საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

#გადავარჩინოთამღა - ეთერ თათარაიძე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:43 - 02 აგვისტო 2019 hits 7923

„ამღა და არა მხოლოდ ამღა, საერთოდ ხევსურეთი - საკვირველი და ძალიან საჭირო საზღვარი სხვა სამყაროსთან. აუცილებლად უნდა გადავარჩინოთ იმიტომ, რომ ჯერ არავინ არაფერი აღარ იცის, ვინც იცოდა, იმანაც თან გაიყოლა და ძალიან ცოტა დარჩა მცოდნე ამღის დიდებული ისტორიისა“, - ფოლკლორისტი და პოეტი ეთერ თათარაიძე შემოუერთდა კამპანიას #გადავარჩინოთამღა.

„ეს არ არის გასამეტებელი სოფელი, ეს არ არის გასამეტებელი ხეობა. მე ვისურვებდი, რომ აუცილებლად დაიწყოს ძალიან სერიოზული ფიქრი მთებზე იმიტომ, რომ უმთოდ ბარი დიდხანს ვერ გაძლებს.  

გადარჩენაზე რატომ უნდა გვქონდეს ამდენი ვაი ვაგლახი გადასატანი, როცა ამღა, ჭიმღა ახიელაო, ჩემი თითის სახვიელაო. ძალიან პატარა ხეობაა, კილომეტრებსა და სივრცეებზე გადაჭიმული ხომ არ არის. აქედან, ამ ეტაპზე ერთადერთი სოფლის გადარჩენას ვითხოვთ, რაც არხოტს გადაარჩენს“.

პირიქითა ხევსურეთის ისტორიული სოფლის, ამღის გადასარჩენად „მთის ამბებმა“ ადვოკატირების კამპანია 24 ივლისს დაიწყო. ამღა არხოტის ხეობის ბოლო სოფელია, საქართველო-რუსეთის საზღვართან. საუკუნეების განმავლობაში ამღა ქვეყნის ერთ-ერთი ფორპოსტი იყო. ამ პატარა ისტორიულ სოფელში, სადაც მუდმივად წიკლაურების ორი ოჯახიღა ცხოვრობს, სულ 20-მდე ნაგებობაა, აქედან ექვსი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ამღა ხალხური ზეპირსიტყვიერებისა და კულტურის მნიშვნელოვანი კერაა. იმისთვის, რომ ამღა გადარჩეს, სულ რაღაც 20-მდე ხევსურული სახლია აღსადგენი, ეს კი მთელი სოფელია.

ამღის რეაბილიტაცია საზღვრისპირა სოფელში დააბრუნებს ამღიონებს, გააძლიერებს სოფელს, განავითარებს ტურიზმს, ხალხს შემოსავლის მიღების შესაძლებლობას მისცემს, ქვეყანას კი შემოუნახავს ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას.

ამღის კომპლექსური რეაბილიტაციის მოთხოვნით შექმნილ პეტიციაზე „მთის ამბებმა“ ერთ დღეში 1000 ხელმოწერა შეაგროვა. პეტიცია განსახილველად საქართველოს მთავრობას წარედგინა.

კამპანია #გადავარჩინოთამღა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტის მიზანი, რომელსაც სამოქალაქო აქტივობების ცენტრი ახორციელებს, მთის მოსახლეობის ინტერესების ადვოკატირებაა. 

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში