საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

#გადავარჩინოთამღა - ბაბუა ალუდაური

19:42 - 14 აგვისტო 2019 hits 2699

„ამღა ნამუსის ქუდია ხევსურეთისთვის და ალბათ, საქართველოსთვისაც. ეს არის სოფელი, ეს არის ხეობა, სადაც ჩვენი მირღვეულ-მორღვეული ქვეყნის საზღვარი ერთი მეტრითაც არ გადმოწეულა. ამღა უნდა გადავარჩინოთ იმიტომ, რომ მაგალითი მივცეთ იქ ჩასულ სტუმარს, როგორ უნდა დაიცვა შენი სახლ-კარი, შენი ეზო, შენი მიწა-წყალი. ამის საოცარი მაგალითია ამღა“ - ასე უერთდება ფილოლოგი ბაბუა ალუდაური კამპანიას #გადავარჩინოთამღა.

„ძალიან ბევრი რამ არის გადასარჩენი საქართველოში, მით უმეტეს საქართველოს მთაში. ალბათ ბევრს გაუჩნდება კითხვა, რატომ არის ამღაზე საუბარი. ამღა იმიტომ უნდა გადავარჩინოთ, რომ მხოლოდ ერთი სოფლის გადარჩენა არ არის ამღაზე, მხოლოდ ერთი ხეობის გადარჩენას არ ნიშნავს.

გულახდილად ვთქვათ - მესაზღვრე არის თავისი ქვეყნის პატრიოტი, ყველა მესაზღვრეს გაუმარჯოს, მაგრამ ეს მაინც მისი სამსახურია. ამღიონისთვის ეს სამსახური არ არის, სულიერი მოთხოვნილებაა, იქ ყოფნაა, თავისი წინაპრების ტრადიციების გაგრძელებაა, მისთვის ბუნებრივია, ამას არავინ ავალდებულებს“.

პირიქითა ხევსურეთის ისტორიული სოფლის, ამღის გადასარჩენად „მთის ამბებმა“ ადვოკატირების კამპანია 24 ივლისს დაიწყო. ამღა არხოტის ხეობის ბოლო სოფელია, საქართველო-რუსეთის საზღვართან. საუკუნეების განმავლობაში ამღა ქვეყნის ერთ-ერთი ფორპოსტი იყო. ამ პატარა ისტორიულ სოფელში, სადაც მუდმივად წიკლაურების ორი ოჯახიღა ცხოვრობს, სულ 20-მდე ნაგებობაა, აქედან ექვსი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ამღა ხალხური ზეპირსიტყვიერებისა და კულტურის მნიშვნელოვანი კერაა. იმისთვის, რომ ამღა გადარჩეს, სულ რაღაც 20-მდე ხევსურული სახლია აღსადგენი, ეს კი მთელი სოფელია.

ამღის რეაბილიტაცია საზღვრისპირა სოფელში დააბრუნებს ამღიონებს, გააძლიერებს სოფელს, განავითარებს ტურიზმს, ხალხს შემოსავლის მიღების შესაძლებლობას მისცემს, ქვეყანას კი შემოუნახავს ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას.

ამღის კომპლექსური რეაბილიტაციის მოთხოვნით შექმნილ პეტიციაზე „მთის ამბებმა“ ერთ დღეში 1000 ხელმოწერა შეაგროვა. პეტიცია განსახილველად საქართველოს მთავრობას წარედგინა. 

კამპანია #გადავარჩინოთამღა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტის მიზანი, რომელსაც სამოქალაქო აქტივობების ცენტრი ახორციელებს, მთის მოსახლეობის ინტერესების ადვოკატირებაა. 

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში