საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

კუდიგორის თავისმოჭრა - რა დამართეს ლომიძემ და წილოსანებმა ყვარლის მთებს

19:44 - 26 მარტი 2026 hits 806

ყვარელში, VI-VII საუკუნეების სამების ეკლესიის გვერდით, კუდიგორის მთას თავი ორ ადგილას აქვს მოჭრილი. ერთ მხარეს თავდაცვის სამინისტროს პარტნიორი ბიზნესმენი, ვანო ლომიძე, კანონდარღვევით კაფე-რესტორანს აშენებს, მეორე მხარეს კი, „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ნინო წილოსანის ნათესავები, ხელში ჩალის ფასად ჩაგდებულ მიწაზე 6-სართულიანი სასტუმროს მშენებლობას გეგმავენ. ამ რეპორტაჟით გიყვებით, როგორ ანადგურებს პრივილეგირებული ბიზნესი, სახელმწიფო უწყებების აშკარა ხელშეწყობით და დანაშაულებრივი უმოქმედობით კახეთის უნიკალურ ლანდშაფტს.

ყვარლის სამების ეკლესია, რომელიც VI საუკუნიდან კუდიგორის მთის წვერზეა გაბატონებული, კახეთის ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია. არქეოლოგიური კვლევებით დადასტურდა, რომ ეს მხოლოდ ტაძარი კი არა, ვრცელი სამონასტრო კომპლექსი და ნეკრესის მონასტრის ე.წ. „სოხასტერი“ (განდეგილი ბერების სამყოფელი) იყო. საუკუნეების განმავლობაში, ბუნებრივი კონუსის ფორმის მთა და ტაძარი ერთიან, ხელშეუხებელ ანსამბლს ქმნიდა. 2009-2010 წლებში ძეგლს სრულმასშტაბიანი რესტავრაცია-კონსერვაცია ჩაუტარდა, რამაც მას პირვანდელი დიდებულება დაუბრუნა, თუმცა ბოლო წლებში ეს ისტორიული გარემო სამშენებლო პოლიგონად იქცა.

 

„თვალებს არ დავუჯერე“

2019 წლის 10 იანვარს, სახელმწიფომ კუდიგორის მთაზე მდებარე 3 ჰექტარ მიწას, რომელიც მანამდე ხელშეუხებელ ტყის ფონდს ეკუთვნოდა, სტატუსი მოუხსნა. ამ გადაწყვეტილებიდან სულ რაღაც ორ თვეში, 13 მარტს, ქონების ეროვნულმა სააგენტომ ეს ნაკვეთი ვანო ლომიძეს მიჰყიდა. ჩვენ გამოვითხოვეთ გასხვისების დოკუმენტაცია, თუმცა სააგენტო ამ ინფორმაციას დღემდე მალავს.

არქეოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნოდარ ბახტაძე იხსენებს 2021 წლის გაზაფხულს, როდესაც სტუდენტებთან ერთად პრაქტიკაზე ჩასულს სრულიად შეცვლილი რეალობა დახვდა:

„თვალებს არ დავუჯერე - სამების მთა მოეჭრათ, ლანდშაფტი მთლიანად დაუმახინჯებიათ. ადრე ეს იყო ულამაზესი, კონუსის ფორმის მთა, რომლის წვერზეც ეკლესია დომინირებდა. ახლა ეს ანსამბლი გაქრა“.

მეცნიერის თქმით, ზიანი შესაძლოა იმაზე დიდია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. მძიმე ტექნიკით მუშაობისას, დიდი ალბათობით, განადგურდა მიწისქვეშა არქეოლოგიური ფენები - სამონასტრო სენაკებისა და სამეურნეო ნაგებობების ნაშთები, რომლებიც კვლევას ელოდა: „ახლა, როცა თელავის ან წინანდლის მხრიდან გამოიხედავთ, ამ წარმტაცი ხედის ნაცვლად, მხოლოდ ჩამოთხრილ, დასახიჩრებულ მთას ხედავთ. უცხოელი კოლეგები მეკითხებიან: „რამე ბუნებრივი კატასტროფა მოხდა? მთა ჩამოიშალა?“ვეუბნები, რომ ეს ადამიანის მიერაა გაკეთებული და ისინი გაოცებულები არიან - ეკლესიაც რომ არ იდგეს, ბუნებას ასე ბარბაროსულად როგორ მოექეცითო?“

 

ვანდალიზმის მასშტაბები

კუდიგორის მთის მოჭრა და უნიკალური ლანდშაფტის განადგურება საგანგაშო მასშტაბებს აღწევს. Google Earth-ის და eos.com-ის სატელიტური მონაცემების ანალიზი ადასტურებს, რომ ვანო ლომიძემ მთის დეფორმირება 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის თებერვლამდე დაიწყო. ეს ის პერიოდია, როდესაც მას სამუშაოების წარმოებისთვის არათუ ნებართვა არ ჰქონდა მიღებული, არამედ შესაბამისი უწყებებისთვის ფორმალური განცხადებითაც კი არ ჰქონდა მიმართული.

სამუშაოები პირდაპირ, უხეშად შეიჭრა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ვიზუალური დაცვის ზონაში. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონი მკაფიოდ განსაზღვრავს: ძეგლებისთვის ვიზუალური დაცვის არეალი მინიმუმ 300-მეტრიანი რადიუსით შემოიფარგლება. ამ ზონაში კატეგორიულად იკრძალება ნებისმიერი ისეთი ქმედება, რომელიც დააზიანებს ძეგლის ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოს ან ხელს შეუშლის მის სრულფასოვან აღქმას.

რეალობა კი საგანგაშოა:

  • მოჭრილი მთა ეკლესიიდან სულ რაღაც 130 მეტრშია;
  • ახლადგაჭრილი ასასვლელი გზა ტაძარს 89 მეტრში უახლოვდება;
  • მთის წვერი ვერტიკალურად 11 მეტრის სიმაღლეზეა ჩამოჭრილი;
  • ჰორიზონტალური ჭრილის სიგრძე კი 108 მეტრს აღწევს.

მოჭრილი კლდოვანი მასა, ქვა-ღორღი და ნაშალი მასალა პირდაპირ მთის კალთებზეა გადაყრილი: ფასადიდან მარცხენა მხარეს ნაყარის სიგრძე 175 მეტრია, მარჯვნივ კი - 138 მეტრი. მთის წინა ფერდის იერსახის განადგურების ფასად გაყვანილია კილომეტრიანი სერპანტინის ტიპის გზა. დრონით გადაღებული კადრები ნათლად აჩვენებს ამ მასშტაბურ ნგრევას.

ეს ვანდალიზმი სადმე მიკარგულ ან მივიწყებულ ადგილას არ ხდება. პირიქით, ეს მძიმე ინდუსტრიული ჭრილობა თელავი-ყვარლის ცენტრალური მაგისტრალიდან ხელისგულივით ჩანს.

მეორე მხარეს ილიას ტბის რეკრეაციული ზონა, სასტუმროები და რესტორნებია - ადგილი, სადაც ყოველდღიურად უამრავი ადამიანი დადის. შეუძლებელია, ადგილობრივ ხელისუფლებას და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ეს ხანგრძლივი და მძიმე უკანონობა ვერ შეემჩნიათ.

 

„ჩემს იურისდიქციაში არ შედიოდა“

2017-2021 წლებში ყვარლის მერი როსტომ სესიაშვილი იყო. სწორედ მის დროს დაიწყო მთის მოჭრა, თუმცა ყოფილი ჩინოვნიკი მომხდარს მუნიციპალიტეტის კომპეტენციად არ მიიჩნევს: „როდესაც გზის მოჭრა დაიწყეს, სიტყვიერი შენიშვნა მივეცით... რაც შეეხება მიწის მოჭრას, ჩვენს იურისდიქციაში ეს არ შედიოდა. კერძო საკუთრებაში მიწა რომ ამოთხარო, რა ნებართვა გჭირდება? არაფერი. მაგას მიწა ეკონომიკის სამინისტრომ მიჰყიდა,“ - აცხადებს სესიაშვილი.

ყოფილი მერის მტკიცება სამართლებრივად მცდარია: რელიეფის შეცვლა და მასშტაბური მიწის სამუშაოები, მით უმეტეს ისეთი, რომელიც ლანდშაფტს ცვლის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში ხორციელდება, საჭიროებს პროექტს და შესაბამის ნებართვებს. ამ პროცესის კონტროლი კი პირველ რიგში სწორედ მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის პირდაპირი ვალდებულებაა.

 

დანაშაულის ლეგალიზაციის მცდელობა

„საქართველოს ამბების“ მიერ მოპოვებული დოკუმენტები აჩვენებს, რომ კუდიგორის მთის ათვისების გეგმა თავიდან ბევრად უფრო ამბიციური იყო, ვიდრე ეს დღეს ჩანს.

2021 წელს, შპს „გეოლოგია და მინერალური რესურსების“ მიერ ჩატარებული კვლევა ააშკარავებს, რომ გეოლოგებმა მოედანი არა კაფე-რესტორნისთვის, არამედ 6-სართულიანი მრავალფუნქციური შენობისთვის შეისწავლეს.

ეს მიგნება საქართველოში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, ორ სავარაუდო სცენარზე მიუთითებს: შესაძლოა, ინვესტორმა გააცნობიერა, რომ 6-სართულიანი ნაგებობა სამების ტაძრის 300-მეტრიანი ვიზუალური დაცვის ზონაში ვერანაირ ექსპერტიზას ვერ გაივლიდა და პროექტი 2 სართულამდე მხოლოდ იმიტომ შეამცირა; არ არის გამორიცხული, საძირკველი თავიდანვე 6 სართულზე გაითვალა, რათა ლეგალიზაციის შემდეგ შენობის დაშენება მარტივად მომხდარიყო.

საინტერესოა 2021 წლის ივნისის არქეოლოგიური და ისტორიულ-გეოგრაფიული კვლევა (ექსპერტი თ. ბიბილური), სადაც წერია, რომ ტერიტორია „არქეოლოგიურად სტერილურია“, ხოლო ტაძარი და მშენებარე ობიექტი ერთმანეთის ხილვადობის არეში არ ხვდება. თუმცა, ექსპერტი იქვე ადასტურებს უკანონობას – ის წერს, რომ შეისწავლა „გზის მოსაწყობად უკვე გაჭრილი მონაკვეთები“. ანუ, ექსპერტიზის მომენტისთვის მთა უკვე მოჭრილი იყო.

მხოლოდ ორი წლის შემდეგ, 2023 წლის 28 ივნისს, შპს „ბიზნეს იმპერიის“ დირექტორმა ვანო ლომიძემ ყვარლის მერიას ფორმალურად მიმართა ნებართვისთვის, როცა შენობა ფიზიკურად უკვე აშენებული იყო.

 

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს უარი

2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ყვარლის მერის პოსტს გივი ზაუტაშვილი იკავებდა. მიუხედავად იმისა, რომ კუდიგორის მთაზე ვანდალიზმი და უკანონობა ორი წლის განმავლობაში მის თვალწინ ხდებოდა, მერიას ამ პროცესზე არანაირი რეაგირება არ მოუხდენია. პირიქით, მას შემდეგ, რაც ვანო ლომიძემ უწყებას ოფიციალურად მიმართა, ზაუტაშვილმა წარდგენილი პროექტი შესათანხმებლად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გადაუგზავნა.

2023 წლის 10 აგვისტოს სააგენტომ პროექტზე მკაცრი უარყოფითი დასკვნა გასცა:

„სააგენტოს დამცავი ზონებისა და ურბანული მემკვიდრეობის სექციის სხდომაზე განხილულ იქნა და უარყოფითად შეფასდა ქალაქ ყვარელში, სამების ეკლესიის მიმდებარედ, შპს „ბიზნეს იმპერიის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე კაფე-რესტორნის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაცია.

განხილვის შედეგად აღინიშნა, რომ დაუშვებელია ისტორიულად ჩამოყალიბებული ბუნებრივი ლანდშაფტის მსგავსი სახით ხელყოფა ტაძრის დამცავ ზონაში. რაც შეეხება უკვე შესრულებულ სამუშაოებს, ისინი საჭიროებს უფლებამოსილი უწყების მიერ მკაცრი რეაგირების განხორციელებას“.

ამ დასკვნის საფუძველზე, ყვარლის მერია იძულებული გახდა, მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარი ეთქვა. თუმცა, ვინაიდან შენობა კანონდარღვევით იყო აგებული, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მერიას არ უნდა დაეწყო პროექტის შეთანხმების პროცედურა და დოკუმენტაცია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთვის არ უნდა გადაეგზავნა მანამ, სანამ ლომიძის კომპანიას არ დააჯარიმებდა ან უკანონო ნაგებობის დემონტაჟს არ განახორციელებდა.

 

„სად იყო მთა“?

როდესაც კუდიგორის მთის მოჭრაზე, განადგურებულ ლანდშაფტსა და სამების ტაძრის დამცავ ზონაში შეჭრაზე ვანო ლომიძეს ვკითხეთ, მან თქვა, რომ იქ მხოლოდ „10-სანტიმეტრიანი ფენა“ მოჭრა: „იქ იყო მდელო. მე გავასუფთავე... მაღლიდან რაც არის ჩამოჭრილი, ეს გავაკეთე იმიტომ, რომ ჩამეტარებინა გეოლოგიური კვლევა და შემესწავლა, რისი აშენების საშუალებას მაძლევდა ტერიტორია. მიჩივლა გარემოს დაცვამ, დაანაგვიანაო... მაგრამ ეს ყველაფერი ხდება ჩემს საკუთრებაში. მე სხვის ტერიტორიაზე არ შევსულვარ“.

სინამდვილეში, კაფე-რესტორანთან მისასვლელი გზა გაჭრილია არა ლომიძის კერძო საკუთრებაში, არამედ მიწაზე, რომლის მესაკუთრეც სახელმწიფოა და სარგებლობაში „ენერგო პრო ჯორჯიას“ აქვს გადაცემული.

ბიზნესმენი იმასაც უარყოფს, რომ ადგილზე შენობა უკვე დგას: „რა შენობა ავაშენე? არაფერი არ არის აშენებული. ბლოკით რომ არის გარშემორტყმული, ეგ დარბაზია? შიგნით შეხვედით? ეგ არის უსაფრთხოების ზომები, რომ არავინ გადავარდეს. რაც შეეხება მეორე სართულს, ეგ არის პირველი სართულის გაგრძელება...“

თუმცა რეალობა სრულიად სხვაგვარია: ადგილზე უკვე აღმართულია მონოლითური ბეტონის ორსართულიანი ნაგებობა. პირველი სართული სრულად არის ჩასხმული, მეორეზე კი მზიდი კონსტრუქციებია ამოყვანილი.

ზიანი, რომელიც ამ უკანონო სამუშაოებმა VI-VII საუკუნეების სამების ეკლესიას მიაყენა, მასშტაბური და მრავალმხრივია. სპეციალისტების შეფასებით, მთის ასეთმა აგრესიულმა მოჭრამ და მასიური ბეტონის ნაგებობის მშენებლობამ შესაძლოა შეცვალოს მთის გეოლოგიური მდგრადობა და უძველეს ტაძარს საფრთხე შეუქმნას.

ლომიძე არა მხოლოდ უგულებელყოფს კანონით დადგენილ დამცავ ზონებს, არამედ ძეგლის რესტავრაციასაც კი საკუთარ თავს მიაწერს: „სად შევიჭერი? შენ მეუბნები ძეგლია, მასე ნეკრესიც არის. მასე თბილისში საპატრიარქოს გვერდზე კაზინოა. ვინ ააშენა ეგ ეკლესია, იცი? ეგ მეათე საუკუნისაა? მე თავიდან გავაკეთე რესტავრაცია... ეგ მე თვითონ დავდგი და მაგის გარდა კიდევ ხუთი დავდგი ყვარელში“.

ინტერვიუს განმავლობაში ვანო ლომიძე „ცილისწამებისთვის“ სასამართლოთი არაერთხელ დაგვემუქრა.

 

„ბიზნეს-იმპერიიდან“ სამხედრო ინდუსტრიამდე

ვანო ლომიძე საჯარო სივრცეში 2009 წელს, სკანდალური შემთხვევით გამოჩნდა. იმ პერიოდში ის ყვარლის რაიონში ოპოზიციის შტაბს ხელმძღვანელობდა. 2009 წლის 28 აპრილს ლომიძემ განაცხადა, რომ მას თავს დაესხნენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ავტომანქანა დაუწვეს. თუმცა, მეორე დღესვე პოლიციამ ის ცრუ დასმენისა და თაღლითობის ბრალდებით დააკავა. მაშინ ლომიძემ აღიარა, რომ ავტომობილს ცეცხლი თავად წაუკიდა, რისი მიზანიც წინასაარჩევნოდ საკუთარი თავის გაპიარება იყო. მოგვიანებით მან ეს ჩვენება უარყო და სამართალდამცავების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრა.

დღეს მისი ამბიციები უკვე სახელმწიფო სტრატეგიულ ინდუსტრიას სწვდება. 2022 წლის აგვისტოში დარეგისტრირდა შპს „დელტა ეფ დი აი“, რომელიც საბრძოლო სატრანსპორტო საშუალებების წარმოებითაა დაკავებული. ამ კომპანიის 20%-იან წილს სახელმწიფო (თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სსიპ „დელტა“) ფლობს, ხოლო 80%-ს კერძო კომპანია „ეფ დი აი ფალკონ დაინამიკ სისტემს“, რომლის 30%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი სწორედ ვანო ლომიძეა. ის, ამავდროულად, „დელტა ეფ დი აი“-ს ფინანსური მენეჯერის პოზიციასაც იკავებს.

ლომიძის მთავარი პარტნიორი აზერბაიჯანელი მილიონერი, ელბრუს ნაბიევია. მათ ერთობლივ მფლობელობაშია შპს „კრისტალ ბილდინგი“, სადაც ნაბიევი წილის 90%-ს ფლობს, ლომიძე კი 10%-სა და გენერალური დირექტორის პოსტს.

სწორედ ამ კომპანიას უკავშირდება ქობულეთის სანაპიროზე 7 ჰექტარზე მეტი პრემიუმ-კლასის მიწის ნაკვეთის სიმბოლურ ფასად ხელში ჩაგდება. პირობის მიხედვით, იქ 200-ნომრიანი სასტუმრო და 30-მილიონიანი ჯანმრთელობის ცენტრი უნდა აშენებულიყო. კომპანიამ პროექტი ჩააგდო, თუმცა მთავრობამ მათ საჯარიმო სანქციების გარეშე, ვალდებულებების შესრულების ვადა დაუსაბუთებლად გაუგრძელა. 2025 წლის მარტში კომპანიამ ამ ქონების 50% გაყიდა. ტრანზაქციის ფასი საჯარო რეესტრში კომერციულ საიდუმლოებად გამოცხადდა და დაიფარა, რაც საჯარო ვალდებულებით დატვირთული ქონების შემთხვევაში კორუფციულ ეჭვებს კიდევ უფრო აძლიერებს.

 

კუდიგორის მეორე მოჭრილი თავი - წილოსანების კვალი

სამების სერის მეორე მხარეს, კუდიგორაზე, მეორე მსგავსი შემთხვევაა. აქაც, ტყით დაფარულ მთას თავი მოაჭრეს და ფერდობი ჩამოათალეს. საუკუნოვანი ბუნებრივი კონუსის ნაცვლად, ახლა ხელოვნური საფეხურებია, რაც ადგილობრივი ლანდშაფტისთვის შეუქცევადი დანაკლისია.

მშენებლობისთვის ფართობის მოსამზადებლად, ასეულობით კვადრატულ მეტრზე განადგურებულია მრავალწლიანი ნარგავები და ბუნებრივი მწვანე საფარი. მოჭრილი ნაშალი მასა იქვე, მთის ფერდობებზეა დაყრილი, რაც ეროზიული პროცესებისა და ნიადაგის დაცურების რისკებს ზრდის. ამ პროცესის უკან კომპანია შპს „ღვინის გზა 2017“ დგას.

ამ ისტორიის სათავე 2018 წელს იწყება, როდესაც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განკარგულებით, სახელმწიფომ ილიას ტბის მიმდებარედ 3 ჰექტრამდე მიწა (29,962 კვ.მ.) საბაზრო ღირებულებაზე ბევრად იაფად, კვადრატული მეტრი სულ რაღაც 5 ლარად და 7 თეთრად გაყიდა.

საინვესტიციო პირობის თანახმად, მყიდველს 48 თვეში სასტუმრო და ღვინის საწარმო უნდა აეშენებინა. აღსანიშნავია, რომ შპს „ღვინის გზა 2017“ მიწის შესყიდვამდე სულ რაღაც 6 თვით ადრე დარეგისტრირდა. მისი მაშინდელი ერთადერთი მფლობელი და დირექტორი, ომარ ხატიაშვილი, არ ფლობდა რაიმე სხვა ბიზნესს ან უძრავ ქონებას, რითაც მიწის საფასურის გადახდასაც კი შეძლებდა.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ 2022 წლისთვის ვალდებულებები ვერ შეასრულა, სახელმწიფომ მას სანქციების ნაცვლად ყველაფერი აპატია და ვადა 2025 წლამდე გაუგრძელა. სწორედ ამ პერიოდში კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი გვანცა წილოსანი გახდა - „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ნინო წილოსანის ბიძაშვილი და მისი ბიზნესების ყოფილი მმართველი.

დოკუმენტურად დასტურდება, რომ მოჭრილ მთაზე 6-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა იგეგმება. პროექტის ავტორები ანოტაციაში რელიეფის ხელყოფას პირდაპირ აღიარებენ: „კუდიგორის მთაზე რამდენიმე წლის წინ დაიწყეს მშენებლობა, უხეშად ჩაერივნენ რელიეფის თავისებურებაში და მოჭრეს მთა, რათა სამშენებლოდ საკმარისი ტერიტორია მიეღოთ. ჩვენი გუნდი გმობს ამ გადაწყვეტილებას და მიზნად ისახავს, რომ ჩვენმა არქიტექტურამ გაამთლიანოს გორის დაკარგული ფორმა“.

დღეის მდგომარეობით, მოჭრილ მთაზე უკვე აშენებულია რკინაბეტონის ღია საცურაო აუზი. აუზის ნაწილი სათიბის კატეგორიის მიწაზეა განთავსებული, რაც კანონმდებლობის პირდაპირი დარღვევაა, რადგან საცურაო აუზი არ წარმოადგენს სოფლის მეურნეობის ინფრასტრუქტურას. პარალელურად, 2025 წელს „ღვინის გზა 2017“-მა დააფუძნა შვილობილი კომპანია „პაბელონ აგრო“, რომლის დირექტორიც თამარ წილოსანია.

დასახიჩრებული მთის ძირში უკვე ფუნქციონირებს კომპლექსი „პაბელონი“ - სასტუმრო, ღვინის საწარმო და რესტორანი. დაცვა სასტიკადაა გაფრთხილებული, რომ ტერიტორიაზე მედია არ შეუშვან, ჟურნალისტებს არ დაელაპარაკონ.

ამ ჩაკეტილობის, საჯაროობის სრული იგნორირების ფონზე, კიდევ უფრო ცინიკურად ჟღერს ნინო წილოსანის 2020 წლის განცხადება. მაშინ ის პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტს ხელმძღვანელობდა და ტყის ახალ კოდექსს „ისტორიულ რეფორმას“ უწოდებდა: „ამით ათწლეულების მანძილზე ტყის დაცვის, მოვლის და მისი გამოყენების მავნებლური პრაქტიკა ქვეყანაში სრულდება და გადავდივართ ახალ ევროპულ სტანდარტებზე“.

სინამდვილეში, ვიდრე დეპუტატი წილოსანი მაღალი ტრიბუნიდან „მავნებლური პრაქტიკის დასრულებაზე“ ქადაგებდა, მისი ნათესავები ყვარელში 8 ჰექტარ მიწას უკვე დაპატრონებოდნენ. დღეს ეს ტყე აღარ არსებობს. მის ნაცვლად კუდიგორის მთაზე, ჯერჯერობით, მხოლოდ 5-ლარიანი პრივატიზების კვალი, დაუსრულებელი საცურაო აუზი და ექსკავატორით მოთხრილი ლანდშაფტია დარჩენილი. ბუნება აქაც პრივილეგირებული ბიზნესის ინტერესებს შეეწირა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საქართველოს ამბები.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში