საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

მედიკო შავაძე - მემთეური მაღალმთიანი აჭარიდან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:41 - 03 ოქტომბერი 2018 hits 23301

- მოი, გოჩა-ხვიჩა, ჩამოი. ტყუპები მყავს, 30 ნოემბერს 2 წელი უსრულდებიან. დეთ, დეეთ, მოი გოგოები, მოოით ანი (დედი). ახლა წამომყვებიან, ნახე?!

მედიკოს ძროხები მზის ჩასვლას ასწრებენ და შინ ბრუნდებიან. მათი პატრონი ყველას ცალ-ცალკე მიმართავს და ისინიც მიყოლებით მიყვებიან ახორში (ბოსელში). ზოგი თავის ადგილას დგება, ზოგიც სიჩქარეში ირევა და სხვის ადგილს იჭერს. მედიკო წესრიგს მაშინვე ამყარებს:

- ნელა, ნელა. ადგილები! ოოჰო! თვარიავ, ადგილი! ადე, ადე! ჰაღა მიეკეტება (ეკვეხება), ერთი?! ჰად არი შენი ადგილი?! ნელა, კეხვანი!

როცა ყველას თავის ბაგაზე დააბამს, სათლს იმარჯვებს და წველის.

მედიკო მემთეურია. მაღალმთიანი აჭარის სხვა მცხოვრებლების მსგავსად საქონელი ზაფხულობით მთიდან კიდევ უფრო მაღალ მთაში, იალაღებზე მიჰყავს. მის სოფელში, დიდაჭარაში, საკმარისი  საძოვრები არ არის. 50 წლისაა და უკვე 13 წელია ხუთ თვეს, მაისიდან სექტემბრის ბოლომდე, იეილებში და ყიშლებში ატარებს. ასეთ ცხოვრებას მიჩვეულია და ზაფხულობით აქაურობა ბარს ურჩევნია, რადგან საზამთროდ ოჯახისთვის საკვებს იმარაგებს, საქონლისთვის - თივას.

ყიშლები, იგივე ველათები ის ადგილებია, სადაც მემთეურები მაისიდან ივნისამდე ჩერდებიან. ვიდრე იეილებზე დათბება, ყიშლებში კარტოფილს თესავენ და ჭალებს თიბავენ.  იეილებზე უკეთესი საძოვრებია, ამიტომ მემთეურებიც ერთი თვის მერე იქ გადაინაცვლებენ და სექტემბრამდე, ზოგჯერ კი ოქტომბრამდეც რჩებიან.

ვიდრე საქონელს მთელი დღით საძოვრებზე უშვებენ, თავად ზამთრის მარაგისთვის რძის ნაწარმს ამუშავებენ.

ახლა შემოდგომაა და მედიკო შავაძეც ყიშლაშია. გვიყვება, რომ იეილებთან შედარებით ყიშლებში ცოტა ხალხია, მხიარულებაც ნაკლებია, მაგრამ შრომაც უფრო მსუბუქი. თუ იეილებში მისი დღე 5-ზე იწყება, აქ საქონლის მოვლა შეუძლია 7-დან დაიწყოს. თორმეტისთვის ყველა საქმე მოთავებულია და სხვა მემთეურ ქალებთან „კოფეზე“ საჭორაო დროც აქვს. ამ დროს ცხოვრების ავან-ჩავანზე საუბარი მემეთეურების განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა.

საღამოს ძროხები ბრუნდებიან და მემთეურების სამუშაო დღის მეორე ეტაპიც იწყება. მოწველილი რძე უნდა გადაამუშაონ და შეინახონ.

მედიკო შავაძე, აჭარელ მემთეურებ შორის, ის იშვიათი მემთეურია, ვისაც რძის გამოსახდელი მანქანა, სეფერატორი, როგორც აჭარლები იტყვიან, რძიმაშინა დღემდე აქვს. ახალგამოხდილ და წინა დღის, „დამჟავებულ“ რძეს ურევს, ადუღებს და დაწნული ყველი ამოჰყავს. ამბობს, რომ აჭარული ყველის დამზადება რთულია, ჩაკვეთილის - იოლი, ამიტომ როცა ოჯახისთვის ორ 40 ლიტრიან „ბოჩკას“ დაწნული ყველით გაავსებს, მერე კვეთს და გასაყიდად ატანს.

„ყველაზე მეტად ყველის აღება მეჯავრება. თუ ლამაზ ხელ არ უზამ, კაი ყველი არ მოგივა და ის არი სანერვიულო. მჟავე როცა არის, ჩეგეფუშტრება. მეტი თაზა (ახალი) იქნება და კეში (მაგარი) მუა და რა ვიცი, დახელოვნება უნდა, რომ ლამაზი გამოგივდეს“.

საქონლის მოვლა ჯერ კიდევ სკოლის ასაკში ისწავლა, როცა მთაში ბებიას დაყვებოდა.

სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა არ გაუგრძელებია. გოგოების სწავლა „წესი არ იყო“ იმდენად, რომ აღარც უფიქრია. არც იმაზე დაფიქრებულა, რომ ესწავლა, რა პროფესიის იქნებოდა, მაგრამ ის კი ნამდვილად იცოდა, რომ თავისი შვილისთვის განათლება უნდა მიეცა.

„არ მისწავლია. იმ დროს სოფლის გოგოს ქალაქში გაშვება არ იზამდა. აგერ რომ ახლა არი, ასე ჩვენ დროს არ იყო. რომ შევხედე, სწავლა უკეთესია-მეთქი, მინდოდა, რომ შვილზე მესწავლებია და ვასწავლე, მარა რაც მე მინდოდა, ის მაინც არ ეირჩია. მეზღვაური გახდა. არ მინდოდა თვალები სულ წყალში მქონოდა, მარა რა ნა ქნა“.

ორი წლის შვილიშვილი ჰყავს, სანამ გაიზრდება და მთაში წაიყვანს, ნაწველს ქალაქში უგზავნის. სოფლის ნობათი შვილიშვილისთვის ქმარს, ნოდარს ჩააქვს. ნოდარ შავაძე მძღოლად მუშაობს და ზაფხულის სეზონზე მთიდან ბარში თივა გადააქვს.

ქალებსა და კაცებს შრომა განაწილებული აქვთ. სახლის საქმეს ქალი აკეთებს, სახლ გარეთ ყველაფერი კაცს ეხება.

„კაცები ძიმე საქმეს საქმობენ, ქალები სუმბუქაი სახლში ვართ. კაც შეშა მუაქ, ჭალას თიბავს,  წადის-მოდის. ქალი ოჯახში მემთევრობთ. ყანაში ორივე ვმუშაობთ. თუ იცი, რთული რამე არ არის ცხოვრებაში“.

თავისი საქმე კარგად იცის, ამიტომ დღის განმავლობაში ბევრს ასწრებს. მთის ცხოვრებას რეჟიმიანს უწოდებს. ყველაფერი თავის დროზე უნდა გაკეთდეს, - „მემთევრის ცხოვრება რეჟიმიანია. რაც არ უნდა ის სიხლეთი (ბევრი და გადაუდებელი საქმე) გქონდეს, საღამოს უნდა დააბა, მოწველო, ნარცხი დაადგა. ავადაც რომ იყო, მეზობელი დაგეხმარება და მაინც უნდა გაკეთდეს. ყველაფერ მის დროს არ იზამ, დაგიღამდება, გაგიფუჭდება. ყველ მის დროს არ ეიღებ, ჩვენებურა რომ ვთქვა, ჩეგეფუშტრება და აღარ იქნება ჩლეჩილი და ლამაზი“.

ყველისა და კარაქის გარდა, მთაში ყოფნისას მედიკო ყურუთსაც ამზადებს. ხშირად ქალები ამას ერთად აკეთებენ, ახლაც ნათესავი ეხმარება, მედიკოს ხელზე დადენილ ცხიმს უჩვენებს და ეუბნება, რომ „ზოვლი იაღლია“ ანუ ძალიან ცხიმიანია.

დღის ბოლოს, როცა ყველი ამოყვანილია, იაღლი ყურუთი ყავარზე აწყვია და ყავის ტრადიცია შესრულებულია, მედიკო გზამდე გვაცილებს და თავის მოკრეფილ ხის კევსაც გვატანს. თვითონ მალევე უნდა მიბრუნდეს, თავის გოგო-ბიჭებს, ხვიჩას და გოჩას, ირემას და კეხვანის ერთხელ კიდევ უნდა დახედოს და დარწმუნდეს, რომ დილამდე მათ სიმშვიდეს არაფერი დაარღვევს.

დარინა ქამადაძე

Mtisambebi.ge–ს რეპორტიორი, დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულება. აშუქებს მთის, სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში