთის გზის პირველი 20 კილომეტრი სწორედ მდინარე სტორს მიუყვება. თუშეთის გზა რამდენადაც რთულია, ხეობა იმდენად მომხიბვლელია პატარა თუ დიდი ჩანჩქერებით, რომ კლდეებზე გაჭრილი ვიწრო გზის სირთულით გამოწვეულ შიშს გარკვეულწილად ამსუბუქებს. ზაფხულობით ხეობის ეს მონაკვეთი ისეა სავსე დამსვენებლებით, თავისუფალი საპიკნიკე ადგილის პოვნა ჭირს. სტორის ხეობაში კასკადური ტიპის 4 ჰესის მშენებლობაა დაგეგმილი. ჯამში, ოთხივე ჰესის გვირაბებისა და მილსადენების სავარაუდო სიგრძე 20 კილომეტრზე მეტია. მაღალია რისკი, რომ ზაფხულობით, ლეჩურიდან თორღვას აბანომდე, სტორის ხეობაში მდინარე აღარ დაგხვდებათ.

„სტორი 1 ჰესი“

„სტორი 1 ჰესის“ მშენებლობა 2019 წელს დაიწყო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება 2018 წლის 7 მაისს გასცა. ბურღვა-აფეთქებით 2.4 კილომეტრზე 3.5 მ დიამეტრის გვირაბი უკვე გაიყვანეს. დაწყებულია ცილინდრული ფორმის, ბეტონის 35 მეტრიანი კაშხლისა და სადაწნეო მილსადენის სამშენებლო სამუშაოები. თავდაპირველად ჰესის დადგმული სიმძლავრე 20.1 მგვტ უნდა ყოფილიყო, თუმცა 2021 წლის აპრილში შპს „სტორმა“ ჰესის სიმძლავრის გაზრდა 33.6 მგვტ-მდე და სადაწნეო აუზში ეშმაკისღელეს წყლის დამატება მოითხოვა. ჰესის საშუალო წლიური გამომუშავება 152  გვტ/სთ უნდა იყოს. სათავე ნაგებობა მდინარე სტორზე მოეწყო, წყალს კი სტორიდანაც აიღებენ და მდინარე ეშმაკისღელედანაც. ეშმაკისღელეზე 5.5კილომეტრის სიგრძისა და 1.2 მეტრი დიამეტრის მილსადენის მოწყობაა გათვალისწინებული.

„სტორი 1 ჰესს“ შპს „სტორი“ აშენებს. კომპანია 2016 წლის 12 აგვისტოს სულიკო წულუკიძემ (წილის 60 %-ის მესაკუთრე), ბეჟან ანუაშვილმა (15 %) და რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს მოქალაქემ ვაჟა ციგროშვილმა (25 %) დააფუძნეს. დღეისათვის, კომპანიის 95 %-ის მესაკუთრე ორმაგი მოქალაქეობის მფლობელი ვაჟა ციგროშვილია, 5 %-ს კი ბეჟან ანუაშვილი ფლობს. ვაჟა ციგროშვილი საქართველოში, საგარეჯოს რაიონის სოფელ გომბორშია რეგისტრირებული.

„სტორი 2 ჰესი“

ამავე სოფელშია რეგისტრირებული შპს „სტორი ენერჯის“ 100 % წილის მესაკუთრე თამარ ნეკრესელაშვილი. შპს „სტორი ენერჯი“ ის კომპანიაა, რომელიც მდინარე სტორზე 11.9 მგვტ/სთ დადგმული სიმძლავრის „სტორი 2 ჰესი“-ს ასაშენებლად ნებართვებს ითხოვს. კითხვაზე, სინამდვილეში, შპს „სტორი ენერჯიც“ ეკუთვნის თუ არა ვაჟა ციგროშვილს, „სტორი ენერჯის“ დირექტორმა გურამ გაბელაიამ გვიპასუხა, რომ „ორი სხვადასხვა კომპანიაა და „სტორი ენერჯი“-ში ვაჟა ციგროშვილი არსად ფიგურირებს“.

ეს არის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რომლითაც შპს „სტორმა“ და შპს „სტორი ენერჯიმ“ უარი უთხრეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოთხოვნის შესრულებაზე, რომ კასკადური ტიპის ჰესებით გარემოზე სრულფასოვანი ზემოქმედების შესაფასებლად, ერთიანი სკოპინგის ანგარიში წარედგინათ.

ვაჟა ციგროშვილმა დაგვიდასტურა, რომ შპს „სტორი ენერჯის“ დოკუმენტებში 100 % წილის მესაკუთრედ მითითებული თამარ ნეკრესელაშვილი მისი ნათესავია.

„სტორი 2 ჰესის“ საშუალო წლიური გამომუშავება 51.770 გვტ/სთ-ია. სამინისტროში წარდგენილი პროექტის მიხედვით, სათავე ნაგებობის მოწყობა მდინარე სვიანისხევზეა დაგეგმილი. კაშხალი 5.8 მეტრიანი იქნება. სტორი 2 ჰესისთვის 1.2 კილომეტრზე მილსადენში მოაქცევენ მდინარე სვიანისხევის წყალს. 2.8 მეტრის სიმაღლისა და სიგანის სადერივაციო გვირაბი აშენდება მდინარე სტორისა და ეშმაკისღელეს შესართავთან და „სტორი 1 ჰესიდან“ გამოსულ წყალს, 2.3 კილომეტრზე ისევ უზარმაზარ მილებში შეუშვებენ. საერთო ჯამში „სტორი 2 ჰესისთვის“ სვიანისხევსა და სტორს კიდევ 4.7 კილომეტრზე მოაქცევენ გვირაბსა და რკინის მილებში.

„სტორი 2 ჰესის“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა 29 ოქტომბერს, 13 საათზეა დაგეგმილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში.

სტორის ხეობაში სულ ოთხი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაა დაგეგმილი. „სტორჰესი“ გათვალისწინებულია მდინარე სტორის ხეობის დასაწყისში, თორღვას აბანოს მიმდებარედ. „სტორი 3 ჰესი“ „სტორი 2 ჰესის“ ქვემოთ, სოფელ ლეჩურამდე. ოთხივე ჰესის მშენებლობის შემთხვევაში, მდინარის დიდ ნაწილს გვირაბებსა და მილებში, დაახლოებით 22 კილომეტრზე მოაქცევენ.

„მთავარი პრობლემა ის არის, რომ როდესაც ასეთი კასკადური ტიპის კონსტრუქციები იგება, როგორც წესი, ეს ერთიანად უნდა იყოს განხილული. კომპანიები ამას სპეციალურად ანაწილებენ, რომ ცალ-ცალკე მოხდეს ამ პროექტების წარდგენა და ნებართვების მიღება. ხდება ერთი მონაკვეთის შეფასება და ცდილობენ, წარმოაჩინონ, რომ ზიანი მცირე იქნება, მაგრამ როდესაც 4 ერთმანეთზე გადაბმული ობიექტისგან შედგება მთელი პროექტი, ამან შესაძლოა, ბევრად მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს“, - სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი „ნაკრესის“ გამგეობის წევრს კახა არცივაძეს „სტორი 2 ჰესის“ პროექტზე შენიშვნები აქვს:

„თუ მთელი წყალი გვირაბში წავა, ეს გამოიწვევს უწყლოდ დარჩენილი მონაკვეთის განადგურებას. ამიტომ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ მაქსიმუმ რამდენი წყლის აღება შეიძლება, რათა მდინარეში მინიმალური რაოდენობის წყალი მაინც დარჩეს და თევზები და სხვა ორგანიზმები არ განადგურდნენ. ირკვევა, რომ უშუალოდ მდინარე სტორზე და მის შენაკადებზე ჰიდროლოგიური კვლევა არ ჩატარებულა და დასკვნები გაკეთებულია ე.წ „ანალოგის მეთოდით“. ეს ნიშნავს, რომ კომპანიამ აიღო ლეჩურის ჰიდროლოგიური სადგურის მონაცემები, ივარაუდა, რომ საპროექტო ტერიტორიაზე ანალოგიური სიტუაცია იქნება და ანალოგის მეთოდით დაიანგარიშა ე.წ „მინიმალური ხარჯის მაჩვენებელი“. 

ანალოგის მეთოდით გამოთვლილი პარამეტრი (ლეჩურის სადგურისთვის) წინა საუკუნეშია დათვლილი. შესაბამისად, გზშ-ს დოკუმენტი ეყრდნობა 1953 და 1970 წლის მაჩვენებელს და ამის საფუძველზე გვეუბნება რამდენი წყალი შეიძლება დარჩეს მდინარეში 21-ე საუკუნეში“.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშები „სტორი 1 ჰესზეც“ და „სტორი 2 ჰესზეც“ შპს „გამა კონსალტინგის“ მიერ არის მომზადებული.

რა სარგებელს მოგვიტანს „სტორი 2 ჰესი“? სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, მშენებლობის ფაზაზე დასაქმდება 80-87 კაცი, დიდი ნაწილი ადგილობრივი მოსახლეობა იქნება; ჰესის მშენებლობაზე გამოიყენებენ სამშენებლო მასალების ადგილობრივ რესურსებს, რაც ხელს შეუწყობს სამშენებლო მასალების წარმოების სექტორის გააქტიურებას; ჰესის ექსპლუატაციაში გაშვების შემდგომ ენერგოსისტემა მიიღებს დამატებით ელექტროენერგიას, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევისათვის; პროექტის განხორციელების შედეგად ადგილობრივ ბიუჯეტში შევა დამატებითი თანხები. მათ შორის, აღსანიშნავია ქონების გადასახადი ჰესის საპროექტო ღირებულების 1%-ის ოდენობით; ამასთან, სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული პერსონალის მომსახურებისათვის მოსალოდნელია სატელიტი ბიზნეს საქმიანობების (ვაჭრობა, მომსახურება, სატრანსპორტო  უზრუნველყოფა, საკვები პროდუქტების წარმოება და სხვა) გააქტიურება, რაც დასაქმების დამატებით წყაროდ უნდა ჩაითვალოს.

„მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენლის დავით ჭიპაშვილის თქმით, პროექტის საჭიროების დასაბუთება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით განსაზღვრული ერთ-ერთი საკვანძო საკითხია, რისი შეფასებაც აუცილებელია გზშ ანგარიშში: „კოდექსის თანახმად, გზშ ანგარიში უნდა მოიცავდეს გარემოზე შეუქცევი ზემოქმედების შეფასებას და მისი აუცილებლობის დასაბუთებას, რაც გულისხმობს გარემოზე შეუქცევადი ზემოქმედებით გამოწვეული დანაკარგისა და მიღებული სარგებლის ურთიერთშეწონას გარემოსდაცვით, კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ ჭრილში“.

„სტორი 2 ჰესის“ გზშ-ს ანგარიშიდან გაუგებარია დასაქმებულთა პოზიციები, დასაქმების პერიოდი, ადგილობრივების წილი დასაქმებულთა შორის. ზოგადი ჩანაწერის გარდა, არ არის დეტალური შეფასება, კონკრეტულად რა სარგებელზეა საუბარი; რომელი სამშენებლო მასალების სექტორის გააქტიურებას შეუწყობს ხელს, არსებობს თუ არა ამის მაგალითები; არ არის გამოყენებული ისეთი ეკონომიკური ინსტრუმენტი, როგორიცაა დანახარჯებისა და სარგებლის ანალიზი - რა სარგებელს მიიღებს სახელმწიფო პროექტისგან და იქნება თუ არა ის საპირწონე იმ ზიანისა, რასაც აღნიშნული პროექტი აყენებს ბუნებრივ და სოციალურ გარემოს.

სტორის ხეობაში დაგეგმილი ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ქვეყნის ენერგოსისტემაში რომ ჩაერთოს, 110 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი „სტორიჰესი - ახალი თელავი“ უნდა აშენდეს. გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის (2021-2031) თანახმად, ხაზის მშენებლობა „საქართველოს სახელმწიფო ელეტროსისტემის“ ვალდებულებაა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში