საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

სვანეთში მდინარეში გადავარდნილი მანქანა იპოვეს, მაგრამ ვერ ამოაქვთ

16:12 - 09 ივნისი 2019 hits 5688

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოში, მდინარე დოლრაში გადავარდნილი ავტომობილი რამდენიმე საათის წინ იპოვეს, მაგრამ წყლიდან მის ამოყვანას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. მაშველებმა ჯერ არ იციან, 23 და 24 წლის ახალგაზრდები, ამირან გვიდანი და ვაჟიკო ჟორჟოლიანი, რომლებსაც 8 ივნისის დილიდან ეძებენ, მანქანაში არიან თუ არა.

როგორც „მთის ამბებს“ მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა უთხრა, ძლიერი წვიმისა და თოვლის დნობის შედეგად ადიდებულ მდინარეში ტექნიკა ვერ შევიდა, რის შემდეგაც ადგილზე ამწე მიიყვანეს. მაშველები მდინარეში თოკებით ჩავიდნენ და ცდილობენ, ავტომობილი წყლიდან ამწეს მეშვეობით ამოიყვანონ, თუმცა მანქანისთვის თოკების მობმა უჭირთ. წყალი მანქანას მთლიანად ფარავს.

წინასწარი ინფორმაციით, ბეჩოს ხეობიდან მომავალი ავტომობილი, რომელშიც ორი მულახელი ახალგაზრდა იჯდა, 7 ივნისს, ღამით, სოფელ ბეჩოში ხიდიდან მდინარეში გადავარდა. ხიდის გარღვეული მოაჯირი ადგილობრივებმა 8 ივნისს, დილით ნახეს და ძებნაც ამის შემდეგ დაიწყო. სამძებრო სამუშაოები გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელშიც ადგილობრივი მოსახლეობაც იყო ჩართული. გუშინ მანქანის სანომრე ნიშანი და ბამპერი იპოვეს, დღეს კი ავტომობილი ხიდიდან დაახლოებით 80 მეტრში ნახეს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში