საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

რუსეთის გზის ფასი: ამოყრილი საფლავები, დაღუპული მუშები და დანგრეული ძეგლები

21:09 - 05 აპრილი 2026 hits 447

„პროექტის უშუალო სიახლოვეს - წკერეს უბანზე სასაფლაოა. მასზე ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის“, - სიტყვა-სიტყვით ასე წერია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის 2019 წლის ბრძანებაში, რომლითაც ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობაზე დადებითი გადაწყვეტილება გაიცა. ოფიციალური დაპირება 2026 წლის 29 მარტს ტრაგედიამ შეცვალა. რუსეთისკენ მიმავალი მაგისტრალის მშენებლობამ სოფელ წკერეს სასაფლაო წალეკა. ოთხი ადამიანის ნეშტს ამ დრომდე ეძებენ, მეხუთე - 21 წლის კაცის ცხედარი კი მეზობელ სოფელში გადაასვენეს.

წკერეს სასაფლაო ქვეშეთი-კობის გზის ახალი, 9-კილომეტრიანი გვირაბის დასაწყისშია. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მაგისტრალის გასაყვანად არც მკვდარი დაინდეს და როგორც ირკვევა, არც ცოცხალი.

„4 ადამიანის ნეშტი არეული და აზელილია მეწყერში. მუშაობენ ტრაქტორებით. ამის მოთმენაც შეგვიძლია, მაგრამ ერთი რაც მიკვირს, არ ვიცი, რატომ ჩავთვალეთ მთიულეთში, რომ არაფერზე ხმა არ უნდა ამოვიღოთ. მშენებლობის პროცესში არაფრად აგდებენ არც საკუთრების უფლებას, არც სიწმინდეებს, არც საფლავებს. ზუსტად იგივე მონაკვეთზე, წინა წლის შემოდგომაზე 4 მუშა დაიღუპა არასწორად შესრულებული სამუშაოების გამო“, - გვიყვება ზურაბ ბურდული, მთიულეთის მკვიდრი.

 

თავდასხმა გადამღებ ჯგუფზე

წკერეს სასაფლაოსკენ მიმავალ „მთის ამბების“ გადამღებ ჯგუფს გზა ჩინური კომპანიის ბრიგადამ გადაუღობა. ჩინური კომპანიის ქართველი და ჩინელი წარმომადგენლები, ზედამხედველი საინჟინრო კომპანიისა და გზების დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, გადაღების დაუყოვნებლივ შეწყვეტას და ტერიტორიის დატოვებას კატეგორიულად მოითხოვდნენ. კომპანიის დაქირავებული პერსონალი, ხელმძღვანელობის პირდაპირი მითითებით, გადამღებ ჯგუფს ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევდა: ჟურნალისტებს უცენზურო სიტყვებით აგინებდნენ, აგრესიულად უშლიდნენ ხელს დრონით მუშაობაში და ტექნიკის დამტვრევით ემუქრებოდნენ.

ჩინური ფირმის თანამშრომელთა ეს ისტერია ადვილად ასახსნელია. მათ საქმიანობაზე ხუთწუთიანი დაკვირვებაც კი საკმარისია, რომ ყოველგვარი საინჟინრო განათლების გარეშე გამოიტანო დასკვნა - ასეთი მეთოდებით მიცვალებულებს არ ეძებენ.

პროცესმა აბსურდული სახე მიიღო, როდესაც ჩინურმა კომპანიამ ნეშტების საძიებო სამუშაოებიც კი შეაჩერა და გაგრძელების პირობად გადაღების შეწყვეტა დააყენა. ამ მიზნის მისაღწევად მათ ჟურნალისტებს ერთ-ერთი ადგილობრივი, მამუკა როსტიაშვილი დაუპირისპირეს, რომელიც გადამღებ ჯგუფს ძალადობითა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ამ ფაქტზე შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

 

ჩინური კომპანიების დამანგრეველი ინჟინერია

ხადის ხეობაში „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო“ და „ჩინეთის რკინიგზის გვირაბების ჯგუფი“ (CRTG) მუშაობენ. ორივე მათგანი ჩინეთის სახელმწიფო გიგანტის - China Railway Construction Corporation (CRCC)-ის შვილობილი კომპანიაა. სწორედ ამ კორპორაციას მიანდეს საქართველოში არაერთი სტრატეგიული პროექტი, მათ შორის რიკოთის მაგისტრალი და თბილისი-ბათუმი რკინიგზის მოდერნიზაცია.

კომპანიამ, რომელსაც არაერთი სოფლის ნგრევა, შრომითი დავა და მუშების დაღუპვის ფაქტი უკავშირდება, ხადის ხეობაში ახლა მიცვალებულები ამოყარა საფლავებიდან.

ზურაბ ბურდული ერთ-ერთი პირველია, ვისი ნაკვეთიც მლეთაში ჩინურმა კომპანიამ შეიწირა. სასამართლომ გზების დეპარტამენტს ბურდულის სასარგებლოდ 314 ათასი ლარის გადახდა დააკისრა, თუმცა დავა მეორე ინსტანციაში გრძელდება.

„როდესაც ჩაწყდა ჩემი ნაკვეთი და შევედი, რომ ზიანი ტელეფონით გადამეღო, ჩემს საკუთარ ნაკვეთში შესვლისა და გადაღების უფლებას არ მაძლევდნენ. ის შეცდომები, რაც მოსდით და რა შედეგებიც მოჰყვება, არ უნდათ, რომ დაფიქსირდეს. რაც შეეხება გზების დეპარტამენტის დამოკიდებულებას, მათთვის ყველაფერი გამართლებულია. გამართლებული იყო ის ფაქტი, ზაქათას ორი სახლი რომ დაზიანდა, ჩემი ნაკვეთი - ნახევარი ჰექტარი რომ ჩამოიშალა. აღმოჩნდა, რომ საფლავების განადგურებაც ჩვეულებრივი ამბავია. მე-10 საუკუნის კოშკი ისე დაშალეს და დაანგრიეს, პასუხი არავის უგია. არაფერს პატივს არ სცემენ. ჩვენ რა ღირებულებებით დავრჩით მაშინ, როცა საფლავები წაგვიბილწეს და კულტურული მემკვიდრეობა დაგვიშალეს?!“ - კითხულობს ბურდული.

 

ექსპერტების გაფრთხილება

გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, ნინო ჩხობაძე აცხადებს, რომ პროცესის შეჩერება უკვე რთულია: „იცოდნენ, რომ ეს საფრთხე იყო. გააკეთეს ბეტონის ფარდა, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ არასწორად არის რაღაც გაკეთებული. ის მთა იშლება, მაგას ვეღარაფერი გააჩერებს“.

რამდენად ხარისხიანად იყო მომზადებული გარემოზე ზემოქმედების შეფასება, ვიდრე რუსეთთან დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა დაიწყებოდა და იყო თუ არა გათვალისწინებული ყველა შესაძლო რისკი - ეს საკითხები სიღრმისეულად ექსპერტმა მამუკა გვილავამ „მწვანე ალტერნატივის“ დაკვეთით შეისწავლა. მისი დასკვნა დაედო საფუძვლად „მწვანე ალტერნატივის“ საჩივარს, რომლითაც ორგანიზაციამ პროექტის ორივე უცხოურ დონორს - აზიის განვითარების ბანკს (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) მიმართა.

მამუკა გვილავას დასკვნა აჩვენებს, რომ გზშ-ის დოკუმენტში რისკები ხელოვნურად იყო დაკნინებული:

„ყველა საფრთხე (გეოტექნიკური, ბიომრავალფეროვნება) შეფასებული იყო როგორც „მცირე“ ან „საშუალო“. დოკუმენტში საერთოდ არ ეწერა, რომ საფლავების ამოტრიალების რისკი არსებობდა. 60 კოშკის ხეობაში ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედება შეფასდა როგორც დაბალი, რაც აბსურდულია ა კატეგორიის პროექტისთვის“.

A კატეგორიის პროექტი ყველაზე მაღალი რისკის მქონე კატეგორიაა გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით - როცა ზიანი არის შეუქცევადი, გარემოზე ზემოქმედება სცილდება უშუალო სამშენებლო მოედნის ფარგლებს და უარყოფით გავლენას ახდენს მთელ ხეობაზე, ეხება კრიტიკულ ჰაბიტატებს ან კულტურულ მემკვიდრეობას.

 

ვიბრაცია, რომელიც სახლებს ანგრევს

საქართველოში „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ და „ჩინეთის რკინიგზის გვირაბების ჯგუფის“ საქმიანობა სრულიად გაუმჭვირვალეა. კრიტიკულად მნიშვნელოვან ფაქტებზე ინფორმაციას არც ინფრასტრუქტურის სამინისტრო და არც საავტომობილო გზების დეპარტამენტი გასცემს. ხეობაში შემორჩენილი რამდენიმე ოჯახი მედიასთან და გარემოსდამცველებთან კონტაქტს ერიდება. ბოლო წლებში კრიტიკული მედიისა და არასამთავრობო სექტორის მიმართ განხორციელებული რეპრესიების ფონზე, საზოგადოებრივი მონიტორინგი ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა - ქვეშეთი-კობის გზის პროექტთან დაკავშირებული თითქმის ყველა ინფორმაცია საზოგადოებისთვის მიუწვდომელია.

ინფორმაციის მოპოვების ერთადერთ ალტერნატიულ წყაროდ სოციალური მონიტორინგის ინგლისურენოვანი ანგარიშები რჩება, რომლებიც უშუალოდ დონორი ორგანიზაციებისთვის მზადდება. 2025 წლის პირველი ნახევრის დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ხადის ხეობის სოფლებში აფეთქებებითა და მძიმე ტექნიკით გამოწვეული ვიბრაცია საგანგაშო ნიშნულს აღწევს.

ანგარიშის თანახმად, 2025 წლის 11 თებერვალს, ერთ-ერთი მომჩივნის პრეტენზიის საპასუხოდ, კონტრაქტორმა საცხოვრებელ სახლში ვიბრაციის მონიტორინგის აპარატი დაამონტაჟა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ თითქოს „დაუყოვნებლივი შემარბილებელი ღონისძიებები“ გაატარა, შეამცირა დატკეპნის სიჩქარე და შეაჩერა ლილვაკების მუშაობა,

მოწყობილობამ ვიბრაციის დასაშვები ზღვრის (2.5 მმ/წმ) 84 გადაჭარბება დააფიქსირა. ყველაზე მაღალმა ჩვენებამ 111 მმ/წმ-ს მიაღწია, რაც დადგენილ ლიმიტს 44-ჯერ აღემატება.

შემდგომმა ინსპექტირებამ დაადასტურა, რომ ამ სიმძლავრის ვიბრაციამ სახლის უკანა კედელზე არსებული ძველი ბზარი 5 მმ-ით გააფართოვა, პარალელურად კი გაჩნდა ახალი, 1-2 მმ-იანი ნაპრალები.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა კიდევ ერთი ოჯახი. აქაც ვიბრაციის მაჩვენებელმა პიკს - 111 მმ/წმ-ს მიაღწია, რამაც საცხოვრებელი სახლის კონსტრუქციული დაზიანება გამოიწვია. მესაკუთრე ახლა სრულ განსახლებას ითხოვს. საზედამხედველო კომპანია ექსპერტიზის პროცესში ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ჩართვას გეგმავს.

ვიბრაციით გამოწვეულ ზიანსა და აუტანელ პირობებზე ქვეშეთში, ზაქათკარსა და ბენიან-ბეგონში მცხოვრები მოსახლეობაც ჩივის.

 

ქოროღოს მე-10 საუკუნის კოშკი - დანგრეული ისტორია

2023 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ ხადის ხეობაში, სადაც რუსეთთან დამაკავშირებელი მაგისტრალი ბურღვა-აფეთქების მეთოდით გაჰყავთ, ქოროღოს ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსის მე-10 საუკუნის ზურგიანი კოშკი თითქმის მთლიანად დანგრეულია. ეს კოშკი 2007 წლიდან ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებდა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებმა მომხდარი „გადაუდებელი სარეაბილიტაციო ღონისძიებით“ გაამართლეს. მათი მტკიცებით, „კოშკის დაშლა“ აუცილებელი იყო გვერდით მდებარე ეკლესიის გადასარჩენად. მეტიც, გაჟღერდა ვერსია, თითქოს კოშკი, რომლისგანაც ახლა მხოლოდ ნანგრევებია დარჩენილი, არა მე-10 საუკუნის, არამედ გასულ საუკუნეში აშენებული „არაავთენტიკური“ ნაგებობა იყო.

თუმცა, ოფიციალური დოკუმენტაცია საწინააღმდეგოს ამტკიცებს. თავად სააგენტოს მიერ 2019 წელს მომზადებულ სატენდერო დოკუმენტაციაში შავით თეთრზე წერია: ზურგიანი კოშკი მე-10 საუკუნის ნაგებობაა, კომპლექსში ყველაზე ძველია და ეროვნული ძეგლის სტატუსი აქვს. სავარაუდოდ, კოშკის მდგომარეობა ხადის ხეობაში მიმდინარე მასშტაბური მშენებლობისა და ვიბრაციების გამო კრიტიკულად დამძიმდა, მისი სრული დაშლა კი, შესაძლოა, სწორედ ამ ზემოქმედების კვალის დასამალად გადაწყდა.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის თანახმად, ხადის ხეობა, რომელიც ხშირად „60 კოშკის ხეობად“ მოიხსენიება, კულტურული მემკვიდრეობის ფართო სპექტრით ხასიათდება. დოკუმენტში მითითებულია, რომ კულტურული რესურსების უმეტესობა მაგისტრალიდან 50-100 მეტრით არის დაშორებული, რის გამოც მათზე ზემოქმედება „ნაკლებად სავარაუდოა“. თუმცა, აქვე აღიარებულია, რომ 50-მეტრიან ზონაში მოხვედრილი ობიექტები (მათ შორის წკერეს სასაფლაო, ზაქათკარის კოშკი) შესაძლოა დაზიანდეს სამშენებლო ტექნიკით ან ვიბრაციით.

განსაკუთრებით საგულისხმოა სოფელ წკერეს შემთხვევა. ადგილობრივი მოსახლეობა თავიდანვე ითხოვდა სასაფლაოს დაცვას. სპეციალისტები უწყებებს აფრთხილებდნენ, რომ რთული რელიეფის გამო ბუფერული ზონის დარღვევა გამოიწვევდა მეწყრულ პროცესებს, ვიბრაცია კი საფლავებს დააზიანებდა. მიუხედავად ამისა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 25 აპრილის ბრძანებაში, რომლითაც პროექტზე დადებითი გადაწყვეტილება გაიცა, ვკითხულობთ: „წკერეს უბანზე სასაფლაოა. მასზე ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის“.

დღეს რეალობა რადიკალურად განსხვავდება ოფიციალური პროგნოზებისგან: ხადის ხეობამ უკვე დაკარგა თავისი ერთ-ერთი უძველესი სიმბოლო.

სოფელ წკერეს სასაფლაოს ჩამოშლილი ნაწილის ზემოთ მიწა ღრმად არის დახეთქილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეროზიული პროცესები შეუქცევადია და სხვა საფლავების ჩაქცევის საფრთხეც რეალურია.

 

დაღუპული მუშები და „გამქრალი“ მოწმე

ხადის ხეობაში უსაფრთხოების ნორმების იგნორირებამ მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობა და საფლავები არ დააზიანა. როგორც ირკვევა, კონტრაქტორებს გაცილებით მძიმე დანაშაულის კვალის დაფარვა უწევთ. წკერეს სასაფლაოს ტრაგედიამდე რამდენიმე თვით ადრე, იმავე მონაკვეთზე მშენებლობას ადამიანების სიცოცხლე შეეწირა, რასაც გზების დეპარტამენტი მაშინ მშრალი ნეკროლოგით გამოეხმაურა:

„ნაპოვნია ოთხი ცხედარი, ხოლო ერთი პირი გადაყვანილია კლინიკაში. საავტომობილო გზების დეპარტამენტი კონტრაქტორი კომპანიისგან მოითხოვს უსაფრთხოების ნორმების დაცვის მაქსიმალურ გამკაცრებას და სამუშაოების წარმოებისას რეგულაციების მკაცრად დაცვას. საავტომობილო გზების დეპარტამენტი თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს“.

დაღუპული მუშები თურქმენეთისა და ჩინეთის მოქალაქეები იყვნენ. მაშინ ეს ამბავი მალევე მიჩუმდა, თუმცა 2026 წლის 28 იანვარს, ამ შემთხვევის დროს ცოცხლად გადარჩენილმა მუშამ დუმილი დაარღვია. მან და მისმა წარმომადგენელმა აზიის განვითარების ბანკის (ADB) საჩივრების მექანიზმს მიმართეს.

საჩივარი ამხელს, თუ როგორ ცდილობდნენ „ჩინეთის რკინიგზის გვირაბების ჯგუფი“ და, სავარაუდოდ, სახელმწიფო უწყებები საქმისთვის საკვანძო მოწმის ჩამოშორებას.

მიღებული მძიმე პოლიტრავმების (ხერხემლის კომპრესია, კიდურების მოტეხილობა და შინაგანი დაზიანებები) მიუხედავად, გადარჩენილი მუშა ამტკიცებს, რომ მისი ვინაობა და მოქალაქეობა განზრახ არასწორად დააფიქსირეს, რათა მას დიპლომატიურ დაცვაზე წვდომა არ ჰქონოდა. მისი თქმით, როდესაც ჰოსპიტალიზებული იყო და ძლიერი მედიკამენტოზური მკურნალობის ქვეშ იმყოფებოდა, თარჯიმნისა და ადვოკატის გარეშე, ხელი მოაწერინეს 5 000-დოლარიან შეთანხმებაზე. ეს თანხა ვერანაირად ვერ ფარავს მისი შესაძლებლობების სამუდამო შეზღუდვას, რაც მას ფიზიკური შრომისა და საარსებო წყაროს გარეშე ტოვებს. ამის შემდეგ კი ის სასწრაფოდ გაამგზავრეს ქვეყნიდან.

„ეს იყო სისხლის სამართლის გამოძიების დროს იურისდიქციიდან საკვანძო მოწმის ჩამოშორების განზრახ მცდელობა“, - ნათქვამია საჩივარში, რომლის ავტორიც დღემდე მძიმე პოსტტრავმული სტრესული აშლილობით იტანჯება.

აზიის განვითარების ბანკის საჩივრების პანელმა ბრალდებები დასაშვებად ცნო. დოკუმენტი ადასტურებს, რომ მანილაში, ADB-ის სათავო ოფისში, ოფიციალური მოკვლევა დაიწყო. ბანკი ამ საქმეს განიხილავს არა მხოლოდ როგორც უბედურ შემთხვევას, არამედ როგორც უსაფრთხოების გარანტიების პოლიტიკის უხეშ დარღვევას.

ADB-ის მენეჯმენტს პასუხის მოსამზადებლად ვადა 2026 წლის 7 აპრილამდე აქვს. მანამდე კი მეორე მომჩივანი (წარმომადგენელი) ვინაობის მკაცრ კონფიდენციალურობას ითხოვს - მას ხელისუფლებისა და კონტრაქტორი კომპანიის მხრიდან შურისძიების ეშინია.

 

„ქართული ოცნების“ მთავრობისთვის ქვეშეთი-კობის 22.7-კილომეტრიანი მონაკვეთი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია, რომლის მთავარი მიზანი რუსეთთან ტვირთბრუნვის გაზრდაა. ამ მასშტაბური ინფრასტრუქტურის ჯამური ღირებულება 558.6 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. პროექტის ლომის წილი - 415 მილიონი დოლარი აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებაა, რასაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გამოყოფილი 60 მილიონი და საქართველოს მთავრობის მიერ გაღებული 83.6 მილიონი დოლარი ემატება.

„ქართული ოცნება“ მოსახლეობას არწმუნებს, რომ ახალი გზა ხადის ხეობას მიგრაციისგან იხსნის და რეგიონში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. რეალობა დაპირებების საპირისპიროა: დღეს ხადის ხეობა იმაზე მეტად არის დაცლილი, ვიდრე ეს პროექტის დაწყებამდე იყო.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საქართველოს ამბები.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში