საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

როგორ დააზიანეს სასულიერო პირებმა მესტიაში ისტორიული ძეგლები

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:43 - 04 დეკემბერი 2016 hits 11470

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მთავარ პროკურატურას მიმართა მესტიის მუნიციპალიტეტის უძველეს ისტორიულ ეკლესიებზე თვითნებური მიშენებების, ფრესკების დაზიანებისა და ძეგლების ავთენტურობის დარღვევის ფაქტებზე. ადგილობრივი მცხოვრებლების განმარტებით, ეკლესიებზე თვითნებური სამუშაოები სასულიერო პირების ხელმძღვანელობით ჩატარდა.

სააგენტოს ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლებმა მულახის თემის - ჟაბეშის მაცხოვრის, ლატალის თემის - მაცხოვრის (მაცხვარიში), მთავარანგელოზის (თარინგზელი), იონა წინასწარმეტყველის (იენაში), ლაჰილის წმ. გიორგის, ლახუშდის მაცხოვრის და ეცერის თემის - ფხუტრერის ტაძრები 16–18 ნოემბერს დაათვალიერეს.

რა დარღვევები გამოვლინდა კულტურის უძრავი ძეგლების მონიტორინგის შედეგად:

სოფელ ჟაბეშში მდებარე მაცხოვრის „მაცხვარ“ ეკლესიას - საქართველოს პრეზიტენტის 2006 წლის 7 ნოემბრის N665 ბრძანებულებით მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლის სტატუსი. ეკლესიას სამხრეთიდან მიდგმული აქვს მინაშენი, ხოლო დასავლეთიდან საფეხუროვანი „სტოა“. მინაშენები ნაგებია ხითა და ბეტონით, შელესილია და გადახურულია თუნუქით. ორივე მინაშენით დარღვეულია ძეგლის ავთენტურობა, დაკარგულია ფასადების აღქმადობა. ადგილობრივების ინფორმაციით, მინაშენები იქაური წარმოშობის უცხოეთში მოღვაწე პირს განუხორციელებია.

ლატალის თემის - სოფელ მაცხვარიში მდებარე მაცხოვრის ეკლესია „მაცხვარ“, რომელიც წარმოადგენს XI საუკუნის უნიკალურ ძეგლს, მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლის სტატუსი. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინსპექციის უფროსის ლევან ჭავჭავაძის განცხადებით, შესაბამისი სამსახურის გაფრთხილების მიუხედავად, სამუშაოების მწარმოებლებმა თვითნებურად მიმდინარე სამრეკლოს მშენებლობა მაინც დაასრულეს. ტაძრის ინტერიერში გამოცვლილია საკურთხევლის და დარბაზის იატაკი - დაგებულია რუხი ფერის ქვის ფილები. ინტერიერში სამხრეთის, ჩრდილოეთის და დასავლეთის კედლის ძირები დაახლოებით 30 სმ სიმაღლეზე შელესილია და დაზიანებულია მხატვრობა. გამოცვლილია კანკელი - გაკეთებულია თეთრი ფერის ქვის თაღოვანი ტიხარი. საკურთხევლის კანკელის პილასტრები (საკურთხეველსა და კანკელს შორის შემკლავება) თითქმის მთელ სიმაღლეზე კაპიტელამდე შელესილ-შეთეთრებულია, რითიც დაზიანებულია XII საუკუნის მხატვრობა, ასევე ტაძრის კედლების გარშემო ჩასხმულია ბეტონის ცოკოლი.

ლატალის თემის - სოფელ მაცხვარიში, მდებარე მთავარანგელოზის „თარინგზელის“ ეკლესიასაც ძეგლის სტატუსი აქვს. მის სამხრეთ-დასავლეთით რამდენიმე მეტრში, გალავნის კედელში ჩადგმულია ორსართულიანი ფანჩატურიანი სამრეკლო, რომელიც არღვევს ტაძრის ფიზიკური დაცვის არეალს.

ლატალის თემის - სოფელ იენაშში მდებარე იოანე წინასწარმეტყველის „იან“ ეკლესია XI საუკუნის ძეგლია. ტაძრის სამხრეთით, გალავნის კედელში ჩადგმულია ბეტონის ხიმინჯებზე მდგარი სამრეკლო. გალავნის გადაღმა კი, ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალში აშენებულია დიდი ზომის შენობა, სავარაუდოდ კელიებისთვის ეკლესიაში შესვლა ვერ მოხერხდა, ვინაიდან დაკეტილი იყო.

ლატალის თემის - სოფელ ლაჰილის, სამხრ. 4 კმ. „უშბის გადასახედი“ მდებარე წმ. გიორგის განვითარებული შუა საუკუნეების ეკლესიის მიწატკეპნილ იატაკზე გადაგებულია მოყვითალო ფერის ქვის ფილები და ასეთივე ფილებით კედლის ძირში შემოვლებულია საფეხური. ამავე ფილით არის დაფარული ამბიონიც. სპეციალისტების განცხადებით, ტაძარი საჭიროებს გარკვეულ გამაგრებით სამუშაოებს. კერძოდ, გარღვეულია დასავლეთი კედლის ჩრდილოეთი ზედა ნაწილი და აღმოსავლეთ კედლის ჩრდილოეთი ნაწილი. გასაკეთებელია სარინებელი, რომელიც ამჟამადაც აქვს ტაძარს, მაგრამ ცუდად გაკეთების გამო ის ფუნქციას ვერ ასრულებს (სურათი 13-14).

ლატალის თემის - ლახუშდის, სოფლის ცენტრში, სასაფლაოზე მდებარე მაცხოვრის „მაცხვარ“ ეკლესია სრულიად გადაკეთებული და ავთენტურობადაკარგულია. კონკრეტულად: სრულიად შელესილია და შეღებილია კედლების შიდა და გარე პირი, რის შედეგადაც მთლიანად წაიშალა ტაძრის კამარასა და კედლებზე მოცემული ჯვრების და ხელის გამოსახულებები. ინტერიერში დაიდგა კანკელი და ტრაპეზი. მიწატკეპნილ იატაკზე გადაეგო მოყვითალო ქვის ფილაქანი. ჩამოიხსნა დასავლეთისა და სამხრეთის ხის კარებები და დასავლეთის კედელში მის მაგივრად ჩაიდგა რკინის კარი. ხოლო სამხრეთის კედელში შესასვლელი კარი სრულებითაც გაუქმდა და ამოშენდა. კულტურული მემკვიდრეობის ინსპექციის უფროსის ლევან ჭავჭავაძის განცხადებით, ამ უკანასკნელი ფაქტით არა მხოლოდ ძეგლმა დაკარგა ავთენტურობა, არამედ დაირღვა ეთნოგრაფიული რიტუალიც. როგორც ცნობილია, აღნიშნულ ტაძართან სრულდებოდა ლაფაანალის რიტუალი.

ეცერის თემის -  ფხუტრერის მთავარანგელოზების „თარინგზელ“ ეკლესია თითქმის მთლიანად, თვითნებურად და არაავთენტურად არის აღდგენილი ეკლესიის ჩრდილოეთის და დასავლეთის მინაშენი. სამხრეთის მინაშენში გაკეთებულია თაღოვანი გადახურვა. ყველგან დუღაბად ცემენტია გამოყენებული. სამივე მინაშენში დაგებულია მოყვითალო ქვის ფილაქანი, ასევე დასავლეთის კარში შესასვლელი საფეხუროვანი შემაღლება. ტაძრის სამხრეთ კედელში ჩადგმული უძველესი კარი ხელოვნების ცალკე ნიმუშს წარმოადგენს. ის რკინის გისოსშია ჩასმული და სწორედ ამ გისოსთან იყრის თავს ტაძარში შემავალი ელექტრო გაყვანილობის სადენები. ხანძრის შემთხვევაში კარის გადარჩენა სრულიად  შეუძლებელი იქნება.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ლატალის თემში ეკლესიებზე თვითნებური სამუშაოები ლატალის მაცხვარიშის წინამძღვრის უშუალო ძალისხმევით მომხდარა. რაც შეეხება ეცერის თემს, ფხუტრერის ეკლესიაში მიმდინარე სამუშაოები ეცერის ფხუტრერის მთავარანგელოზის წინამძღვრის ხელმძღვანელობით ჩატარებულა.    

„ვინაიდან განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა დაზიანებული კულტურის უძრავი ძეგლები და ადგილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 2592 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ამიტომ რეაგირებისათვის მივმართეთ მთავარ პროკურატურას“, – აცხადებს კულტურული მემკვიდრეობის ინსპექციის უფროსი ლევან ჭავჭავაძე.

სისხლის სამართლის კოდექსის 2592 მუხლით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ან საქართველოს კანონმდებლობით დაცული სხვა კულტურული მემკვიდრეობის განზრახ დაზიანება ან განადგურება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის განზრახ დაზიანება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის განადგურება, ასევე მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლის დაზიანება ან განადგურება, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი გაუფრთხილებლობით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში