ციფრებიდან ადამიანებამდე
მთავრობის ხედვით, ეს პროექტი მილიონობით დოლარის მოგებასა და ენერგოუსაფრთხოებას ნიშნავს. სვანებისთვის კი ხუდონჰესი მხოლოდ მშრალი სტატისტიკა ან ენერგეტიკული გათვლა არ არის - ეს მათი ყოფნა-არყოფნის საკითხია. პროექტის მიხედვით, უნდა დაიტბოროს 528 ჰექტარი ტერიტორია და გასახლდეს 2000-მდე ადამიანი.
ზურაბ ნიჟარაძე 10 წლის იყო, როცა ხუდონჰესის მშენებლობის იდეა გაჩნდა. მას კარგად ახსოვს, როგორ შეჩერდა პროექტი ეროვნული მოძრაობისა და სტუდენტების პროტესტის შედეგად: „ბავშვი ვიყავი, მაგრამ კარგად მახსოვს.
კომუნისტები არავის არაფერს ეკითხებოდნენ. საბედნიეროდ, შემდეგ საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა და ხალხსაც გარკვეული ფუნქციები დაეკისრა, თორემ კომუნისტების დროს ისე აპირებდნენ ჩვენს გასახლებას, არაფერს გვეკითხებოდნენ.
ნაწილი მოსახლეობისა გადავიდა კიდეც, ნაწილი კი უკან დაბრუნდა - ესეც კარგად გვახსოვს“.
ხუდონჰესის საკითხი პერიოდულად აქტუალური ხდებოდა ჯერ შევარდნაძის, შემდეგ კი სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს. 2011 წელს მშენებლობის უფლება ოფშორში რეგისტრირებულმა კომპანია „ტრანს-ელექტრიკამ“ მოიპოვა, რომელსაც ხაიშის თემში 1536 ჰექტარი მიწა სიმბოლურ ფასად - 1 დოლარად გადასცეს. თუმცა, ხელისუფლების ცვლილებამ პროცესი კვლავ შეაფერხა.
ზურაბ ნიჟარაძეს დღემდე ახსოვს 2012 წლის 27 ივლისს ბიძინა ივანიშვილთან წინასაარჩევნო შეხვედრა ხაიშში: „ვკითხე, როგორ წარმოუდგენია ხუდონჰესის ბედი. მან მკაფიოდ ახსნა - როგორ შეიძლება ჰიდროენერგეტიკის განვითარება მოსახლეობის აყრისა და გასახლების ხარჯზეო. არჩევნების შემდეგ რიტორიკა მალევე შეიცვალა. დაიწყო ჭორების გავრცელება, თითქოს მატერიალურ სარგებელს ველოდით. სწორედ ამიტომ გამოვიყენეთ წინაპრების გამოცდილება - ხატზე დაფიცება. 2013 წლის 8 მაისს დავიფიცეთ, რომ არ დავუშვებთ ჰესის აშენებას იმ პარამეტრებით, რაც საბჭოთა დროს დაიგეგმა. ბევრი ქირქილებს, რა დროს ხატია 21-ე საუკუნეშიო, მაგრამ შევახსენებ: ქვეყნის პირველი პირიც ბიბლიაზე იფიცებს და სასამართლოშიც ბიბლიაზე ფიცს დებენ. ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ცნებაა“.
ზურაბი 59 წლისაა, მათემატიკის მასწავლებელია. მიუხედავად ქვეყანაში მიმდინარე რეპრესიებისა და განსხვავებული აზრის გამო ადამიანების სამსახურიდან დათხოვნისა, ის და ხაიშის სკოლის სხვა მასწავლებლები უკან არ იხევენ. ზურაბს უკვე მეხუთედ უწევს საპროტესტო მოძრაობაში ჩართვა მშობლიური კუთხის გადასარჩენად.
„ენერგოდამოუკიდებლობა ნებისმიერ ფასად“
2025 წლის მიწურულიდან „ქართულმა ოცნებამ“ მსხვილი ჰესების კამპანია ახალი ძალით ააგორა. „ოცნების“ ეკონომიკის მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა 12 დეკემბერს განაცხადა: „ჩვენ ქვეყანაში აუცილებლად უნდა აშენდეს ისეთი მსხვილი ჰესების პროექტები, როგორიცაა ნენსკრა, ხუდონი, ნამახვანი... მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ვესაუბროთ, თუ რას ნიშნავს ეს თითოეული მოქალაქისთვის“.
ამას მალევე მოჰყვა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ პროექტი „მაქსიმალური ტემპით“ განხორციელდება და სახელმწიფო ფინანსურ თანამონაწილეობასაც არ გამორიცხავს.
ხოლო თბილისის მერმა და ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა, კახა კალაძემ 16 აპრილს ხაზი გაუსვა, რომ ხუდონისა და ნამახვანის გარეშე ქვეყანა ენერგეტიკულად თვითკმარი ვერ გახდება და ეს აუცილებელია რუსეთსა და აზერბაიჯანზე ენერგოდამოკიდებულების დასასრულებლად და ევროპაში ექსპორტისთვის.
„ფიცი არ გატყდება!“
ხაიშელებისთვის ხელისუფლების ეს არგუმენტები ნაცნობი და მიუღებელია. 26 აპრილის შეკრებაზე მათ ხელი მოაწერეს პეტიციას, სადაც ხუდონჰესს კატასტროფა უწოდეს:
„ხუდონჰესის აშენება ნიშნავს ასობით ადამიანის საკუთარი მიწიდან, სახლიდან იძულებით გადაადგილებას, ხაიშის თემისა და მის შემადგენლობაში არსებული სოფლების წყალში ჩაძირვას, ისტორიული მემკვიდრეობის - მათ შორის საუკუნოვანი ტაძრისა და ასეულობით საფლავის განადგურებას... ჩვენ არ ვართ პროგრესის წინააღმდეგ. ჩვენ ვართ უსამართლობის, გულგრილობისა და კულტურული მემკვიდრეობის განადგურების წინააღმდეგ.“
„მკვდარს წყალს არ ჩავაყოლებ“
საფლავების დატბორვის თემა ხაიშში ყველაზე ღრმა იარაა. მზია ჭკადუასთვის ეს უბრალოდ ტერიტორიის დათმობა არ არის - მისთვის ეს ერთადერთი შვილის საფლავის დაცვას ნიშნავს: „რატომ მოვაწერე პეტიციას ხელი და იმიტომ, რომ არ მინდა ხუდონჰესი... იქიდან ეკლესია ნადგურდება, აქედან ამდენი მკვდარი. რას უზამენ მაგათ.
მე ჩემი შვილის ხელის შეხების უფლებას არავის მივცემ. იმას არ ჩავაყოლებ წყალში და ჩემ თავსაც მოვიკლავ... ვიღაცას მაინც მოვკლავ.
ერთადერთი შვილი მყავდა და მომიკვდა. მე ახლა იმის ამოყვანას, წაყვანას რომ მპირდებიან, არ მინდა მე ეს.“
ამ ტკივილს იზიარებს ნონა ფილფანიც, რომელიც უკან დახევას არ აპირებს: „სიცოცხლის ბოლო წუთამდე ვიბრძოლებთ... რომ დავაკვდე და ბოლო წუთამდე... მომკლან, ჯობია, ვიდრე მე აქედან გადასახლება დამემუქროს“.
ადგილობრივი ფრიდონ კვირიკაძე კი ამ ყველაფერში არა მხოლოდ საკუთარი სოფლის, არამედ ადამიანის სიცოცხლის გაუფასურებას ხედავს, ზუსტად ისე, როგორც საბჭოთა ეპოქაში იყო: „მოკლედ რომ გითხრათ, ხუდონჰესი ტბორავს ხაიშის ტერიტორიას... სვანეთის კარიბჭეა ხაიში. სადამსჯელოა ეს.
კომუნისტების პერიოდში ადამიანის ფასი იყო 34 კაპიკი, ტელეგრამის ფასი - მოკვდა ეს კაცი. დღეს ფასი არა აქვს ადამიანს. მოგვერიეთ? მაშინ, დაგვმარხეთ ცოცხლად.
შეხედეთ რა ხდება, ადამიანი ადამიანად არ მიაჩნიათ. ეს არის ჰუმანიზმი? ესაა შენი სახელმწიფოს, ხალხის სიყვარული? არ არის, ბიჭო“.
„საქრუსენერგოს“ სამუშაოები
ადგილობრივი თამაზ კვირიკაძე ამბობს, რომ სამუშაოები მოსახლეობის ზურგს უკან უკვე დაწყებულია: „ძველ გვირაბებში შევიდნენ, ხიდი გაარემონტეს... საწყისი ეტაპი დაწყებულია“.
ამას უარყოფს „საქრუსენერგოს“ მენეჯერი ანდრო ცხადაძე. მისი მტკიცებით, შენდება მხოლოდ მაღალი ძაბვის ხაზი და ქვესადგური, რომელიც „ხუდონჰესს არ უკავშირდება“. თუმცა, მოსახლეობის ნდობა ნულოვანია. მეტიც, მენეჯერმა ვერ განმარტა, რატომაა საჭირო ახალი 110 კვტ-იანი ხაზი, როცა არსებული ჰესები სისტემას ისედაც მიერთებულია.
„ქართული ოცნება“ პროექტის დაწყებას გეგმავს, ხაიში კი წინააღმდეგობისთვის ემზადება. ეკლესიაში დადებული ფიცი ძალაშია.
გამოგონილი ენერგოკრიზისი
„ქართული ოცნების“ მთავრობას 200-მდე ახალი ჰესის მშენებლობის განკარგულება აქვს გაცემული. მთავარი არგუმენტი უცვლელია: ქვეყანამ უნდა დაძლიოს რუსეთსა და მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულება. თუმცა, რეალური სტატისტიკა სულ სხვა სურათს აჩვენებს და „ოცნების“ რიტორიკას აბათილებს. 2025 წელს საქართველომ ჯამში 14336.3 მლნ. კვტსთ ელექტროენერგია მოიხმარა, სადაც იმპორტის წილი მხოლოდ 10.86%-ს (1557.5 მლნ. კვტსთ) შეადგენდა. რუსეთიდან 971.2 მლნ.კვტსთ, თურქეთიდან 40.5 მლნ.კვტსთ, აზერბაიჯანიდან 417.3 მლნ.კვტსთ და სომხეთიდან 128.5 მლნ.კვტსთ ელექტროენერგია შემოვიტანეთ.
საქმე ის არის, რომ იმპორტირებული ენერგიის უდიდესი ნაწილი ოკუპირებულ აფხაზეთს მიაქვს, რაშიც საქართველო ფულს არ იხდის.
განსაკუთრებით თვალსაჩინოა ზამთრის თვეების მონაცემები, როდესაც რუსეთიდან იმპორტი პიკს აღწევს:
- იანვარი: რუსეთიდან შემოტანილი 189.695 მლნ.კვტსთ-დან 6% (188.975 მლნ.კვტსთ) ოკუპირებულ აფხაზეთში წავიდა;
- თებერვალი: რუსეთიდან შემოტანილი 209.482 მლნ.კვტსთ-დან აფხაზეთმა 7% (208.867 მლნ.კვტსთ) მოიხმარა;
- მარტი: იმპორტირებული 180.562 მლნ.კვტსთ სრულად (100%) ოკუპირებულ რეგიონში დაიხარჯა;
ეს მონაცემები ადასტურებს, რომ რუსეთიდან შემოტანილი ენერგიის მხოლოდ 25.44% მოვიხმარეთ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. თუ იმპორტიდან აფხაზეთის წილს გამოვაკლებთ, ირკვევა, რომ საქართველოს რეალური დეფიციტი 2025 წელს მხოლოდ 5.81% იყო.
ჩნდება ლოგიკური კითხვა: რატომაა სასიცოცხლოდ აუცილებელი ხაიშის დატბორვა და 200-მდე ახალი ჰესის მშენებლობა, როცა დეფიციტი ასეთი მინიმალურია? პასუხი, სავარაუდოდ, მაღალჩინოსნების ბიზნეს-ინტერესებში იმალება.
მოქმედი და დაგეგმილი ჰესების აბსოლუტური უმეტესობის უკან ყოფილი და მოქმედი სახელისუფლებო პირები დგანან. მთავრობა მათთან გარანტირებული შესყიდვის კონტრაქტებს აფორმებს და ენერგიას 6.5-დან 8.5 ცენტამდე ყიდულობს - იმაზე ბევრად ძვირად, ვიდრე იმპორტირებული ელექტროენერგია ღირს. უფრო მეტიც, წყალუხვობის პერიოდში, როცა ჭარბი ენერგია გროვდება, სახელმწიფო ამ ძვირად ნაყიდ შუქს ექსპორტზე თითქმის ნახევარ ფასად, სულ რაღაც 3 ცენტად ყიდის, რადგან მასში მეტს არავინ იხდის.
ამ კორუფციული სქემის დასაფარად, „ქართული ოცნების“ მთავრობამ გაასაიდუმლოა დოკუმენტაცია, რომელიც მაღალჩინოსნების ჰესებიდან ელექტროენერგიის შესყიდვისა და ექსპორტის დეტალებს ასახავს. ასე ხდება ენერგოდამოუკიდებლობის ლოზუნგი ფარად იმ პროექტებისთვის, რომლებიც ხაიშელებს სახლ-კარს ართმევს, მაღალჩინოსნებს კი ამდიდრებს.