საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ჯარაში თაფლის წარმოების ტრადიციას ძეგლის სტატუსი მიენიჭა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

13:30 - 26 თებერვალი 2021 hits 28063
კავკასიის ალიანსების პროგრამის ფოტო
კულტურა
კავკასიის ალიანსების პროგრამის ფოტო

ჯარაში თაფლის წარმოების ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ჯარა ქართული ტრადიციული სკაა, რომელიც ფუტკრის მოშინაურების მიზნით საქართველოში უძველესი დროიდან გამოიყენება. ჯარას თაფლი უნიკალური და მაღალი ხარისხის ორგანული პროდუქტია.

დღეს მეფუტკრეობის მსგავსი სახეობა იშვიათია და მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ადგილასაა შემორჩენილი. მაღალმთიანი აჭარა ამ მხრივ გამორჩეულია.

სულ რამდენიმე ათეული მეფუტკრეა, ვინც ფუტკრის მოშინაურების რთულ, მაგრამ საუკუნოვან ტრადიციას აგრძელებს.

საქართველოში პირველად, აჭარაში მცხოვრები 24 ჯარას თაფლის მწარმოებელი მეფუტკრე, მათ შორის, გოდერძის ალპური ბაღის საფუტკრე, ბიო სერტიფიკატის მფლობელია და თაფლს სტანდარტების შესაბამისად აწარმოებს.

ჯარას თაფლი იყიდება კარფურის, გუდვილისა და ევროპროდუქტის ქსელებში. 2020 წელს ჯარას თაფლი ექსპორტზე კანადასა და აშშ-ში გავიდა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, ჯარაში თაფლის წარმოების ტრადიციისთვის ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად, ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციამ მიმართა.

„ჯარა“ - ასე ჰქვია ფილმს, რომელიც მთიან აჭარაში კინოდოკუმენტალისტმა ნიკა წიკლაურმა გადაიღო. ფილმში ნაჩვენებია ადამიანისა და ველური ბუნების თანაცხოვრება. ოდესღაც, სანამ მოაშინაურებდნენ, ფუტკარი თაფლს ხის ფუღუროში აგროვებდა. ადამიანმაც უკვე მოშინაურებული ფუტკარი ხის დიდი მორებისგან გაკეთებულ ფუღუროში დააბინავა. ამ ფუღუროს კი ჯარა, ანუ გეჯა უწოდა. ფუტკრებიან ჯარას მაღალი ხის ტოტებზე, მოუწვდომელ ადგილას ან კლდეზე ათავსებდნენ. ასეთ დროს ადამიანი ნაკლებად ერეოდა ფუტკრის საქმიანობაში და თაფლიც, დღევანდელი სკისგან განსხვავებით, უფრო ბუნებრივი გამოდიოდა.

ფილმმა დოვილის საერთაშორისო ფესტივალის, Deauville Green Awards-ის 2018 წლის ოქროს ჯილდო მოიპოვა. ფესტივალში ხუთასამდე ფილმი მონაწილეობდა მსოფლიოს ხუთი კონტინენტიდან.

საქართველოში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მინიჭებული აქვს: ქართულ პოლიფონიას; ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს; ცეკვა ფერხულს; ბერიკაობას; კახუი მრავალჟამიერს; მესხური ყველი ტენილის დამზადების ტექნოლოგიას; ქართულ ჭიდაობას; დამბალხაჭოს დამზადების ტექნოლოგიასა და კულტურას; სვანური ხალხური საკრავის ჭუნირის დამზადების ტრადიციულ მეთოდს; სვანური ქუდის დამზადების ტექნოლოგიას; „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად ცოდნის ტრადიციას; ზარით დაკრძალვის სვანურ რიტუალს; ბაზიერობას (დამჭერი მტაცებელი მფრინველით ანუ ბაზით ნადირობა); ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართული სუფრა);  ქართულ ხალხურ სამედიცინო ცოდნასა და მისი გამოყენების ტრადიციებს; „ქსნური ულამი - უსასყიდლო შრომითი ურთიერთდახმარების ტრადიციას“ და ა.შ.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში