საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

#გადავარჩინოთამღა - შიო ოჩიაური

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:19 - 12 აგვისტო 2019 hits 14590

„ამღის გადარჩენა და რეაბილიტაცია არხოტის ხეობის გადარჩენას ნიშნავს. შემოსევის დროს პირველი ამღა ასკდებოდა მტერს, უხვდებოდა და პირველობდა ეგ სოფელი. ამღის აღდგენა, პირდაპირ ვიტყვი, ამ კუთხის შენარჩუნებაცაა, თორემ აქ თუ მოსახლეობა არ იქნა, საზღვრისპირა კუთხეა და ბევრი რამ შეიძლება დავკარგოთ. ამას მილიონები არ სჭირდება. ამღა უნდა გადავარჩინოთ“, - არხოტის ხეობის სოფელ ახიელში მცხოვრები შიო ოჩიაური შემოუერთდა კამპანიას #გადავარჩინოთამღა.

პირიქითა ხევსურეთის ისტორიული სოფლის, ამღის გადასარჩენად „მთის ამბებმა“ ადვოკატირების კამპანია 24 ივლისს დაიწყო. ამღა არხოტის ხეობის ბოლო სოფელია, საქართველო-რუსეთის საზღვართან. საუკუნეების განმავლობაში ამღა ქვეყნის ერთ-ერთი ფორპოსტი იყო. ამ პატარა ისტორიულ სოფელში, სადაც მუდმივად წიკლაურების ორი ოჯახიღა ცხოვრობს, სულ 20-მდე ნაგებობაა, აქედან ექვსი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ამღა ხალხური ზეპირსიტყვიერებისა და კულტურის მნიშვნელოვანი კერაა. იმისთვის, რომ ამღა გადარჩეს, სულ რაღაც 20-მდე ხევსურული სახლია აღსადგენი, ეს კი მთელი სოფელია.

ამღის რეაბილიტაცია საზღვრისპირა სოფელში დააბრუნებს ამღიონებს, გააძლიერებს სოფელს, განავითარებს ტურიზმს, ხალხს შემოსავლის მიღების შესაძლებლობას მისცემს, ქვეყანას კი შემოუნახავს ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას.

ამღის კომპლექსური რეაბილიტაციის მოთხოვნით შექმნილ პეტიციაზე „მთის ამბებმა“ ერთ დღეში 1000 ხელმოწერა შეაგროვა. პეტიცია განსახილველად საქართველოს მთავრობას წარედგინა. 

კამპანია #გადავარჩინოთამღა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტის მიზანი, რომელსაც სამოქალაქო აქტივობების ცენტრი ახორციელებს, მთის მოსახლეობის ინტერესების ადვოკატირებაა. 

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში