საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

NATIVE GEORGIAN რაჭაში ღორის ფერმას აშენებს

18:48 - 12 იანვარი 2017 hits 2726

კომპანია ხამონთან ერთად რაჭული ლორის წარმოებასაც გეგმავს.

კომპანიამ - NATIVE GEORGIAN ონის რაიონის სოფელ ღარში ღორის ფერმის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობა 2017 წლის ზაფხულში დასრულდება.

NATIVE GEORGIAN საქართველოში ესპანური კომპანიის - DERAZA IBERICO მფლობელების მიერ დაფუძნებული კომპანიაა. DERAZA IBERICO ხორცპროდუქტების უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც ხამონის (ესპ. Jamon - სპეციალური შავი ფერის ღორის ჯიშიდან წარმოებული ლორია, რომელიც მხოლოდ ესპანეთსა და პორტუგალიაში კეთდება) წარმოებითაა ცნობილი.

“ღარის ფერმაში სადედე ღორებს მოვაშენებთ. დავიწყებთ 300 დედა ღორიდან და 8 წლის თავზე 1200 დედა ღორზე უნდა ავიდეთ. DERAZA IBERICO ესპანური, შავი ფერის ღორის ხორციდან უგემრიელეს პროდუქტებს აწარმოებს. მათ მიერ შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროდუქტი ხამონია. ჩვენ  მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან და სანაშენე საქმიანობას სწორედ ეს ცენტრი ახორცილებს. ცენტრმა მოიძია კახური და სვანური ღორის ჯიშები, რომლებიც ხორცის ხარისხობრივ-გემოვნური თვისებებით ძალიან ჰგვანან ესპანურ ღორს. უკვე შექმნილია კახური ღორის სანაშენე ბირთვი. ახლა ვმუშაობთ სვანური ღორის სანაშენე ბირთვის შექმნაზე. არ ვაპირებთ ტიპიური ფერმის გაკეთებას, სადაც ღორი ბაგურ კვებაზე იქნება. ჩვენი მიზანია, რომ წარმოებაში ბუნებრივ რესურსებზე, მაგალითად, ტყეში გაზრდილი ღორი გამოვიყენოთ. პროექტი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, დიდწილად სოციალური ხასიათისაა: ჩვენ გამოვიყვანთ სადედე ღორებს და ადგილობრივ მოსახლეობას და ფერმერებს ექნებათ საშუალება, რომ ჩვენგან შეიძინონ გოჭები, გაზარდონ და შემდეგ ისევ ჩვენ ჩაგვაბარონ. ასეთი გზით ხალხს შემოსავალი გაუჩნდება და მთიანი რეგიონებიდან მიგრაციაც შეჩერდება. DERAZA IBERICO ესპანეთში ყოველდღიურად 1000-მდე ღორს კლავს. ასეთ მაჩვენებელზე ჩვენც რომ ავიდეთ, ღორის ხორც-პროდუქტებით ადგილობრივ ბაზარსაც დავაკმაყოფილებთ და ექსპორტზეც გავიტანთ. ხამონთან ერთად აუცილებლად გვექნება რაჭული ლორის წარმოებაც. ღორის ფერმა ჯამში საქართველოს 9 რეგიონში გაკეთდება,” - აცხადებს www.mtisambebi.ge-სთან საუბარში კომპანიის - NATIVE GEORGIAN ხელმძღვანელი ვასილ ბაბლუანი.

ღარში ღორის ფერმის მშენებლობაში 500 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. ფერმას კომპანია საპარტნიორო ფონდთან ერთად აშენებს.

ღორის კიდევ ერთი ფერმის მშენებლობა კახეთშია დაგეგმილი.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში