საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

თუშეთის გზის გაწმენდითი სამუშაოები შეწყვეტილია

18:23 - 30 აპრილი 2019 hits 3191

ტურისტულ კომპანიებს თუშეთში სასტუმროები 4 ივნისიდან აქვთ დაჯავშნილი, თუმცა თუშეთის გზა ჯერ აბანოს ხიდამდეც არ არის გაწმენდილი. უგზოობის გამო შირაქიდან თუშეთში ცხვარიც ვერ გადაჰყავთ. მეცხვარეები მოსალოდნელ ზარალზე საუბრობენ.

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის მოვლა-პატრონობა 2017-2019 წლებში შპს „გერალის“ ვალდებულება იყო. გზების დეპარტამენტმა კომპანიას 1 236 791 ლარი გადაუხადა, თუმცა იმის გამო, რომ 2017 წლის ბოლოს, თუშეთის გზაზე, სოფელ ხისოსთან დიდი რაოდენობით კლდოვანი მასა მოწყდა, „გერალს“ ბევრად მეტი სამუშაოს შესრულება დასჭირდა და 2019 წლისთვის, გზის მოსავლელად თანხა აღარ დარჩა.

„დაახლოებით 4 ათასი ლარი გვაქვს დარჩენილი. გზის გაწმენდა დავიწყეთ. 22-ე კილომეტრზე ლოდები იყო ჩამოსული, დავშალეთ, მაგრამ 25-ე კილომეტრზე იმხელა ლოდია, ტრაქტორმა ვერაფერი მოუხერხა და ბურღვა აფეთქებითი სამუშაოების ჩატარებაა საჭირო. დღეს შევხვდით გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს და შევთანხმდით, რომ ამ ლოდისგან გზას გავწმენდთ. მერე ვინ გააგრძელებს, არვიცი. ალბათ ახალი კონტრაქტორი“, - უთხრა ლევან წიკლაურმა „მთის ამბებს“.

მისი კომპანიაც მონაწილეობდა გზების დეპარტამენტის მიერ, 2019 წლის 6 მარტს გამოცხადებულ ტენდერში 1 030 000 ლარზე. ეს თანხა 2019-2020 წლებში თუშეთის გზის მოვლა-პატრონობისთვისაა გათვალისწინებული. 3 აპრილს, ტენდერში, ყველაზე დაბალი ფასის შეთავაზებით კომპანია „არილმა“ გაიმარჯვა, თუმცა მასთან კონტრაქტი ჯერ გაფორმებული არ არის.

დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი წერეთელის განცხადებით, სატენდერო პროცედურები არ დასრულებულა.

„დღეს დეპარტამენტიდანაც დამირეკეს და ვუთხარი რომ დამიჩქარონ ხელშეკრულების გაფორმება. მე უსაბუთოდ მუშაობას ვერ დავიწყებ. ალბათ 10 დღეში დავიწყებთ მუშაობას, კონტრაქტს მაგდენი დასჭირდება“, - უთხრა შპს „არილის“ დირექტორმა არჩილ ლოლაძემ „მთის ამბებს“.

გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი ირწმუნება, რომ დეპარტამენტი ყველაფერს გააკეთებს, რათა თუშეთის გზა მაისის ბოლოსთვის გაიხსნას.

წინა წლების გამოცდილების მიხედვით, აპრილის ბოლოსთვის გზა თითქმის აბანოს უღელტეხილამდე იყო გაწმენდილი, ახლა კი ტრაქტორი ჯერ აბანოს ხიდამდეც არ არის მისული.

სპეციალისტების მოსაზრებით, მაისის ბოლოს ან ივნისის პირველ რიცხვებში გზის გახსნა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ გაწმენდითი სამუშაოები ორივე მხრიდან დაიწყება. შპს „გერალს“ თუშეთში აქვს დატოვებული ორი ტრაქტორი, მაგრამ ლევან წიკლაური ამბობს, რომ არ აპირებს ახალ კონტრაქტორს თავისი ტექნიკა მიაქირავოს.

თუშეთში მდებარე სასტუმროების „ლაშარაის“, „შინას“, „ჯავახეს“ მენეჯერებმა „მთის ამბებს“ უთხრეს, რომ მათ სავარაუდოდ ივნისის პირველ ნახევრისთვის უკვე მიღებული ჯავშნების გაუქმება მოუწევთ.

უგზოობა პრობლემებს უქმნით მეცხვარეებსაც. „გზა არ არის, რომ ცხენი გაატარო. დღეს ვიყავი ახმეტის გამგეობაში. მითხრეს, რომ ტენდერი ახალი დასრულებულია და ველოდებით, დრო სჭირდებაო. ცოდვიანთ ხევამდე რომ მისულიყო ტრაქტორი, მერე ცხვარი თოვლზე ივლიდა და გადავიდოდით. ძროხის და ცხენების გადარეკვა გაჭირდება, მაგრამ გვიანაც შეიძლება გადაყვანა.

ცხვრის გადარეკვა რომ აგვიანებს, შემოსავლები გვაკლდება. ყველი ყოველდღე იკარგება, ვერ ვწველით. ამასთან, შირაქიდან დროულად რომ ვერ გამოდის ცხვარი, შეიძლება დაავადდეს. ნაბაბარევი რომ არ შეხვდეს, ცხვარი უნდა აცრა. რომ აცრი, მერე წველაზე აღარ უნდა იფიქრო, მთელი სეზონი იკარგება. თუ არ აცრი, კვდება. მთაში ეს დაავადება არ ხვდება. იმიტომ ვჩქარობთ, რომ დროზე გავასწროთ. მე-11 დღეა ტრაქტორი იქ დგას და გაჩერებულია. რამდენიმე ფარა უკვე გამოსულია შირაქიდან და ალაზნის სარწყავი არხის პირას ყოვნდებიან. ვერ აგრძელებენ გზას. ტრასებიც არ გვაქვს გზად, არც საძოვრები და ცუდ დღეში ვართ ძალიან“, - ამბობს მეცხვარე ფიდო გაფრინდაული.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში