საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ფრანგი ფოტოგრაფის მიმართვა კულტურის სამინისტროს: „უშველეთ სოფელ ადიშს!“

18:25 - 26 იანვარი 2017 hits 4563

ცნობილი ფრანგი ფოტოგრაფი ფრანსის პრიმერსკი საქართველოს კულტურის სამინისტროს მიმართავს და სვანეთში სოფელ ადიშის გადარჩენას ითხოვს.

„ჩვენ ვიმყოფებით სვანეთის ერთ-ერთ სოფელში. ძლიერ შოკირებული ვარ. შეხედეთ, ეს არის კულტურის ნიმუში, რომელსაც საქართველო ფლობს. რატომ არ უკეთებენ რეაბილიტაციას ამ სახლებს, ჩემთვის ეს აუხსნელი და დაუჯერებელია. შეხედეთ, რა სილამაზეა.

ეს პეიზაჟი სიზმარივითაა. გამოსაფხიზლებლად ხელზეც კი ვიჩქმიტე. ეს მიტოვებული სახლიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და განადგურების პირასაა. ეს არ უნდა დაუშვას არცერთმა ქართველმა და განსაკუთრებით კი კულტურის სამინისტრომ. ისტორია ნადგურდება!

ამ კედლის თითოეული ნაპრალი ჩემს გულზეც ასეთსავე ნაიარევს აჩენს. სოფელი ადიში საქართველოს ყველაზე ლამაზი სოფელია. მას მოფრთხილება და შენარჩუნება უნდა. ბევრ ქვეყანას ასეთი სიმდიდრე არ აქვს. ჩემი გულის ამოძახილია: გააკეთეთ რამე, უშველეთ სოფელ ადიშს!“, - ამბობს ფრანსის პრიმერსკი. ვიდეომიმართვა სოციალურ ქსელში გავრცელდა.

სოფელი ადიში სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარე ენგურის შენაკადის - ადიშისჭალის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 2040 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

ადიში მდიდარია ისტორიული ძეგლებით. სოფელში კედლის მხატვრობით შემკული ოთხი ეკლესიაა: მაცხოვრის ეკლესია ( X-XI საუკუნეები), წმინდა გიორგის (სვანურად - ჯგრაგ) ორი ეკლესია (XI - XII საუკუნეები) და მთავარანგელოზის ეკლესია (XII საუკუნე). ეკლესიები დარბაზული ტიპისაა და განვითარებული შუა საუკუნეების ხანას განეკუთვნება.

ადიშში იყო დაცული ძველი ქართული ენისა და მწერლობის უმნიშვნელოვანესი ძეგლი, 897 წელს კლარჯეთში, შატბერდის ლავრაში გადაწერილი ოთხთავი. აქედან წარმოდგება მისი სახელწოდებაც - ადიშის ოთხთავი. ოთხთავი ამჟამად სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ინახება.

ადიშში ამჟამად 60-მდე ადამიანი ცხოვრობს.

ფრანსის პრიმერსკი ცნობილი ფრანგი ფოტოგრაფია. ის საქართველოში პირველად 2004 წელს ჩამოვიდა და აქ ბინაც შეიძინა. მას მოვლილი აქვს მთელი საქართველო. განსაკუთრებით უყვარს სვანეთი. სვანეთში მას გუჯუ გაბრიანი შეარქვეს.

ამავე თემაზე:

როგორ დააზიანეს სასულიერო პირებმა მესტიაში ისტორიული ძეგლები

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში