საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

საქართველო რუსეთის ენერგეტიკულ ორბიტაზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:00 - 28 თებერვალი 2022 hits 31571

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მსოფლიო და განსაკუთრებით ევროპა კიდევ ერთხელ გახდა იძულებული, ეღიარებინა, თუ რა ძლიერაადაა დამოკიდებული სახელმწიფოზე, რომელიც მის პოლიტიკურ და ეკონომიკურ წესრიგს მუდმივად საფრთხის ქვეშ აყენებს.

გერმანიის მიერ გაზსადენისთვის, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“, ლიცენზიის შეჩერება სწორედ რუსეთის ქმედებების საპასუხო ნაბიჯია. 1 230 კილომეტრიანი კონსტრუქცია რუსეთს გერმანიასთან ბალტიის ზღვის გავლით აკავშირებს. მილსადენის პროექტს თავიდანვე ეწინააღმდეგებოდნენ აშშ, უკრაინა და სხვა ევროპული ქვეყნები, რადგან მიაჩნდათ, რომ ამით რუსეთი კიდევ ერთ ძლიერ პოლიტიკურ იარაღს ჩაიგდებდა ხელში და ევროპაში რუსულ გაზზე დამოკიდებულებას მეტად გაზრდიდა.

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ევროპაში ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ფასებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. პოსტპანდემიურ პერიოდში მოთხოვნის ზრდასთან, განახლებად ენერგიებზე ნაადრევად გადასვლასა და ევროპაში გამომუშავების შემცირებასთან ერთად, ფასების ზრდაზე პასუხისმგებლად რუსეთსაც მიიჩნევენ. ევროკავშირის გაზის იმპორტის 40% სწორედ რუსულ „გაზპრომზე“ მოდის.

ევროპის ენერგოკრიზისიც ცხადყოფს, რატომაა რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულება რისკის შემცველი, თუმცა კრემლი რომ ენერგორესურსებს პოლიტიკური მიზნებით იყენებს, ამის მაგალითი საქართველოს ახლო წარსულშიც მოიძებნება.

ერთ წელიწადში გაორმაგებული იმპორტი

ელექტროენერგიის მოხმარება საქართველოში, ფაქტობრივად, ყოველწლიურად იზრდება. მაგალითად, 2020-თან შედარებით, 2021 წელს ქვეყანამ 13%-ით მეტი - 13.7 მლრდ კვტსთ ელექტროენერგია მოიხმარა. ბოლო წლების განმავლობაში, მოხმარების მატებას, ეკონომიკის ზრდასთან ერთად, კრიპტოვალუტის ბიზნესს და აფხაზეთში ელექტროენერგიის კრიზისს უკავშირებენ. 

მზარდი მოხმარების დასაკმაყოფილებლად მეტი ელექტროენერგიაა საჭირო, თუმცა ახალი გენერაციის ობიექტების სიმცირის გამო, 2017 წლიდან მოყოლებული, საქართველოში მოხმარება გამომუშავებაზე მეტია. მართალია, გასულ წელს ქვეყანაში 7 ახალი ჰესი აშენდა, თუმცა მათი საერთო სიმძლავრე მხოლოდ 23.5 მეგავატი იყო.

შარშან საქართველომ 12.6 მლრდ კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავა. ამაში ყველაზე დიდი წილი, 80%, ჰესებს აქვთ, 19% - თბოსადგურებს, რომლებიც იმპორიტებულ გაზზე მუშაობენ, 1% კი ქარის ენერგიაზე მოდის.

დეფიციტის შესავსებად საქართველო სულ უფრო მეტ ელექტროენერგიას ყიდულობს, განსაკუთრებით ზამთარში, როდესაც მოხმარება იმატებს, ჰესების გამომუშავება კი იკლებს. 2012-21 წლებში იმპორტი 226%-ით გაიზარდა და გასულ წელს ისტორიულ მაქსიმუმს - 2 მილიარდ კვტსთ-ს მიაღწია.

2021 წელს ელექტროენერგიის მთავარი მომწოდებელი საქართველოში რუსეთი გახდა, იმპორტის 62% სწორედ ამ ქვეყნიდან განხორციელდა (აქედან 49.7% აფხაზეთისთვის), 30% - აზერბაიჯანიდან, ხოლო 8% - თურქეთიდან.

ჩრდილოელი მეზობლისგან შარშან 1.2 მლრდ კვტსთ ელექტროენერგია შემოვიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 118%-ით მეტია. ერთ წელში საქართველოს ამდენი ელექტროენერგია რუსეთისგან არასდროს უყიდია. წყარო:საქსტატი

ესკოს მონაცემებით, რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის 80% აფხაზეთის მოხმარების დაკმაყოფილებას დასჭირდა.

ოკუპირებულ აფხაზეთში მოხმარება 2012 წლის შემდეგ თითქმის გაორმაგდა და გასული წლისთვის 2.9 მილიარდი კვტსთ შეადგინა. Რეგიონში მოხმარების ასეთ ზრდას უკავშირებენ კრიპტოვალუტის ბიზნესს, ასევე, გამრცხველიანების, ჭარბი მოხმარებისა და გაუმართავი გადამცემი ხაზები პრობლემას, რასაც, დე-ფაქტო ხელისუფლება, როგორც თავად აცხადებს, დღემდე უშედეგოდ ებრძვის.

2021 წლის გაზაფხულზე ენგურჰესი, რომლის გამომუშავების 40%-იც აფხაზეთში მიდის და მისი მომარაგების ერთადერთი წყაროა, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სამი თვით გაჩერდა. სწორედ ამ პერიოდში შეინიშნება რუსეთიდან იმპორტის ზრდაც.

თუ გავითვალისწინებთ, რომ თბოსადგურები მთლიანად იმპორტირებულ გაზზე მუშაობს, ხოლო დეფიციტის შესავსებად საქართველო ელექტროენერგიას დამატებითაც ყიდულობს, გამოდის, რომ ქვეყნის მოხმარების 30%-ზე მეტი სხვა სახელმწიფოებიდან შემოტანილი ენერგიით ივსება.

რუსული გაზის წილი

2004-2006 წლებში, როდესაც ქვეყანა რუსულ გაზზე იყო დამოკიდებული, დივერსიულმა ჯგუფებმა რამდენჯერმე ააფეთქეს მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ტერორისტული აქტების უკან რუსეთის სადაზვერვო სამმართველო იდგა.

ერთგვარ ენერგოომს 2006 წლის იანვარში ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთ-საქართველოს მაგისტრალურ გაზსადენზე აფეთქება მოჰყვა. ააფეთქეს ორი გაზსადენი და ყარაჩაი-ჩერქეზეთში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი. ცივ ზამთარში დენისა და გაზის გარეშე დარჩენილი თბილისი რამდენიმე დღით ჩაბნელდა.

ამავე წელს რუსეთის ფედერაციის მთავრობამ ემბარგო დააწესა საქართველოდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტზე. შეზღუდვა 7 წელი გაგრძელდა და მხოლოდ 2013 წელს მოიხსნა.

მაგრამ რუსეთისგან საქართველო ისევ იღებს ბუნებრივ აირს. გაზის იმპორტში ქვეყანა, საშუალოდ, 300 მილიონ დოლარამდე ხარჯავს. გასულ წელს ეს რიცხვი 320 მილიონი დოლარი იყო.

წინა წელთან შედარებით 2021-ში რუსულ გაზში ორჯერ მეტი - 70 მილიონი დოლარი გადავიხადეთ. რუსეთის წილი იმპორტირებული გაზის ღირებულებაში 12%-დან 22%-მდე გაიზარდა. დანარჩენი, 250 მილიონის ღირებულების ბუნებრივი აირი საქართველომ იყიდა აზერბაიჯანისგან, რომელიც 2006 წლის შემდეგ, მთავარი იმპორტიორია. წყარო: საქსტატი

„აზერბაიჯანთან ჩვენ ორნაირი კონტრაქტი გვაქვს. ერთი კონტრაქტით გაზი მოსახლეობას და თბოელექტროსადგურებს მიეწოდება და ძალიან იაფია ტარიფი, ხოლო მეორე კომერციული სექტორისთვისაა და აქ შესაძლებელია ნებისმიერ ფასად გაყიდვა. რუსული გაზი სწორედ ამ კომერციულ სექტორში შემოდის, აზერბაიჯანულისთვის კონკურენციის გაწევის მიზნით. ის მოსახლეობისთვის და სტრატეგიული თბოსადგურებისთვის არ შემოგვაქვს. თუმცა აზერბაიჯანს არც აქვს იმდენი ბუნებრივი აირი, რომ ჩვენ სრულად დაგვაკმაყოფილოს. საქმე იმაში არაა, რომ მათ საერთოდ არ აქვთ, არამედ არ აქვთ დეკემბერ-თებერვლის პერიოდში, როდესაც ჩვენი მოხმარება საშუალოზე ოთხჯერ მეტია. ამ დროსაც რუსული გაზი გვშველის პიკური მოხმარების დასაკმაყოფილებლად“, - განმარტავს თეიმურაზ გოჩიტაშვილი, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის სტრატეგიული დაგეგმვისა და პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

ნავთობისა და გაზის კორპორაციაში მიიჩნევენ, რომ ერთადერთი ალტერნატივა გაზსაცავის აშენებაა, სადაც ზაფხულში დავაგროვებთ აზერბაიჯანის მიერ მოწოდებულ გაზს და ზამთარში მოვიხმართ – „მაშინ არ იქნებოდა გარდაუვალი დეკემბრ-თებერვალში რუსული გაზის იმპორტი. თუმცა, თუ შემოტანა შენს ხელშია და თავისუფლად არ შემოუშვებ, როგორც ეს გააკეთა ევროპამ და რის შედეგსაც ახლა იმკის, შესაძლებელია პროპორციის დაცვა. კომერციულ ბაზარზე მხოლოდ აზერბაიჯანი რომ დატოვო, შეიძლება 500 დოლარი დააწესოს თუ კონკურენტი არ ეყოლება“.

ორი მოსაზრება ენერგოდამოუკიდებლობაზე

როგორ უნდა დაიხსნას თავი საქართველომ ამ საფრთხისგან - განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციაში ფიქრობენ, რომ საუკეთესო გზა შიდა გამომუშავების გაზრდაა.

ასოციაციის ხელმძღვანელის, გიორგი აბრამიშვილის აზრით, ქვეყანაში ელექტროენერგიის იმპორტის მატება შეუქცევადი პროცესია, რადგან მოხმარება სულ უფრო მაღალი იქნება და მის დაკმაყოფილებას აუცილებლად დასჭირდება დიდ რეზერვუარიანი ჰესის აშენება.

„ერთი მხრივ, მოხმარების ზრდა მისასალმებელია, რადგან ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკაც იზრდება, თუმცა შეიცავს რუსეთის ენერგომატერებლებზე უფრო მეტად დამოკიდებულების საფრთხეს. ფაქტია, ახლანდელი გენერაცია მზარდი მოხმარებისთვის საკმარისი არაა. გამომდინარე იქიდან, რომ ენგურის გარდა სხვა დიდ რეზერვუარიანი ელექტროსადგური არ გვაქვს, ეს პრობლემას ქმნის. როდესაც ეს სადგური ჩერდება, დიდი რაოდენობით იმპორტი გვიწევს. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი განახლებადი ენერგიების წყაროები გონივრულად ავითვისოთ. თუმცა ამას ხელს უშლის ის მითების კასკადი, რაც 80-იანი წლებში ხუდონის საწინააღმდეგო პროპაგანდით დაიწყო და დამკვიდრდა, თითქოს ჰესების წინააღმდეგ გამოსვლა ნიშნავს პატრიოტიზმს და კარგ ქართველობას. სინამდვილეში კი პირიქითაა. საქართველოს გამომუშავების პოტენციალი მცირე და მსხვილი სადგურების აშენების შემთხვევაში, არის, დაახლოებით, 50 მილიარდი კილოვატ საათი, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანას სრულად ეყოფა გამომუშავებული ენერგია და დამატებით ეს იქნება წლიურად 6 მილიარდ დოლარამდე შემოსავალი, რომელიც ექსპორტით და გადასახადებით შეგვიძლია მივიღოთ”, - ეუბნება „მთის ამბებს“ გიორგი აბრამიშვილი.

გიორგი აბრამიშვილი დარწმუნებულია, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ერთ-ერთი წინაპირობა იყო ევროპის ენერგოკრიზისი, რომელიც რუსეთმა სათავისოდ გამოიყენა და მთელი ევროპა შეარყია, - „ერთ მხარესაა პოლიტიკური რისკები და მეორე მხარეს - ფინანასური. ჩვენ თუ გვეცოდინება, რომ საკუთარ ქვეყანაში გამომუშავებულ ენერგიაზე ფიქსირებული ფასი გვაქვს, ეს სერიოზულ სტაბილურობას მოგვცემს. რუსული და აზერბაიჯანული ტარიფი ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს, რომ გააორმაგონ ან გაასამმაგონ, არანაირი ბერკეტი და ალტერნატივა ჩვენ არ გვაქვს“.

ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონიტორინგის პროგრამის კოორდინატორი, დავით ჭიპაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას საფრთხეს ენერგოსექტორში რუსული კომპანიების არსებობა და რუსული სტანდარტები უქმნის.

„ელექტროენერგეტიკულად საქართველო რუსეთზე დამოკიდებული არ არის, ამ ქვეყნიდან იმპორტის დიდი ნაწილი ენგურჰესის გაჩერების გამო აფხაზეთს მოხმარდა, რაშიც ჩვენ ფული არ გადაგვიხდია და რაიმე კატასტროფული არ მომხდარა. არ ველოდები, რომ მოკლევადიან პერიოდში ან ოდესმე ამ კუთხით საფრთხე შეექმნება საქართველოს. იმპორტი არ არის ერთმნიშვნელოვნად ცუდი ან კარგი, არ არსებობს იზოლაციური ენერგეტიკული სისტემა მსოფლიოში, ყველა ცდილობს, იყოს დივერსიფიცირებული და ინტეგრირებული მეზობელ სახელმწიფოებთან ან რეგიონებთან. ჩვენი პრობლემა არის ის, რომ ვართ ინტეგრირებული რუსეთის ენერგოსისტემასთან, მათი სტანდარტები გვაქვს და არა მაგალითად, თურქეთის ევროსტანდარტები.

მთავარი პრობლემა ისაა, რომ ქართული ენერგოსექტორი და რამდენიმე ჰესი, მაგალითად, "დარიალჰესი" არის რუსული კომპანიების ხელში. ენერგოდამოუკიდებლობა მხოლოდ იმას არ ნიშნავს, სად დგას ელექტროსადგური, უფრო მნიშვნელოვანია, თუ ვის ხელშია ის. როგორ შეიძლება ვილაპარაკოთ ენერგოდამოუკიდებლობაზე, როდესაც "ჟინვალჰესიც" რუსული "თელასისაა". ის, რომ სექტორში გვაქვს სერიოზული პრობლემები, კი ბატონო და სერიოზულად ვართ რუსეთზე დამოკიდებული, თუმცა ჰესების აშენებით ეს პრობლემა ვერ გადაიჭრება“, - ამბობს დავით ჭიპაშვილი.

"მწვანე ალტერნატივაში" ფიქრობენ, რომ ენერგოდამოუკიდებლობა არა დიდი თუ მცირე ჰესების აშენებით, არამედ ქარის და მზის ენერგიების განვითარებით, არსებული ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციითა და უყაირათო მოხმარების შემცირებით უნდა მოხდეს, - „როდესაც ენერგოდამოუკიდებლობაზე ვსაუბრობთ, სწორედ ენერგოეფექტურობა არის საკვანძო ჩვენს ენერგეტიკაში. ჩვენი ეკონომიკა არის ტექნოლოგიურად მოძველებული და მთლიანი შიდა პროდუქტის საწარმოებლად უყაირათოდ, ევროკავშირის საშუალოზე 46%-ით მეტს ვხარჯავთ ენერგიას და ეს გამოსასწორებელია“.

დავით ჭიპაშვილის აზრით, მთავარი გასარკვევი ახლა არის ქვეყნის ენერგეტიკული საჭიროებები უახლოეს მომავალში, საშუალო და გრძელვადიან პერიოდებში და როდესაც ეს გვეცოდინება, მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი პასუხის გაცემა ენერგოსისტემის გამოწვევებზე.

რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება რომ სახიფათოა, ამას ევროპაში ომის ფონზე უფრო ცხადად ხვდებიან. განახლებადი ენერგიების განსავითარებლად მიღებული „მწვანე შეთანხმება“, რაც ევროპისთვის, შესაძლოა, ახალი თავის ტკვილი იყოს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. კრიზისის ფონზე ევროპაში, რომელიც „გაზპრომისთვის“ მთავარი გასაღების ბაზარია, აქტიურად ფიქრობენ რუსული გაზის ჩანაცვლებაზე, მათ შორის, აშშ-დან და ყატარიდან გათხევადებული ბუნებრივი აირის შესყიდვაზე. რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად გერმანია გათხევადებული ბუნებრივი აირის ორი ტერმინალის აშენებას და მარაგების შექმნას გეგმავს.

რუსეთის უკრაიანაში შეჭრის და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაჩერების შემდეგ, სულ უფრო იზრდება ეკონომიკური სანქციების სია, რომელსაც, საქართველო არ უერთდება და რომელსაც აუცილებლად ექნება გავლენა მსოფლიო ბაზარზე. სანქცირებული კომპანიების სიაშია რუსეთის 13 უმსხვილესი კომპანია და ბანკი, მათ შორის, ბუნებრივი აირის მაგნატი და უმსხვილესი მწარმოებელი „გაზპრომი“.

ავტორი - კახი ჩაკვეტაძე

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში