საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

შაკო მარგიანი - მთაზე უსაზღვროდ შეყვარებული 29 წლის მთამსვლელი სვანეთიდან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:11 - 29 მაისი 2019 hits 17254

უმცროსი შალვა - ასეც იცნობენ 29 წლის შაკო მარგიანს სვანეთში. პროფესიით ინჟინერია, მაგრამ პაპამისის, უფროსი შალვა (შალიკო) მარგიანის საქმეს აგრძელებს. შაკო მთამსვლელია, სამთო გამყოლი. ქართველ და უცხოელ ტურისტებს სვანეთის ველურ ბუნებას და სვანური სოფლების განუმეორებელ სილამაზეს აზიარებს. იმ ოჯახებსაც ეხმარება, საუკუნის ან წლების განმავლობაში დაცარიელებულ სოფლებში რომ დაბრუნდნენ.

მესტიაში, მიხეილ ხერგიანის სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა თბილისში, ტექნიკურ უნივერსიტეტში, საინჟინრო ფაკულტეტზე განაგრძო. პრაქტიკაზე რიგაში გაგზავნეს, სადაც მთავარი ინჟინრის ასისტენტად მუშაობდა. მთის სიყვარულმა და თავისუფლების წყურვილმა ლატვიიდან სვანეთში მალევე დააბრუნა.

„ვხვდებოდი, რომ ეს არ იყო ის, რაც მე მინდოდა. შინაგან თავისუფლებას ვერ ვგრძნობდი. ლატვიიდან ისე დავბრუნდი, რომ ისევ უკან უნდა წავსულიყავი, მაგრამ აღარ წავედი. მერე ერთი გოგო შემიყვარდა, ოჯახი შევქმენი და ახლა ვაკეთებ იმ საქმეს, რომელზეც ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემთვის მხოლოდ სამსახურია. პირველ რიგში, ეს არის ჩემი თავისუფლება და იმდენად ბედნიერი ვარ ამას რომ ვაკეთებ, წარმოუდგენელია ჩემი ცხოვრება ამის გარეშე“.

სვანეთში კარგ გიდსა და სამთო გამყოლს თუ იკითხავთ, რამდენიმე გამორჩეულს შორის, შაკოს აუცილებლად დაგისახელებენ. ვიზიტორებს მწვერვალებზე ასვლას, მთებზე სრიალს, კლდეზე ცოცვას, სვანეთის სოფლებში ლაშქრობას, ძეგლების, ადათ-წესების, საინტერესო ამბების გაცნობას სთავაზობს.

რამდენიმე თვის წინ, ტურიზმის სათავგადასავლო სკოლაში ჩააბარა. ამბობს, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო მის ცხოვრებაში: „ისეთი ცოდნა მივიღე, რომელიც მეგონა რომ ვიცოდი, მაგრამ უბრალოდ ისეთ ელემენტარულს არ უკვირდები, რაც აუცილებელია. ეს სკოლა ძალიან მნიშვნელოვანი და ბუმბერაზი საქმეა. ჩვენზეა დამოკიდებული მთასთან ურთიერთობას როგორ ჩავაბარებთ. უფროსი თაობის წარმომადგენლები ყოველთვის ცდილობდნენ, რომ სამსახური თბილისში ან სხვა ქალაქში ეპოვათ. უკან არ ბრუნდებოდნენ, წინ წასვლის საშუალება არ ჰქონდათ. ახლა, მეც და ჩემი მეგობრებიც, უმეტესობა აქ ვაკეთებთ საქმეს“.

უხარია, რომ ტურიზმის განვითარებამ ხალხი სვანეთის დაცარიელებულ სოფლებშიც დააბრუნა. თვითონაც ცდილობს, რომ ახალდაბრუნებულებს გაძლიერებაში ხელი შეუწყოს და ტურისტები მათთან ხშირად მიჰყავს.

„დაახლოებით 10 წლის წინ, ადიშში ზამთარ-ზაფხულ მხოლოდ 3-4 ოჯახი ცხოვრობდა. ახლა უკვე 20 ოჯახამდეა ასული. რა თქმა უნდა სოფელში მიხედვა სჭირდება კოშკებს, ძველ სახლებს, რომლებიც სავალალო მდგომარეობაშია, მაგრამ ტურიზმმა ადიშს ახალი სიცოცხლე შესძინა.

ისეთი ადგილია, ტურზე რომ მიდიხარ, ბილიკს მიყვები, მთებს უყურებ და სოფელი არ ჩანს. გზად დიდი ქვაა, იქ რომ მიხვალ და ჩერდები, წინ წარმოუდგენელი სილამაზე გხვდება. ჩემთვის მუზეუმია ღია ცის ქვეშ.

იგივეს ვიტყვი სოფელ ხალდეზე, რომელიც საუკუნეა დაცლილი იყო. ხალდე მოთავე იყო აჯანყებისა მეფის რუსეთის წინააღმდეგ. სოფლის მოსახლეობამ ბოლომდე იბრძოლა აჯანყების დროს, რის გამოც, სოფელი თავის კოშკებიანად გაანადგურეს. ახლა ორი ოჯახი დაბრუნდა. მთელი ზაფხული იქ ატარებენ, პატარა სასტუმრო მოაწყეს. ერთმა რომ დაიწყო და ნათესავებმა ნახეს, ეს კაცი იქ მუშაობს და შეიძლება ითქვას წელშიც გაიმართა, ბაძავს მეორე მოსახლეც და ეს ჩემთვის ბედნიერებაა. როცა იცი საიდანაც ხარ და ფესვები სადაც გაქვს, შენ შვილს იქ რომ გაზრდი, ეს ყველაზე დიდი სიმდიდრეა შენი ოჯახისთვის, გვარისთვის და რა თქმა უნდა შენი ქვეყნისთვის“.

შაკო ახალგაზრდებს ურჩევს მთაში იარონ: „ეს არის გრძნობა, სადაც შეგიძლია შენი თავი გაიცნო და ზუსტად მიხვდე, რა გინდა. არ აქვს მნიშვნელობა, რა პროფესიის ხარ. გირჩევთ მეტი იაროთ და ნაკლები დრო დახარჯოთ თუნდაც ტრანსპორტში ან უაზროდ ინტერნეტში“.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში